საქმე №ზ-77-21 1 მარტი, 2021 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე:
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,, R.G.“, სს ,, R. c.“ (მოპასუხეები)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, განცხადების ავტორი) სარჩელი შპს ,, R.G.-ისა“, და სს ,, R. c.-ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. დასახელებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
6. კასატორმა, 2020 წლის 6 ნოემბერს განცხადება-შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქმის გარემოებებზე მითითებით განცხადება-შუამდგომლობის გათვალისწინებით სასამართლოში როგორც, დაზარალებულმა, ზიანის ანაზღაურების მიზნით საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა.
7. განჩინებით დადგენილ ვადაში განმცხადებელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, თუმცა, არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტები, რომლებიც არსებითი ხასიათისაა, და შეიცავდა ისეთ მოტივებს, რომელიც საქმის წარმოების განახლების საფუძველი გახდებოდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის განცხადება-შუამდგომლობა დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ძირითად მოტივს წარმოადგენდა, კანონის მოთხოვნათა დაუცველად და დაუსაბუთებლად, აგრეთვე არასათანადო ინსტანციაში წარმოდგენილი განცხადება.
9. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმისათვის, რათა სასამართლოს განეხილა განცხადების არსებითი საფუძვლიანობა, მომზადების ეტაპზევე უნდა გარკვეულიყო განსჯადობის წესის თაობაზე მითითების კანონშესაბამისობა, კერძოდ, სსკ-ის 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილი უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ განცხადებას განიხილავდა გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
10. განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით (18.01.2021) დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, ხოლო დასახელებულ განჩინებაზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს არსებითად არ გადაუწყვეტია საქმე, ხოლო, განცხადების ავტორს არ დაუზუსტებია მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო ვერ იქნებოდა განსჯადი საკითხის გადაწყვეტაზე.
11. აღნიშნულის მიუხედავად, მოსარჩელემ, 2021 წლის 18 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომელიც ეხებოდა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებისა თუ განჩინების შესახებ მის პრეტენზიას, აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც კასატორის საკასაციო საჩივარი დარჩა დაუშვებელი. გასათვალისწინებელია, რომ კასატორის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს წარმოდგენილი კერძო საჩივრით, სადავოდაა გამხდარი საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინების აღწერილობითი ნაწილის კონკრეტული პუნქტები, აგრეთვე მიღებული შედეგი, რის გამოც განმცხადებელი, კონკრეტულ ახალ მტკიცებულებებზე მითითების გარეშე ითხოვს მისთვის არასასურველი შედეგის გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და მხარის მითითებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში, მხარე მისი პრეტენზიების საპროცესოსამართლებრივ საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე და 430.2-ე მუხლებზე უთითებს.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი ნორმები შეიცავს დათქმას, თუ როგორ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა, ამასთან, საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარის მიერ წარდგენილი განცხადების უსაფუძვლობისას (განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას), სსსკ-ის 430.2-ე მუხლი ითვალისწინებს, კერძო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას ასეთ განჩინებაზე.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა თუ შეცვლის მოთხოვნით წარდგენილი განცხადება, სსსკ-ის LII თავის შესაბამისად, ორ ძირითად ეტაპზე მოწმდება, პირველი, ესაა განცხადების ფორმალური გამართულობა, ხოლო შემდეგ, შინაარსობრივი საფუძვლიანობის შემოწმება. პირველი ეტაპის გადალახვის შეუძლებლობისას, სასამართლო განცხადებას განუხილველად ტოვებს რაც საჩივრდება კერძო საჩივრით (იხ. სსსკ-ის 429-ე მუხლი), ხოლო, ფორმალურად გამართული, თუმცა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებისას, განმცხადებელს უარს ეტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც საჩივრდება კერძო საჩივრით (იხ. 430-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, კერძო საჩივარი, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე აქვს წარმოდგენილი, რაც დაუშვებელია, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს (იხ. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინ.).
16. სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
17. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში.
18. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი მხარის დაუსრულებელი განცხადებებით, თუ საჩივრებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს. შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები.
19. განმცხადებლის ყურადღებას საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც მიაქცევს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ), რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას.
20. სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, 265-ე, 266-ე, 429-ე, 430.2-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ის განცხადება დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მ. ერემაძე