საქმე №ას-305-2022 15 ივლისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.ტ.კ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ს.გ.ტ.კ–ა’’ ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, შპს ,,კ–ის’’ სარჩელი შპს ,,ს.გ.ტ.კ–ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს ,,ს.გ.ტ.კ–ის“ მიერ 2020 წლის 13 აპრილს შედგენილი N10187 აქტის საფუძველზე შპს ,,კ–ის“ მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენა და მისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულების - 404 852,13 ლარის დარიცხვა. შპს ,,ს.გ.ტ.კ–ის“ შეგებებული სარჩელი შპს ,,კ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
2.1. კასატორის მტკიცებით, 2020 წლის 13 აპრილს შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ თანამშრომლებმა შეამოწმეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე შპს „კ–ის“ კუთვნილი გაზგამანაწილებელი სადგური, როდესაც გაზგამანაწილებელ სადგურში არსებული დიაფრაგმული ტიპის მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანი აღმოჩნდა ღია. ონკანი დახურვის მხარეს სამჯერ გადატრიალდა, რაც მიუთითებს, რომ მრიცხველი სრულად არ აღრიცხავდა გაზის ოდენობას, აჩვენებდა ნაკლებ წნევათა სხვაობას, აგრეთვე, გამათანაბრებელი ონკანის ლუქის მავთული იყო შელახული და გაწელილი. მრიცხველის გამათანაბრებლის ონკანზე მანიპულაციის საშუალებით უფრო მეტი ბუნებრივი გაზი გადიოდა, ვიდრე მრიცხველი აღიქვამდა. აღრიცხვის გარეშე მიღებული ბუნებრივი გაზი წარმოადგენს დანაკარგს მაგისტრალური გაზსადენების სისტემაში, რომლის შევსებაც საკუთარი სახსრებით უწევს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შპს „ს.გ.ტ.კ–აზე“ მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 404852,13 ლარი.
2.2. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ვლინდება კასატორისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელი ყველა პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, კერძოდ, დადასტურებულია ზიანის ფაქტი, რომელიც გამოიწვია ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულმა ქმედებამ, და, ამასთანავე, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის მოქმედებასა და შედეგს შორის. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლიც, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის N114 ბრძანებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მხარეთა შორის, 2019 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული N1/18 ხელშეკრულების (მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ) 1.2. პუნქტი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6. წინამდებარე სარჩელით, შპს ,,კ–ი“ მოითხოვს შპს ,,ს.გ.ტ.კ–ის“ მიერ 2020 წლის 13 აპრილს შედგენილი N10187 აქტის საფუძველზე, შპს ,,კ–ის“ მიერ ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადგენისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების, 404 852,13 ლარის დარიცხვის გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მას ბუნებრივი გაზი უკანონოდ არ დაუხარჯავს და არ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია შპს ,,კ–ისათვის“ შპს ,,ს.გ.ტ.კ–ის“ სასარგებლოდ ბუნებრივი გაზის მართლსაწინააღმდეგო მიღებით მიყენებული ზიანის - 404852.13 ლარის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ შპს ,,კ–ი“ ბუნებრივ გაზს უკანონოდ მოიხმარდა, რაც დასტურდება N10187 შემოწმების აქტით, რომლის თანახმად, გამათანაბრებელი ონკანი ღია იყო, დაახლოებით სამჯერ შემოტრიალდა დაკეტვის მხარეს, რაც მიუთითებს მრიცხველის მიერ ნაკლები გაზის აღრიცხვაზე, წნევათა ნაკლები სხვაობის ჩვენებაზე, გამათანაბრებელი ონკანის ლუქის მავთულის შელახვასა და გაწელვაზე.
7. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
7.1. შპს ,,კ–სა" და შპს ,,ს.გ.ტ.კ–ას“ შორის 16.12.2019 წელს ,,მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების“ და 31.12.2019 წელს ,,ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების“ შესახებ დადებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს ,,ს.გ.ტ.კ–ა“ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა შპს ,,კ–ს“, კერძოდ, გაზს აწვდიდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... მდებარე გაზის გამანაწილებელ სადგურში (ტომი 1; ს.ფ. 35; მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; ტომი 1; ს.ფ. 30-34; ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულება);
7.2. 13.04.2020 წელს, შპს ,,ს.გ.ტ.კ–ამ“ სოფელ ..... მდებარე გაზის გამანაწილებელი სადგურის არაგეგმური შემოწმებისას, შეადგინა N10187 აქტი, რომლის თანახმად, დათვალიერების შედეგად, გამათანაბრებელი ონკანი ღია იყო - დაახლოებით სამჯერ გადატრიალდა დაკეტვის მხარეს, რაც მიუთითებდა, რომ მრიცხველი აღრიცხავდა გაზის ნაკლებ ოდენობას, აჩვენებდა წნევათა ნაკლებ სხვაობას. გამათანაბრებელი ონკანის ლუქის მავთული იყო შელახული და გაწელილი. იმავე დღეს ,,კ–ს“ გაზის მიწოდება შეუწყდა. აქტს ხელს არ აწერს შპს ,,კ–ის“ წარმომადგენელი (ტომი 1; ს.ფ. 39-43; აქტი N10187);
7.3. 01.05.2020 წლის წერილით, შპს ,,ს.გ.ტ.კ–ამ“ შპს ,,კ–ს“ აცნობა 2020 წლის 13 აპრილის შემოწმების შედეგები და შეატყობინა, რომ უფლებას იტოვებდა, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებამდე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაეწია მისთვის, ხოლო, 21.05.2020 წლის წერილით, ,,ს.გ.ტ.კ–ამ“,,კ–ისაგან“ მოითხოვა ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით მიყენებული ზიანის - 404852.13 ლარის ანაზღაურება (ტომი 1; ს.ფ. 245-247; ,,ს.გ.ტ.კ–ის“ 2020 წლის 1 მაისისა და 2020 წლის 21 მაისის წერილები ,,კ–ს“);
7.3. დავის განხილვის დროისათვის შპს ,,კ–ს“ მოთხოვნილი თანხა არ გადაუხდია და ,,ს.გ.ტ.კ–ა“ არ უწევს შპს ,,კ–ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას;
7.4. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,კ–ი“ არ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებით მიყენებული ზიანის - 404 852.13 ლარის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
8. საკასაციო პალატის მითითებით, სსკ-ის 992-ე მუხლის, ასევე, 408-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკაც. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408-ე მუხლის პირველი ნაწილი(იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
9. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
10. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი შპს ,,კ–ის“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
11. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას ,,ს.გ.ტ.კ–ას“ ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.
12. მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,კ–ის“ მიერ წარმოდგენილია შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე N038220520001, მიღებული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა N539/ტრ 11.06.2020 წ. და შპს ,,ტ.ე.ც–ის“ N2-50/21 28.11.2021 წ. დასკვნა (იხ. ტომი V, .ს.ფ. 141-156), ხოლო კასატორის/მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ტ.ე.ც–ის“ 15.07.2021 წლის დასკვნა N2-40/21 (იხ. ტომი V, .ს.ფ. 65-91), ასევე, ამავე ექსპერტიზის 2021 წლის 15 ივლისის N2-40/21 დასკვნაში მექანიკურად დაშვებული შეცდომის გამოსწორების შესახებ შპს ,,ტ.ე.ც–ის“ 2021 წლის 2 ნოემბრის წერილი “(იხ. ტომი V, .ს.ფ. 118-120).
13. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ მტკიცებულებებზე: შპს ,,კ–ის“ მიერ წარმოდგენილი, შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე N038220520001, მიღებული 11.06.2020 წლის N539/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ..... ტერიტორიაზე გამავალი მაგისტრალური მილსადენის შპს ,,კ–ის“ გამანაწილებელი სადგურის, ლითონის კონსტრუქციის შემნახველ ყუთს და მრიცხველს, რაიმე დაზიანება არ აღენიშნება (სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხაშურის რაიონში, სოფ. ..... მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კ–ის კუთვნილი გაზგასამართი სადგურიდან შესაძლო გაზის დატაცებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში. საგამოძიებო ორგანოს მიერ დაინიშნა ექსპერტიზა, რაზეც, შსს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 11 ივნისს შედგენილი იქნა N539/ტრ დასკვნა).
14. კასატორის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 15 ივლისს გაცემულ N2-40/21 დასკვნის თანახმად, დასტურდება, რომ: ა) ექსპერტს N2-40/21 დასკვნის შედგენისას, არ უნახავს ხაშურის რაიონის სოფ. ..... მდებარე მრიცხველი; ბ) გამათანაბრებელი ონკანის ალბათობის საკითხი ექსპერტს არ გამოუკვლევია და ის მხოლოდ დამკვეთის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო; გ) ექსპერტმა დაადასტურა, რომ კარადის ლუქებისა და პოლიპროპილენის შემოკვრის დაუზიანებლად მრიცხველზე ზემოქმედება გამორიცხული იყო; დ) ექსპერტმა დაადასტურა, რომ 2-40/21 დასკვნის შედგენისას ნანახი არ ჰქონდა 2020 წლის 13 აპრილის შემოწმების ამსახველი ვიდეომასალა. მასალის შესწავლის შემდეგ კი ექსპერტი აღნიშნავს, რომ არც ლუქებს, არც პოლიპროპილენის შემოკვრას და არც მავთულს, დაზიანების/ზემოქმედების კვალი არ აღენიშნება. ე) ექსპერტმა დაადასტურა, რომ მის მიერ შედგენილ დასკვნაში N2-40/21 ასახული დალუქვის მეთოდი და 13 აპრილის დალუქვის მეთოდი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. შპს ,,ტ.ე.ც–ის“ ექსპერტმა 2021 წლის 2 ნოემბრის წერილში აღნიშნა, რომ ამავე ექსპერტიზის 2021 წლის 15 ივლისის N2-40/21 დასკვნაში დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, მე-2 კითხვაზე პასუხის ბოლო წინადადება უნდა იკითხებოდეს შემდეგნაირად: ,,აქედან გამომდინარე, გამათანაბრებელი ონკანის მობრუნება (გაღება რამდენიმე ბრუნით) ადამიანის ჩარევით ისე, რომ ბრჯენები (,,პლომბები“) არ დაზიანდეს - სრულიად შესაძლებელია.“ ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზ.გ–მა დაადასტურა შპს ,,ტ.ე.ც–ის“ N2-50/21 28.11.2021 წლის დასკვნის შინაარსი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შპს ,,კ–ის“ მიერ წარმოდგენილი, შსს ხაშურის რაიონულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე N038220520001, მიღებული 11.06.2020 წლის N539/ტრ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შპს ,,კ–ის“ დაზუსტებული შეკითხვების შედეგად შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა N2-50/21, მიუთითებს მასზე, რომ ხაშურის რაიონის სოფ. ..... მდებარე გაზგასამართ სადგურში განთავსებული მრიცხველის გამათანაბრებელ ონკანზე, შპს ,,კ–ის“ მიერ ყოველგვარი ზემოქმედება გამორიცხული იყო.
15. რაც შეეხება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასამტკიცებლად საქმის მასალებში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებითაც (გაზის გამანაწილებელი სადგურის შემოწმების აქტი, CD დისკი, რომელზეც შემოწმებაა ასახული, მოწმეების - ,,ს.გ.ტ.კ–ის“ შიდა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ფ.ს–ძის და აღრიცხვის სამსახურის სპეციალისტის თ.უ–ძის ჩვენება, რომლებიც გაზის გამანაწილებელი სადგურის შემოწმებაში მონაწილეობდნენ), არ დგინდება შპს ,,კ–ის" მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი რაიმე ვალდებულების, მათ შორის გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვის დარღვევა.
აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გაზის გამანაწილებელი სადგური მდებარეობს შემოღობილ ტერიტორიაზე, რომლის კარებიც ბოქლომით არის დაკეტილი, გაზის მრიცხველი მოთავსებულია რკინის კარადაში (ყუთში), რომელსაც კარებზე ასევე ბოქლომი ადევს და დალუქულია, გაზის მრიცხველიც დალუქულია, მას აქვს სამი ონკანი, რომელიც მთლიანად შეფუთულია წებოვანი ლენტით (,,სკოჩი“) რამდენიმე შრედ, მათში (შრეებში) ჩატანებულია რამდენიმეწვერიანი მავთული (გვარლი), რომელიც ასევე დალუქულია (იხ.CD დისკი; ფ.ს–ძის ჩვენება - 2020 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი:16:00:00-16:00:40), შეუძლებელია რკინის კარადაში შეღწევა, მასში ხელის შეყოფა, ონკანზე ზემოქმედება, ვენტილის მობრუნება კარადის კარის გაღების გარეშე, ასევე - ონკანებზე შემოხვეული წებოვანი ლენტის მოუხსნელად. შემოწმების დროს არც ერთი ლუქი, ბოქლომი, ასევე, რკინის კარადის კარები, მისი ანჯამები, წებოვანი ლენტი, დაზიანებული არ ყოფილა. უნდა აღინიშნოს, რომ, ,,ს.გ.ტ.კ–ას“ აქვს გაზის გამანაწილებელი სადგურის გასაღები, ლუქიც მხოლოდ მას აქვს. წინა შემოწმებაც (სტანდარტიზაცია) მან ჩაატარა 2020 წლის 11 მარტს (იხ. აქტი. ს.ფ.38; მხარეთა ახსნა-განმარტება) და ლუქებიც დაადო. 2020 წლის 13 აპრილს შემოწმების დროს ბოქლომი გატეხეს, რადგან, როგორც შეგებებულმა მოსარჩელემ განმარტა, მათი კომპანიის თანამშრომელი, რომელიც გასაღებს ინახავს, ადგილზე არ იმყოფებოდა. თ.უ–ძის ჩვენებით, ონკანზე შემოხვეულ წებოვან ლენტში ჩატანებული მავთული 2-3 სანტიმეტრით იყო გაწელილი, რამაც ეჭვი გააჩინა, ,,მავთულის სიმჭიდროვე არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო“. ონკანის დასაკეტად ისეთი ძალაა საჭირო, რომ ბერკეტს ხმარობენ, სხვანაირად ვერ კეტავენ. ფ.ს–ძის ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, მრიცხველზე ზემოქმედება მოეხდინა ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომელსაც. მანვე უჩვენა, ონკანის ვენტილი ,,რამდენჯერ გადატრიალდა, არ იცის, ვისაც გამოცდილება ჰქონდა, მან თქვა, ალბათ, უნარი ჰქონდა ევარაუდა" (2020 წლის 15 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი16:00:15-16:07:00).
16. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თანხის დარიცხვა შპს ”ს.გ.ტ.კ–ის“ მხრიდან განხორციელდა „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის #114 ბრძანების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის უკანონოდ გატარების ან მოხმარების მოცულობის დადგენა შეუძლებელია, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატს უფლება აქვს პირდაპირ მომხმარებელს ან განაწილების ლიცენზიატს დარღვევის პერიოდზე დაარიცხოს მასთან შემავალი გაზსადენის მიერ დარღვევამდე გატარებული დღეღამური მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებლით (სეზონურობის გათვალისწინებით).
,,ს.გ.ტ.კ–ა“ გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის არსებობას უკავშირებს გაზგამანაწილებელ სადგურზე დამონტაჟებული მრიცხველის გამათანაბრებელი ონკანის არასათანადო მდგომარეობაში ყოფნას, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდა. ამდენად შპს ,,კ–ისათვის" პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად, არ არსებობს ზემოაღნიშნული დანაწესის საფუძველზე, შპს ,,კ–ისათვის“, ბუნებრივი გაზის ღირებულების, - 404 852,13 ლარის დარიცხის საფუძველი.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება, თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) დაძლია სსსკ-ის 992-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტების არარსებობის დადასტურების ტვირთი, ხოლო მოპასუხემ (შეგებებული სარელით მოსარჩელე), დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის გარემოებები, ვერ დაამტკიცა. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული გარემოებები არ ქმნის სსკ-ის 992-ე მუხლის შემადგენლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოპასუხისათვის ზიანის მიყენება, მოსარჩელის მიერ ბუნებრივი აირის უკანონო მოხმარების შედეგი არ არის. კასატორისათვის ზიანის მიყენებასა და მოსარჩელის მიერ უსაფრთხოებისა და დაცვის სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა მოპასუხის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება.
18. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებზე აპელირებით, შპს ,,კ–მა“ წარმატებით უზრუნველყო თავისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.გ.ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ს.გ.ტ.კ–ას“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000.00 ლარის (საგადასახადო დავალება N158583, გადახდის თარიღი 08/04/2022), 70% – 5 600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი