საქმე №ას-1419-2022
16 იანვარი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრების ავტორი - ზ.ბ–ი, ნ.ხ–ი, ნ.ბ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირები - ნ.ბ–ი, ა.ბ–ი
დაინტერესებული პირები: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლტა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.კ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ–ის და ნ.ხ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; აღკვეთილი იქნა მოპასუხეების ხელშეშლა და ზ.ბ–ის და ნ.ხ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი N ...., კერძოდ - შენობა-ნაგებობა N2-დან 37.41მ² საცხოვრებელი ფართი, 2.73მ² სარდაფის ფართი და შენობა-ნაგებობა N6-დან 5.02მ² ფართი, და ეს უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა ნ.კ–ძეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2022 წლის 31 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ: ზ.ბ–ს, ნ.ხ–ს და ნ.ბ–ს დაევალათ საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: ა) აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინათ: სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ) კასატორების ან უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი დედნის სახით. აღნიშნული განჩინება ზ.ბ–ის და ნ.ხ–ის წარმომადგენელს დ.მ–ს (მინდობილობა ტ.1; ს.ფ.64-65) ჩაბარდა 2022 წლის 21 ნოემბერს, ხოლო ნ.ბ–ს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 14 დეკემბერს. კასატორებს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება ზ.ბ–ის და ნ.ხ–ის წარმომადგენელს - დ.მ–ს (მინდობილობა ტ.1; ს.ფ.64-65) ჩაბარდა 2022 წლის 21 ნოემბერს, ხოლო ნ.ბ–ს დასახელებული განჩინება ჩაბარდა 2022 წლის 14 დეკემბერს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად (ტომი I, ს.ფ.446-449).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კასატორების - ზ.ბ–ის და ნ.ხ–ისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 21 ნოემბრის მომდევნო დღეს, 2022 წლის 22 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 1 დეკემბერს. ამდენად, კასატორები - ზ.ბ–ი და ნ.ხ–ი ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით. კასატორ - ნ.ბ–ისათვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 14 დეკემბრის მომდევნო დღეს, 2022 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 24 დეკემბერს, ვინაიდან 24 დეკემბერი იყო შაბათი და შესაბამისად უქმე დღე, კასატორს შეეძლო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 26 დეკემბრამდე, ვინაიდან ორშაბათი - 26 დეკემბერი იყო პირველი სამუშაო დღე. ამდენად, კასატორი ნ.ბ–ი, ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2022 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ზ.ბ–ი და ნ.ხ–ი ვალდებულნი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორებს - ზ.ბ–ს, ნ.ხ–ს და ნ.ბ–ს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავთ. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან კასატორება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსეს .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ის, ნ.ხ–ის და ნ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი