საქმე №ას-353-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ხონის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა–სი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ა–სმა’’ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, ,,კასატორი“) მიმართ და პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის N480 განკარგულების საფუძველზე, მხრეთა შორის, N170005125, N170005126, N17500027 ელექტრონული ტენდერების საშუალებით, 2017 წლის 15 მაისს დაიდო N116, 117, 118 ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, რათა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო მოპასუხეს, მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება (N116 ხელშეკრულებით - 501.777,00 ლარი; N117 ხელშეკრულებით - 399.777,00 ლარი; N118 ხელშეკრულებით - 413.777,00 ლარი; სამივე ხელშეკრულებით კი - სულ - 1.315.331,00 ლარი.
2.2. ხელშეკრულებათა 5.1 პუნქტით, მოსარჩელეს სახელშეკრულებო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად (შესაბამისად, ეტაპობრივი ანგარიშსწორებით), მხარეთა მიერ ხელშეკრულებების ხელმოწერიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებათა მოქმედების საერთო ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბრის (ჩათვლით).
2.3. მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ დაშვებული საპროექტო ხარვეზებისა, ხელშეკრულების ვადაში მოსარჩელემ მაინც შეძლო სახელშეკრულებო საგზაო-სამშენებლო კეთილმოწყობითი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება და დამკვეთისთვის ჩაბარება. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, მან, სახელშეკრულებო ვადების გადაცილების მიზეზით, პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელეს დაუკავა და სრულად არ გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა ღირებულების თანხა, რამაც შეადგინა 197 515 ლარი და 20 თეთრი, ზიანის თანხამ კი, სასესხო საპროცენტო განაკვეთის სახით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ეროვნული ვალუტის კურსით და საბანკო სახელშეკრულებო პირობებით - 32 511 ლარი, ჯამურად - 230 026 ლარი და 20 თეთრი, რისი გადახდაც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამივე ხელშეკრულების მე-12.4 პუნქტის თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო, დროულად და კეთილსინდისიერად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე ხელშეკრულებების მე-13.2 პუნქტით - „თუ მიმწოდებელი გადააცილებს მის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპების დასრულების ვადას, ,,მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,2% მე-13.5 პუნქტით ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მომწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან საჯარიმო სანქციის თანხა პირდაპირ გადარიცხოს არასაგადასახადო ანგარიშსწორების ერთიან ანგარიშზე-სახელმწიფო ხაზინაში“. რაკი მიმწოდებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები, მოპასუხემ სწორად დააკავა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 25.05.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებულ სამუშაოთა დავალიანების თანხის 177.764 ლარის გადახდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა და სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურების ჰონორარის სახით გაწეული ხარჯის - 2700 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.12.2021წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, განჩინება ეფუძნება შემდეგს:
6.1. მოსარჩელე სს "ა–სსა" და მოპასუხე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, N170005125, N170005126, N17500027 ელექტრონული ტენდერების საშუალებით, 2017 წლის 15 მაისს დაიდო N116, N117, N118 ხელშეკრულებები, რომლებითაც მოსარჩელე სს "ა–სმა" იკისრა ვალდებულება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობა საგზაო კეთილმოწყობის სამუშაოები, მოსარჩელეს სახელშეკრულებო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად (შესაბამისად, ეტაპობრივი ანგარიშსწორებით), მხარეთა მიერ ხელშეკრულებების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებათა მოქმედების საერთო ვადა კი განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 23-71).
6.2. სს „ა–სმა“ მხოლოდ 2017 წლის 14 აგვისტოს N117/02 წერილით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, 2017 წლის მაისს, ივნისსა და ივლისში ნალექიანი დღეების გამო ობიექტის ჩაბარების ვადის 2017 წლის 16 სექტემბრამდე გადაწევის თხოვნით (ტ.1. ს.ფ. 253), მიუხედავად იმისა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი 2017 წლის 11 ივლისის N39/3937 წერილით სს „ა–სისგან“ ითხოვდა, ეცნობებინა, თუ რა ხელისშემშლელი გარემოებები წარმოიშვა 2017 წლის 15 მაისის N116, N117 და N118 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით. იქვე განუმარტავდა, რომ ამოქმედდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (ტ.1. ს.ფ. 257).
6.3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2017 წლის 18 აგვისტოს N39/5109 წერილით მიმართა სს „ა–სის“ დირექტორს, რომ მოსარჩელე მხარემ დროულად არ წარადგინა დაუძლეველი ძალის ზეგავლენის გამო სს „ა–სის“ მიერ გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შეჩერების შესახებ წერილი. აღნიშნულის გამო კი სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევაზე ეთქვათ უარი. რაც შეეხებოდა სანქციებს, ეცნობებოდა დამატებით მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებათა პირობებიდან გამომდინარე (ტ.1. ს.ფ. 258).
6.4. სს „ა–სის“ დირექტორმა 2017 წლის 25 აგვისტოს N124/01 წერილით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს მასზე, რომ 2017 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N116, N117 და N118 ხელშეკრულებების საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა გზებისა და ქ. ხონის ქუჩების ასფალტბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე გამოიკვეთა არაერთი საკითხი, რომელიც მოითხოვდა მოპასუხე მხარის გადაწყვეტილებას (ტ.1. ს.ფ. 249, 251-252).
6.5. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სს „ა–სი“ საქართველოს კანონმდებლობისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 15 მაისის N 116, N117 და N118 ხელშეკრულებების 9.5 პუნქტის, სს ,,ა–სის“ 2017 წლის 25 აგვისტოს N124-01 მომართვის, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 აგვისტოს N601-39 მოხსენებითი ბარათის, შპს „ს. ა. და ე.ე. ც–ის“ 2017 წლის 25 აგვისტოს N70 მომართვის საფუძველზე შეთანხმდნენ შემდეგზე: 1. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული სამუშაოები შესრულდეს გაუთვალისწინებელი ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად (გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტები თან ერთვის); 2. ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები უცვლელად რჩება. შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2017 წლის 15 მაისის N#116, N117 და N118 ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და განიხილება მასთან ერთიანად (ტ.1. ს.ფ. 249-252).
6.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 417-418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ შემკვეთს ხელშეკრულების დასრულების მომენტისთვის შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა არ განუსაზღვრავს (რაც მხარეებმა დაადასტურეს სააპელაციო სასამართლო სხდომაზე), მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების მხოლოდ 12 დღით ვადაგადაცილებისა (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის 2021 წლის 30 ნოემბრის ოქმი 11:48:45, 12:08:13) და 2017 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით სამუშაოთა სრულად და სათანადო ხარისხით შესრულების ფაქტს, აღნიშნული გარემოებები ფაქტობრივსამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავენ მოსარჩელისთვის შეუსრულებელი სამუშაოსათვის პირგასამტეხლოს სახით 197 515 ლარის დაკისრებას. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც მენარდისთვის პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა 19 751 ლარამდე, დასაბუთებულია და სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორის მითითებით, მხარეების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის - პირგასამტეხლოს ოდენობაზე, რომელიც არ მიუჩნევიათ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. მხარეებმა პირგასამტეხლო გაითვალისწინეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადის გადაცილებისთვის, ასევე, ხელშეკრულებების ამავე პუნქტის მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ პირგასამტეხლო გამოიანგარიშებოდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან. სწორედ აღნიშნულ, მხარეთა შეთანხმებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ოდენობით მოპასუხემ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დააკისრა, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.
7.2. კასატორი სასამართლოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა, სსსკ-ს 115-ე და 420-ე მუხლები და მიუთითებს, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა სასამართლოს, ჩაერიოს ხელშეკრულების თავისუფლებაში და შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა კი უნდა შემცირდეს იმგვარად, რომ მან აზრი არ დაუკარგოს პირგასამტეხლოს ფუნქციას. მოცემულ შემთხვევაში კი არ ვლინდება ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს პირგასამტეხლოს საკითხთან დაკავშირებით და ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა აზრს უკარგავს პირგასამტეხლოს ფუნქციას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება.
12. სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 442.1 (ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა) მუხლით გათვალისწინებული ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის საფუძველი, კერძოდ, სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა . . . შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების მიხედვით, შემკვეთს მენარდის მიმართ გააჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამასთან, როგორც მენარდის, ასევე შემკვეთის მოთხოვნების ვადა დამდგარია. სადავოა მხოლოდ შემკვეთის მოთხოვნის - პირგასამტეხლოს ოდენობა.
13. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
14. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
15. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ, #ას-1485-2020, 04.03.2021).
16. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოება, რომ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლოების მოსაზრებით, აშკარად არაგონივრული იყო და შემცირებას ექვემდებარებოდა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე შეამცირა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ მის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია, შესაბამისად, მისი ზემოხსენებული პრეტენზია გაზიარებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021, 2021 წლის 28 იანვრის №ას-1281-2020 და 2020 წლის 24 დეკემბრის №ას-947-2019 განჩინებები).
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხონის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი