Facebook Twitter
საქმე №ას-310-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „გ–სი“

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

I აღწერილობითი ნაწილი:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 26 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „გ–სის“ მიმართ და მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 11325 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „გ–სის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, შემცირებული პირგასამტეხლოს სახით, 3000 ლარის გადახდა დაეკისრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ–სის“ შორის 2017 წლის 19 აპრილს დაიდო №03.01./20/251 ხელშეკრულება თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროსის თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობა) შესყიდვის შესახებ. მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა კი - 2020 წლის 1 მაისამდე;

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა, ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; ხოლო 8.3. პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ განახორციელებდა შესაბამის აგრო-ტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა, გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა) მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

4.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №18-01190283807 წერილით დადასტურდა გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ფარგლებში დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები თბილისში, სხვადასხვა მისამართზე;

4.3. შპს „გ–სმა“ არაერთხელ დაარღვია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 28 იანვრის №18-01190283807 წერილით დადასტურებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების შესრულების ვალდებულება, კერძოდ, ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა 4-ჯერ, ოქტომბერში - ერთხელ, თუმცა კოჯრის გზატკეცილი №?-ში მცენარეები არ იქნა მორწყული;

4.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2020 წლის 16 მარტის №12-01200763307 და №12-01200763305 წერილებით შპს „გ–სის“ ეცნობა დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ (ჯამში 11325 ლარი). კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ჯერზე (ჯამში - 5 შემთხვევა) ხელშეკრულების ღირებულების (453000 ლარი) 0,5%-ის ოდენობით. აღნიშნული თანხა კომპანიას არ გადაუხდია.

5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, იმავე კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მხრიდან დაშვებული დარღვევების მიუხედავად, ჰორიზონტალური კვიპაროსების გახმობით ან გაუვარგისების ფორმით ზიანის მიყენებაზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. მოსარჩელემ მხოლოდ დარგული მცენარეების გახმობის საფრთხის წარმოქმნაზე მიუთითა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 11325 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო და, ვალდებულების დარღვევის ხარისხის და ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის მიყენების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, უნდა შემცირებულიყო 3000 ლარამდე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს დაკისრება ატარებდა ზიანის პრევენციის და არა ზიანის გამოსწორების ფუნქციას, რის გამოც 11325 ლარი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეამცირა ის 3000 ლარამდე.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება ადმინისტრაციულმა ორგანომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

12. კასატორი აღნიშნავს, რომ, მართალია, კანონი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა სასამართლომ ყველა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. კასატორის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაში უსაფუძვლოდ იქნა შემცირებული მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

13. საკასაციო პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 28 ივნისის განჩინებით - მიჩნეულ იქნა დასაშვებად; მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

14. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების კანონიერება.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამრიგად, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ პირგასამტეხლო და განსაზღვრონ მისი ოდენობა, თუმცა თუკი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს მინიჭებული აქვს მისი შემცირების უფლებამოსილება. „პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ას-186-2021 განჩინება).

17. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროსის თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობა) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების ჯეროვნად შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების - 453000 ლარის 0,5%-ის ოდენობით, ყოველი დარღვევისთვის. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკი, კერძოდ, 2019 წლის ივლისის თვეში უნდა განხორციელებულიყო თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ხე-მცენარეების მორწყვა 4-ჯერ, ხოლო ოქტომბერში - ერთხელ, თუმცა კოჯრის გზატკეცილ №?-ში მცენარეები არ იქნა მორწყული. თუმცა, მოპასუხის მხრიდან დაშვებული დარღვევების მიუხედავად, მცენარეები არ დაზიანებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვა მერიამ მოპასუხისთვის 11325 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის ოდენობაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა 3000 ლარამდე შეამცირეს.

18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების შინაარსზე, სიმძიმეზე, დამდგარ ფაქტობრივ შედეგებზე, თითოეული დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენდა, რის გამოც არსებობდა მისი შემცირების წინაპირობა. ამასთან, პირგასამტეხლოს შემცირებისას გასათვალისწინებელია, რომ „სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის №ას-1417-2018 გადაწყვეტილება). ამდენად, „როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრის №ას-189-2022 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირეს, კერძოდ, მოპასუხის სტატუსის, სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილებისა და დარღვევის რაოდენობის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების ღირებულების 0,2% თითოეული დარღვევისთვის.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა და საქმეზე, იმავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება - შპს „გ–სის“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 4530 ლარის ოდენობით.

20. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%-ს; სააპელაციო საჩივრისათვის - 4%-ს; საკასაციო საჩივრისათვის - 5%-ს. ვინაიდან კასატორი (მოსარჩელე) სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 543,6 ლარი.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „გ–სის“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 4530 ლარის გადახდა;

5. შპს „გ–სის“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 543,6 ლარის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე