Facebook Twitter

საქმე №ას-127-2022 17 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–სი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2017 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №488 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,2% შემცირდა 0,05%-მდე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო საერთო ჯამში 6 114.09 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დარჩენილი თანხის - 797.09 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. კასატორის პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს თანხის სახით 797.09 ლარის გადახდა, ნაცვლად სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი 18 280.60 ლარისა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. კასატორის შეფასებით, მართალია სასამართლომ შპს ,,ნ–სს'' დააკისრა 61 14.09 ლარის გადახდა, თუმცა ამ თანხას უსაფუძლოდ გამოაკლო გარანტორის სს ,,ს.კ.ა–ის'' მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა 5 317 ლარი. კასატორის განმარტებით, ბენეფიციარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, გარანტიის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის შემოწმებასა და მოთხოვნის განსაზღვრულ ვადაში წარდგენის ფაქტს უკავშირებს, უფრო მეტიც იმ შემთხვევაშიც კი თუ გარანტორისთვის ცნობილი გახდა, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა შეწყდა შესრულებით, სხვა საფუძვლით ან თუნდაც ბათილია ბენეფიციარის მხრიდან განმეორებითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, გარანტს ნაკისრი ვალდებულების უპირობოდ შესრულება ევალება, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საბანკო გარანტიის ინსტიტუტის მარეგულირებელი არცერთი ნორმა არ შეიცავს ბენეფიციარისთვის გარანტიის საფუძველზე გადაცემული შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ ვალდებულება დაირღვა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო ორი დამოუკიდებელი საშუალებით (პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია) და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, ამდენად გაუმართლებელია სასამართლოს მსჯელობა საგარანტიო თანხისა და პირგასამტეხლოს გაიგივების თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ ასებობდა სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, ამასთან, კასატორისვე განმარტებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოების საფუძველზე მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება მართებულად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.2.1. 2017 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელესა (მიმწოდებელსა) და მოპასუხეს (შემსყიდველს) №488 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიუწოდებლობისთვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიმწოდებელს დაეკისრებოდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,2%-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.2.2. 2018 წლის 5 იანვრის აქტით №488-1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №488 ხელშეკრულებიდან გამომდინარე (იხ. ტ.1. ს.ფ. 27-31) მიმწოდებელმა შემსყიდველს 214 699,58 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი მიაწოდა 2017 წლის 26 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 44), ხოლო 51 130,82 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი - 2017 წლის 28 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 46).

5.2.3. მოსარჩელეს (ძირითადი სარჩელით) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 5 იანვრის №488-1 აქტით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამურად 23 597,60 ლარის ოდენობით.

5.2.4. უდავოა, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადაში შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება. ასევე დადგენილია, რომ დარიცხული პირგასამტეხლოდან, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №488-1აქტის თანახმად სს ,,ს.კ.ა–მა“ გაცემული NBG/PB-6385/08 საბანკო გარანტიის საფუძველზე, 2018 წლის 19 თებერვალს აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი.

6. მოსარჩელის მოთხოვნაა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ამ მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. საბანკო გარანტია პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა (იხ. საქმე №ას-1511-2018; 26 მარტი, 2019 წელი). პირგასამტეხლო კი, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. შესაბამისად, როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-ე-420-ე მუხლები) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-ე-890-ე მუხლები), და არცერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, ბენეფიციარის მიერ გარანტორისთვის წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (შდრ. საქმე №ას-1681-2018, 1 მარტი, 2019 წელი). შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის. თუმცა კრედიტორის მიერ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს ერთ-ერთ ფაქტორად სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს შემცირებისას, ვინაიდან, 2018 წლის 5 იანვრის აქტით №488-1 პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ №488 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა შემსყიდველს 214 699,58 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი მიაწოდა 2017 წლის 26 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 44), ხოლო 51 130,82 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი - 2017 წლის 28 დეკემბერს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 46). მოსარჩელეს (ძირითადი სარჩელით) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის 2018 წლის 5 იანვრის №488-1 აქტით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამურად 23 597,60 ლარის ოდენობით. აქტის შინაარსი (აქტში მითითებული გარემოებები - საქონლის ფაქტიური მიწოდების თარიღები და მიწოდებული საქონლის ღირებულება) მხარეებს შორის არ არის სადავო. 2017 წლის 3 აგვისტოს სს „ს.კ.ა–ის“ (გარანტი) მიერ გაცემული NBG/PB-6385/08 საბანკო გარანტიის საფუძველზე, გარანტმა 2018 წლის 19 თებერვალს აანაზღაურა საგარანტიო თანხა 5 317 ლარი. რაკი ბენეფიაცირმა მოთხოვნა აინაზღაურა საბანკო გარანტიით, საკასაციო პალატაც 5 317 ლარს პირგასამტეხლოს ოდენობად განიხილავს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რაც უსაფუძვლოს ხდის კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძლოდ გამოაკლო გარანტორის სს ,,ს.კ.ა–ის'' მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა პირგასამტეხლოს ოდენობას.

8. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა (797.09 ლარი) და საბანკო გარანტიით ანაზღაურებული თანხა (5317 ლარი) ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების კომპენსირებისათვის ადეკვატურ რაოდენობას წარმოადგენს. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი.

9. განსახილველ დავაზე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, 23 597.60 ლარის პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში გადასახდელის თანხის - 265 830.40 ლარის, პალატის შეფასებით, ვალდებულების დარღვევის ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს არაპროპორციულ მოცულობას ქმნის. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საბანკო გარანტია გამოითხოვა, ხოლო გარანტმა საგარანტიო თანხა აანაზღაურა. მოსარჩელის მიერ მითითებულია და დადასტურებულია იმ გარემოებების არსებობა, რამაც გამოიწვია ვალდებულების დაგვიანებით შესრულება, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დადასტურებული არ არის დაგვიანების მძიმე შედეგები. საქონლის მიწოდების ვადის გაგრძელების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაზე მოპასუხემ განაცხადა უარი. უდავოა რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადაში შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდება. გარდა აღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს, შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადასა და მოცულობას, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს 0,2% ოდენობით დაკისრების თაობაზე შეთანხმება, სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობადაა მიჩნეული, რაც მისი მოპასუხისთვის სრული ოდენობით დაკისრებას იმთავითვე გამორიცხავდა. ამასთან, საქმის მასალებში ვადაგადაცილების შედეგად დამდგარი რაიმე კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. პალატის მოსაზრებით, ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და დარღვევის ხარისხის, დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გაანალიზების საფუძველზე, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხა, პირგასამტეხლოს არაგონივრული და გაუმართლებელი ოდენობაა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

10. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-384-2020, 28 მარტი 2022 წელი; №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

11. საბოლოოდ, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, ქმნის 797.09 (6114.09-5 317) ლარის ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საფუძვლიანობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს შესაბამისი მოცულობით განსაზღვრის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, რაც საბოლოოდ დავის შედეგზეც აისახა.

პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 18 280.60 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შინაარსიიდან, დარღვევის ხარისხიდან და დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგებიდან. კასატორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ 18 280.60 ლარის გამყიდველისათვის დაკისრება ემსახურება კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას და არ გამოიწვევს ამ უკანასკნელის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის თაობაზე კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ № ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-109-105-2016, 27 დეკემბერი, 2017 წელი).

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი