საქმე №ას-338-2022 4 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ტ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ს–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სს ,,ტ–ის” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ, სახელფასო დავალიანების - 14 400 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ 1999 წლიდან მოპასუხე კომპანიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და მოვალეობებს ასრულებდა პირნათლად, მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება საშუალოდ 2400 (დარიცხული) ლარს შეადგენდა. მოპასუხემ არ გადაუხადა რამდენიმე თვის ხელფასი, სულ 14 400 ლარი.
2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება არ გააჩნია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების - 14 400 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ განჩინება ირიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის ის გარემოება, რომ დასაქმებული კონკრეტული სამშენებლო პროექტის ფაქტობრივი დასრულების ვადით იყო დასაქმებული კომპანიაში, პროექტის დასრულება კი ავტომატურად იწვევდა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. სასამართლო ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა დაეკისროს დამსაქმებელს დასაქმებულისთვის იმ დროის ანაზღაურების გადახდა, როცა დასაქმებული ფაქტობრივად აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
9.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომის ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე (ძველი რედაქციის 34-ე მუხლი) (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული) მუხლიდან გამომდინარეობს.
11. მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველია მოპასუხესთან არსებული შრომითი ურთიერთობა, გასათვალისწინებელია შრომითსამართლებრივ დავებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომელიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილებას შეეხება და განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით (საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. № ას-922-884-2014, 16.04.2015; Nას-483-457-2015, 07.10.2015), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, საქმის გადასაწყვეტად დადგენილ სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტებსა და მათ სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაშიც დამსაქმებლის მხარეს იყო მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოსათვის წარედგინა სადავო პერიოდში დაკისრებული შრომით მოვალეობების დასაქმებულის მიერ შეუსრულებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. დამსაქმებელი შემოიფარგლა სიტყვიერი განმარტებებით, მაშინ, როდესაც, მტკიცებულებების წარდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე სადავო პერიოდში აღარ იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში, მოპასუხის მხარეზე იყო და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა სწორედ მას ჰქონდა. აღნიშნული მტკიცების რეალიზება მოპასუხე კომპანიამ ვერ უზრუნველყო.
12. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტის - მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის უარსაყოფად დამსაქმებელს არც საკასაციო საჩივრით არ წარმოუდგენია დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები, მაგალითისათვის, კასატორის მტკიცება, რომ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები დასრულდა 2019 წლის ივლისის ბოლოს, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა, აგვისტოდან შეწყვეტილად უნდა მიჩნეულიყო, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სწორედ დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს, თითოეულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის, შრომითი ურთიერთობის დაწყების, შეჩერების, დასრულებისა და ყოველი შრომის ანაზღაურების გაცემის ასახვაზე ისე, რომ დავის შემთხვევაში მოვლენების სათანადოდ დამდგენი, ნათელი და არაორაზროვანი მტკიცებულება წარმოადგინოს.
13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგინდა სადავო პერიოდისთვის (2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით) მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობის თაობაზე ფაქტობრივი გარემოება, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა იმ შემთხვევაში გამოირიცხებოდა, თუ დამსაქმებელი დასაქმებულისათვის შრომის ანაზღაურების ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს დაამტკიცებდა. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო პერიოდში შრომის აუნაზღაურებლობა სადავო არ არის. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია. შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (შდრ. სუსგ №ას-1132-2019, 30.09.2019 წელი; №ას-1274-2018, 25.12.2018 წელი; №ას-370-370-2018, 2.08.2018 წელი; №ას-45-45-2018, 18.05.2018 წელი; №ას-138-138-2018, 17.04.2018 წელი), რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს.
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 504 ლარი და ზედმეტად გადახდილი 21.60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ტ–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს ,,ტ–ს'' (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - ზედმეტად გადახდილი 21.60 ლარი და დარჩენილი 720.00 ლარის (საგადასახადო დავალება N006, გადახდის თარიღი 15.03.2022), 70% –504 ლარი, სულ -525.60 ლარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი