Facebook Twitter

6 ოქტომბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-712 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2016 წლის 11 ივლისს, ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან ნარდობის ხელშეკრულება) დაიდო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, შემკვეთი, მოსარჩელე დაწესებულება) და შპს „ე-ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე, მოპასუხე საწარმო) შორის, რომლის საგანიც იყო ქ.თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 7777 ქუჩაზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულება.

2. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირება მოსარჩელე დაწესებულების კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობა - ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას უნდა შეესრულებინა.

3. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში შემკვეთთან წარუდგენლობის ან/და შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მენარდეს დაეკისრებოდა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%.

ხელშეკრულების 9.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისას (გარდა შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა) მენარდეს დაეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%.

ხელშეკრულების 9.6 პუნქტით, სამუშაოს შესრულების ვადისა და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისას, მენარდეს დაეკისრებოდა ჯარიმა, ყოველ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.05%.

4. 2016 წლის 12 ოქტომბრის შეთანხმებით, რომელიც ნარდობის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, შემკვეთმა ხელშეკრულების ვადა გაზარდა, მენარდეს დაევალა, ამ შეთანხმების გაფორმებიდან 7 კალენდარულ დღეში, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად რედაქტირებული სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა და შეთანხმება, რაც არ შესრულებულა.

5. 2016 წლის 31 ოქტომბრის შეთანხმების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადად მხარეებმა 2016 წლის 15 ნოემბერი განსაზღვრეს.

6. მენარდემ სამუშაოები 2016 წლის 30 ნოემბერს - 15 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით შეასრულა.

7. 2016 წლის 13 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება 189 959.05 ლარს შეადგენდა.

8. ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2016 წლის 9 დეკემბრის შეუსაბამობის აქტის მიხედვით, მოპასუხემ სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა.

9. 21 032.32 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით მენარდის წინააღმდეგ შემკვეთმა სასამართლოში სარჩელი აღძრა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 21 032.32 ლარის გადახდა დაეკისრა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით:

-მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

-თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

-მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 3 899.10 ლარის გადახდა დაეკისრა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების 9.2, 9.4 და 9.6 პუნქტების საფუძველზე მენარდეს პირგასამტეხლოს, ჯამურად 3 899.10 ლარის გადახდა უნდა დაჰკისრებოდა.

11.1.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარუდგენლობის გამო, ნარდობის ხელშეკრულების 9.2 პუნქტით მოპასუხეს ხელშეკრულების 0.05% პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა, რამაც მოცემულ შემთხვევაში 1 237.20 ლარი შეადგინა (2 474 389.26*0.05/100 = 1237.20-ს).

11.1.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, ნარდობის ხელშეკრულების 9.4 პუნქტიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ერთჯერადი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ხელშეკრულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით გადახდაც, რაც 1 237.20 ლარს შეადგენდა (2 474 389.26 * 0.05/100=1 237.20-ს).

მოცემული დასკვნის გაკეთებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2016 წლის 9 დეკემბრის შეუსაბამობის აქტს, სადაც მითითებულია, რომ მოპასუხემ სამუშაო არაჯეროვნად შეასრულა.

აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული აქტი ნარდობის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მოთხოვნათა ფარგლებშია შედგენილი, რომელიც ხსენებული ლაბორატორიის დირექტორისა და მოპასუხე საწარმოს დირექტორის მიერაა ხელმოწერილი და მისი ვალიდურობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის პრეტენზია არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ 2016 წლის 13 დეკემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, 2016 წლის 9 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ ფაქტს ვერ გამორიცხავდა.

11.1.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან შესრულების ვადის 15 დღის გადაცილებისათვის შემკვეთის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.05%), სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის ადეკვატური და გონივრული ოდენობა არ იყო, მით უმეტეს, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

რაკი 2016 წლის 13 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგინდა, რომ მენარდის მიერ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება 189 959.05 ლარს შეადგენდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნარდობის ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში 1 424.70 ლარის (189 959.05*0.05/100*15) გადახდა უნდა დაკისრებოდა.

11.2. მოცემული დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 420-ე მუხლი გამოიყენა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საკასაციო საჩივრის დასაბუთება შემდეგია:

12.1. პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას რამდენად აცნობიერებდა მხარე გარიგების პირობებს. თუკი მხარე ადვოკატითაა წარმოდგენილი ან სამეწარმეო ურთიერთობებში ის გამოცდილი სუბიექტია, ივარაუდება, რომ შეთანხმებული თუნდაც შეუსაბამო პირგასამტეხლო, შემცირებას არ ექვემდებარება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ზემომითითებული გარემოებების გამოკვლევის გარეშე გაუგებარი საფუძვლითა და წესით შეამცირა პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რასთან არის პირგასამტეხლო შეუსაბამო, არ შეუფასებია მხარის ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი და ა.შ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრულად ჩაითვალა, რითაც სასამართლო უხეშად შეიჭრა მხარეთა მიერ გამოხატული ნების ავტონომიაში. სასამართლომ, შეთანხმების პირობა თავისი ინიციატივით შეცვალა და მოპასუხეს პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოს 0.05%-ით განუსაზღვრა. ამდენად, სასამართლომ არათუ პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა, არამედ დაანგარიშების მეთოდიც შეცვალა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

16. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი სწორედ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარი მოთხოვნაა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ რამდენად საფუძვლიანია მოსარჩელის (შემკვეთი) მოთხოვნა, მოპასუხისათვის (მენარდე) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა და, სარჩელით მოთხოვნილი 21 032.32 ლარის ნაცვლად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს ანგარიშში 3 899.10 ლარის გადახდა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოში სადავოა, სარჩელის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის კანონიერება.

17. პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

18. როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაა, ე.ი. კასატორის იურიდიული ინტერესი ისაა, რომ არ მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება და მისი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს.

ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუკი მოსარჩელე (აპელანტი) დაამტკიცებდა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არსებითად შესაბამისია ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით.

19. მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

20. ამავდროულად, პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი თუ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშდება. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლოს თაობაზე სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ვალდებულების დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გონივრული და სამართლიანი ოდენობა - 3 899.10 ლარია.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.

23. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე