საქმე №ას-1284-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.მ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ა–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ალიმენტის ოდენობის შემცირება
დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა (სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებული სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.მ–მა (შემდგომ - მამა, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ა–ის (შემდგომ - დედა, მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ და არასრულწლოვანი ბავშვის - 2016 წლის 9 ივნისს დაბადებული ს.მ–ის (შემდგომ - არასრულწლოვანი, ბავშვი) საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მამისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტად სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 25 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 1500 ლარის დაკისრება მოითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: თავდაპირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის ორშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე, სამშაბათი დღის 16:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის საბავშვო ბაღიდან ან დედის საცხოვრებელი ადგილიდან წაყვანის და უკან, დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. იმ შემთხევაში თუ ორშაბათ ან სამშაბათ დღეს სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ იქნება დედის საცხოვრებელი ბინიდან (უკან დაბრუნების ვალდებულებით) წაყვანა განხორციელდეს დღის 11:00 საათიდან; თავდაპირველი ურთიერთობის შემდგომი ურთიერთობა მამა-შვილს შორის განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირის კვირა დღის 19:00 საათიდან ორშაბათი დღის 20:00 საათამდე, სამშაბათი დღის 16:00 საათიდან ან სასწავლო პროცესის დასრულებიდან იმავე დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის დედის საცხოვრებელი ადგილიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანის და დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. იმ შემთხვევაში თუ სამშაბათ დღეს სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი არ იქნება დედის საცხოვრებელი ბინიდან წაყვანა განხორციელდეს დღის 11:00 საათიდან უკან დაბრუნების ვალდებულებით; მამა-შვილის შემდგომი ურთიერთობა 2020 წლის 1 მარტიდან განისაზღვრა შემდეგი სახით: ყოველი კვირა დღის 19:00 საათიდან სამშაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; არასრულწლოვანის საცხოვრებელი ბინიდან ან სასწავლო დაწესებულებიდან წაყვანა/დაბრუნება განხორციელდეს მშობლის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის მეშვეობით; არასრულწლოვანი ბავშვის მშობელთან ყოფნისას ამ უკანასკნელს ჩართული ჰქონდეს საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი ან სხვა რამ მხარეთა შეთანხმებით) შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე; ამავე გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარის გადახდა სარჩელი აღძვრიდან - 2018 წლის 25 მაისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მამას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 600 (ექვსასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 25 მაისიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
5. სააპელაციო პალატამ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, მისი სურვილების, ფსიქოლოგთა დასკვნების, მხარეთა და სოციალური მუშაკის ახსნა-განმარტებებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მის ყოველდღიურობაში, მიიჩნია, რომ არ არსებობს როგორც დედა-შვილს შორის, ისე მამა-შვილს შორის ურთიერთობისათვის ხელისშემშლელი გარემოება და ამ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებულ იქნა სამართლებრივად და ფაქტობრივად სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მოცემული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებდა სასამართლოს მიერ ბავშვთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესის შეცვლის აუცილებლობას, სასამართლოს მიერ გაწერილი იყო ურთიერთობის ეტაპობრივი წესი, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო პრეტენზია არასრულწლოვნის მამისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის არასაკმარისობის თაობაზე. პალატის მითითებით, დადგენილი იყო, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილით; დგინდებოდა ისიც, რომ ორივე მშობელი დასაქმებული იყო, თუმცა რაკი არასრულწლოვნის ზრდასთან ერთად იზრდება იმ აუცილებელი მინიმუმის ოდენობა, რაც მისი ნორმალური აზღდა-განვითარებისთვის არის საჭირო, ასევე - იგი საჭიროებს განათლების მიღებას და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას, ალიმენტის ოდენობა 600 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ალიმენტის განსაზღვრა აღნიშნულ ოდენობამდე ადეკვატური იყო და წარმოადგენდა იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც, მოწინააღმდეგე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვნის განათლებისთვის, მისი ჯანმრთელობისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრებისთვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ იყო საჭირო. შესაბამისად, არასრულწლოვნის საჭიროებებისათვის დანახარჯების მშობლებს შორის პროპორციულად განაწილების პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მამისათვის ალიმენტის სახით 600 ლარის დაკისრება გონივრული და მიზანშეწონილი იყო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელის მოპასუხემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ალიმენტად 400 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით.
8. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ გაზარდა ალიმენტის ოდენობა 600 ლარამდე. სასამართლოს მითითებით, მან ალიმენტი გაზარდა მამის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა არ დაასაბუთა, რა იგულისხმა მატერიალურ მდგომარეობაში. ამის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია ინფორმაცია მამის შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის ანალიზითაც დგინდება, რომ 400 ლარი არის ალიმენტის გონივრული ოდენობა. ამასთან, მამა სრულად აფინანსებს არასრულწლოვნის ბაღის გადასახადს, რაც ყოველთვიურად 400 ლარს შეადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
15. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას 600 ლარიდან 400 ლარამდე. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის გაზრდისას არ გაითვალისწინა მამის მატერიალური მდგომარეობა.
16. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ.; №ას-332-2019, 02.08.2019წ.; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მამის მატერიალური მდგომარეობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ შეისწავლა ფაქტობრივი გარემოებები, წარდგენილი მტკიცებულებები და ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობად განსაზღვრა 600 ლარი. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხად მართებულად განსაზღვრა ყოველთვიურად 600 ლარი და ამ ეტაპზე, არსებული ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.
19. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 600 ლარის შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
20. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-806-2021, 22.02.2022წ.; №ას-319-319-2018, 15.05.2018წ.).
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.მ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ.მ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება №10128789238, გადახდის თარიღი 18.11.2020), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე