ბს-1291-51-გ-04 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, 26-ე მუხლის მესამე ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობაზე დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: მ. თ-ისა და ვ. ო-ის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისში, ..... მდებარე საერთო სარგებლობის ფართის გამოყოფა, პროექტის გაუქმება, კომპენსაციის სახით 5000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, აგრეთვე, უკანონოდ აშენებული კიბის, აივნისა და კანალიზაციის სისტემის მოშლა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სარჩელი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ. ნ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 მაისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. ნ-ის შუამდგომლობა და საქმეზე თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური. იმავე სხდომაზე სასამართლომ მიიღო განჩინება საქმის ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის განსჯადობით გადაცემის შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან მ. ნ-ე, როგორც სარჩელით, ისე სააპელაციო საჩივრით, სხვა მოთხოვნებთან ერთად სადავოდ ხდიდა თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული პროექტის კანონიერებას და ითხოვდა მის გაუქმებას, აღნიშნული დავა კი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნებოდა, ამიტომ სააპელაციო საჩივარი განსჯადობით უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი. აღნიშნული პალატის 2004წ. 27 სექტემბრის საოქმო განჩინებით სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავად მიიჩნია აპელანტის მხოლოდ ის მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა პროექტის კანონიერებას, ხოლო სარჩელის სხვა მოთხოვნები განსახილველად გადასცა განსჯად სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, როგორც განსჯად სასამართლოს. ამასთან, მიიჩნია, რომ სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე, სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქმის სასამართლო განხილვის დროს აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ ითხოვდა პროექტის ბათილად ცნობას და არა მშენებლობის ნებართვის გაუქმებას. სასამართლომ ასევე დააზუსტა, რომ პროექტი, რომლის ბათილად ცნობასაც ითხოვდა აპელანტი, გაცემული იყო შპს “ს-ის” მიერ და მიიჩნია, რომ საქმეზე მოპასუხედ დასახელებული არქიტექტურის საქალაქო სამსახურის ნაცვლად, მოპასუხე უნდა ყოფილიყო შპს “ს-ი’’, რასაც აპელანტი დაეთანხმა. სააპელაციო პალატის 2004წ. 11 ოქტომბრის საოქმო განჩინებით სასამართლომ სადავოდ გახადა მ. ნ-ის მოთხოვნის ის ნაწილიც, რომელიც ეხებოდა პროექტის ბათილად ცნობას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ გასაჩივრებული პროექტი შესრულებული იყო კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, იგი არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს და სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი პროექტის ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მშენებლობის პროექტი ზოგადად არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რადგან “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული პროექტი არის არქიტექტურული შემოქმედების შედეგად დოკუმენტურად დაფიქსირებული ავტორისეული ჩანაფიქრი, სადაც ჩამოყალიბებულია არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების პრინციპი, რომელიც ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომპლექსურად წყვეტს ქალაქთმშენებლობის, მხატვრულ-ესთეტიკურ, ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებს, წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს და არ საჭიროებს ლიცენზირებას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზოგადად პროექტი, ვის მიერაც არ უნდა იყოს იგი შესრულებული, ფიზიკური პირის, კერძო სამართლის იურიდიული პირის თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მ. ნ-ე ასაჩივრებდა შპს “ს-ის” მიერ შედგენილ პროექტს, “ ...... მცხოვრები მოქალაქე ო-ი ვ. ბ-ის ძის სამზარეულოს წინ ეზოში ჩასასვლელი კიბის მოწყობის შესახებ”, რომელიც “არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეთანხმებული და დამტკიცებული იყო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2003წ. 9 ივნისის ¹322 ბრძანებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადების თანახმად ადმინისტრაციული აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც შპს “ს-ის” მიერ შედგენილი პროექტი “... მცხოვრები მოქალაქე ო-ი ვ. ბ.ს სამზარეულოს წინ ეზოში ჩასასვლელი კიბის მოწყობის შესახებ” დაამტკიცა ქ. თბილისის მთავარმა არქიტექტორმა, მან შეიძინა ადმინისტრაციული აქტის ბუნება, რადგან მას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, არქმშენისპექციის მიერ მშენებლობის დაწყების ნებართვის გაცემის შემდეგ, განხორციელდეს მშენებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ დავაში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახური (არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) და არა შპს “ს-ი”, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ სადავო პროექტის დამტკიცების შემდეგ, იგი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 284-ე მუხლით და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი “ ... მცხოვრები მოქალაქე ო-ი ვ. ბ-ის ძის სამზარეულოს წინ ეზოში ჩასასვლელი კიბის მოწყობის პროექტის გაუქმების შესახებ’’ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.