საქმე №ას-1203-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ი“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი – ნ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის სახით დაკისრებული 50 000 ლარიდან 38 000 ლარის ნაწილში
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში
დავის საგანი – გაფრთხილების ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების, მოხსენებითი ბარათის, აუდიტის დასკვნის, რეკომენდაციის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.ნ–ძემ(შემდეგში: დასაქმებული ან მოსარჩელე ან მეორე კასატორი) სარჩელი აღძრა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ის“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან პირველი კასატორი)მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი დამსაქმებელის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.2.ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 26 ივნისის საფინანსო დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული გაფრთხილება;
1.3.ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 14 თებერვლის რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათი, საბურთალოს სერვის ცენტრის მენეჯერის (მოსარჩელე) მუშაობის ანალიზთან დაკავშირებით;
1.4.ბათილად იქნეს ცნობილი 2020 წლის 23 იანვრის შიდა აუდიტის დასკვნა მოსარჩელის ნაწილში;
1.5.ბათილად იქნეს ცნობილი საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაცია მოსარჩელის ნაწილში;
1.6.მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიაში სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე;
1.7.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში ყოველთვიური ხელფასის 2000 ლარის (გადასახადების გარეშე) ოდენობით;
1.8.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
2. სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:
3. 2015 წლის 06 მაისიდან 2020 წლის 18 თებერვლამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე. გათავისუფლების დროისათვის მოსარჩელე იკავებდა საბურთალოს სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციას. მისი ყოველთვიური ხელფასი გადასახადების გარეშე, შეადგენდა 2000 ლარს. მოპასუხის 2020 წლის 18 თებერვალის ბრძანებით დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა (დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან) და „თ“ ქვეპუნქტის (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) საფუძველზე. დასაქმებული თავის მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. მოსარჩელემ არაერთხელ მიიღო ჯილდო სამსახურეობრივი მოვალეობების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისთვის, ასევე, იგი სისტემატიურად იღებდა ფულად ბონუსებს, რაც ადასტურებდა მის მაღალკვალიფიციურობასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
4. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელის შრომის ანაზღაურება (ხელფასი) რეგულირდება „სერვის ცენტრის მენეჯერის ანაზღაურების სისტემის შესახებ“ 31.12.2018წ. ინსტრუქციით. ინსტრუქციის შესაბამისად, ხელფასი შედგებოდა 4 კომპონენტისაგან, მათ შორის, 2 კომპონენტი იყო ყოველთვიური და მოსარჩელე მას იღებდა ფიქსირებულად თვეში 2000 ლარის ოდენობით. ხელფასის დანარჩენი 2 კომპონენტი იყო კვარტალური, ცვლადი და მისი ოდენობა დამოკიდებული იყო სერვის ცენტრის შედეგებზე და მაჩვენებლებზე. ხელფასის ეს 2 კვარტალური კომპონენტი მოსარჩელემ გამოიმუშავა სადავო პერიოდში მხოლოდ 2-ჯერ და ისიც მცირე რაოდენობით, სერვის ცენტრის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და წარმოდგენილი სახელფასო ამონაწერით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ წახალისების ზომის სახით ფულადი ჯილდოს მიღების ფაქტი. შესაბამისად, უსაფუძვლოა ამ ფაქტზე მითითებით იმის მტკიცება, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე ჯეროვნად ასრულებდა სამუშაოს. მოპასუხემ აღნიშნა, რომ სადავო პერიოდამდე (2016-2017წწ.-ში) მოსარჩელე დამაკმაყოფილებლად ართმევდა თავს დაკისრებულ ვალდებულებებს და ხარისხიანად ასრულებდა სამუშაოს. ის გარემოება, რომ სარჩელზე თანდართული სიგელი და სერთიფიკატი, მიიღო მოსარჩელემ, გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ კომპანია ობიექტურად აფასებდა მის მიერ შესრულებულ სამუშაოს. სამუშაოს ხარისხიანად შესრულებისას ხდებოდა მისი წახალისება, ხოლო 2019 წლიდან სამუშაოს ხარისხის და შედეგების მკვეთრი გაუარესების გამო, მის მიმართ გაიცა მითითებები, რეკომენდაციები და გაფრთხილება. ხარვეზების აღმოუფხვრელობის გამო კი, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2019 წლის 26 ივნისის გაფრთხილება; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის, ყოველთვიურად 2000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გათვალისწინებით; სარჩელი, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაციის, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნის, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
6. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელემ (აპელანტი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ (აპელანტი) - ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით ნაცვლად ერთი წლის განმავლობაში მისაღები სახელფასო ანაზღაურებისა (2000 ლარის გათვალისწინებით), 6 თვის სახელფასო ანაზღაურების დაკისრება (2000 ლარის გათვალისწინებით), ასევე, სარჩელის უარყოფა ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დამსაქმებლის (მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის (დასაქმებულის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა კომპენსაციის სახით ერთი წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის, ყოველთვიურად 2000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 50 000 (ხელზე მისაღები თანხა) ლარის ანაზღაურება.
8. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის (დასაქმებული) მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელა აპელანტის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შეეხებოდა მუშაკისსამსახურში აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებითი განაცდურის აუნაზღაურებლობის, კომპენსაციის ოდენობის, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაციის, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნის, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის უარყოფის კანონიერებაზე, ხოლო მოპასუხის (დამსაქმებელი) მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში - მოპასუხის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა კომპენსაციის შემცირებას.
9. მოსარჩელის (აპელანტი) პრეტენზია, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიკვლია მისი სამსახურში აღდგენის შესაძლებლობა, სააპელაციო სასამართლომაც უარყო შემდეგი დასაბუთებით:
10. თავად მოსარჩელე იყო ვალდებული დაედასტურებინა, რომ კომპანიაში არსებობს შტატი, სადაც შესაძლებელია მოსარჩელის აღდგენა. მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მათი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათი გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობით მიემართა სასამართლოსათვის. ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევისას უტყუარად უნდა დადგინდეს ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, დაასახელოს რომელია ტოლფასი თანამდებობა (შდრ: სუსგ-ები №ას-1189-2020, 04 თებერვალი, 2021; Nას-929-2021, 23 მარტი, 2022 წელი).
11. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველეყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც სამსახურში აღდგენაზე უარის თქმას, კანონიერ საფუძვლად დაედო.
12. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა, მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია ვერ განხორციელდა იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის სშკ-ის 38.8 მუხლით (კანონის მოქმედი რედაქციით 48.8 მუხ.) გათვალისწინებულ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ადგენს კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს.
13. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა კომპენსაციის სახით 1 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის (2000 ლარის გათვალისწინებით) ოდენობის თანხა.
14. დამსაქმებელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის პრეტენზია კომპენსაციის არაგონივრულობას შეეხებოდა, კერძოდ, დასაქმებულის მოსაზრებით კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 6 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით (2000 ლარის გათვალისწინები), ხოლო მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზიის მიხედვით პირიქით - კომპენსაციის თანხა უნდა გაზრდილიყო.
15. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს ყოველ გარემოებას, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობას, სამუშაოს სპეციფიკას, ხელფასს და ყოველი გარემოების გამოკვლევის შემდეგ განსაზღვრავს ოდენობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს 1 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, არაგონივრულია.
16. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ხელფასის, სამუშაო გამოცდილების, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მორალური და რეპუტაციული ზიანის, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის, მისი ასაკის გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაციის გონივრული ოდენობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით უნდა მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) გადახდა დაკისრებოდა.
17. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის იმ სააპელაციო პრეტენზიაზეც, რომელიც შეეხებოდა საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაციის, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნის, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელ პრეტენზიებთან დაკავშირებითაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს (აპელანტს) მის წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დასაბუთებული პოზიცია არ წარმოუდგენია. მოსარჩელე არ მიუთითებდა თუ რა საფუძვლით უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნები.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად კი, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. დიდი პალატა სსსკ-ის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121- 117-2016 17 მარტი, 2016 წელი).
20. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის, მოპასუხე იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ და ბათილად არის ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით. საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაცია, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნა, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათი, დამოუკიდებლად არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგის მომტან, სავალდებულო ძალის დოკუმენტს. მათ ერთგვარი სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია დამსაქმებლისათვის, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხზეგადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც შესაძლებელი იყო, რომ არც კი გაეთვალისწინებინა ან მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
21. მოსარჩელე ითხოვდა 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრებას. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა სამსახურიდან განსაკუთრებულად შეურაცხმყოფელად განთავისუფლებაზე,5 წლის მუშაობის შემდეგ კომპანიამ დასაქმებულს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე განუცხადა, რომ იყო არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური და „გამოაგდო“ სამსახურიდან ორი მცირეწლოვანი შვილის დედა. რის შედეგადაც მოსარჩელე მოიცვა სასოწარკვეთილების შეგრძნებამ და დაეუფლა უიმედობა. მან დაკარგა კარიერა, ერთადერთი შემოსავლის წყარო, მომავალში დასაქმების პერსპექტივა და აღნიშნულმა დამამცირებელმა დამოკიდებულებამ მძიმე ფსიქოლოგიური გავლენა იქონია მასზე, რომელსაც ამ ეტაპზე აღენიშნება ძლიერ გამოხატული დეპრესია.
22. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნაზე (მორალური ზიანის ანაზღაურება) მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველად მიუთითა სსკ-ის 413-ე მუხლზე, რომლის ნორმატიულად განსაზღვრული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა.
23. სააპელაციიო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რამდენადაც მოსარჩელემ ვერ მიუთითა ფაქტებზე, რაც მორალური ზიანის ფაქტის დადგენას შეიძლება დაედოს საფუძვლად.
24. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებას ყოველთვის ახლავს დასაქმებულის უარყოფითი განცდები, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლებაც შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული დამსაქმებლის ნების გამოვლენაა, რომელიც სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება. სწორედ ასეთი ზიანის (ქონებრივი, მორალური) ანაზღაურების მიზნით გამოიყენება ისეთი რეგულაციები, როგორიცაა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრება და უზრუნველყოფს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მორალური ზიანის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
25. რაც შეეხება დამსაქმებელი მოპასუხის (აპელანტი) პრეტენზიას, მისთვის იურიდიული მომსახურების ხარჯის - 960 ლარის დაკისრებას. აპელანტი მიუთითებდა, რომ არ არის წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი, რის გამოც, მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებლიყო.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
27. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელესა და შპს „ი.ფ. პ.“ შორის 2020 წლის 16 მარტს გაფორმებული იურიდიული ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელეს იურიდიულ დახმარებას უწევს საადვოკატო კომპანია. ხელშეკრულება არის სასყიდლიანია. ამდენად, თანხის გადახდის ქვითრის წარმოუდგენლობის შემთხვევაშიც ცხადია რომ მოსარჩელეს აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება აქვს. შესაბამისად, დამსაქმებელის სააპელაციო საჩივრი უარყოფილი იქნა.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, რაც საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. პირველმა კასატორმა ( დამსაქმებელი) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება კომპენსაციის სახით დაკისრებული 50 000 ლარიდან 38 000 ლარის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით 6 თვის განმავლობაში მისაღები ხელფასის (ყოველთვიურად 2000 ლარის გათვალისწინებით) ოდენობის თანხის მიკუთვნება (იხ., ტ.2. ს.ფ. 111-112), ხოლო მეორე კასატორმა ( დასაქმებული) მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. ასევე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურების უარყოფის ნაწილში. ( იხ. საკასაციო საჩივარი)
29. პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
30. პირველი კასატორის (დამსაქმებელი) მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლებრივი ნორმა და გასცდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს კომპენსაციის ოდენობის გაზრდის ნაწილში.
31. პირველი კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია კომპენსაციის სახით მოსარჩელისათვის მიკუთვნებული თანხა. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ განმარტა რა კრიტერიუმებს ემყარება სასამართლო კომპენსაციის განსაზღვრისას, თუმცა, კონკრეტულად საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია, კერძოდ, მოსარჩელის ასაკი, დასაქმების პერსპექტივა და ა.შ, რაც მოსარჩელის დასაქმებაუნარიანობასა და ახალგაზრდა ასაკზე მიუთითებდა. ამასთან, დამსაქმებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოსარჩელე დასაქმებულია 2021 წლის გაზაფხულიდან
32. პირველი კასატორი შუამდგომლობს, საკასაციო სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მოსარჩელის დასაქმების შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროიდან.
33. მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
34. მეორე კასატორის( დასაქმებული) მოსაზრებით, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია. დამსაქმებელს არ წარმოუდგენია საშტატო ნუსხა, ხოლო დამსაქმებელი კომპანიის რესურსების მართვის განყოფილების მიერ წარმოდგენილი „ინფორმაცია“, სადაც რამდენიმე განყოფილებიან ცხრილში ჩამოწერილია სახელები და გვარები, ვერ ჩაითვლება რელევატურ მტკიცებულებად იმ გარემოების უარსაყოფად, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა კომპანიაში ვაკანტური არ არის.
35. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა სხვა სერვის ცენტრში, მით უმეტეს, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელე სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სერვის ცენტრებში იკავებდა მენეჯერის პოზიციას. კასატორი აღნიშნავს, რომ როდესაც პირვანდელ სამუშაო ადგილზე მუშაკის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მისი ტოლფასი თანამდებობის არსებობის საკითხი, მათ შორის, სხვა ფილიალებში და კვლევის შედეგები მიესადაგებინა გათავისუფლებული თანამშრომლის ნებისა და მისი ინეტერსისათვის, ასევე შესაძლებლობისათვის დაეკავებინა ტოლფასი თანამდებობა. ასევე, მხედველობაში მიეღო შრომის ანაზღაურების ტოლფასოვნება.
36. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ არ იმსჯელა უკანონოდ გათავისუფლებული თანაშრომლის უფლების აღდგენის ადეკვატურ ალტერნატივაზე და მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხე კომპანიაში არსებობს შტატი, სადაც შესაძლებელია მოსარჩელის აღდგენა, გადააკისრა მოსარჩელეს. სასამართლოს ასეთი მსჯელობა, როდესაც დამსაქმებელის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი რელევანტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობა, ეწინააღმდეგება შრომით სამართლაში მოქმედ მტკიცების ტვირთის განაწილების წესს.
37. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა 2020 წლის 18 თებერვალს და აღნიშნული ბრძანება ბათილია. მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2000 ლარს. საქმის განხილვა დასრულებული არ არის. ამ დროისათვის მოსარჩელის ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა 64 000 ლარს შეადგენს და კიდევ უფრო გაიზრდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით განსაზღვრული 50 000 ლარი, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის ადეკვატურ კომპენსირებას.
38. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეორე კასატორს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო სასამაართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების უარყოფისა და დამსაქმებელის მიერ გამოცემული სხვადასხვა აქტების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში (იხ., კასაციის მოთხოვნები), თუმცა, საკასაციო საჩივარში გამოთქმულია პრეტენზიები დასახელებულ მოთხოვნათა უარყოფის კუთხითაც, კერძოდ:
39. მეორე კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 7.3 პუნქტში განვითარებული მსჯელობა: „მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის, მოპასუხე იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ და ბათილად არის ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით. საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაცია, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნა, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათი, დამოუკიდებლად არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის სამართლებრივი შედეგის მომტან, სავალდებულო ძალის დოკუმენტს. მათ ერთგვარი სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია დამსაქმებლისათვის, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც შესაძლებელი იყო, რომ არც კი გაეთვალისწინებინა ან მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, რის გამოც, სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს“. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მენეჯერულ პოზიციას იკავებდა 2015 წლის 6 მაისიდან 2020 წლის 18 თებერვლამდე. დამსაქმებლის მიერ გამოცემული აქტები დამსაქმებულის არაკომპენენტურობისა და არაკვალიფიციურობის შესახებ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, გასაჩივრდა დასახელებული აქტებიც, რადგან დამსაქმებელი ამ აქტებს აყრდნობდა გათავისუფლების ბრძანებას. იმ მოცემულობაში, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ყველა დასახელებული აქტებიც უნდა გაბათილებულიყო.
40. მეორე კასატორი პრეტენზიას აცხადებს მორალური ზიანის ნაწილშიც და მიუთითებს მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლად სარჩელში მითითებულ გარემოებებზე. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ დამსაქმებელის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით შეილახა მოსარჩელის რეპუტაცია და ფსიქიკური მდგომარეობა.
41. მეორე კასატორის პრეტენზია შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილსაც, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნა საადვოკატი მომსახურებაზე გაწული ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, სრულად არ დაკმაყოფილდა.
42. საკასაციო საჩივარში მეორე კასატორი შუამდგომლობს, რომ მოპასუხეს (პირველი კასატორი) სრულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით პირველისაკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 6 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით (საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
44. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია არამართლზომიერად გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით მიკუთვნებული თანხის განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
45. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებებისარასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
46. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველმა კასატორმა (დამსაქმებელი) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ სადავოდ გახადა კომპენსაციის სახით დაკისრებული 50 0000 ლარიდან 38 000 ლარის (დაეთანხმა კომპენსაციის სახით მხოლოდ მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასის 6 თვის ოდენობის თანხას, რომელი ნაწილიც სააპელაციო საჩივარით არ გაუსაჩივრებია) დაკისრება, საკასაციო პალატა პირველი საკასაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის მართებულობაზე, ხოლო მეორე კასატორმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც კომპენსაციის ოდენობის ნაწილში (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.37), ასევე 2020 წლის 14 თებერვლის რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათის, 2020 წლის 23 იანვრის შიდა აუდიტის დასკვნის, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმისა და სასამართლო გარეშე ხარჯის ნაწილში, საკასაციო პალატა სწორედ მითითებულ ნაწილში შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, მან არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით;
48. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
49. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
50. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
51. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).
52. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი).
53. საქართველოს შრომის კოდექსის (სშკ-ი) მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (წინამდებარე განჩინებაში მითითებულია და შეფასებულია სშკ-ის ნორმები დავის წარმოშობის პერიოდში მოქმედი რედაქციით), შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
54. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული (სშკ-ის მე-3 მუხლი), ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).
55. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ: სუსგ-ები №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).
57. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია“, რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).
58. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ [კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით], დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომ მიჩნეული იქნეს მართლზომიერად, კერძოდ, შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
59. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება უნდა შემოწმდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; სუსგ №ას-416-399-2016,29.06.2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ№ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).
61. იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ასევე, გაფრთხილების ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ამიტომაც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მეორე კასატორის იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შეეხება 2020 წლის 14 თებერვლის რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათის, 2020 წლის 23 იანვრის შიდა აუდიტის დასკვნის, საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაციის ბათილად ცნობაზე უარის თქმას, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თქმას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა (მოსარჩელე) ამ ნაწილში ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამიტომაც გასაზიარებელია წინამდებარე გადაწყვეტილების პპ.17-20 განვითარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობები.
62. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავას, რომ სარჩელი მითითებული მოთხოვნების ნაწილში განეკუთვნება აღიარებით სარჩელს, რომლის დაკმაყოფილებისათვის უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი. განსახილველ შემთხვევაში, მეორე კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მენეჯერულ პოზიციას იკავებდა 2015 წლის 6 მაისიდან 2020 წლის 18 თებერვლამდე. დამსაქმებლის მიერ გამოცემული აქტები დამსაქმებულის არაკომპენენტურობისა და არაკვალიფიციურობის შესახებ დაუსაბუთებელია. შესაბამისად, დასახელებული აქტები გასაჩივრდა გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, რადგან დამსაქმებელი ამ აქტებს აყრდნობდა გათავისუფლების ბრძანებას. იმ მოცემულობაში, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ყველა დასახელებული აქტებიც უნდა გაბათილებულიყო.
63. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებული მოთხოვნების დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობის ეტაპზეც ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი რამ სასამართლომ გადაწყვეტილებით აღიაროს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. „მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათისაა და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა“ (იხ., სუსგ №ას-973-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი).
64. დადგენილია, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დამსაქმებლის, მოპასუხე იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით, რაც გასაჩივრდა დასაქმებულის მიერ და სადავო ბრძანება ბათილად არის ცნობილი მოცემულ საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც დამსაქმებელს არ გაუსაჩივრებია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 25 ივლისის რეკომენდაცია, შიდა აუდიტის 2020 წლის 23 იანვრის დასკვნა, რისკების მართვის დეპარტამენტის დირექტორის 2020 წლის 14 თებერვლის მოხსენებითი ბარათი, დამოუკიდებლად არ წარმოადგენს დასაქმებულისათვის (მოსარჩელე, მეორე კასატორი) სამართლებრივი შედეგის მომტან იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს. მათ ერთგვარი სარეკომენდაციო ხასიათი აქვს დამსაქმებლისათვის, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, რაც შესაძლებელი იყო, რომ მას არც კი გაეთვალისწინებინა ან მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას, არ მოჰყვება მოსარჩელისათვის რაიმე სამართლებრივი შედეგი, რის გამოც, ამ ნაწილში, მოთხოვნების დაკმაყოფილებას სწორად ეთქვა უარი.
65. რაც შეეხება მეორე კასატორის (მოსარჩელის) უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო შედავებას, მეორე კასატორი მიიჩნევს, რომ იგი უნდა აღდგენილიყო პირვანდელ სამუშაოზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი უნდა დაკისრებოდა სწორედ დამსაქმებელს (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
66. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევ შედეგებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (კანონის მოქმედი რედაქციით 48-ე მუხლი), რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მოხმობილი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის სამ საშუალებას, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა შეამოწმოს სასამართლომ (სუსგ №ას-1210-2018, 15/02/2019 წ.). „ერთ-ერთ საქმეზე, რომელშიც ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხთან მიმართებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ).
67. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. ამ მიზნით, მან უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ადამიანურ რესურსს ფლობს დამსაქმებელი, რა ტოლფასი ვაკანტური პოზიციები აქვს მას, რა ფუნქციური მსგავსებაა პირვანდელ და ტოლფას თანამდებობებს შორის. იმავდროულად, სასამართლომ კვლევის შედეგები უნდა შეუსაბამოს უკანონოდ დათხოვნილი პირის ნებას, ინტერესსა და შესაძლებლობას, დაიკავოს კონკრეტული ტოლფასი თანამდებობა (იხ. სუსგ-ები №ას-1101-2022, 17 ნოემბერი, 2022 წელი, პ.55; Nას-632-2019, 21.06.2019წ.; საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ: 270-272). ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის - მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს და არა მოპასუხეს, როგორც ამას მეორე კასატორი უთითებს. სწორედ მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს, დამსაქმებელთან არსებული საშტატო ნუსხიდან კონკრეტულად რომელი სამუშაო (თანამდებობა) წარმოადგენს განთავისუფლებამდე მის მიერ დაკავებულ სამუშაოს (თანამდებობას), ხოლო, მოპასუხის ვალდებულებაა გააბათილოს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვაკანტური ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ. კერძოდ, დამსაქმებლის ვალდებულებაა მიუთითოს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული თანამდებობა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი არ არის, ან თუ ტოლფასია, არ არის ვაკანტური. დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს რელევატური მტკიცებულებები, რომ ადგილი ვაკანტური არ არის (ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთსა და სასამართლოს მიერ ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევის სტანდარტზე იხ. სუსგ-ები №ას-687-687-2018, 20 ივლისი, 2018 წელი; №ას-902-864-2014, 2015 წლის 30 მარტი; №ას-475-456-2016, 2016 წლის 24 ივნისი; №ას-761-712-2017, 2017 წლის 10 ივლისი; ას-1281-2021, 21 აპრილი, 2022 წელი; №ას-1365-2021, 14 აპრილი 2022).
68. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს, რომ აღდგენილ იქნეს სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე, რაც განხორციელებადი არ არის, რამეთუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური არ არის (იხ., ტ.1. ს.ფ. 354-355). ამასთან, მოსარჩელის მხრიდან, დარღვეული უფლების რესტიტუციის სახით, კონკრეტულად რომელიმე ტოლფას თანამდებობაზე მითითებისა და მისი დამტკიცების ვალდებულება რეალიზებული არ არის.
69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, პირველმა კასატორმა (გათავისუფლებული მუშაკი) დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა.
70. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის (მეორე კასატორი) პრეტენზიას მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის ნაწილში.
71. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე (მეორე კასატორი) მორალურ ზიანის დაკისრების წინაპირობად მიიჩნევს, რომ დამსაქმებელის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით შეილახა მისი რეპუტაცია და ფსიქიკური მდგომარეობა.
72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის არსებობისას, სასამართლომ უნდა დაადგინოს, პირის ინდივიდუალურ თავისებურებებთან დაკავშირებული ფიზიკური და სულიერი ტკივილის ხარისხი, ზიანის მიმყენებლის ბრალი (იმ შემთხვევებში, როცა ეს პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა) და სხვა გარემოებები. თავისი არსით არაქონებრივი ანუ მორალური ზიანი არის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად კი არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფის გამო. პირის საქმიანი რეპუტაცია არის საქმიანი ბრუნვის სფეროში კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი, ვინაიდან საქმიანი რეპუტაცია გათანაბრებულია კონკრეტული პროფესიის მქონე პირის ავტორიტეტთან. ნებისმიერი განცხადება, რომელშიც პირის სახელია მითითებული, საქმიანი რეპუტაციის შელახვად ყოველთვის არ ჩაითვლება, მაგალითად, პირის სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა) ან აღნიშნულის შესახებ ბრძანების გამოქვეყნება და სხვა. სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების ნორმატიულ საფუძვლებს. მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა ასეთი ტანჯვის არსებობაზე მითითება და ამ ტანჯვის ფიზიკური გამოხატულების დამადასტურებელ მტკიცებულებათა სასამართლოსთვის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებამ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში. არ დასტურდება, რომ დამსაქმებელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღებისას მიზნად ისახავდა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების დისკრედიტაციას საზოგადოების თვალში (იხ., სუსგ-ები №ას-1078-2021, 18 ოქტომბერი, 2022 წ.; Nას-79-2022, 13 მაისი 2022 წ.).
73. ასევე დაუსაბუთებელია მეორე კასატორის პრეტენზია საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების სრულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
74. საკასაციო პალატა მიუთითებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა მოსარჩელის (დასაქმებული) უფლებრივი რესტიტუცია ვერ განხორციელდა იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად დაადგინეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის შედეგი უნდა ყოფილიყო არა სამსახურში პირვანდელ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, არამედ მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება. (სშკ-ის 38.8 მუხლი. კანონის მოქმედი რედაქციით 48.8 მუხლი.).
75. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა კომპენსაციის სახით 1 წლის განმავლობაში მისაღები ხელფასის (2000 ლარის გათვალისწინებით) ოდენობის თანხა, რასაც დამსაქმებელი სადავოდ ხდიდა სააპელაციო საჩივრით (ს.ფ. 386, ტ.1.). მისი მოსაზრებით, კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო მხოლოდ 6 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით (2000 ლარის გათვალისწინებით). იმავე შინაარსითაა წარმოდგენილი პირველი კასატორის საკასაციო შედავება (იხ., ამ გადაწყვეტილების პპ: 30-31-ში წარმოდგენილი დამსაქმებელის პრეტენზია). ამასთან, პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო სამართლებრივი ნორმა და გასცდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს კომპენსაციის ოდენობის გაზრდის ნაწილში.
76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაცია, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავდეს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონო დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა, ხელშეკრულების ვადა და ა.შ. (სუსგ №ას-1209-2021, 11 მარტი, 2022). განსახილველ შემთხვევაში, დადგენლია, რომ მოსარჩელე უვადოდ იყო დასაქმებული (იხ., ს.ფ. 275, ტ.1.).
77. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას კომპენსაციის 6 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით განსაზღვრასთან დაკავშირებით.
78. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს პირველი კასატორის შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ დასაქმებულის სააპელაციო საჩივრის ფარგლების დარღვევის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში ( იხ. ტ.1. ს.ფ. 418.) წარმოდგენილია დასაქმებული აპელანტის მოთხოვნა - პირვანდელ სამუშაოზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერი (არსებული რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ანიჭებს, გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა, რასაც დასაქმებული აპელანტის დამოუკიდებელი მოთხოვნა არ სჭირდება. შესაბამისად, კომპენსაციის განაზღვრის ნაწილში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის ფარგლების დარღვევას ადგილი არ აქვს.
79. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს პირველი კასატორის (დამსაქმებლის) შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოსარჩელის დასაქმების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.32) შემდეგ გარემოებათა გამო: სსსკ-ის 407-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა ან ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა დაუშვებელია.
80. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, პირველი კასატორის (დამსაქმებლის) შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. სუსგ-ები: Nას-1284-2022, 5.04.2022წ; Nას-1429-2019, 9.06.2022წ; Nას-87-2022, 15.07.2022წ.; №ას-736-2022, 21 ოქტომბერი, 2022 წელი).
81. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს პირველი კასატორის საკასაციო საჩივარს.
82. საკასაციო პალატა შეამოწმებს მეორე კასატორის (მოსარჩელე) პრეტენზიებს, რომლებიც შეეხება დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა 2020 წლის 18 თებერვალს და აღნიშნული ბრძანება ბათილია. მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება შეადგენდა 2000 ლარს. საქმის განხილვა დასრულებული არ არის. ამ დროისათვის მოსარჩელის ხელზე მისაღები ხელფასის ოდენობა 64 000 ლარს შეადგენს და კიდევ უფრო გაიზრდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით განსაზღვრული 50 000 ლარი, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის ადეკვატურ კომპენსირებას (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე გადაწყვეტილების პ.37).
83. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის ნაწილში, წარმოადგინა ნაწილობრივ დასაბუთებული საკსაციო პრეტენზია.
84. წინამდებარე გადაწყვეტილების პ.71-ში აღნიშნულია, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერი (არსებული რედაქციის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი), სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია. ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენცის „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ მე-10 მუხლი ადგენს, „თუ კომპენტენტური ორგანოები დაასკვნიან, რომ შრომითი ურთიერთბის შეწყვეტა მოხდა არაკანონიერად და თუ სამსახურში აღდგენა არ არის შესაძლებელი, ეს ორგანოები უფლებამოსილნი უნდა იყვნენ, რომ დააკისრონ დამსაქმებელს ადეკვატური კომპენსაცია“.
85. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის ხელფასის, სამუშაო გამოცდილების, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებით გამოწვეული მორალური და რეპუტაციული ზიანის, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ ასანაზღაურებელი კომპენსაციის გონივრული ოდენობა უნდა გაიზარდოს და დამსაქმებელს კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 64 000 ლარი (ხელზე მისაღები თანხა).
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, რაც მისი გაუქმების საფუძველია, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ხოლო სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრება კომპენსაცია - 64000 ლარი (ხელზე ასაღები).
87. საკასაციო პალატის მიერ საპროცესო ხარჯების განაწილება:
88. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
89. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე (მეორე კასატორი) კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
90. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
91. ვინაიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეორე საკასაციო საჩივარი და დამსაქმებელს (პირველი კასატორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 64 000 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლიდან გამომდინარე, პირველ კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1300 ლარის გადახდა.
92. რაც შეეხება მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 300 ლარს (იხ., დაზუსტებული საკასაციო საჩივრის დანართი), ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სამსახურში აღდგენის ნაწილში, მეორე კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე 411-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ს“ ნ.ნ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 64 000 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
6. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1300 ლარის გადახდა;
7. ნ.ნ–ძის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
8. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ის“ შუამდგომლობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მოსარჩელის დასაქმების შესახებ ინფორმაციის გამოითხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი