Facebook Twitter

საქმე №ას-863-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.გ–ია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "მ.ლ–ი"

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ. ლ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი გ.გ–ას (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისი, ..... (ყოფილი ......) ქუჩა N8, (ს/კ N.....) და ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი (ს/კ N......), მოსარჩელეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა.გ–იამ (შემდეგში: განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი), როგორც მოპასუხის უფლებამონაცვლემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა, მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოში მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მისი უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა მოითხოვა (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი). სარჩელის საფუძვლად კი იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება აუქციონზე შეიძინა და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვა. უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე კი, მოპასუხე უძრავ ქონებას არ ათავისუფლებდა.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 172.1-ე მუხლის “მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება“ დანაწესიდან გამომდინარეობს. ამ უფლების მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ არაუფლებამოსილი მფლობელია. მოპასუხემ ვინდიკაციური სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი წარადგინა და აღნიშნა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავოა, რისი განხილვაც ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სარჩელი, რომლითაც უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრე - მოპასუხე სადავოდ ხდიდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების ახალ მესაკუთრეზე (მოსარჩელეზე) გადასვლის ფაქტს, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხემ უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის საფუძველი ვერ დაადასტურა. იმის გათვალისწინებით, რომ უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას დადასტურებული არ არის სადავო უძრავ ნივთებზე მოპასუხის მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობა, ის ვერც განმცხადებლის სახელზე გადავა. კანონის თანახმად მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობა საპროცესო უფლებამონაცვლეობას განაპირობებს. მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობის დროს ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა იღებდეს თავის თავზე განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს (შეადრ. სუსგ-ებს Nას-328-328-2018; N ას-223-215-2012). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა, განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

7. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 26 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივა განმცხადებელმა და მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმეში ჭეშმარიტების დადგენის მიზნით კერძო აღმასრულებელი უნდა დაკითხულიყო. განმცხადებელი სადავოდ ხდის მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე შეძენილი საკუთრების უფლების ნამდვილობას და მოითხოვს, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხის უფლებამოცვლედ იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განმცხადებლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვ.) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში, უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეთანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე (იხ. სუსგ-ები: N ას-532-508-2016, 16.09.2016 წ.; N ას-1558-1478-2017, 26.10.2018 წ.).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ზემომითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე (იხ. დამატებით: ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.)

14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას მისი უფლებამონაცვლედ ცნობის საფუძვლის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები მოწესრიგებულია სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.

15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც, დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს.

16. საკასაციო სასამართლომ საქმეში N ას-504-504-2018 (22.06.2018წ.) განმარტა, რომ ვინაიდან დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა მატერიალურ-სამართლებრივი უფლებამონაცვლეობაც, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა არ უკავშირდება მხოლოდ წინამორბედ მფლობელს და მოსარჩელეს შეუძლია ნაკვეთის ახალ მფლობელსაც (რომელიც ამავდროულად არის ამ ნაკვეთის მესაკუთრე) იგივე მოთხოვნა წაუყენოს, რასაც იგი ძველი მფლობელის წინაშე აყენებდა.

17. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი განმარტების საფუძველზე აღნიშნავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დავაში მოპასუხის (მფლობელის) უფლებამონაცვლედ სხვა პირის ცნობის საკითხი შესაძლებელია მაშინ დადგეს, თუ უძრავ ქონებას სავარაუდო უფლებამონაცვლე ფლობს, ანუ თავდაპირველმა მოპასუხემ საპროცესო სტატუსი დაკარგა და ის უფლებამონაცვლეს უნდა გადასცეს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უფლებამონაცვლეობის დროს მონაწილე პირი რაიმე მიზეზით (იხ. ამ განჩინების მე-14 პუნქტი) გადის ურთიერთობიდან და მას უფლებამონაცვლე პირი ანაცვლებს. განსახილველ შემთხვევაში ამგვარი გარემოება არ არის გამოვლენილი, რის გამოც კერძო საჩივარი უარყოფილია და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–იას კერძო საჩივარი, თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე