საქმე №ას-1241-2022 18 იანვარი, 2023 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ი.კ–სი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–სი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ქირავნობის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს ,,ლ–სმა“ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ი.კ–სის“ (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ 8050 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2019 წლის 06 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომტვირთავი. ქირა განისაზღვრა დღეში 350 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოპასუხეს ქირავნობის საგანი გადასცა 2019 წლის 06 სექტემბერს. მოპასუხე იხდიდა ქირას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც დასტურდება მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციებით. სულ გადახდილია 25 900 ლარი. გადასახდელი დარჩა 23 სამუშაო დღის ქირა, რაც შეადგენს 8050 ლარს. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ დაიბრუნა ქირავნობის საგანი, რის თაობაზეც შედგენილი იქნა სასაქონლო ზედნადები ელ-0500951518.
3. მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა, მოსარჩელემ ავტომტვირთავი წაიყვანა ვადაზე ადრე - 2019 წლის 4 დეკემბერს. ნამუშევარი დღეების საერთო რაოდენობა შეადგენს 74 დღეს, ღირებულება - 25 900 ლარს. 2019 წლის 07 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მოსარჩელე კომპანიის ნამუშევარი დღეების რაოდენობა 7 ოქტომბრამდე შეადგენდა 25 დღეს, რომლის ღირებულება (8 750 ლარი) მოპასუხემ იმავე დღეს გადაიხადა. მოსარჩელემ ავტომტვირთავი წაიყვანა 4 დეკემბერს. 7 ოქტომბრიდან 4 დეკემბრამდე დარჩენილი იყო 49 დღე, რომლის განმავლობაშიც ქირის თანხა 17 150 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ ეს თანხაც გადაიხადა, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით. ამასთან, ზედნადები 0500951518 მოპასუხესთან არ არის რ.გე-ს საიტზე მისული. სავარაუდოდ აღნიშნული ზედნადები არის შიდა გადაზიდვა, რადგან ქირავნობის საგანი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 8 050 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომტვირთავი წარმოადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ქირის ოდენობა დღეში - 350 ლარით.
7. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ქირავნობის საგნი 2019 წლის 06 სექტემბერს.
8. მოპასუხე ქირას იხდიდა მოსარჩელე კომპანიის საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების მეშვეობით.
9. მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ და სულ გადახდილია 25 900 ლარი. მოსარჩელის მიმართ დარჩენილია დავალიანება 8 050 ლარი.
10. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ კომპანიამ ქირავნობის საგანი უკან დაიბრუნა.
11. მოპასუხემ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში სადავო გახადა დავალიანების არსებობა და აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ქირავნობის საგნის გამოყენებით ნამუშევარი დღეების საერთო რაოდენობაა 74 დღე. მითითებულ პერიოდზე ქირის თანხა შეადგენს 25 900 ლარს. 2019 წლის 07 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ნამუშევარი დღეების რაოდენობა 7 ოქტომბრამდე 25 დღეს შეადგენდა, რომელ პერიოდზეც ქირის თანხა (8 750 ლარი) იმავე დღეს გადაიხადა მოპასუხემ. მოსარჩელემ ქირავნობის საგანი (ავტომტვირთავი) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 4 დეკემბერს წაყვანა; 7 ოქტომბრის შემდეგ 4 დეკემბრამდე დარჩენილი იყო 49 დღე, რომლის ღირებულება 17 150 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ მითითებული ქირის თანხაც გადაიხადა, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 102-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან წინამდებარე საქმეში მტკიცების ტვირთის განაწილების საგამონაკლისო შემთხვევას ადგილი არ აქვს, მხარის მიერ მტკიცების მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ-ებები: №ას-944-894-2015, №ას-1326-1252-2012, 25 მარტი, 2013 წელი; № ას-1142-1071-2012, 7 მარტი, 2013 წელი).
13. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დამქირავებლის უფლებების დაცვის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ თუკი გამქირავებელი დაარღვევდა ვალდებულებას, ხელშეკრულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, დამქირავებელს უფლება ჰქონდა წერილობით მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა.
14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოვალემ მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება მოწმეთა ჩვენებითა და სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენითაც შეიძლება შეძლოს, თუმცა, სსკ-ის 429-ე მუხლის სახით, კანონმდებელი მოვალეს სთავაზობს ყველაზე მოქნილ და მარტივ საშუალებას აღნიშნული მიზნის მისაღწევად - მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ, კრედიტორმა უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. სსკ-ის 433-ე მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემაზე, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, იმოქმედოს, ან მიმართოს სასამართლოს და სხვა სახის მტკიცებულებების წარდგენის გზით, მოითხოვოს მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურება (მაგ, აღიარებითი სარჩელის გზით- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი).
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თუ მოსარჩელე კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე დაიბრუნა ქირავნობის საგანი (ავტომტვირთავი), აღნიშნული გარემოება აპელანტს უხსნიდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა დამქირავებლის ინტერესების დაცვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საშულებები. ამდენად, თუკი, აპელანტის მითითება ნამდვილია, მას უნდა შეექმნა კიდეც ამგვარი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. შეეძლო სარჩელი აღეძრა ვინდიცირების მოთხოვნით, თუმცა მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა. აპელანტს შეეძლო, ნივთის ვადაზე ადრე ჩამორთმევის გამო, ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და წერილობით მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ასევე არ განხორციელდა. აპელანტის მიერ მითითებული ფაქტის სარწმუნოობის ხარისხს ამცირებს საგადახდო მონაცემებით დადასტურებული ბოლო გადახდის თარიღიც, რაზედაც ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლომაც. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომელთა საფუძველზე დგინდება ვადის დაცვით როგორც საგნის გადაცემა ისე დაბრუნება. ასევე, ერთმანეთს ემთხვევა გარიგებით დადგენილი თარიღი და ზედნადების თარიღი. როდესაც ნივთის უკან დაბრუნება დგინდება ისეთი ზუსტი დოკუმენტით როგორიც ზედნადებია, მოსარჩელეს ვეღარ მოეთხოვება აღნიშნულის სამტკიცებლად დამატებითი მტკიცებულება წარმოადგინოს.
16. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ რაიმე მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ქირავნობის საგნის მიმართ მფლობელობის ვადაზე ადრე დაკარგვის ფაქტი. ხოლო საქმეში წარმოდგენილი გადახდების მიხედვით, დასტუდება, რომ ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და შესასრულებელი რჩება 8 050 ლარის ოდენობის დავალიანება.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოპასუხემ) გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
18. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ქირავნობის საგნის გამოყენებით ნამუშევარი დღეების საერთო რაოდენობაა 74 დღე. მითითებულ პერიოდზე ქირის თანხა შეადგენს 25 900 ლარს. 2019 წლის 07 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ნამუშევარი დღეების რაოდენობა 7 ოქტომბრამდე 25 დღეს შეადგენდა, რომელ პერიოდზეც ქირის თანხა (8 750 ლარი) იმავე დღეს გადაიხადა მოპასუხემ. მოსარჩელემ ქირავნობის საგანი (ავტომტვირთავი) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 4 დეკემბერს წაყვანა; 7 ოქტომბრის შემდეგ 4 დეკემბრამდე დარჩენილი იყო 49 დღე, რომლის ღირებულება 17 150 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ მითითებული ქირის თანხაც გადაიხადა, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით. კასატორი სადავოდ ხდის სასაქონლო ზედნადებისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებას, იმ კუთხით, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია ნამდვილად იყო თუ არა აღნიშნული ზენადები ატვირთული შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე და აღნიშნავს, რომ ეს არის ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, რომელიც მოპასუხემ (კასატორი) თავიდანვე გახადა სადავოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება დადებული იყო 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ვინაიდან მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე წაიყვანა ავტომთვირთავი, მოპასუხე არაა ვალდებული აანაზღაუროს ამ დღეების ქირა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
22. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი ქირის დაკისრება სსკ-ის 531-ე (ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა) და 553.1 (ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ) მუხლებიდან გამომდინარეობს.
23. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
24. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ სადავოდ გახადა, მხარეთა შორის 2019 წლის 06 სექტემბრის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8050 ლარის ოდენობით ქირის დავალიანება.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში. (შდრ: სუსგ №ას-1376-2020, 11 მარტი, 2021, პ.57).
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების დაცვის ისეთ ეფექტიან მექანიზმს, როგორიცაა სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვა.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-1338-2018, 25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019 წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, №24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A № 303-B; § 28). შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ - Buzescu v. Romania, № 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, № 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII).
30. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
31. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
32. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
33. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.
34. განსახილველ საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული, რომ მხარეებს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საგანს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომტვირთავი წარმოადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ქირის ოდენობა დღეში - 350 ლარით.
35. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა ქირავნობის საგნი 2019 წლის 06 სექტემბერს.
36. მოპასუხე ქირას იხდიდა მოსარჩელე კომპანიის საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების მეშვეობით.
37. მოპასუხემ თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ და სულ გადახდილია 25 900 ლარი. მოსარჩელის მიმართ დარჩენილია დავალიანება 8 050 ლარი.
38. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელე კომპანიამ ქირავნობის საგანი უკან დაიბრუნა.
39. ზემოაღნიშნული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს იმავე არგუმენტებზე, რაც მითითებული აქვს შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ ქირავნობის საგნის გამოყენებით ნამუშევარი დღეების საერთო რაოდენობაა 74 დღე. მითითებულ პერიოდზე ქირის თანხა შეადგენს 25 900 ლარს. 2019 წლის 07 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ ნამუშევარი დღეების რაოდენობა 7 ოქტომბრამდე 25 დღეს შეადგენდა, რომელ პერიოდზეც ქირის თანხა (8 750 ლარი) იმავე დღეს გადაიხადა მოპასუხემ. მოსარჩელემ ქირავნობის საგანი (ავტომტვირთავი) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე - 4 დეკემბერს წაყვანა; 7 ოქტომბრის შემდეგ 4 დეკემბრამდე დარჩენილი იყო 49 დღე, რომლის ღირებულება 17 150 ლარს შეადგენდა. მოპასუხემ მითითებული ქირის თანხაც გადაიხადა, რაც დასტურდება საგადახდო დავალებებით. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
42. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი.
43. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ, ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში, უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით, უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
44. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელის წარდგენის დროს, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება - „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.
46. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
48. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისათვის ვალდებულების შეწყვეტის ქვეშ იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა ვიწრო ან/და ფართო გაგებით დასრულებულია, შეწყვეტილია და აღარ არსებობს. (იხ.დამატებით: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 427, ველი 5,, 2019).
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) კეთილსინდისიერად, გ) დათქმულ დროსა და ადგილას, დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
51. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. ( შდრ: სუსგ №ას-1229-2022, 23 დეკემბერი, 2022 წელი, პ.55). მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019წ., პ.125.).
52. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას ვალდებულების შესრულების თაობაზე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სწორად იქნა გამოყენებული/განმარტებული სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლები, რომელთა დებულებები იძლევიან იმ მატერიალურ-სამართლებრივ გარანტიას მოვალისათვის, რომელიც მას სრულ შესაძლებლობას ანიჭებს, თუნდაც არაკეთილსინდისიერი კრედიტორის პირობებში, დაამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა დამატებით ადგენს მოვალის უფლებადამცავ დანაწესს, კერძოდ, თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, სავალო საბუთის დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე, ანდა შესრულების შესახებ დოკუმენტში მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღნიშვნაზე ან იმის აღიარებაზე, რომ ვალი გაქარწყლებულია, მაშინ მოვალეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე. ასეთ შემთხვევებში კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ( სსკ-ის 433-ე მუხლი).
53. ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი). ამასთან, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.
54. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში(ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
55. მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს. ფულადი ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე. (სუსგ №ას-334-2021, 05 ნოემბერი, 2021წელი პპ.107-111).
56. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია, არამედ შემოიფარგლა ზოგადი ხასიათის შედავებით, რაც ასახულია ამავე განჩინების პ.19-ში, რომლის საპირისპიროდ საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ამავე განჩინების პპ: 16-17-ში მითითებულ სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ თუ მოსარჩელე კომპანიამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მართლაც დაიბრუნა ქირავნობის საგანი (ავტომტვირთავი), აღნიშნული გარემოება, მოპასუხეს უხსნიდა შესაძლებლობას, გამოეყენებინა დამქირავებლის ინტერესების დაცვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საშულებები. ამდენად, თუკი, მოპასუხის მითითება ნამდვილია, მას უნდა შეექმნა კიდეც ამგვარი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხეს შეეძლო, მოსარჩელის მიერ ნივთის ვადაზე ადრე შესაძლო ჩამორთმევის გამო, ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და წერილობით მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ასევე არ განახორციელა. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტის სარწმუნოობის ხარისხს ამცირებს საგადახდო მონაცემებით დადასტურებული ბოლო გადახდის თარიღიც. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომელთა საფუძველზე დგინდება ვადის დაცვით, როგორც საგნის გადაცემა, ისე დაბრუნება. ასევე, ერთმანეთს ემთხვევა გარიგებით დადგენილი თარიღი და ზედნადების თარიღი.
57. მოპასუხემ რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა ქირავნობის საგნის მიმართ მოსარჩელის ბრალით მფლობელობის ვადაზე ადრე დაკარგვის ფაქტი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი გადახდების მიხედვით კი დასტუდება, რომ ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ და შესასრულებელი რჩება 8 050 ლარის ოდენობის ქირის დავალიანება.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი.კ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „ი.კ–სს“ (ს.კ:........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 17.10.2022-ში N1666000814 საგადასახადო დავალებით გადახდილი 402.5 ლარის 70% – 281.75 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე