საქმე №ას-1234-2020 25 ოქტომბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.კ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2020წ. განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ.კ–ვამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ვ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.02.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2020 წლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. ქ. თბილისში, ........ მდებარე №34 საცხოვრებელი ბინის (შემდეგში „უძრავი ნივთი“) 2/3-ის მესაკუთრეა ე.გ–ი, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრე - მოპასუხეა.
4.2. მოსარჩელე (მყიდველი) და მოპასუხე (გამყიდველი) შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე გაყიდდა, ხოლო მოსარჩელე იყიდდა უძრავ ნივთს. ნასყიდობის საფასური - 38 500 აშშ დოლარი მყიდველს უნდა დაეფარა განვადებით. თანხის გადახდის შემდეგ ნასყიდობის საგანი მყიდველის სახელზე აღირიცხებოდა. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელის ოჯახი შეთანხმების მომენტიდან ფაქტობრივად დაეუფლა საცხოვრებელ სახლს.
4.3. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის 18.08.2019 წლის N0013326147 დადგენილებით ლ.კ–ვა ცნობილ იქნა დაზარალებულად თ.მ–ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 30.03.2020 წლის განაჩენით ვ.ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ძალაში არ არის შესული.
4.4. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 102-ე მუხლზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო და უტყუარი მტკიცებულებები მოპასუხისთვის ბინის საფასურის - 38 500 აშშ დილარის გადახდის დასტურად. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართალურთიერთობის ფარგლებში, თანხის გადახდის ფაქტი, რაზეც აპელირებს მოსარჩელე, საქმის გარემოებებით არ დასტურდება, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის წერილობითი დოკუმენტი, რაც თანხის გადახდის დამადასტურებლად ვარგისი მტკიცებულება შეიძლება იყოს. მათ შორის - მოწმე ა.ჭ–ძის ჩვენებითაც აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ საბანკო დაწესებულებიდან მოპასუხისთვის გადასაცემი თანხის გამოტანის დამადასტურებელი საგადახდო დავალება ან/და ქვითარი, თანხის ოდენობას კი მოწმე ვერ იხსენებს. სადავო ფაქტის დასადგენად ვერ გამოდგება ფაქტების კონსტატაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი, კერძოდ, სატელეფონო მიმოწერა. ასეც რომ იყოს, ფაქტების კონსტატაციის ფარგლებში შეუძლებელია იმის დადგენა, ვის ეკუთვნის აღნიშნული სატელეფონო ნომრები და ასახულია თუ არა ნამდვილად მხარეთა ოჯახის წევრების მიმოწერა. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, დაკითხვის ოქმებსა და განაჩენს, პალატა შენიშნავს, რომ მოპასუხე ჩვენებით ბინის ნასყიდობის საფასურის მიღებას უარყოფს, ხოლო განაჩენი არ არის ძალაში შესული, რაც გამორიცხავს მისი მტკიცებულებითი ძალის მქონე დოკუმენტად შეფასების შესაძლებლობას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 20.10.2022 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.
8. მოსარჩელეს აღძრული აქვს კონდიქციური სარჩელი და მოპასუხისგან ითხოვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულის უკან დაბრუნებას, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება ბინის ნასყიდობის შესახებ, რა საფუძვლითაც მან მოპასუხეს გადასცა თანხა, თუმცა მოპასუხემ არ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და არც თანხა არ დაუბრუნა მოსარჩელეს. ამდენად, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით უნდა მოწესრიგდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) (შდრ. სუსგ Nას-194-2022, 22.06.2022წ. პ. 38; სუსგ Nას-218-218-2018, 23.03.2018წ. პ.34-37).
9. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით (სუსგ №ას-948-2021, 17.12.2021წ. პ. 67). ფაქტებზე მითითება, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა (შდრ. სუსგ №ას-1190-2021, 22.02.2022წ., პ. 104).
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში „კონვენცია“) მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის (სუსგ Nას-639-2022, 07.09.2022წ., პ. 31).
11. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ.48).
12. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებების მიღება და შეგროვება უნდა მოხდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. სსსკ განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.
13. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება მოპასუხისთვის სარჩელით სადავო 38 500 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, მოპასუხის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კი ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული. კასატორი საკასაციო საჩივარში განმარტავს, რომ მოპასუხის მიმართ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგენილია სადავო ბინის საფასურის მიღების ფაქტი. კასატორის მითითებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება მოპასუხის მიერ თანხის მიღება.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინამდებარე საქმე არ წარმოადგენს სსსკ-ის 30917 მუხლის საფუძველზე აღძრულ ზიანის ანაზღაურების სახებ სარჩელზე წარმოებას, რა დროსაც სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და რიგი კანონით განსაზღვრული ფაქტები დადგენილად მიიჩნევა (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.). როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში აღძრულია კონდიქციური სარჩელი - მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის გადაცემული თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლო გამდიდრების კრედიტორმა (ანუ მოსარჩელემ) უნდა დაამტკიცოს სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის წინაპირობები, ვინაიდან მისი მოთხოვნები ამ ნაწილს ეფუძნება (ჰაინრიხ შნიტგერი, ლია შატბერაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 976, ველი 54, იხ. https://gccc.tsu.ge). მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების მიზნით უთითებს მიმოწერის თაობაზე ფაქტების კონსტატაციის მასალებს (ტ.1, ს.ფ.179-191), მოწმეთა ჩვენებებს (იხ. 06.11.2017 წლის სხდომის ოქმი, ტ.1, ს.ფ.197-216) და სისხლის სამართლის საქმეზე მოპასუხის განმარტებებს (ტ.2, ს.ფ.47-66).
15. სსსკ-ის კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულების გამოკვლევა, უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17.04.2015წ.). აქედან გამომდინარე, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების არსებობა/არარსებობაზე საუბარი. შესაბამისად, არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა დაბრუნების საფუძველი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რელევანტურია შეფასდეს თავად მოპასუხის განმარტებები მოსარჩელის ოჯახის მხრიდან თანხის მიღება/არმიღების ფაქტთან მიმართებით.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.
17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ, კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, ,,სამართლიანი სასამართლოს’’ მოთხოვნები იყოს დაცული (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტიანი“ (Bellet v. France, 04.12.1995წ., §38). კონვენცია მიზნად ისახავს იმ უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ პრაქტიკული და ეფექტიანია. ყოველივე ზემოაღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება კონვენციის მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 17.01.2012წ. N 36760/06, §231) (სუსგ Nას-1469-1389-2017, 21.06.2018წ.).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას, თუმცა, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც უნდა შეაფასოს საქმის მასალები, სრულყოფილად დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
19. რაც შეეხება საქმის საკასაციო წესით განხილვის ეტაპზე კასატორის მიერ წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 13.07.2022 წლის განაჩენს, რომლითაც ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.03.2022 წლის განაჩენში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, განსხვავებით პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებისაგან, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს (სუსგ №ას-48-2020, 17.09.2020წ.). განაჩენის საქმეზე დართვის თაობაზე შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს მასზე სსსკ-ის 380-ე მუხლით დადგენილი წესით.
20. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.07.2020 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია