საქმე №ას-355-2022 4 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.დ–ე, ა.დ–ა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.დ–ემ და ა.დ–ასმა (შემდგომ – მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს ,,ჰ.ჯ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე, კასატორი) მიმართ და თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვეს.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2018 წლის 8 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 1648 ევროს, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 18 000 ლარისა და 1063,96 ევროს გადახდა დაეკისრა.
4. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, სარჩელის წარდგენის პერიოდში საქართველოში გამოვლინდა პირველი კოვიდინფიცირებული. მოპასუხე ადმინისტრაციულ საქმიანობას არ ახორციელებდა და დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, რის გამოც ვერ მოხერხდა შესაგებლის წარდგენა.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებით - საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტის მითითებით, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა ფაქტობრივ გარემოებებს; მოპასუხე მხარეს ბრალეულად არ დაურღვევია შესაგებლის შეტანისთვის განსაზღვრული ვადა, კერძოდ: ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შპს „ჰ.ჯ–ის“ მყიდველთა დიდი ნაწილი, (მათ შორის, მოსარჩელე მხარეებიც) წარმოადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავარიუსის პანდემიად გამოცხადების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 21 მარტს განხორციელებული ღონისძიებები, არაერთ ქვეყნაში ბევრად უფრო ადრე იყო, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებამდეც. აღნიშნულის შედეგი გახლდათ ის, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში, შპს „ჰ.ჯ–ს“ ფაქტობრივად უძრავი ქონება არ გაუყიდია, შემცირდა უკვე რეალიზებული ფართებიდან მისაღები შემოსავალიც. ამავე დროს, ჯანდაცვის სამინისტროს ის რეკომენდაციები, რომლებიც სავალდებულო გახდა უკვე 2020 წლის 21 მარტიდან, გაცემული იქნა ბევრად უფრო ადრე, კერძოდ 2020 წლის 26 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ რაც, საქართველოში გამოვლინდა პირველი კოვიდინფიცირებული ამის გამო შპს „ჰ.ჯ–ის“ მიერ, ადმინისტრაციულ საქმიანობას თითქმის აღარ ასრულებდა და დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი იმყოფებოდა შვებულებაში. სწორედ აღნიშნული დაედო საფუძვლად იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ შესაგებელი დროულად ვერ წარადგინა სასამართლოში, რაც არ ნიშნავს შპს „ჰ.ჯ–ის“ მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე დათანხმებას.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2021 წლის 17 თებერვლის განჩინება.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს დაადასტურებდა. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან და სარჩელზე დართულ მტკიცებულებებზე მითითებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხისთვის თანხის დაკისრება სრულად გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 623-ე-627-ე მუხლების მოთხოვნებიდან.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმეზე, რომელზეც არ არსებობდა დავის საგანი. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით დადგენილი იმპერატიული პირობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021 წელი).
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად თავიანთ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყაროს შესაგებელი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობის ზემოაღნიშნული პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა სსსკ-ის 2321 მუხლიც. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებების მიღება არ ხდება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს უფლება მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენაზე გააჩნია, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (იხ. სუსგ №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სარჩელი მოპასუხეს (მარკეტინგის მენეჯერს) 2020 წლის 9 იანვარს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით (იხ. ტომი I, ს.ფ. 165), თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი არ უცნობებია სასამართლოსთვის.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მომწესრიგებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე) თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – შესაგებლის წარუდგენლობა. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).
21. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დადასტურებულად ვერ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული იყო COVID-19-ის გავრცელებით, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ საპროცესო მოქმედება მოპასუხის მიერ უნდა შესრულებულიყო 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით, რაც დროის საკმაოდ დიდი შუალედით - 41 დღით წინ უსწრებდა მსოფლიო პანდემიის გამოცხადებას (2020 წლის 11 მარტს), ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
22. კასატორის მეორე პრეტენზია სარჩელის უსაფუძვლობას უკავშირდება. კერძოდ, კასატორი განმარტავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქმეზე, რომელზეც არ არსებობდა დავის საგანი.
23. კასატორის აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკითხი იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოპასუხეს თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელისთვის წარმოადგენს არსებითი მსჯელობის და არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს არ განიხილება მტკიცებულებები, არამედ კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
24. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის მიზეზი არასაპატიოა და, შესაბამისად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნევა, სასამართლომ უნდა განსაზღვროს ასეთი, სამართლებრივად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივი გარემოებების წრე და სამართლებრივად სათანადოდ შეაფასოს. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა დაასკვნის, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, აშკარა იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.
26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.გ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1400.00 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 23.03.2022), 70% – 980 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჰ.ჯ–ის'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ჰ.ჯ–ს'' (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1400.00 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადამხდელი ვ.გ–ძე პ/ნ ....., გადახდის თარიღი 23/03/2022), 70% –980 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი