№ას-237-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ი.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ლ.ტ–ი, ა(ა)იპ „ჟურნალისტები მომავლისათვის - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა“
დავის საგანი - პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
I აღწერილობითი ნაწილი:1. ი.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ლ.ტ–ისა და ა(ა)იპ „ჟურნალისტები მომავლისათვის - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივის“ მიმართ და მოითხოვა მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ინფორმაციასთან („ინტერპოლმა შეაჩერა ძებნა ქართველი საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე“; „ი.გ–ძეს ბრალი ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე ე.შ–ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში, სასამართლომ განაჩენი 1997 წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა“) დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ მოპასუხეებისთვის ცნობის გამოქვეყნების დავალება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ი.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. „ჟურნალისტები მომავლისთვის - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა“ არის საქართველოში დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია 2009 წლის 19 აგვისტოდან და მის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლ.ტ–ი. ორგანიზაციის მიზნებს წარმოადგენს საინფორმაციო სააგენტოს შექმნა და სააგენტოს მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება-გავრცელება, მედიის საშუალებების (ბეჭდური, ელექტრონული) დაფუძნება და ფუნქციონირება, საქართველოში ჟურნალისტის პროფესიის განვითარებისთვის ხელშეწყობა, საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
3.2. საინფორმაციო პორტალი „DEMOCRACY & FREEDOM WATCH“ (www.dfwatch.net) წარმოადგენს ა(ა)იპ „ჟურნალისტები მომავლისთვის - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივის“ დაფუძნებულ საინფორმაციო საშუალებას;
3.3. ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ „დემოქრასი ენდ ფრიდომ ვოჩ“ (DEMOCRACY & FREEDOM WATCH) არის დემოკრატიისა და თავისუფლების საკითხებზე მომუშავე, დამოუკიდებელი, ახალი ამბების სააგენტო საქართველოში. მის სტატიებს აქვეყნებს საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტები მომავლისთვის“, „ღია საზოგადოებისა“ და „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ მხარდაჭერით;
3.4. საიტი გაშვებულია 2011 წლიდან. სააგენტოს მთავარი რედაქტორია ლ.ტ–ი;
3.5. 1995 წელს მოსარჩელე ი.გ–ძე იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი;
3.6. 2016 წლის 23 ივლისს საინფორმაციო პორტალის - „DEMOCRACY & FREEDOM WATCH“ მეშვეობით, გამოქვეყნდა სტატია, რომლის ინგლისური ვერსია დასათაურებული იყო შემდეგი ტექსტით: „ინტერპოლმა შეაჩერა ძებნა ქართული საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე“; სტატიაში აღნიშნულია, რომ „ი.გ–ძეს ბრალი ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ე.შ–ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში, სასამართლომ განაჩენი 1997 წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა“. იგივე სტატია ქართულ ენაზე დასათაურებული იყო შემდეგნაირად: „ი.გ–ძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს“;
3.7. „ნასამართლობის შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის ცნობის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მოქალაქე ი.პ. ძე გ–ძე არ არის ნასამართლევი; 1995 წლის 20 ოქტომბრიდან იძებნება კრიმინალური პოლიციის მიერ.
4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-17, მე-19, 24-ე მუხლებზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-19 მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, მე-4, მე-6, მე-7, მე-14 მუხლებზე. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო პირს, რომლის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვისთვის აუცილებელი იყო შემდეგი წინაპირობების ერთდროულად არსებობა: არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება, გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა, განცხადების გავრცელების შედეგად პირისათვის ზიანის მიყენება.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ წინადადება - „ინტერპოლმა შეაჩერა ძებნა ქართველი საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე“ - შეიცავდა ინტერპოლის მიერ ძებნის შეჩერების თაობაზე ფაქტობრივ მოცემულობას, რომლის რეალურობა მხარეთა შორის დავას არ იწვევდა, ხოლო სიტყვები „ნომერ პირველი მტერი“ წარმოადგენდა სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გადმოცემას. შესაბამისად, გამოხატვის ფორმის მიუხედავად, აღნიშნულ წინადადებას არ გააჩნდა ცილისწამების მაკვალიფიცირებელი აუცილებელი ელემენტი - არ წარმოადგენდა მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით მცდარი ფაქტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას, რომლის სინამდვილესთან შესაბამისობის ან მცდარობის დადასტურება/უარყოფაც შესაძლებელი იქნებოდა. აზრის გამოხატვა კი, მიუხედავად მისი სუბიექტურობისა, მცდარობისა, საფუძვლიანობისა თუ უსაფუძვლობისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული იყო ჩარევისაგან.
6. მეორე სადავო წინადადებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის წარმოადგენდა ტერორისტული თავდასხმის ორგანიზების შესახებ ბრალდებისა და მოსარჩელის მიმართ 17 წლით პატიმრობის სახით განაჩენის გამოტანის შესახებ ფაქტების შემცველ ინფორმაციას, მოსარჩელემ კი დაამტკიცა მის მიმართ 17 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით განაჩენის არსებობის ფაქტის მცდარობა. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო პირისთვის ზიანის მიმყენებელი ფაქტის შემცველი ინფორმაცია ბრალეულად (განზრახ ან აშკარა ან უხეში გაუფრთხილებლობით) უნდა იყოს გავრცელებული. მოპასუხის ბრალეულობასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერზე, რომელშიც საქმის ყოფილი პროკურორი აცხადებს, რომ ი.გ–ძის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. ამასთან, მოპასუხისთვის განაჩენის არსებობისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეულობა ვერ დაადასტურა.
7. გარდა ზემოაღნიშნულისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ დიფამაციური სარჩელის წარდგენის ვადა შეადგენს 100 დღეს იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაეცნო, ან შეეძლო, რომ გასცნობოდა სადავო განცხადებას. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო განცხადებები გავრცელებულ იქნა 2016 წლის 23 ივლისს, ხოლო სარჩელი წარდგენილ იქნა 155 დღის შემდგომ, 2016 წლის 27 დეკემბერს, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს არ წარმოადგენდა 2018 წლის ნოემბერს მოპასუხისთვის გავრცელებული ცნობების რეალობასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიმართვა. ასევე, სასამართლოს განმარტებით, კანონით დადგენილი სარჩელის წარდგენის ვადას ვერ შეცვლიდა ვებ-გვერდის საძიებო ველის საშუალებით გავრცელებული სტატიის მოძიების შესაძლებლობის კვლავ არსებობა.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი უსაფუძვლობისა და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება ი.გ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ი.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წინადადება - „ინტერპოლმა შეაჩერა ძებნა ქართველი საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე“ - ერთდროულად შეიცავდა ინტერპოლის მიერ ძებნის შეჩერების თაობაზე რეალურ ფაქტობრივ მოცემულობას და პიროვნების შესახებ სუბიექტური დამოკიდებულებით გაჯერებული აზრის გადმოცემას, რის გამოც ხსენებული წინადადება ცილისწამებად არ იქნა განხილული.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მეორე სადავო წინადადება წარმოადგენდა ფაქტების შემცველ ინფორმაციას. მართალია, მოსარჩელემ დაამტკიცა მის მიმართ 17 წლით თავისუფლების აღკვეთის სახით განაჩენის არსებობის ფაქტის მცდარობა, თუმცა ვერ დაამტკიცა, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ეს გარემოება (სადავო განცხადების გამოქვეყნებამდე გავრცელდა საქმის ყოფილი პროკურორის განცხადება, რომ ი.გ–ძის მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. შესაბამისი უწყებებიდან განაჩენის არსებობისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია კი მოპასუხისთვის ხელმისაწვდომი არ იყო).
15. ამდენად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობდა. ამასთან, პალატამ დამატებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
17. კასატორი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ჟურნალისტთა ეთიკის წესები - სათანადოდ არ გადაამოწმა ინფორმაცია, მის მიერ გამოქვეყნებული განცხადებები მცდარი ფაქტების შემცველია და ხელყოფს მოსარჩელის პატივსა და ღირსებას. ამასთან, საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოთხოვნა წარდგენილ იქნა ხანდაზმულობის ვადის დაცვით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად; მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:19. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევისა და, შედეგად, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობების არსებობა.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის როგორც სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, ისე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია; ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
22. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებასაც მოიცავს. თუმცა, ეს თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი უწესრიგობის თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ანდა სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
23. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლებას გააჩნია უდიდესი მნიშვნელობა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისა და ადამიანის თვითრეალიზაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ის შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ლეგიტიმური მიზნით. კერძოდ, „არც ერთი ადამიანის თავისუფლება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სხვისი თავისუფლების ხელყოფას. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ზღვარიც სხვათა უფლებებია. ის არ სარგებლობს თავისთავადი უპირატესობით რომელიმე სხვა კონსტიტუციურ სიკეთესთან მიმართებით. მაშინ როდესაც ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობამ რეალური დარღვევის საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამა თუ იმ უფლებას, გამოხატვის თავისუფლებაც შეიძლება შეიზღუდოს და ესეც დემოკრატიის ერთი-ერთი მთავარი წესია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44). სწორედ ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევისა და შედეგად სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციალურ წესს კი არეგულირებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
24. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. ამასთან, იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით; ე.ი. ექვემდებარება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან პირის სრულ და უპირობო გათავისუფლებას. რაც შეეხება ცილისწამებას, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
25. ამრიგად, ინფორმაციის გავრცელების შედეგად სხვა პირის უფლებების შელახვისთვის პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის შეფასებისას, პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს აზრისა და ფაქტების გამიჯვნა. „სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალიბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის №ას-1278-1298-2011 გადაწყვეტილება). ამასთანავე, საგულისხმოა, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მარტო ის „ინფორმაცია“ თუ „იდეები“, რომლებიც ხელსაყრელად მიიღება ან მიიჩნევა როგორც არაშეურაცხმყოფელი ან უმნიშვნელო, არამედ აგრეთვე ისეთის მიმართ, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკირებადია და შემაწუხებელი. ასეთია მოთხოვნები პლურალიზმის, ტოლერანტობის და ფართო აზროვნებისა, რომლის გარეშე არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1976 წლის 7 დეკემბრის №5493/72 გადაწყვეტილება საქმეზე „ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, § 49).
26. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელე სადავოდ ხდის მის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში გაჟღერებულ ორ წინადადებას, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოცემულია შემდეგი შინაარსით: „ინტერპოლმა შეაჩერა ძებნა ქართველი საზოგადოების ნომერ პირველ მტერზე“. მხარეებს შორის სადავო არ არის ინტერპოლის მიერ ი.გ–ძის მიმართ ძებნის შეჩერების თაობაზე გადმოცემული ინფორმაციის სისწორე, ხოლო მოსარჩელის „საზოგადოების ნომერ პირველ მტრად“ მოხსენიება არ წარმოადგენს ფაქტს - შეუძლებელია მისი რეალურობის გადამოწმება. მითითებული ფრაზა გამოხატავს არა კონკრეტული ფაქტობრივი ვითარების ასახვას, არამედ - ჟურნალისტის სუბიექტურ დამოკიდებულებასა და შეფასებას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ხსენებული წინადადება, როგორც აზრი, დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და მისი გამოქვეყნებისთვის მოპასუხეთათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდება. დამატებით, საკასაციო პალატა მაინც გაამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ სადავო შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცვისა და მოპასუხის გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის უფლებები, რომელთა სადავო წინადადების შინაარსის ფარგლებში შეპირისპირებაც ცხადყოფს, რომ მისი ცილისწამებად მიჩნევა და სარჩელის დაკმაყოფილება გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულ ხელყოფას გამოიწვევდა.
27. რაც შეეხება მეორე სადავო განცხადებას, ის ფორმულირებულია შემდეგი სახით: „ი.გ–ძეს ბრალი ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტზე, ე.შ–ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ორგანიზებაში, სასამართლომ განაჩენი 1997 წლის აპრილში გამოიტანა, მას 17 წლით პატიმრობა მიესაჯა.“ მითითებული წინადადება შეიცავს ფაქტების გადმოცემას და, ამრიგად, უნდა შეფასდეს, რამდენად წარმოადგენს ის ცილისწამებას. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ნასამართლობის შესახებ“ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 21 დეკემბრის ცნობაზე, რომლის თანახმად, მოქალაქე ი.პ.ის ძე გ–ძე არ არის ნასამართლევი; 1995 წლის 20 ოქტომბრიდან იძებნება კრიმინალური პოლიციის მიერ. ამრიგად, მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავდა არსებითად მცდარ ფაქტს მის შესახებ.
28. თუმცა, სარჩელის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას დამატებით მნიშვნელოვანია, რომ კანონი განსხვავებულად არეგულირებს საჯარო და კერძო პირების მიმართ ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს. კერძოდ, საჯარო პირის ცილისწამებისათვის, კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
29. სადავო შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე 1995 წელს იყო საქართველოს უშიშროების მინისტრი და გამოქვეყნებული სტატიაც ამავე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო პირია. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისთვის მოპასუხე მხარის ბრალეულობის დადასტურებაცაა საჭირო. დასახელებული საკითხის შეფასებისას კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო სტატიის გამოქვეყნებამდე გავრცელდა საქმის ყოფილი პროკურორის ინტერვიუ, რომელშიც ის მიუთითებს ი.გ–ძის მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამასთან, განაჩენის არსებობისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტისთვის, კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის გზით, ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელემ მოპასუხის ბრალეულობა ვერ დაამტკიცა, რაც ცილისწამებისთვის მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი - არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განჩინება;
3. ი.გ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე