საქმე №ას-1229-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.ფ–ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საიჯარო ქირის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „გ.თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.ფ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ საიჯარო ქირის 7 080 ლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საკუთრების უფლებით ფლობდა სატვირთო ავტომანქანა „DAF-ის“ ფურგონს, მოდელი - AS105XF, სახელმწიფო ნომერი .... აღნიშნული ავტომობილი 2017 წლიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, შეთანხმებული საიჯარო ქირის სანაცვლოდ, დროებით სარგებლობაში გადაეცემოდა მოპასუხეს, რომლიც მას იყენებდა საფოსტო ამანათების გადასაზიდად.
3. 2019 წლის 26 ივნისს, ზემოაღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის №spc-M-140 ხელშეკრულება, რომლითაც 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტომდე, 7080 ლარის ოდენობით საიჯარო ქირის გადახდის პირობით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირა - 7080 ლარი არ გადაუხდია, რაც სარჩელზე თანდართული მოსარჩელის იმ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში (იხ. ს.ფ.3-6).
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია, ამსთან, საპირისპიროს დაშვების შემთხვევაშიც, მოთხოვნა ხანდაზმულია (იხ. ს.ფ. 47-48). 2021 წლის 02 ნოემბერს მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, ისე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი დაზუსტებული შესაგებელი (იხ. ს.ფ. 64-71). სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში, საიჯარო ქირა - 7080 ლარი 2019 წლის 9 ივლისს გადაიხადა, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერითაც დასტურდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის - 7080 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით (იხ. ს.ფ.94-102) (დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი იხ. ს.ფ.117-122).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2017 წლიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით მხარეთა შორის არსებობდა საიჯარო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, საიჯარო ქირის სანაცვლოდ, მოსარჩელის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა „DAF“ ფურგონი, მოდელი - AS105XF, სახელმწიფო ნომერი ..... დროებით სარგებლობაში გადაეცემოდა მოპასუხეს, რომელიც მას იყენებდა საფოსტო ამანათების გადასაზიდად.
9. 2019 წლის 26 ივნისს მხარეებმა გააფორმეს №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათლით, საიჯარო ქირის - 7080 ლარის გადახდის პირობით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
10. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
11. მოსარჩელემ სადავოდ გახადა, 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდის შესახებ გარემოება. მისი განმარტებით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის თანხა - 7080 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება მოსარჩელის საბანკო ანგარიშის ამონაწერით.
12. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ საიჯარო ქირის თანხა 7080 ლარის ოდენობით გადახდილია 2019 წლის 9 ივლისს, რაც ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით დასტურდება.
13. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების მიზნით, საქმეზე წარადგინა საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომლის თანახმად 2019 წლის 9 ივლისს მოპასუხის მიერ ანგარიშზე ჩარიცხულია 7080 ლარი, დანიშნულებაში მითითებულია №SPC-M-290 იჯარის ხელშეკრულება. შესაბამისად, აღნიშნულ ამონაწერზე მითითებით, მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხეს, №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის გადახდის შესახებ რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ამონაწერზე და განმარტა, რომ, ბუღალტრული შეცდომის გამო, დანიშნულებაში მიეთითა ხელშეკრულების არასწორი ნომერი, რეალურად კი გადახდილია სადავო ქირა. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, დადასტურებულია აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 9 ივლისს თანხის ჩარიცხვა, რომელიც მიმართული იყო, სადავო იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის თანხის დასაფარად. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პოზიცია არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირის გადახდის შესახებ გარემოება არ დასტურდება, რისი მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.
16. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარეც არსებობდა და მოსარჩელე სადავოდ ხდის, 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის გადახდას, ხოლო საბანკო ამონაწერში მითითებულია, რომ 2019 წლის 9 ივლისს თანხა ჩაირიცხა არა №spc-M-140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად, არამედ დანიშნულებაში მითითებულია სხვა ხელშეკრულების ნომერი SPC-M-290, შესაბამისად, აღნიშნული საბანკო ამონაწერით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ 2019 წლის 9 ივლისს, მოსარჩელეს, №spc-M-140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ქირის თანხა გადაურიცხა. მითითება იმის შესახებ, რომ ამონაწერში დაფიქსირებული ხელშეკრულების ნომერი წარმოადგენს ბუღალტერის შეცდომას, არ დასტურდება.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 429-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება - იგი ავალდებულებს, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია, ვალდებულებიდან გამომდინარე, მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.
18. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს (მოპასუხე), რომელსაც ასეთი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის შეფასებით, მოპასუხემ ვერ შეძლო 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის თანხის გადახდისა და ფულადი ვალდებულების არარსებობის შესახებ გარემოების დადასტურება.
19. სსკ-ის 327-ე მუხლის, 581-ე მუხლის პირველი ნაწილის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2019 წლის 26 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათლით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რაც მოპასუხეს წარმოუშობს საპასუხო შესრულების ვალდებულებას ქირის სახით 7080 ლარის გადახდის თაობაზე. ვინაიდან მოპასუხემ №spc-M-140 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირის თანხის გადახდის ფაქტი ვერ დაადასტურა, შესაბამისად, სარჩელი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხები სამართლებრივად სწორად შეაფასა, ამდენად, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დააკისრა იმ თანხის ანაზღაურება, რაც მას უკვე გადახდილი ჰქონდა. საქმეში წარდგენილ ქვითარში მითითებულია სწორედ სარჩელში მოთხოვნილი თანხა.
22. კასატორის განმარტებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოწინააღმდეგე მხარის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, ეკისრებოდა თუ არა აპელანტს მის წინაშე საიჯარო ქირის სახით 7080 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება.
23. საქმეში არსებული მტკიცებულებებით (სარჩელის დანართი #3) დადასტურებულია კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშზე 2019 წლის 9 ივლისს, სადავო იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, საიჯარო ქირის - 7080 ლარის ჩარიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტრული შეცდომის გამო, დანიშნულებაში მიეთითა ხელშეკრულების არასწორი ნომერი, თანხის ოდენობის, აგრეთვე, მისი გადახდის დროის გათვალისწინებით, გონივრული განსჯის შედეგად კრედიტორისთვის აშკარა იყო, თუ რომელი ვალდებულების დასაფარად მოხდა თანხის ჩარიცხვა. მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნული მტკიცებულების გამაქარწყლებელი პოზიცია წარმოადგინა მხოლოდ ახსნა-განმარტების სახით (მთავარ სხდომაზე), განაცხადა რა, რომ აპელანტმა დასახელებული თანხა ჩარიცხა სხვა ვალდებულების დაფარვის მიზნით. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან, მხარემ რეალურად მიუთითა ისეთი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომელსაც სარჩელი არ შეიცავს. მხარეს არ წარუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, სულ მცირე ხელშეკრულება, რომლითაც დაადასტურებდა ან სხვაგვარად შეაბრუნებდა აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთს. ვინაიდან აღნიშნული მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ მომხდარა, გარემოება, არსებობდა თუ არა აპელანტის რაიმე სხვა ვალდებულება, რომელიც შეიძლება დაფარულიყო 2019 წლის 7 ივლისს მოწინააღმდეგე მხარისთვის თანხის გადაცემით, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა და აპელანტს, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის დარღვევით, უსამართლოდ დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახელებული ხელშეკრულების არსებობა/არარსებობის მტკიცების ვალდებულება.
24. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია, მოპასუხეს დაეკისროს მეორე მხარის მიერ ზეპირად დასახელებული ხელშეკრულების მტკიცება მაშინ, როცა განმცხადებელ მხარეს, გარდა იმისა, რომ ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, პრაქტიკული თვალსაზრისით მხოლოდ ხელშეკრულების წარდგენითაც შეუძლია ნებისმიერი სადავო საკითხის გაქარწყლება.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
28. 2017 წლიდან 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით მხარეთა შორის არსებობდა ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულების საფუძველზე, ქირის სანაცვლოდ, მოსარჩელის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა „DAF“ ფურგონი, მოდელი - AS105XF, სახელმწიფო ნომერი .... დროებით სარგებლობაში გადაეცემოდა მოპასუხეს, რომელიც მას იყენებდა საფოსტო ამანათების გადასაზიდად.
29. 2019 წლის 26 ივნისს მხარეებმა გააფორმეს №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც 2019 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 2 აგვისტოს ჩათლით, საიჯარო ქირის - 7080 ლარის გადახდის პირობით, მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
30. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
31. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
35. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს საიჯარო ქირის გადახდის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 581-ე მუხლი (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ასევე სსკ-ის 553-ე მუხლი ( თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილი უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ).
37. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
38. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იჯარის ხელშეკრულების თავისებურებაზე.
39. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი.
40. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (შდრ. სუსგ № ას- 823-823-2018, 06.11.2018წ.; სუსგ №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი). ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი], ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“)] (იხ. სუსგ № ას 738-700-2015, 18.12.2015წ.; №ას-849-2020, 3 დეკემბერი, 2020).
41. განსახილველ საქმეში მოსარჩელემ სადავოდ გახადა, რომ 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარის მიერ არ არის გადახდილი შეთანხმებული 7080 ლარის ოდენობით საიჯარო ქირა.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, №24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A № 303-B; § 28). შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ - Buzescu v. Romania, № 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, № 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII).
43. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე, ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
46. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოპასუხემ წარადგინა როგორც მოთხოვნის შემწყვეტი, აგრეთვე მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი (ხანდაზმულობა).
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს შემდეგ ეტაპებად: ა) მოპასუხის მიერ, ასეთი შესაგებლის განხორციელების შემთხვევაში, უპირველესად უნდა იქნეს მოძიებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა, რომელიც შესაძლოა უპირისპირდებოდეს მოსარჩელის (სამართლებრივ) მოთხოვნის უფლებას; აღნიშნული სამართლებრივი ნორმა, ისევე, როგორც მოსარჩელის სტადიაზე მოსაძიებელი მოთხოვნის საფუძველი, უნდა გამომდინარეობდეს კანონიდან. ბ) შემდეგ ეტაპზე მიმდინარეობს მოპასუხის ახსნა-განმარტებების შემოწმება ზუსტად ისე, როგორც მოსარჩელის განმარტებების შემოწმება ხდება მოსარჩელის სტადიაზე. კერძოდ, მოპასუხის შესაგებელი მოწმდება ზემოხსენებულ საპირისპირო ნორმასთან მიმართებით. ამრიგად, ამ ეტაპზე მოპასუხის განმარტებები უნდა ასაბუთებდეს ამ საპირისპირო ნორმის დისპოზიციის არსებობას და ამ კუთხით, უნდა იყოს გამართული. გ) მესამე ეტაპზე უნდა შემოწმდეს უკვე მოსარჩელის პასუხი, რამდენად სათანადოდ (საკმარისად) ედავება იგი საპირისპირო ნორმის შედეგის დამფუძნებელ გარემოებებს.
48. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე, საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე, უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც, ასევე, აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
49. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელის წარდგენის დროს, მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, იგი ფაქტობრივად ეთანხმება მოსარჩელეს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებში, თუმცა, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების გამო (ასეთი მოცემულობის პირობებში მტკიცების საგანში შედის მხოლოდ ერთი გარემოება - „ვალდებულების შესრულება“, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა (მითითების ტვირთი), რომლის გაქარწყლება და დამტკიცებაც მოპასუხის მხარესაა.
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
52. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
53. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისათვის ვალდებულების შეწყვეტის ქვეშ იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა ვიწრო ან/და ფართო გაგებით დასრულებულია, შეწყვეტილია და აღარ არსებობს (იხ.დამატებით: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 427, ველი 5, www.gccc.ge).
54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) კეთილსინდისიერად, გ) დათქმულ დროსა და ადგილას, დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა. ( შდრ: სუსგ №ას-1288-2019, 04 მარტი, 2021; №ას-334-2021, 05 ნოემბერი, 2021.).
56. ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი და სსკ-ის 429-ე მუხლი).
57. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც. მართალია, ფულადი ვალდებულებების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, იგი განმარტებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტში. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სსკ-ის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. შესაბამისად, მოვალემ უნდა წარადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები). სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განუცხადებს მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტის გაცემაზე, დადგება სსკ-ის 433-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი.
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს ვალდებულება შესრულებული არ აქვს. ამდენად, ფულადი ვალდებულების დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მოპასუხეს.
59. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და ამის საწინაააღმდეგოდ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 26 ივნის დადებული იჯარის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის არ გაფორმებულა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.10, პ.13).
60. მოცემულ საქმეზე მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტ შესაგებლში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანება არ გააჩნია, რადგან სადავო საიჯარო ქირა - 7080 ლარი, მის მიერ გადახდილია 2019 წლის 9 ივლისს. თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება, მოპასუხეს არც შესაგებლისთვის და არც დაზუსტებული შესაგებლისთვის არ დაურთავს.
61. საკასაციო პალატას მიაჩნია, მოპასუხემ კვალიფიციური შედავება ვერ დაუპირისპირა მოსარჩელის განმარტებას, რომ 2019 წლის 9 ივლისს მოპასუხის მიერ მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე 7080 ლარის ჩარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია №SPC-M-290 იჯარის ხელშეკრულება. საქმეზე კი დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო ვალდებულება წარმოიშვა 2019 წლის 26 ივნისის №spc-M-140 იჯარის ხელშეკრულებიდან. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, მოპასუხის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომ 2019 წლის 09 ივლისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას მოპასუხის ბუღალტრის მიერ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, არ წარმოადგენს სადავო ფულადი თანხის გადახდის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას, შესაბამისად, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი საიჯარო ქირის გადახდის მტკიცების ტვირთი ვერ დაძლია.
62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
63. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 11.10.2022წ. №459 საგადახდო დავალებით გადახდილი 354 ლარის 70% – 247,8 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს.ფ–ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 11.10.2022წ. №459 საგადახდო დავალებით გადახდილი 354 ლარის 70% – 247,8 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე