საქმე №ას-1466-2022 28 დეკემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ნ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ტ.კ–ი“ (მოსარჩელის უფლებამონაცვლე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,თ.ბ–მა” (შემდგომ - მოსარჩელე, ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ნ–იას (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხა - 3621.08 ლარი, პროცენტი - 215.37 ლარი და ჯარიმა - 189.67 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; ასევე, სესხის ძირითად თანხაზე 3621.08 ლარზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან - 30.10.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 18.2% (რაც ყოველთვიურად შეადგენს 54.91 ლარს).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 27 ივნისს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლების შესაბამისად. იგი არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
6. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 372-ე მუხლის, 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოუწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რის დამადასტურებელ მტკიცებულებას რამდენიმე დღეში წარადგენს სასამართლოში, ვინაიდან მისი მკურნალი ექიმი კერძო საჩივრის სასამართლოში წარმოდგენის მომენტისათვის შვებულებაშია და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება - შეუძლებელი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
12. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს სხდომაზე დაინიშნა 2022 წლის 27 ივნისს, 14:00 საათზე. საქმეში წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება მას პირადად 2022 წლის 2 ივნისის ჩაჰბარდა.
14. 2022 წლის წლის 27 ივნისს გამართულ სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა.
15. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
16. კერძო საჩივრით აპელანტი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდა.
17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის რეგულირებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.
18. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია ასევე სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობა, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველი.
19. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.).
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, მისი ავადმყოფობით, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
22. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.;).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის - დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს თავიანთი უფლება-მოვალეობანი კეთილსინდისიერად განახორციელონ. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, კანონმდებელი აგდენს ერათგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობებს.
24. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
25. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.
27. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივარში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მითითეულ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც გამოუცხადებელი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. კერძო საჩივრი სასამართლოში წარმოდგენილია 2022 წლის 14 სექტემბერს, თუმცა მის განხილვამდე მტკიცებულებები, რაზეც მოპასუხე კერძო საჩივარში მიუთითებდა, მას სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, არათუ მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მან სხდომამდე წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, არამედ, მას არც კერძო საჩივარში არ მიუთითებია იმ გარემოებებზე, რომ მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს დროული ინფორმირება.
28. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებაზე დაყრდნობით და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობის მიზეზით.
29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ნ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე