საქმე №ას-830-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ა–ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინების - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.ა–ამ“ (შემდგომ - მზღვეველი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ 13 636.94 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. 2016 წლის 25 აგვისტოს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ფიატ დუკატო“ სახელმწიფო ნომრით ....., ვინ კოდით: ZFA2...., რომელსაც შეეჯახა ავტომანქანა „ფოლცვაგენი“ სახელმწიფო ნომრით ...... საგზაო შემთხვევა გამოიწვია ამ უკანასკნელი ავტომანქანის მძღოლის - მოპასუხის მიერ საგზაო წესების დარღვევამ. ვინაიდან აღდგენითმა ღირებულებამ გადააჭარბა საბალანსო/სადაზღვევო ღირებულების 75%-ს, ავტომანქანა ჩაითვალა განადგურებულად და ზარალი ანაზღაურდა სრული საბალანსო ღირებულებით, გადასახდელი პრემიის - 1094.55 ლარის გამოკლებით. სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა 36 273.89 ლარი. დაზიანებული ავტომანქანა საკუთრებაში გადაეცა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც მისი რეალიზაციის შედეგად მიიღო 9000 ლარი. რაკი ზიანი 27 273.89 ლარია, ხოლო დაზღვეული ავტომანქანის მძღოლსაც მიუძღვის ბრალი ზიანში, მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს 13 636.94 ლარით (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა).
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, საგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხესთან ერთადდაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად. მოპასუხემ სადავოდ გახადა აღდგენითი სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებული შეფასებაც. ამასთან, აღნიშნა, რომ საქარე მინის დაზიანება არ არის მისი ქმედების შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა 13 636.94 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 ივნისის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილია, რომ 2015 წლის 25 აგვისტოს თბილისში, ..... ქუჩაზე, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი მოძრაობდა ავტომანქანა „ფიატით“ სახელმწიფო ნომრით ...., როდესაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევითვე მოძრავ ავტომობილ „ფოლქსვაგენს“ სახელმწიფო ნომრით - ..... , რომელსაც მართავდა მოპასუხე. განაჩენით, ორივე პირი ცნობილ იქნა დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს განესაზღვრათ ჯარიმა - 500-500 ლარი. მოპასუხეს განაჩენი არ გაუსაჩივრებია;
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ივნისის დასკვნის თანახმად, მოპასუხემ უგულებელყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები, რომლის დაცვის შემთხვევაში ავტო-საგზაო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილ „ფიატ“ EMS-030-ის მძღოლს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის (ავტომობილ „ფოლქსვაგენზე“ შეჯახების) თავიდან აცილება შეეძლო, თუ იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის“ შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფიატ“ EMS-030-ს გამოსაკვლევად წარდგენილი ვიდეოჩანაწერის მიხედვით, არ ჰქონდა ჩართული ლურჯი, მოელვარე სპეციალური ციმციმა - შუქურა და მუდმივი ხმოვანი სიგნალი;
- მზღვეველსა და სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის მიხედვით, საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის საბალანსო ღირებულება ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის - 2015 წლის 16 იანვრისათვის განსაზღვრული იყო 37 368.44 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საშუალება განადგურებულია (სრული დაზიანება), თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი სადაზღვევო თანხად განსაზღვრული ღირებულების 75%-ს ან მეტს აჭარბებს ან არსებობს შესაბამისი ექსპერტის დასკვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის მიზანშეუწონლობაზე;
- დაზღვეული ავტომანქანა ავტოავარიის შედეგად მიჩნეულია განადგურებულად, ზარალი ანაზღაურდა სრული საბალანსო ღირებულების მოცულობით, გადასახდელი პრემიის გამოკლებით, რის გამოც სადაზღვევო კომპანიამ 36 273.89 ლარი, დამზღვევის მოთხოვნის შესაბამისად გადაურიცხა შპს „სტრადა მოტორსს“ 2015 წლის 17 ნოემბერს;
- კომპანიამ დაზიანებული ავტომობილი გაასხვისა 9 000 ლარად, რის გამოც ასანაზღაურებელი ზიანი განსაზღვრა 27, 273.98 ლარით;
- შპს „ს–ის“ 2015 წლის 8 დეკემბრის №238/1 ექსპერტიზის აქტით განისაზღვრა ავტომანქანის საბაზრო ღირებულება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. ექსპერტიზის აქტის თანახმად, ექსპერტმა დაადგინა ვარგისი დეტალების ფასი, რომელთა ნაწილი მოპოვებულ იქნა ე.წ. ისნის ბაზრობის მეორეული დეტალების სარეალიზაციო სავაჭრო ობიექტებიდან. ნაწილი დეტალები, რომელთა ფასები ვერ იქნა მოძიებული ადგილობრივ ბაზარზე, ექსპერტმა იხელმძღვანელა ვებგვერდ EBAY-ით, რომელშიც მოცემულია ახალი და მეორეული დეტალების ღირებულება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქტში მითითებულია ავტომანქანაზე დაუზიანებელი ნაწილების ჩამონათვალი და მათი საორიენტაციო ღირებულება. აქტს ერთვის ფოტოილუსტრაცია და ვებგვერდ EBAY-დან ამოღებული ინვოისები. ექსპერტიზის აქტის თანახმად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით განისაზღვრა 7 836,57 ლარით. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „სტრადა მოტორსის“ 2015 წლის 9 სექტემბრის ინვოისი N133, რომელშიც დეტალურად (დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი, სულ) არის მითითებული ავტომობილის დაზიანებული ნაწილების დასახელება და ფასი, რომლის ჯამი 41 988 ლარია.
8. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანი გამოწვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე მძღოლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად. მოსარჩელის განმარტებით, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა 27 273.89 ლარის ნაცვლად, მოპასუხისათვის - 13 636.94 ლარის დაკისრების მოთხოვნა. ამდენად, მოპასუხე ზიანზე პასუხისმგებელი პირია და აპელანტის პოზიცია, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან, დაუსაბუთებელია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
10. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 415-ე მუხლი. ნორმა მიუთითებს ზიანის მიყენებაში მონაწილე პირების შერეულ ბრალზე და ადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. ნორმის თანახმად,ზიანი უნდა აანაზღაუროს იმ პირმა, უფრო მეტად ვისი ბრალითაც არის გამოწვეული ზიანი. განსახილველ დავაზე კი, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, უმეტესად რომელი მხარის ბრალით არის გამოწვეული ზიანი. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმით, რომ ბრალეულად მიიჩნია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე მძღოლი. სსკ-ის 415-ე მუხლი არ იცნობს ზიანის გადანაწილებას მხარეებს შორის, არამედ ზიანის ანაზღაურებას აკისრებს იმ პირს, ვისაც უფრო მეტად მიუძღვის ბრალი ზიანში. ასეთი პირი კი, მოპასუხე არ არის.
11. სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნით დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლს შეეძლო ავტომანქანის დამუხრუჭება, შეჯახების გარეშე გავლა და ზიანის თავიდან აცილება.
12. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენზე, რომლითაც პასუხისმგებლობა არ წარმოშობილა ქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, მისი უპირობოდ გამოყენება ქონებრივი ზიანის ნაწილში დაუშვებელია.
13. სასამართლოს არ შეუფასებია ვიდეოფაილები, სადაც ასახულია ავტოსაგზაო შემთხვევა, მისი შეჯახება ბეტონის კედელთან და დაზღვეული ავტომანქანისათვის ზიანის მიყენება მესამე პირის მიერ.
14. სასამართლომ არასწორად იმსჯელა ზიანის ოდენობასთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის განაწილებაზე, სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ არ წარადგინა ზიანის შეფასების აქტი. მსგავსი მტკიცებულება ვერ იქნებოდა წარმოდგენილი, რამდენადაც სარჩელის აღძვრის დროისათვის დაზღვეული ავტომანქანა მზღვეველს უკვე გასხვისებული ჰყავდა. 2015 წლის 25 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევაზე სარჩელი აღიძრა 2018 წლის 21 აგვისტოს, როდესაც უკვე მოსპობილი იყო ყოველგვარი ალტერნატიული ზიანის ოდენობის დამდგენელი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნის - მოპასუხისათვის 13 636.94 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 832.1 (თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო, მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
21. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის ელემენტები მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალია. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (შდრ. სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
23. არ არის გასაზიარებელი კასატორის პრეტენზია, რომ დაზღვეული ავტომანქანის მძღოლს რაკი შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, ზიანი უფრო მეტად მისი ბრალით არის გამოწვეული და, სსკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება საერთოდ არ უნდა დაეკისროს. პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 415-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულის თანაბრალეულობის მიხედვით განისაზღვრება არა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, არამედ მისი მოცულობაც. შესაბამისად, ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაზარალებულის თანაბრალეულობა ზიანში გავლენას ახდენს ზიანის ოდენობის განსაზღვრაზე. ზიანი დაზარალებულისა და დამზიანებლის პასუხისმგებლობის თანაფარდობის საფუძველზე უნდა გადანაწილდეს, როდესაც მნიშვნელოვან როლს არსულებს ბრალის ხარისხი.
24. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც შეეხება დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის „წვლილს“ ზიანში, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ მას დამუხრუჭებით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტი, რომ დაზარალებულს ავტოავარიის აცილება შეეძლო, მოპასუხის პასუხსმგებლობას კი არ გამორიცხავს, არამედ მის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობას ამცირებს. ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით კი, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანაფარდობით (ზიანის ნახევარი) ზიანის ანაზღაურება საფუძვლიანია.
25. რაც შეეხება კასატორის ზიანის ოდენობასთან დაკავშირებულ პრეტენზიას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ვერ შეძლო დამაჯერებელი არგუმენტებისა და ისეთი დასაშვები მტკიცებულების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა-შეკეთებაზე გასაწევი ხარჯი, მოსარჩელის მეირ მითითებულ თანხაზე ნაკლები იყო. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მოთხოვნა წარმოშობილია, რადგანაც ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება შესრულებული იყო.
26. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად ძირითადად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-482-2022, 10 ივნისი, 2022 წელი; №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი; №ას-383-383-2018, 15 მაისი, 2018 წელი; №ას-65-62-2016, 2016 წლის 12 აპრილი).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
31. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ას-830-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადაუვადდა. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 681.85 ლარის, 30% -ის - 204.55 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ვ.მ–ის დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ას-830-2020) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (681.85 ლარის) 30%-ის - 204.55 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე