საქმე №ას-1424-2022 30 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ჩი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომ - ბანკი, მოსარჩელე, ცედენტი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ნ.ჩს (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი), მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2019 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 888.64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4 475.51 ლარი, სარგებელი - 362.36 ლარი, პირგასამტეხლო - 30 ლარი და დაზღვევა - 20.77 ლარი; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2019 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 475.51 ლარზე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 7 აპრილიდან) აღსრულებამდე, წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 111.88 ლარს; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 2019 წლის 31 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4 475.51 ლარზე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2021 წლის 7 აპრილიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, დასარიცხი შემცირებული პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 1 ლარის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 401.65 ლარის გადახდა, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 301.24 ლარის გადახდა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. 2022 წლის 6 სექტემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ტ.კ–მა“ (შემდგომ - განმცხადებელი, ცესიონერი, უფლებამონაცვლე) და მოითხოვა ბანკის უფლებამონაცვლედ ცნობა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფიდა, სამოქალაქო საქმეზე №2ბ/539-22 მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა განმცხადებელი.
7. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, უფლებამონაცვლეობის საფუძველი გახდა მხარეთა შორის გაფორმებული 21.01.2022 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. ნათელია, რომ მოპასუხის პრეტენზიები მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებაზე, უფლების ბოროტად გამოყენებაზე, შეგნებულად ფაქტების გაყალბებაზე, რომლებიც უშუალოდ ბანკის მიმათ არსებობს ვერ წაეყენება უფლებამონაცვლეს, რადგან მას არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული. ამდენად, მოთხოვნის დათმობას პასუხისმგებლობისაგან თავიდან არიდების მიზნი ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასებია საგანია, მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი, კერძოდ, არსებობდა თუ არა სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენის საფუძველი.
6. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. კანონის ამ დანაწესიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. ლილუავილი, სამოქლალაქო საპროცესო სამართალი, 2005, 137.).
7. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ. სუსგ № ს-683-654-2016, 16.09.2016).
8. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელესა და უფლებამონაცვლეს შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ არსებული ქონებრივი უფლება განმცხადებელს (უფლებამონაცვლეს) დაუთმო; ასევე, დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა ხსენებული შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო შესაგებლის წარდგენასთან ერთად მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა იშუამდგომლა.
9. რადგანაც უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მოთხოვნის დათმობაა, საპროცესო უფლებამონაცვლეობა კი, შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა განმცხადებლის მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
10. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება მოჩვენებითი ხასიათისაა და ემსახურება მოსარჩელის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, რადგან მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის საფუძვლები თავისი შინაარსით მიმართულია სწორედ ცესიონერის წინააღმდეგ. პალატა განმარტავს, რომ ასეთ დროს მოვალის ინტერესები ჯეროვნადაა დაცული, კერძოდ, 198-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებიდან გამომდინარე, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, ხოლო 201-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის. თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით ამომწურავადაა განსაზღვრული მოვალის ინტერესებისათვის მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგი – თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
11. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის ცვლილება არ იწვევს ვალდებულების შინაარსის ცვლილებას. მოპასუხის შესაგებლის მიხედვით, სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არ გაუფორმებია და სესხის სახით 4 700 ლარი არ მიუღია. მოპასუხე განმარტავს, რომ მას ბანკში ჰქონდა ორი საკრედიტო ბარათი 2000 ლარიანი და 1500 ლარიანი, რომელიც აქვს გადახდილი და სხვა სესხი მას არ ჰქონია. ასევე, არ არსებობს სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც დადასტურდება თანხის გატანის ფაქტი. მოპასუხემ სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობაც სადავო გახადა. აღნიშნული შესაგებელი უფლებამონაცვლის მიმართაც მოქმედებს და განმცხადებლის ვარაუდი უსაფუძვლოდ ემყარება მოთხოვნის დათმობის იმ მოსალოდნელ შემთხვევას, როდესაც მოთხოვნის ახალი მფლობელის ხელში გადასვლისას მისი სამართლებრივი მდგომარეობა გაუარესდება.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჩის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
ვლადიმერ კაკაბაძე