Facebook Twitter

ბს-1298-875(გ-05) 16 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის შესახებ დავა ქ. თბილისის მთავრობის განცხადების, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილებით ნ. გ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ. გ.-ე 1991 წლიდან ცნობილ იქნა ქ. თბილისში, მე-4 კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ 70 კვ.მ. მქონე მიწის ნაკვეთის მფლობელად. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

2003წ. 30 მაისს ქ. თბილისის მთავრობამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე იმ მოტივით, რომ ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი არ იყო მიწვეული საქმის განხილვაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 18 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მთავრობის განცხადება განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ მოტივით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, “ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით”, კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო განცხადების დავის საგანს წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

საქმის სამოქალაქო წესით განხილვას არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა კოლეგია და მიუთითებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობა, რომ 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც ქ. თბილისის მთავრობის განცხადება შეეხება, გამოტანილია სამოქალაქო საქმეზე და განცხადებაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, არამართებულია, ვინაიდან იგი ეხება არა სარჩელს, როგორც ასეთს, არამედ კანონიერ ძალაში შესულ და უკვე აღსრულებულ გადაწყვეტილებას, როდესაც არ გაქარწყლებულა ვარაუდი განცხადების დასაშვებობის ან საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მისი კვლავაც ძალაში დატოვების თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლო კოლეგიას ჯერ უნდა ემსჯელა განცხადების დასაშვებობასა და საფუძვლიანობაზე და მხოლოდ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში ემსჯელა თავდაპირველი სარჩელის რაობაზე, მის სამართლებრივ ბუნებაზე, აგრეთვე, მის განსჯადობაზე, ხოლო, ვინაიდან არსებობს გადაწყვეტილება და არა სარჩელი, შეუძლებელია სარჩელის გადაგზავნა სხვა კოლეგიაში ან სხვა სასამართლოში არაგანსჯადობის მოტივით, რამდენადაც სსკ-ის არც ერთი ნორმა განსჯადობასთან დაკავშირებით ასეთს არ იცნობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 16 აგვისტოს განჩინებით, საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით, გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცეს იმ გარემოებას, რომ განსჯადობის თაობაზე წამოწყებული დავა ეხება არა სარჩელს, არამედ განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

საყურადღებოა, რომ განცხადების საფუძველზე ქ. თბილისის მთავრობა ითხოვს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილობას, რომელიც, თავის მხრივ, განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და თვლის, რომ ადმინისტრაციულ კოლეგიას, როგორც ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განმხილველ სასამართლოს, ჯერ უნდა განესაზღვრა განცხადების დასაშვებობისა და საფუძვლიანობის საკითხი და საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში შეეძლო ემსჯელა საქმის განსჯადობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, ვინაიდან ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილება განხილულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, შესაბამისად, განცხადებაც ამ უკანასკნელის ბათილობის თაობაზე განხილული უნდა იყოს იმავე სამართალწარმოების პრინციპების დაცვით, რის გამოც, ქ. თბილისის მთავრობის განცხადება განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მეორე მუხლის 1-ლი პუნქტით, 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მთავრობის განცხადება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 18 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.