საქმე №ას-1431-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.პ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - პარტნიორის გარიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2022 წლის 20 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ.შ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) მოპასუხედ დაასახელა მ.პ–ძე (შემდგომ - მოპასუხე) და შპს ,,ჩ.ს.ბ.ს.ს–ის“ პარტნიორობიდან მოპასუხის გარიცხვა მოითხოვა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
3. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინება.
5. 2022 წლის 14 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა კერძო საჩივრის ავტორმა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინების განმარტება ან უსწორობის გასწორება მოითხოვა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
7. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე განმცხადებელმა განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, პარტნიორთა საერთო კრებამ ერთ-ერთი პარტნიორი გარიცხა საზოგადოებიდან. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება. წესით სასამართლოსთვის უნდა მიემართა დირექტორს, თუმცა იგი ამას არ აკეთებს. კანონმდებლობა ითვალისწინებს პარტნიორის მიერ თავისი სახელით, მაგრამ საზოგადოების სასარგებლოდ საჩელის აღძვრის უფლებას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 147-ე მუხლი). მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ვერც პირველ და ვერც მეორე ინსტანციის სასამართლოში ვერ მიაღწია ამ უფლების განხორციელებას. რაკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინება არ საჩივრდება მოსარჩელემ შეიტანა განცხადება განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე, რომელზე გამოტანილი განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება და დაკმაყოფილდეს უსწორობის გასწორების თაობაზე განცხადება, რასაც შედეგად სარჩელის წარმოებაში მიღება უნდა მოჰყვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის მოთხოვნაზე და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიების საპასუხოდ განმარტავს, რომ საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მართებულობა, რაც უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის კანონიერებას უკავშირდება, ანუ, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია დაშვებულია თუ არა უსწორობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინებაში და გასაჩივრებული განჩინებით სწორად ეთქვა თუ არა მოსარჩელეს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომელიც სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საკითხს შეეხება და სცდება კერძო საჩივრის ფარგლებში ამ ეტაპზე შესაფასებელ საკითხთა წრეს.
12. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (სუსგ № ას-636-597-2011, 24.06.2011წ.; №ას-1489-2018, 31.01.2019წ.).
13. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინებაში დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ მოკლებულია დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებულ განჩინებაში რაიმე შეცდომას ან უზუსტობას ადგილი არ აქვს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი საფუძვლით გამორიცხავს წარმოდგენილი განცხადების დაკმაყოფილებას. მოსარჩელე უსწორობის გასწორების გზით პრაქტიკულად სარჩელის წარმოებაში მიღებას მოითხოვს, მაშინ, როდესაც ამ განჩინებით მისი კერძო საჩივრის პრეტენზია სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება - გასაჩივრებული განჩინების არსებით შეცვლას გამოიწვევს, რაც სსსკ-ის 260-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და არა - უსწორობის გასწორების გზით სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი შეფასებისა თუ შედეგის შეცვლას.
14. რაც შეეხება საკითხს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებასა და მისი საფუძვლების შემოწმებას, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგელებში მასზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რამდენადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის განჩინება, სსსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, საბოლოოა და არ საჩივრდება.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მოთხოვნა შინაარსობრივად წარმოადგენს არა განჩინებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას, არამედ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას, რაც მართებულად არ დააკმაყოფილა სააპელაციო პალატამ.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.შ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე