Facebook Twitter

საქმე №ას-761-2022

23 იანვარი 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ლ.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნოტარიუსი ნ.ხ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება

დავის საგანი - დადგენილების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაცმის დავალდებულება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - სარჩელის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ს–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ნოტარიუს ნ.ხ–ნის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: პ.ზ. ასულ კ–ას (ქორწინებამდე ფ–ვა) სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს ნ.ხ–ნის 2019 წლის 17 იანვრის სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ N190048334 დადგენილების ბათილად ცნობა და ნოტარიუს ნ.ხ–ნისთვის 1913 წლის 1 თებერვალს გარდაცვილი პ.ზ. ასულ კ–ას (ქორწინებამდე ფ–ვა) დანაშთ სამკვიდრო აქტივებზე და პასივებზე (სადაც არ უნდა იყოს და რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი) მემკვიდრეობით მიღების დამადასტურებელი სამკვიდრო მოწმობის გაცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.ს–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, ლ.ს–ძემ გაასაჩივრა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით, გაასაჩივრა ლ.ს–ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, ლ.ს–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

7. 2022 წლის 28 ნოემბერს, კასატორმა ლ.ს–ძემ, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა.

8. 2023 წლის 18 იანვარს წარდგენილი განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის - ნოტარიუსი ნ.ხ–ნის წარმომადგენელმა ც–ც–მა (იხ. მინდობილობა ტომი I, ს.ფ. 167-169) სარჩელის გახმობაზე განაცხადა თანხმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ლ.ს–ძის სარჩელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

12. 2022 წლის 28 ნოემბერს, კასატორმა ლ.ს–ძემ, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც წარმოდგენილი სარჩელის გამოხმობა მოითხოვა. 2023 წლის 18 იანვარს, მოწინააღმდეგე მხარემ - ნოტარიუსი ნ.ხ–ნის წარმომადგენელმა ც–ც–მა (იხ. მინდობილობა ტომი I, ს.ფ. 167-169) განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა ლ.ს–ძემ გაიხმოს სარჩელი.

13. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა კასატორის განცხადებას და განაცხადა თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.ს–ძე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ს–ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე N2/32445-18) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის N2ბ/1489-20 განჩინება;

3. ლ.ს–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველი;

4. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე