საქმე №ას-1093-2019 22 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს ,,ჰ.ო.ს.ს–ო“, შპს ,,რ.ჰ–ი“, შპს ,,ჰ.ვ.ლ–ი“, შპს ,,ი. ტ–ის" (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სესხის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდგომ - სააგენტო, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ჰ.ო.ს.ს–ოს“ (შემდგომ - პირველი საწარმო, პირველი მოპასუხე), შპს ,,ი. ტ–ის" (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მსესხებელი), შპს ,,ჰ.ვ.ლ–ისა“ (შემდგომ - მესამე მოპასუხე, გამსესხებელი, მოგირავნე, იპოთეკარი, კრედიტორი) და შპს ,,რ.ჰ–ის“ (შპს „ჯ–ბა ...“-ის უფლებამონაცვლე, შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, ასევე ერთობლივად მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ სესხის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომ - სამინისტრო) და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული, სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2010 წლის 29 სექტემბრის ოქმის №16ა ტიპური ფორმის საფუძველზე პირველ საწარმოს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა შპს „ჯ–ბა ...-ის” 100%-იანი წილი. სამინისტროსა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 ნოემბრის №22/11/04 განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება. ამავე თარიღში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიას პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 ნოემბრის №24/11/01 განკარგულებით განსაზღვრული მოძრავი ქონება. ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ იკისრა საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულება. პირველმა მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და, რადგან საწარმომ 2010 წლის 29 სექტემბრისა და 2011 წლის 25 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია, მოსარჩელემ 2013 წლის 22 აგვისტოს №1/1-270 ბრძანებით ცალმხრივად მოშალა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებები.
3. 2010 წლის 20 ივლისს მეორე მოპასუხესა და მესამე მოპასუხეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსესხებელი მზადაა, ისესხოს გამსესხებლისაგან 3500 000 აშშ დოლარი მსესხებლის ბიზნესგეგმის შესრულების მიზნით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მეოთხე მოპასუხის ქონება. 2010 წლის 20 დეკემბერს ამ უკანასკნელსა და გამსესხებელს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მეოთხე მოპასუხის წილის გირავნობის ხელშეკრულება დაიდო პირველ მოპასუხესა და გამსესხებელს შორის. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, გამსესხებელმა მოითხოვა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რაზედაც უარი ეთქვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით - იპოთეკარის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება. გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელეს ეცნობა 2015 წლის 16 აპრილს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა მოსარჩელის, როგორც სახელმწიფო ქონების მმართველის, შელახული უფლება და იურიდიული ინტერესი სადავო გარიგებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.
4. სადავო გარიგებები სახელმწიფოს მოტყუებისა და მისი ქონებრივი უფლებების არამართლზომიერი ხელყოფის მაგალითია. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მსესხებლის მიერ დათქმულ ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორმა სესხის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებები წარუდგინა ნოტარიუსს და მოითხოვა იპოთეკარის/მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის ან რეალიზაციის მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა სასესხო ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდგომ, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2010 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოიშალა მოსარჩელის მხრიდან და ნასყიდობის საგანი დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში. აშკარაა ნების ნაკლი, რომელიც სადავო გარიგების მხარეებს გარიგებების დადების მომენტში გაცნობიერებული ჰქონდათ. შესაბამისად, გამოირიცხება მათი კეთილსინდისიერება გარიგებების ბათილობის საფუძვლის მიმართ. სახელმწიფოს, როგორც ქონების მესაკუთრეს, იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციამდე არ მიუღია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინება, რაც ადასტურებს ფაქტს, რომ გამსესხებლის მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და ის მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათისაა.
მოპასუხის შესაგებელი
5. გამსესხებელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების განხილვისათვის მნიშვნელობა არ აქვს, რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა პირველი საწარმო სახელმწიფოსთან და სხვა მესამე პირებთან. გამსესხებელს კანონიერი სასეხო ურთიერთობა ჰქონდა მსესხებელთან, რომელიც სარჩელში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან არაფრით იყო დაკავშირებული. გარიგების მოჩვენებითობის თაობაზე მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება უსაფუძვლოა. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს.
6. პირველმა მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, 2011 წლის 22 და 25 ნოემბრის ხელშეკრულებებით მას პირობადებული საკუთრება არ გადასცემია, ვინაიდან ასეთი საკუთრება მოიაზრებს საკუთრების გადაცემის შესაძლებლობას და არა საკუთრების უფლების გადაცემას. მას კი, საკუთრების უფლება გადაეცა სრულად, პირობის გარეშე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასესხო ვალდებულების შესრულების ვადა დადგა 2013 წლის 30 მაისს, ხოლო კრედიტორმა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა 2013 წლის დეკემბერს. მოსარჩელემ ხელშეკრულება მოშალა 2013 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით. 30 მაისიდან აგვისტომდე, ხოლო შემდეგ დეკემბრამდე დრო პალატამ არ მიიჩნია კრედიტორის იმგვარ ქმედებად, რაც მის არაკეთილსინდისიერებასა და უფლების ბოროტად გამოყენებაზე მიუთითებდა. მით უფრო, რომ კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, ხოლო მისი უარი გაასაჩივრა სასამართლოში. ამდენად, პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ გამსესხებლის მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და გარიგება მოჩვენებითი ხასიათის იყო.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო გარიგებები ბათილი იყო, რადგან არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 54-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები ვერ დაასაბუთა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო გარიგებები არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 56-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს. სადავო გარიგებები სახელმწიფოს მოტყუების მიზნით რომ არის დადებული, ადასტურებს მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის გამო გამსესხებელის მიერ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სასესხო ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან მნიშვნელოვანი პერიოდის შემდეგ მიმართვა, კერძოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სააგენტომ ნასყიდობის ხელშეკრულებები მოშალა და ნასყიდობის საგანი დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში. აშკარაა, რომ იკვეთება ნების ნაკლი, რაც სადავო გარიგების მხარეებს გარიგების დადების მომენტშივე ჰქონდათ გაცნობიერებული. აშკარაა, რომ მხარეთა ნება მოკლებულია ნამდვილობას.
14. კასატორის მტკიცებით, გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის სრულებით საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი და კანონსაწინააღმდეგო განზრახვა, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარაა. სწორედ ამ გარემოებით ბოროტად ისარგებლეს ხელშეკრულების მხარეებმა და გააფორმეს სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რითაც მიიღეს ფინანსური სარგებელი, ასევე შექმნეს ისეთი პირობები, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უძრავი ქონება სახელმწიფოს ვერ დაჰბრუნებოდა, რაც უფლების ბოროტად გამოყენებაა. ამასთან, სახელმწიფოს, როგორც ქონების მესაკუთრეს, არ მიუღია იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციამდე გამსესხებლის სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინება, რასთან დაკავშირებითაც არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსესხებელს მსხვილ საინვესტიციო პროექტში წარმოადგენდა არა რომელიმე საფინანსო დაწესებულება, როგორც ეს საბაზრო ეკონომიკისთვისაა დამახასიათებელი, არამედ კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში. აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ გამსესხებლის მიზანს თავიდანვე არ წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების შესრულება და მან დაარღვია სსკ-ის 8.3 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებათა ბათილობას მოითხოვს სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძველზე (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოსარჩელის მტკიცებით, გარიგებათა მოჩვენებითობას ადასტურებს ფაქტი, რომ, მიუხედავად მსესხებლის მიერ შესრულების ვადის დარღვევისა, მან ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა დაგვიანებით, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები მოიშალა და ნასყიდობის საგანი დაბრუნდა სახელმწიფოს საკუთრებაში.
18. საკასაციო პალატა არ იზიარებს გარიგებათა მოჩვენებითობის თაობაზე კასატორის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაასკვნა, მოსარჩელის მიერ გარიგებათა მოსაჩვენებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ ქმნის გარიგების ბათილობისათვის სსკ-ის 56.1 მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
19. პალატა მიუთითებს სსკ-ის 56.1 მუხლის საფუძვლით გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზე: საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამოვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც ნების გამომვლენი და მისი მიმღებიც მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). (შდრ სუსგ №ას-571-879-09, 30.04.2010წ.; №ას-171-159-2015; 29.04.2015წ.; №ას-789-754-2015 6.11.2015წ.;
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. ამას განაპირობებს, ჯერ ერთი ის ფაქტი, რომ გარიგების მოჩვენებითობისას კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს, თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება (ნების ნამდვილობა კი, ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, ამ კუთხით საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირთა სურვილი ან ნების ფორმირება.
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის იმგვარი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ დააყენებდა სესხის, იპოთეკისა და გირავნობის გარიგებათა ნამდვილობას. მხოლოდ ზემოაღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, სადავო ხელშეკრულებათა მოჩვენებით გარიგებებად მიჩნევა კი, შეუძლებელია. მით უფრო, როდესაც დადგენილია, რომ მსესხებელს სასესხო ვალდებულება 2013 წლის 30 მაისს უნდა შეესრულებინა, ხოლო კრედიტორმა ნოტარიუსს სააღრსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართა ამავე წლის დეკემბერში. თუკი მოსარჩელე აქცენტს ვალდებულების დარღვევიდან ნოტარიუსისათვის მამართვამდე ხანგრძლივ პერიოდზე აკეთებს, 6 თვე ვერ მიიჩნევა იმხელა დროდ, რომ კრედიტორის არაკეთილსინდისიერება დაადასტუროს, ხოლო, თუკი ნოტარიუსისათვის მიმართვას ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნებას უკავშირებს, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება მოშალა 2013 წლის 23 აგვისტოს ბრძანებით, ხოლო კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა არა მაშინვე, არამედ დეკემბერში. ამდენად, არ დგინდება არც ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნებასა და ნოტარიუსისათვის მიმართვას შორის პირდაპირი კავშირი.
22. კასატორის მტკიცებით, თავიდანვე მოჩვენებითი გარიგება დადებულია იმ განზრახვით, რომ პირველი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უძრავი ქონება სახელმწიფოს ვერ დაჰბრუნებოდა და მხარეებს ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ სახელმწიფოს, როგორც ქონების მესაკუთრეს, არ მიუღია იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციამდე გამსესხებლის სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინება.
23. კასატორი ზემოხსენებული პრეტენზიით ფაქტობრივად მოგირავნის მიერ სსკ-ის 282.1 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის საგნის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ შეტყობინების ვალდებულების დარღვევასა და დამგირავებლისათვის გირაოს გამოხსნის (სსკ-ის 269.3 მუხლი) უფლების წართმევაზე აპელირებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი გირავნობის საგნის რეალიზაციის დამადასტურერბელი მტკიცებულება. დგინდება, რომ კრედიტორმა მხოლოდ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ამასთან, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი გამსესხებელმა გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გამსესხებლის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ნოტარიუსის დადგენილება. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სახელმწიფო წარმომადგენლის მეშვეობით ჩართული იყო დავაში მესამე პირად. ამდენად, კასატორის პრეტენზია, რომ მისთვის, როგორც დაგირავებული წილის მესაკუთრისათვის, უცნობი იყო მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ, დაუსაბუთებელია. რაც შეეხება იპოთეკას, გარდა იმისა, რომ არც იპოთეკის საგნის რეალიზაცია დასტურდება, დადგენილია, რომ იპოთეკით დატვითულია საწარმოს - მეოთხე მოპასუხის ქონება და არა - პარტნიორის (სახელმწიფოს) ქონება. მოპასუხე რაკი საწარმოს წილის მესაკუთრეა, საკუთარ თავს საწარმოსთან აიგივებს, რაც არასწორია. იურიდიული პირი, მოცემულ შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დამოუკიდებელი სამართალსუბიექტია, რომლის უფლება-მოვალეობები იმიჯნება მისი პარტნიორისა თუ დირექტორის უფლება-მოვალეობებისაგან და საზოგადოებას, მისი პარტნიორების ქონებისაგან განცალკევებული, საკუთარი ქონება აქვს, რომელიც, განსახილველ შემთხვევაში, იპოთეკით დაიტვირთა. ამდენად, ამ კუთხითაც კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას და მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეებს ხელშეკრულებაში ასახული ნება ფულის სესხებისა, არ გააჩნდათ. საკასაციო პალატა დასძენს, რომ კასატორის მიერ მითითებული ფაქტები არ ქმნის გარიგების მოჩვენებითად მიჩნევის საფუძველს, რადგან არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ სადავო გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგები არ მოჰყვა. რაც შეეხება იპოთეკასა და გირავნობას, იკვეთება, რომ ხელშეკრულების დადებისას მხარეთა რეალურ მიზანს წარმოადგენდა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მყარი გარანტიის შექმნა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რომლებიც გადაწონიდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დავის სხვაგვარი სამართლებრივი შეფასების საფუძველს შეუქმნიდა სასამართლოს, კასატორს არ წარუდგენია. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ გამსესხებელი, მსესხებელი და იპოთეკის საგნის მესაკუთრე შეთანხმდნენ იმაზე, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებებს არ მოჰყოლოდა შესაბამისი იურიდიული შედეგი, რათა მიღწეულიყო კანონსაწინააღმდეგო მიზანი.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, ,,საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას“. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე