საქმე № ას-143-2022 25 ივლისი 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებაზე (საქმე № ას-143-2022) დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ქ–მა 2020 წლის 22 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე მ.ს–ძის მიმართ და მოითხოვა - მხარეთა შორის 2016 წლის 27 მაისს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2018 წლის 20 მარტს ნოტარიუსის, თ.ო–ის, მიერ გაცემული N180290273 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება, იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება და მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი ........, ს/კ .... ყადაღისგან გათავისუფლება.
2. თავის მხრივ, მ.ს–ძემ, 2021 წლის 15 მარტს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე მ.ქ–ის მიმართ, მიუღებელი შემოსავლის სახით - 852 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაკისრების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მ.ქ–ის სარჩელი და მ.ს–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია 3800 აშშ დოლარზე.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 აპრილის განჩინებით, მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით, რაზედაც 2022 წლის 15 ივლისს შედგა სატელეფონო შეტყობინების აქტი.
9. საკასაციო სასამართლოს, 2022 წლის 18 ივლისს, განცხადებით მომართა მ.ს–ძემ და იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ მ.ქ–ის საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოში მიღებული შემაჯამებელი განჩინებით არ იქნა განხილული მ.ს–ძის მიერ საკასაციო შესაგებელში წარმოდგენილი, შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯების, კერძოდ, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის, 1500 ლარის კასატორისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით.
10. მხარის მიერ დაცულია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმის განხილვის 07 დღიანი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ განცხადება ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებული უნდა იქნეს დამატებითი განჩინება, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება საადვოკატო მომსახურების ხარჯის 300 ლარის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი გადაწყვეტილება არაა სრულყოფილი და არ შეიცავს პასუხს ყველა იმ საკითხზე, რომელიც განხილვის საგანი იყო სასამართლო პროცესში (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ.372.).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამგვარად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მხარემ დასვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, მითითებული ნორმა არეგულირებს ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და მისი რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26.01. 2015წ.)
14. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. 7-დღიანი ვადით კანონმდებელმა შემოსაზღვრა როგორც მხარეთა, ისე სასამართლოს შესაძლებლობა, ამავე ნორმით დადგენილი წინაპირობების შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, რადგან დაადგინა, რომ ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება (სუსგ. Nას-1670-2019, 21.05.2020წ.). ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
15. საქმის მასალების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თაობაზე მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინებით, რაზედაც 2022 წლის 15 ივლისს შედგა სატელეფონო შეტყობინების აქტი.
16. 2022 წლის 18 ივლისს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ს–ძემ და იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ მ.ქ–ის საკასაციო საჩივარზე საკასაციო სასამართლოში მიღებული შემაჯამებელი განჩინებით არ იქნა განხილული მ.ს–ძის მიერ საკასაციო შესაგებელში წარმოდგენილი, შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯების, კერძოდ, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის, 1500 ლარის კასატორისთვის დაკისრებასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით, ირკვევა, რომ დავის საგანს წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის, რომელიც გაცემულია 3800 აშშ დოლარზე, გაუქმება და უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
19. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ №ას-739-707-2016, 24.10.2016წ; სუსგ №ას-316-316-2018, 07.05.2018წ; სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ.).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები.
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა (ტ. I, ს.ფ 13), რომლის თანახმადაც, მ.ს–ძემ წარმომადგენელს, ნ.ფ–ს მიანიჭა მისი ინტერესების დაცვის უფლება სასამართლოში. საქმის მასალებითვე დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია, 2020 წლის 23 ივლისს, მ.ს–ძესა და ნ.ფ–ს შორის გაფორმებული იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.188), რომლის 4.1 პუნქტის თანახმად, დამკვეთი ადვოკატს ყველა ინსტანციის სასამართლოში, მ.ქ–ის სამოქალაქო საქმეზე, დაცვისთვის უხდის ჰონორარს, 1500 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია ასევე, სს „თ.ბ–ის“ სალაროს შემოსავლის ორდერი N3573102223 27.07.2020წ. მ.ს–ძის მიერ, ნ.ფ–ისთვის საადვოკატო მომსახურების საფასურის, 1500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება (ტ.I, ს.ფ.190).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ განმცხადებელი მოცემულ საქმეში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე - ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილებდა როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, ხოლო სარჩელი პირველივე ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე აღმოჩნდა წარუმატებელი. შესაბამისად, მოსარჩელისაგან ზემდგომ ინსტანციებში (აპელაცია და კასაცია) მოპასუხეს მოსარჩელის პოზიციისაგან თავის დაცვა უწევდა იგივეობრივი პოზიციებით. მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეები შეზღუდული აპელაციისა და კასაციის პირობებში (380-ე და 407-ე მუხლები) მოკლებული არიან მიუთითონ ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოადგინონ მტკიცებულებები. იმავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, რა დროსაც, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები და საქმის არსებითი განხილვა არ ხდება.
23. სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს, ვინაიდან ხარჯების მოთხოვნა სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე უნდა მოხდეს და ხაზგასმით აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გარეშე ხარჯი წარმოშობილია პირველი ინსტანციის სასამართლოში სამართალწარმოების ეტაპზე, ხოლო მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღეში არ მოუთხოვია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, და არც სააპელაციო სასამართლოში უსარგებლია აღნიშნული უფლებით, ამიტომ საკასაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა სამართალწარმოების ყველა ეტაპზე გაწეული მომსახურების ჯამური ოდენობის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო სამართალწარმოების მოცემული ეტაპის - დასაშვებობისა პროცესუალური საფუძვლით შემოწმებისას, ადვოკატის მომსახურების ხარჯი უნდა ანაზღაურდეს 300 ლარის ოდენობით.
25. ზემოთ მოხმობილი ნორმებისა და მსჯელობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ აკმაყოფილებს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის განცხადებას და დამატებითი განჩინებით, კასატორს ეკისრება 300 ლარის გადახდა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ.ს–ძის განცხადება დამატებითი განჩინების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მ.ქ–ს მ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მ.ს–ძის მიერ საკასაციო სასამართლოში საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე