საქმე №ას-1293-2022 18 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „თ.ზ.ჰ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ–ია“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ტ–იამ“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „თ.ზ.ჰ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის 16 500 ლარის ოდენობის დავალიანების, ასევე 1256 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნები დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:
3. 2018 წლის 12 მარტს მხარეთა შორის დაიდო N12/03/2019-1 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისთვის მისი ყოველი კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე მიეწოდებინა სამედიცინო ენდოპროთეზები ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადით. მოპასუხის მიერ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში მოსარჩელის მიერ საქონლის ყოველი კონკრეტულიპარტიის მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. მოპასუხე მიწოდებული საქონლის ღირებულებას იხდიდა პერიოდულად და გადახდის ვადის დარღვევით. მხარეებს შორის 2018 წლის 13 დეკემბერს შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ აღიარა მოსარჩელის მიმართ არსებული ძველი დავალიანება 9300 ლარის ოდენობით და იკისრა მისი გადახდის ვალდებულება დადგენილი გრაფიკის მიხედვით 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა, მოპასუხემ დამატებითი შეთანხებით განსაზღვული ვადებიც დაარღვია. 2018 წლის 12 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელეს მოპასუხისთვის დამატებით მიწოდებული აქვს სხვადასხვა საქონელი, რომლის სრული ღირებულება დაფარული არ არის სარჩელის შეტანის დროისათვის. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 16 500 ლარს. მას ასევე ერიცხება ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე საქონლის ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე -1255 ლარი. 2020 წლის 4 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა გამარტივებული წესით დავალიანების გადახდის მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლის 2020 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის პროტესტის საფუძველზე უარი ეთქვა დავალიანების გადახდის შესახებ ბრძანების გამოცემაზე.
4. მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი უარყო, თუმცა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო დავალიანების - 16 500 ლარის ნაწილში (იხ., 2021 წლის 26 მარტის სასამართლოს ხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 13:31:05 სთ).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკამაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ანაზღაურება 16 500 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აგრეთვე პირგასამტეხლოს ანაზღაურება 1256 ლარის ოდენობით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
9. 2018 წლის 12 მარტს შპს „ტ–იას“ (მიმწოდებელი) და შპს „თ.ზ.ჰ–ს“ (შემსყიდველი) შორის დაიდო N12/03/2019-1 ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას ყოველი კონკრეტული შეკვეთის საფუძველზე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადით მიეწოდებინა შემსყიდველისათვის სამედიცინო ენდოპროთეზები, რომლებიც მითითებული იყო ხელშეკრულების დანართი N1-ში.
10. ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, საქონლის კონკრეტული პარტიის ღირებულება მოცემული იქნებოდა შესაბამის სასაქონლო ზედნადებში.
11. ამავე ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველის მიერ საქონლის მოთხოვნაზე წერილობითი/ზეპირი მიმართვის წარდგენის შემდგომ, მიეწოდებინა შემსყიდველისათვის შესყიდული საქონელი. საქონლის რაოდენობა და მიწოდების ვადა განისაზღრებოდა ყოველი კონკრეტული შეკვეთის შესაბამისად, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო 2.1.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო საქონლის გადაცემისას ყოველი კონკრეტული შეკვეთის შესაბამისად, გამოეწერა სასაქონლო ზედნადები.
12. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა მიწოდებული საქონლის საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
13. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნულ ვალუტაში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის ყოველი კონკრეტული პარტიის მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
14. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ საქონლის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევისას მიმწოდებელს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ხოლო ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
15. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2018 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთან, თუკი წინამდებარე ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 14 დღით ადრე მაინც რომელიმე მხარე წერილობით არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ჩაითვლებოდა გაგრძელებულად მომდევნო ერთი წლით 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
16. 2018 წლის 13 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება დავალიანების გადახდის თაობაზე, რომლის თანახმად, მოვალე/მოპასუხე აღიარებდა და ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ კრედიტორის/მოსარჩელის მიმართ 2018 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა ფულადი დავალიანება 9 300 ლარის ოდენობით.
17. მოვალემ იკისრა ვალდებულება, კრედიტორისთვის დავალიანება, 9 300 ლარი, გადაეხადა გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის დეკემბრის თვიდან 2019 წლის მაისის თვის ჩათვლით, კერძოდ: 2018 წლის დეკემბერში - 1550 ლარი, 2019 წლის იანვარში - 1550 ლარი, 2019 წლის თებერვალში - 1550 ლარი, 2019 წლის მარტში - 1550 ლარი, 2019 წლის აპრილში - 1550 ლარი, 2019 წლის მაისში - 1550 ლარი. ხოლო მიმდინარე პერიოდში საქონლის ყოველი კონკრეტული პარტიის მიწოდებიდან მოპასუხე ანგარიშსწორებას განახორციელებდა 10 კალენდარული დღის ვადაში, ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე.
18. 2018 წლის 13 დეკემბრის შეთანხმების შემდეგ - 2018 წლის 24 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით მოსარჩელემ კვლავ განაგრძო საქონლის მიწოდება მოპასუხისთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის პირობით.
19. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 16 500 ლარის ოდენობით.
20. წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ/აპელანტი სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სხვა პირისაგან (სახელმწიფოსაგან) შესრულების საგნის (თანხის) მიუღებლობამ, რამაც შეუძლებელი გახადა ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულება. ვალდებულების დარღვევის მიმართ მოპასუხის ბრალის არარსებობის გამო კი, იგი უნდა გათავისუფლდეს როგორც ძირითადი, ისე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ზემოაღნიშნულ პრეტენზია და მიუთითა სსკ-ის 397-ე მუხლის დანაწესზე (მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს).
22. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება (წესი და ვადები) არ დაუკავშირებიათ სახელმწიფოს მხრიდან მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე თანხების ანაზღაურებასთან. ხელშეკრულების პირობის თანახმად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება არ ყოფილა დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადმორიცხვაზე. მოპასუხეს არც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში მიუთითებია ამგვარი შეთანხმების თუნდაც ზეპირი ფორმით არსებობზე და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსთვის. მოპასუხეს მარტივი შედავებაც კი არ განუხორციელებია ამ საკითხზე.
23. საბოლოდ, სააპეაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება - 16 500 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხეს, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება)და 361-ე მუხლის (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილა) საფუძველზე, წარმოეშვა აღნიშნული დავალიანების გადახდის ვალდებულება.
24. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სსკ-ის 416-ე-418-ე მუხლები).
25. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სადავო ხელშეკრულებით მხარეებმა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით.მოსარჩელის განმარტებით,ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 12 556 ლარი, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით შეამცირა 10-ჯერ და პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა 1 255 ლარის ოდენობით (გადაუხდელი თანხის 0.01%-ით). წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორე და მისი ოდენობის თანაზომიერება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა.
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხე) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას იმ საფუძვლით, რომ წარმოადგენს სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც სტაციონარული საქმიანობის შესახებ სანებართვო მოწმობის საფუძველზე ახორციელებს ნებადართულ სამედიცინო საქმიანობას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში დაწესებულება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36-ე დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ, პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებას. მითითებული სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სახელმწიფოს, კერძოდ, პროგრამის განმახორციელებლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, გაწეული სამედიცნო მომსახურების მოცულობის შესაბამისად. პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება წარმოებს პროგრამით გათალისწინებულ ვადებში (რომელშიც შედის ანგარიშგების წარდგენის და დამუშავების ვადებიც). რამდენადაც დაწესებულებისათვის ფულადი თანხის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხა (რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებიდანვე ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის) წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია სახელმწიფოსაგან მისაღები თანხის დამუშავებაზე (შესაძლებელია პროგრამის განმახოციელებლის მიერ დაკორექტირებულ იქნას წარდგენილი შესრულება და ნაცვლად მოთხოვნილი თანხისა სხვა თანხის აღიარება მოხდეს) და შემდგომ მის ჩარიცხვაზე. კასატორი განმარტავს, რომ სადავო შემთხვევაშიც დავლიანება დაგროვდა პროგრამული თანხის მიუღებლობით, კერძოდ, სახელმწიფოსაგან სადავო პერიოდშიც და დღეის მდგომარეობითაც დაგვიანებით და არასრულად ხდება გაწეული მომსახურების ანაზღაურება. რამდენადაც მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხის (მოვალის) ბრალით არ არის გამოწვეული, მოვალე სრულად გათავისუფლებულია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. (იხ.საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
29. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი იმ საფუძვლით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებას, (რომლითაც უარყოფილი იქნა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი დავლიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ), რომ მოვალეს ბრალი არ მიუძღვის ვალდებულების შეუსრულებლობაში, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობას, როგორც ძირითადი დავალიანების, ისე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს წინამდებარე განჩინების პპ.8-19- ში მითითებული გარემოებები.
31. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც წარმოდგენილია ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის ნაწილში (ნასყიდობოს საფასურის გადაუხდელობა), საკასაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და მიუთითებს, რომ:
32. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, §59; Perez v. France, §80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ, ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, §24; K.S. v. finland § 21).
33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა.
34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
37. განსახილველი დავის საგანს მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის დავალიანების გადახდის დაკისრება წარმოადგენს. მოსარჩელე მიუთითებს მხარეთა შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო სამართალურთიეთობაზე, საიდანაც გამომდინარეობს მყიდველის ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ.
38. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილია, რომლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
39. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
40. სსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება (შდრ: ირმა გელაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019; სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ.103.; ეკატერინე ბაღიშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019).
42. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე განჩინების პ.19-ში სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ გარემოებას, რომ მყიდველს (მოპასუხე) გამყიდველის მიმართ (მოსარჩელე) მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება - 16 500 ლარის ოდენობით, რომლის საწინააღმდეგეოდაც კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია.
43. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს. იმ საკითხზეც, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16 500 ლარის გადახდის ნაწილში (იხ., 2021 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, 13:31:05 სთ; ამ განჩინების პ.4).
44. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში. სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას (იხ. სუსგ №ას-1028-2021, 01 ივლისი, 2022).
46. ამასთან, სსსკ-ის 208.3 მუხლის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამრიგად, დასახელებული სამართლებრივი ნორმები მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ დავის საბოლოო შედეგი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სრულად განკარგა პროცესუალური უფლება ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების სახით 16 500 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელის ცნობით. შესაბამისად, მისი პრეტენზია ამ ნაწილში დაუსაბუთებელია.
47. რაც შეეეხება კასატორის მითითებას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, კერძოდ, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სხვა პირისაგან (სახელმწიფოსაგან) შესრულების საგნის (თანხის) მიუღებლობამ, რამაც შეუძლებელი გახადა ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულება. ვალდებულების დარღვევის მიმართ მოპასუხის ბრალის არარსებობის გამო კი, იგი უნდა გათავისუფლდეს, როგორც ძირითადი, ისე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. (აღნიშნული პრეტენზია კასატორს (მოპასუხე) მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარშიც).
48. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს ზემოაღნიშნული არგუმენტით სურს (ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლება,) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლიდან გამომდინარეობს (ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული (სუსგ №ას-723-2022, 28 ოქტომბერი, 2022 წელი). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობების არსებობა მოპასუხემ (აპელანტი, კასატორი) ვერ დადასტურა.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ასეთად კი ვერ იქნება მიჩნეული მესამე პირების მიერ მოვალის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ვინაიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები სწორედ ხელშემკვრელ მხარეებს წარმოეშობათ და სხვა, დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელსაც კავშირი არ აქვს თავდაპირველ ხელშეკრულებასთან, გავლენას ვერ მოახდენს ხელშემკვრელი მხარეების ვალდებულების არსებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის არგუმენტი მასზედ, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა თანხების ჩარიცხვა, ვერ გახდება მოსარჩელესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი. „ფულად ვალდებულებასთან მიმართებით, არგუმენტი – „ფული არ მაქვს“ – არ ათავისუფლებს მოვალეს შესრულების ვალდებულებისგან შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით (იხ. დამატებით: გ. ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, თბილისი, 2019 წელი, გვ. 639).
50. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა გულისხმობს ნამდვილ (ობიექტურ და სუბიექტურ) და არა ფაქტობრივ შეუძლებლობას. ფინანსური სახსრების უქონლობა არ იწვევს ვალდებულებისაგან გათავისუფლებას შესრულების შეუძლებლობის საფუძვლით („Geld muss man haben”). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობის წინაპირობები და მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულოს.
51. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც ანაზღურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობების არარსებობას შეეხება (იხ., კასაციის საფუძველი - პ.27), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის არც აღნიშნულ პრეტენზიას გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
54. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
55. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შდრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
56. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).
58. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).
59. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი) შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
60. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
61. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
62. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობით განსაზღვრა.
64. განსახილველ შემთხვევაში დადგენილადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულებით მხარეებმა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 12 556 ლარი, რაც ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მოსარჩელემ საკუთარი ინიციატივით შეამცირა 10-ჯერ და პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განსაზღვრა 1 255 ლარის ოდენობით (გადაუხდელი თანხის 0.01%-ით). მოპასუხეს (აპელანტი, კასატორი) არც შესაგებლით, არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია პირგასამტეხლოს დაანგარიშების სისწორე და მისი ოდენობის თანაზომიერება. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ამ ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა, ხოლო კასატორის მითითება ვადებულების დარღვევაში მის (მოვალის) არაბრალეულობაზე, ვერ იქნება გაზიარებული იმავე საფუძვლით, რაც მითითებულია ამ განჩინების პპ..50-52. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება (წესი და ვადები) არ დაუკავშირებიათ სახელმწიფოს მხრიდან მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გამომდინარე თანხების ანაზღაურებასთან. ხელშეკრულების პირობის თანახმად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება არ ყოფილა დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გადმორიცხვაზე. მოპასუხეს არც სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში მიუთითებია ამგვარი შეთანხმების თუნდაც ზეპირი ფორმით არსებობზე და არც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგენია სასამართლოსთვის. მოპასუხეს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია ამ საკითხზე (იხ., ამ განჩინების პ.22).
65. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
66. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
68. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ.ზ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. შპს „თ.ზ.ჰ–ს“ (ს.კ:......) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 13.10.2022-ში N740 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 888 ლარის 70% – 621.6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე