საქმე №ას-709-2020 25 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ვ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.ბ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ბ–ძის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, მემკვიდრედ და ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ...... მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები
2. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი ვ.ბ–ძე (შემდგომ - მამკვიდრებელი) გარდაიცვალა 1987 წლის 13 სექტემბერს. მას ჰყავდა ოთხი კანონისმიერი მემკვიდრე: აწ გარდაცვლილი პ.ბ–ძე (მოსარჩელის მამა), მოპასუხე, აწ გარდაცვლილი ე.ბ–ძე და აწ გარდაცვლილი გ.ბ–ძე (მის მემკვიდრეებს პრეტენზია არ აქვთ დავის საგანზე). მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის მამა დაეუფლა მთელ სამკვიდროს, უძრავ და მოძრავ ქონებას, თბილისში წამოიღო მამის კუთვნილი ბევრი ნივთი, ჭურჭელი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები: თუშური ხალიჩა, ნავთის ჩასასხმელი სანათი, ლამპა, მამის კუთვნილი ხანჯალი, ასევე - ახალი ჭურჭელი, ქვაბები, თეფშები, ჭიქები. მოსარჩელის მამამ დაკრძალა მამკვიდრებელი, გაუკეთა საფლავი, გაიღო ყველა ხარჯი, ამუშავებდა მიწის ნაკვეთს და მამის გარდაცვალების დღიდან შეუდგა სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას. მოსარჩელის მამა გარდაიცვალა 1993 წელს. მოსარჩელემ გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. გასული წლის ბოლოს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ 30.11.2017 წელს მამკვიდრებლის სამკვიდროზე მიიღო სამკვიდრო მოწმობა.
მოპასუხის შესაგებელი
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ თვითონ და მისი ძმა ე.ბ–ძე. ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა მამის დანაშთ ქონებაზე და სამკვიდრო მიიღო მოპასუხემ. მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონება კანონით დადგენილი წესით არც მოსარჩელის მამას, არც მის მეუღლესა და შვილს არ მიუღიათ. მამკვიდრებელმა მოსარჩელის მამას მისცა ფული, რითაც შეიძინა ბინა თბილისში და იგი ოჯახთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯებს, მშობლებს დარჩენილი ჰქონდათ დანაზოგი, რითაც ყველა ხარჯი გაისტუმრეს და დაკრძალვის ან სხვა ხარჯებში არავის დახმარება დასჭირვებიათ. ხანჯალთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ ძმისშვილს ხანჯალი აჩუქა აწ გარდაცვლილმა ი.ბ–ძემ, რომელსაც უნდა მოენათლა. თუშური ხალიჩა და ნავთის ჩასასხმელი სანათი, ლამპა მამკვიდრებლის ოჯახს საერთოდ არ ჰქონია. მშობლების დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფლობდნენ და მმართავდნენ თვითონ და ძმა ე.ბ–ძე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინებით - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 20 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი შესწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: მოსარჩელეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯის - 700 (შვიდასი) ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისმა მამამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამკვიდრებლის სამკვიდროდან მოძრავი ნივთები, რითაც დაეუფლა სამკვიდრო ქონებას. საქმეში არ იყო წარმოდგენილი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ აპელანტის მამამ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის კუთვნილი ნივთები: სადავო ხანჯალი, ყანწები, ხალიჩა და სხვადასხვა რომლებსაც, თავის მხრივ, ფაქტობრივად დაეუფლა აპელანტი მამის გარდაცვალების შემდეგ. ამავდროულად, დადგენილი იყო, რომ აპელანტს სადავო სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანია კანონით დადგენილ ვადაში და არც სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია. ამჟამად, იგი არ ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ მისამართზე და ქონება წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, რომელიც 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა, კანონისმიერი მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება სრულად, მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10. კასატორის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, კასატორის მიერ მამის სამკვიდროს მიღების ფაქტი დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწობით, ხოლო მამის მიერ მიერ მამკვიდრებელის სამკვიდროს მიღების ფაქტი - კასატორის მოწმეთა ჩვენებებით. სასამართლომ არ გაიზიარა და დადგენილი წესით არ შეფასდა მოსარჩელის მოწმეთა: რ.ბ–ძის (მოსარჩელის ბიძაშვილი), ზ.ბ–სა (მოსარჩელის სიძის) და ლ.ბ–ის (მოსარჩელის კარის მეზობლის) ჩვენებები. სააპელაციო პალატამ რატომღაც არ გაიზიარა ამ მოწმეებიდან მამკვიდრებელთან ყველაზე ახლოს (მამკვიდრებელის ეზოში) მცხოვრები ნეიტრალური მოწმის, რ.ბ–ძის, ჩვენება, რომელიც მოპასუხის ძმის შვილია და კასატორის ბიძაშვილი და ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს. სასამართლომ მოპასუხის მოწმეების: ს. ბ–ძის, ვ.ი–ის, ლ.ბ–ძის, ვ.ბ–სა და ფ.ბ–ძის ჩვენებების შეფასებისას არ გაითვალისწინა მათი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, უნარი ფაქტების აღქმასა და გადმოცემასთან დაკავშირებით, დამოკიდებულება მოდავე მხარეებისადმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების მოსმენისას ნამდვილად დასტურდება მათი დაინტერესება საქმის შედეგით მოპასუხის სასარგებლოდ. ამ მოწმეებმა ჩვენებაში აღნიშნეს კიდეც, რომ მოპასუხესთან ძალიან ახლო კავშირი აქვთ, ხოლო მოსარჩელესთან ან არ აქვთ კარგი ურთიერთობა (მოწმეები ს.ბ–ძე და მისი მეუღლე ფ.ბ–ძე) ან ზოგიერთი ახლოსაც კი არ იცნობს.
11. სააპელაციო პალატა მოწინააღმდეგე მხარის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს უკავშირებს საქმეში წარმოდგენილ სანოტარო საქმეში არსებულ №100 ცნობას, რომლითაც, თითქოს, დგინდება მოპასუხის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი (დოკუმენტის თანახმად, 1987 წლის 13 სექტემბერს გარდაცვლილი მამკვიდრებლის (დაბ: 1914წ) გარდაცვალების დღიდან მის დანატოვარ ქონებას, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ......, ფლობს და სარგებლობს მოპასუხე). ეს დოკუმენტი საერთოდ არ გამოუყენებია მოწინააღმდეგე მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომაზე.
12. რაც შეეხება სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს/კასატორს სამკვიდროში შემავალი ნივთის - ხანჯლის სასამართლო სხდომაზე დათვალიერებაზე (ფოტოსურათები საქმეში წარმოდგენილია), უმართებულოა. შუამდგომლობაში მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ მისი შუამდგომლობა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაეთვალიერებინა საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული ხანჯალი, განაპირობა ჩვენებამ, მოწმე ს. ბურდილაძისა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხანჯალი თითქოსდა კასატორს აჩუქა ნათლიამ და არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის კუთვნილ ნივთს. ხანჯლის აღწერისას მან აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა რაიმე ორნამენტი. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ ფერად ფოტოზე გამოსახულ ხანჯალს ტარზე აქვს ოქროსფერი ორნამენტი და ს. ბ–ძის ჩვენების გასაბათილებლად დავაყენეთ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნული შუამდგომლობა (მოწმეც მთავარ სხდომაზე დაიკითხა). ნივთის დათვალიერებით სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ მოწმემ არასწორი ჩვენება მისცა სასამართლოს და ეს ხანჯალი არ შეესაბამებოდა იმ ნივთს, რომელიც მან აღწერა, თუმცა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა მოსარჩელე თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციისას და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
13. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოა მოსარჩელის მამის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.
18. სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სსკ-ის 1421-ე და 1424-ე მუხლების თანახმად, გარდაცვლილი პირის დანაშთ ქონებაზე საკუთრების წარმოშობისათვის სავალდებულოა, მემკვიდრემ სამკვიდროს გახსნიდან (სსკ-ის 1319-ე მუხლი) 6-თვიან ვადაში განახორციელოს ერთ-ერთი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება: დაეუფლოს სამკვიდროს ან მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით. სამკვიდროს მიღება მემკვიდრის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხდება. იგი მიმართულია მემკვიდრეობის მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდეს მის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ (შდრ. სუსგ №ას-1092-2020, 22.01.2021წ.). ამასთან, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, მიიჩნევა, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი (სსკ-ის 1421 (3) მუხლი). სსკ-ის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღება ფაქტობრივი ფლობით, რომელიც ამტკიცებს სამკვიდროს მიღების ფაქტს, გულისხმობს მემკვიდრის მიერ ნებისმიერ მოქმედებებს ამ ქონების მართვის, განკარგვისა და სარგებლობის შესახებ, მის სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნებას ან გადასახადების გადახდას, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სამემკვიდრეო სახლში მცხოვრები დამქირავებლისაგან ქირის ამოღებას, სამემკვიდრეო ქონების ხარჯზე სამკვიდრო ქონების დაცვისა და მართვისათვის საჭირო ხარჯების გადახდას ან მამკვიდრებლის ვალების დაფარვას და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მითითებული მოქმედებები შეიძლება შეასრულს როგორც მემკვიდრემ, ასევე, მისი დავალებით, სხვა პირმა, სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრულ ვადაში. სამკვიდრო ქონების მართვა შეიძლება გამოიხატოს ამ ქონებასთან დაკავშირებით მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი და იურიდიული ხასიათის მოქმედებებითაც, რომლებიც უზრუნველყოფენ ცალკეული ობიექტების (სახლის, აგარაკის თუ საბაღე ნაკვეთის, სამშენებლო ობიექტების და სხვა) ნორმალურ ფუნქციონირებას და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მოქმედებებით, რომლებიც მიმართულია მთლიანი სამკვიდროს მდგომარეობის მოწესრიგებისკენ (მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი ფასეულობების გამოკვლევა, მოვალეების დადგენა და მათ მიერ ვალების დაფარვის პირობები და ა.შ.). სამკვიდრო ქონების მართვა თავისი შინაარსით, საკუთრების უფლების განხორციელების მოქმედებების ანალოგიურად განიხილება (სუსგ №ას-1493-2020, 15.04.2021წ., პ.58; №ას-186-2019წ, 24.02.2021წ., პ.20).
20. ამდენად, სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებები უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღეს სსკ-ის 1319-1320-ე მუხლები), არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან (სსკ-ის 1433-ე მუხლი), მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში (სსკ-ის 1424-ე მუხლი) შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (შდრ. სუსგ №ას-283-268-2017, 07.07.2017წ).
21. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მამის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი. ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების დადგენისას მნიშვნელოვანია, იმ გარემოების ნათლად განსაზღვრა, თუ რამდენად თავისად მიიჩნევს მემკვიდრე დანაშთ ქონებას და რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავო პერიოდში სამკვიდრო ქონებაზე, როგორც საკუთრებაზე თავისი მამის ბატონობას დაადასტურებდა. არ დასტურდება ამ უკანასკნელის მიერ მამკვიდრებლის მოძრავი ნივთების დაუფლებისა და განკარგვის ფაქტობრივი გარემოებაც.
22. დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტის დადგენისას არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, დაუსაბუთებლად არ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები და, პირიქით, არასწორად შეაფასა მოპასუხის მხარეს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატის მსჯელობა საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის სწორ გამოყენებას ემყარება, ხოლო, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი ფაქტის გამაქარწყლებელ საპირწონე მტკიცებულებებზე მოსარჩელე ვერ მიუთითებს.
23. საკასაციო სასამართლო, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან და არც ამ თვალსაზრისით არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესო კოდექსით დადგენილი წინაპირობა (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017წ.; №ას-572- 543-2014, 19.03.2015წ; №ას-555-526-2014, 10.10.2014წ).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-444-2019,07.06.2019წ.; №ას-1756-2018, 12.02.2019წ.; №ას-281-266-2017, 19.05.2017წ.).
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან - 1500 ლარიდან კასატორმა გადაიხადა 750 ლარი, ხოლო 750 ლარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გადაუვადდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კასატორს დაუბრუნდება 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ვ.ბ–ძეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 750 ლარიდან (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 10.08.2020) - 300 ლარი (1500 ლარის 70%-ს (1050 ლარს) გამოაკლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 750 ლარი).
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე