10 ნოემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-315 -2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ი.გ–ი, თ.ბ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ბ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და ი.გ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოსარჩელის მამამთილი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის განჩინებას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, მ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყვარლის რაიონში, სოფელ ....... მდებარე უძრავ ქონებაზე, ს/კ-ით #..... მოპასუხეებს შორის 2013 წლის 12 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ივლისის #88201338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი. მათი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორების მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას, თუ რამდენი კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკუთვნის მოსარჩელეს, რა ნაწილში გაბათილდა ჩუქების ხელშეკრულება და გაურკვეველია უძრავი ნივთების ე.წ გადაფარვის ადგილი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 9 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე და ა.გ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის მეუღლე ან მეორე მოპასუხის შვილი) 1978 წლის 8 ინისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
4.4. მოსარჩელის მეუღლე 1980 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.
4.5. მეორე მოპასუხე და მოსარჩელის მეუღლე ერთი კომლის წევრები იყვნენ.
4.6. 1978 წლის 30 მაისით დათარიღებული სოფელ ..... ამხანაგური სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მეორე მოპასუხესა და მოსარჩელის მეუღლის ერთობლივი შეთანხმებით, კომლი ორად გაიყო და მისი წევრები ცალ-ცალკე დარეგისტრირდნენ, სახელდობრ:
4.6.1. ყვარლის რაიონში, სოფელ ........ ახლადაშენებული ორსართულიანი სახლის ორი ოთახი დაბლა-მაღლა აივნით, დასავლეთით და სხვადასხვა მოძრავი ნივთი მეორე მოპასუხის კომლს, ხოლო ახლადაშენებული ორსართულიანი სახლის ორი ოთახი დაბლა-მაღლა - აღმოსავლეთით და სხვადასხვა ნივთი, მოსარჩელის მეუღლის კომლს ერგო (იხ. ..... ამხანაგური სასამართლოს 1978 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება).
4.6.2. 1986-1990, 1991-1997 წლების ყვარლის რაიონის სოფელ ..... საკომლო წიგნით, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეორე მოპასუხე (კომლის უფროსი) და ცოლი - ს.გ–ი. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1972 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 40 კვ.მ და 0,25 ჰა მიწა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხის საკომლო ქონება).
4.6.3. 1986-1990, 1991-1997 წლების ყვარლის რაიონის სოფელ ..... საკომლო წიგნით, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მოსარჩელე (კომლის უფროსი) და შვილები - ი. და ა. გ–ები. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1972 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით - 120 კვ.მ და 0,25 ჰა მიწა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკომლო ქონება).
4.7. მიწის რეფორმის კომისიამ მიღება-ჩაბარების აქტები გასცა, რომლითაც სარეფორმო მიწებთან ერთად პირველი მოპასუხის კომლს გამოეყო მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან - 032 ჰა, ხოლო მოსარჩელის კომლს, მიწის რეფორმამდე არსებული ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან - 019 ჰა.
4.8. ყვარლის რაიონის სოფელ ........ მდებარე - 2979 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #....., მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის 1972 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი და ამ ნაკვეთის მოსაზღვრედ მდებარე - 2979 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ-ით #..... 2013 წლის 11 ივნისს მეორე მოპასუხემ აღირიცხა საკუთრებაში.
4.9. 2013 წლის 12 ივნისს მეორე მოპასუხემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება შვილს/პირველ მოპასუხეს აჩუქა და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ ( სსკ-ის 524-ე მუხლი).
4.10. 2013 წელს მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) მიმართა და მოითხოვა საკუთარი კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4.11. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება ჯერ შეჩერდა, ხოლო შემდგომ მიწის ნაკვეთების ზედდების გამო შეწყდა, კერძოდ, მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს/კ-ით #....) საზღვრებში.
4.12. მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება, უძრავი ქონების ზედდების ნაწილში, მოჩვენებითია.
4.13. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის წინააღმდეგ, მესამე პირები მოპასუხეები, დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 11 ივნისის #882013256692-03 გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთზე ს/კ-ით #...., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ივლისის #882013338517-03 გადაწყვეტილებით დადგენილი ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი.
4.14. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგენილი ზედდების ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 აპრილის #187619 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, რეგისტრაციის შესახებ #882013270326-03 გადაწყვეტილება, რომლითაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონება პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა.
5. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს; ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
7. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
8. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
9. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი მეორე მოპასუხის კომლის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მის საფუძველზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერებაა.
10. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია არსებობდეს მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით კი იურიდიული ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში რეალურად მიღწევადი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში მოსარჩელე განახორციელებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგიტრაციას.
აქედან გამომდინარე თვალნათელია, რომ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა მოსარჩელემ ერთმნიშვნელოვნად დაასაბუთა.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 56.1 მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
11.2. მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის, ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ საქმე №ას-171-159-2015; 29.04.2015წ).
12. სადავო არაა, რომ პირველი მოპასუხე მეორე მოპასუხის შვილია, შესაბამისად, მოპასუხეთა შორის გაფორმებული, უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითად არის შედგენილი იმ განზრახვის გარეშე, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყვეს, კერძოდ:
13. მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება.
14. დადგენილია, რომ სადავო გარიგებით, საკუთრების უფლება პირველ მოპასუხეს გადაეცა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გარიგება ოჯახის წევრებს შორის დაიდო და სამართლებრივად უნდა შეფასდეს პირველი მოპასუხის, როგორც ქონების შემძენის კეთილსინდისიერება ქონების შეძენის დროს, ამასთან, როგორც საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: ჩუქების ხელშეკრულება არ არის დაცული კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით (სსკ-ის 185-ე მუხლი), რადგან ამ ტიპის გარიგების შემთხვევაზე კეთილსინდისიერების პრეზუმფციის დამდგენი ნორმა არ ვრცელდება (შდრ. სუსგ N ას- 397-397-2018, 19.04.2019წ). უსასყიდლო განკარგვისას (როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ნივთების განკარგვის შემთხვევაში) შემძენს არ იცავს სსკ-ის 185-ე (შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე) და 187-ე (შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია . . . კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ . . . უსასყიდლოდ მიიღო) მუხლების დანაწესი (შდრ. სუსგ N ას-471-471-2018, 28.02.2019წ). ჩუქების, როგორც უსასყიდლო გარიგების დროს, არ არსებობს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი შემძენს უბრუნდება (შდრ. სუსგ N ას- 1230-2018, 14.12.2018წ).
15. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი ანალიზით იქმნება იმგვარი მსჯელობის შესაძლებლობა, რომ პირველი მოპასუხე არ წარმოადგენდა მამის/მეორე მოპასუხის კუთვნილი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს; როდესაც გარიგება ნათესავებს ან სხვა ოჯახის წევრებს შორის იდება, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილი იყო ქონების ნაკლის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ოჯახის წევრებს (მოცემულ შემთხვევაში კი მამა-შვილს) შორის გარიგებათა გაფორმების დროს, პრეზუმირებულია, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვითარება. მით უფრო, კომლის საკუთრების თავისებურებიდან გამომდინარე, პირველი მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ კომლი ორად გაიყო და მეორე მოპასუხისა და მოსარჩელის კომლი ცალ-ცალკე დარეგისტრირდა, კერძოდ, ყვარლის რაიონში, სოფელ ........ ახლადაშენებული ორსართულიანი სახლის ორი ოთახი დაბლა-მაღლა, აღმოსავლეთით და სხვადასხვა ნივთი, მოსარჩელის მეუღლის კომლს ერგო, რომლის საკუთრების უფლებაც სადავო გარიგების დადებით შელახულია. ამდენად, შესაბამის ნაწილში სადავო გარიგების ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და სარჩელიც მართებულად დაკმაყოფილდა, ვინაიდან, ამ გზით დადასტურებულია მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, რომელიც სადავო ნაწილში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გაუქმებით, რეალურად გაიუმჯობესებს სამართლებრივ მდგომარეობას და მისი კომლისთვის გამოყოფილ ქონებას აღრიცხავს საკუთრებად, რადგან, მეორე მოპასუხეს საკუთრების უფლება იმ ქონებაზე, რომელიც პირველ მოპასუხეს აჩუქა, მთლიანად არ მოუპოვებია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გ. ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #23114199, გადახდის თარიღი 10.02.2020 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ისა და თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ი.გ–სა (პ/ნ .....) და თ.ბ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ გ.ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #23114199, გადახდის თარიღი 10.02.2020 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე