საქმე №ას-1502-2022 20 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.ო.ც–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.09.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „მ.ო.ც–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 770.47 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 8400 ლარი, ვადაგადაცილების ჯარიმა - 2661.98 ლარი, პროცენტი - 5708.49 ლარი.
2. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.04.2022 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.05.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა, წარედგინა დასაბუთებული და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე, 334.8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
4.2. 21.06.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 15 დღით. ამავე სასამართლოს 01.07.2022 წლის განჩინებით აპელანტს 15 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად.
4.3. დადგენილ ვადაში, 25.07.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება 15 დღით. წარმომადგენლის განმარტებით, საშვებულებო პერიოდისა და შვილის ავადმყოფობის გამო ვერ მოესწრო ხარვეზის შევსება. სასამართლოს 04.08.2022 წლის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა.
4.4. 31.08.2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და ისევ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ 24 აგვისტოს დაუდგინდა ახალი კორონა ვირუსი (COVID 19) , ჰქონდა მაღალი სიცხე, აგრძელებს მკურნალობას და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს გამოჯანმრთელების შემდეგ.
4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 64-ე მუხლზე და განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. მართალია, სსსკ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვადა უნდა გაგრძელდეს უპირობოდ. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები. აპელანტს ორჯერ გაუგრძელდა ვადა, ჯერ 15 დღით, ხოლო შემდეგ - 10 დღით, ამასთან, საერთო ჯამში ხარვეზის დადგენიდან გასულია 4 თვეზე მეტი (ხარვეზი დადგენილია 20.05.2022 წელს), შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა ხარვეზის შესავსებად, მიუხედავად ამისა, მას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი, რათა დავის მიმართ ინტერესი დაედასტურებინა, ასევე, არ წარუდგენია დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
4.6. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
9. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსო, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია (სუსგ №ას-265-2022, 01.06.2022წ.).
10. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 20.05.2022 წლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა: სსსკ-ის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დასაბუთებული და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე 334.8 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ს.ფ. 196-200). 21.06.2022 წელს სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება 15 დღით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აპელანტს 01.07.2022 წლის განჩინებით 15 დღით გაუგრძელდა საპროცესო ვადა (ს.ფ. 205,206). 25.07.2022 წელს სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ საშვებულებო პერიოდისა და ბავშვის ავადმყოფობის გამო ვერ მოესწრო ხარვეზის შევსება. სასამართლოს 04.08.2022 წლის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ (ს.ფ. 210,211). 04.08.2022 წლის განჩინება ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით პირადად ჩაჰბარდა 17.08.2022 წელს (იხ. ს.ფ. 212,213). შესაბამისად, სსსკ-ის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 18.08.2022 წელს და ამოიწურა 29.08.2022 წელს (27 აგვისტო იყო შაბათი). ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში (სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილი) სასამართლოში 31.08.2022 წელს ფოსტის მეშვეობით წარდგენილ იქნა განცხადება (განცხადება ფოსტას ჩაჰბარდა 29.08.2022 წელს), რომლითაც წარმომადგენელმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ 24 აგვისტოს დაუდგინდა ახალი კორონა ვირუსი (COVID 19), აგრძელებს მკურნალობას და შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს გამოჯანმრთელების შემდეგ (ს.ფ. 214). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და 23.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (ს.ფ. 217-221).
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინებები აპელანტ მხარეს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით. მხარეს ნათლად განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები. მიუხედავად ამისა, იგი ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზით (მძიმე მატერიალური მდგომარეობის, ბავშვის ავადმყოფობის თუ საშვებულებო პერიოდის გამო (წარმომადგენლის მიზეზი)), მიმართავდა სასამართლოს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობებით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არც ერთ ეტაპზე მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საგულისხმოა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ნაწილშიც. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენიდან (20.05.2022 წელი) მის განუხილველად დატოვებამდე გასულია ოთხ თვეზე მეტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა ჰქონდა დადგენილი ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არ განახორციელა.
12. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ ესაჭიროებოდა დამატებითი ვადა ხარვეზის შესავსებად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (სუსგ Nას-1047-967-2017, 13.11.2017წ.; სუსგ №ას-265-2022, 01.06.2022წ.).
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ემსახურება თითოეული პირის უფლებას, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ №ას-851-817-2016, 04.11.2016წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.).
15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ №ას-693-2019, 28.06.2019წ; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2022 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია