თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - ნ.კ–ნი, მ.ქ–ია
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ი.ო–ი, ქ.ო–ი
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:ნ.კ–ნმა და მ.კ–მა (ქორწინების შემდეგ მიეკუთვნა მეუღლის გვარი - ქაჯაია) სარჩელით მიმართეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ი.ო–ისა და ქ.ო–ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.კ–ნისა და მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ.ე–ის სახელზე 1994 წლის 14 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის №302) და სამკვიდრო ქონებიდან ამოირიცხა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ....... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი - 48.9 მ2 ფართი; ამავე ფართის ნასყიდობის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ.ე–სა და ი.ო–ს შორის 2013 წლის 10 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილება ი.ო–მა და ქ.ო–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ი.ო–ისა და ქ.ო–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.კ–ნისა და მ.კ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ.კ–ნმა და მ.ქ–იამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორები მიუთითებენ, რომ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1993 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საკუთრებაში გადაეცათ ლაგოდეხის რაიონის სოფელ ქვემო ნაშოვარში მდებარე საცხოვრებელი სახლის 48.9 მ2 ფართი. მართალია, მათ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ, მაგრამ საკუთრების უფლება აბსოლუტური სანივთო უფლებაა და, ამდენად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ უფლების რეესტრში რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, კასატორები უკანონოდ მიიჩნევენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, ხანდაზმულობის ვადებზე მითითებით. კასატორები აღნიშნავენ, რომ რადგან სადავო უძრავი ქონება მათ საკუთრებას წარმოადგენდა, ქ.ე–ის მიერ 1994 წლის 14 მარტს მიღებულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდრო აქტივად მოსარჩელეთა კუთვნილი ფართი არ უნდა მითითებულიყო და მოგვიანებით, ამავე პირს არ ჰქონდა სადავო ნივთის გაყიდვის უფლებაც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ნ.კ–ნისა და მ.ქ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე მოსარჩელეთა პრეტენზიის საფუძვლიანობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მითითებული ნორმით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება, გამოიხატოს იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. ამ ვადის გასვლის გამო კი, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივნისის №ას-1080-2018, 2017 წლის 14 ივლისის №ას-559-534-2016 და 2012 წლის 6 აპრილის №ას-205-198-2012 განჩინებები).
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები უძრავ ნივთზე მათი საკუთრების უფლების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასახელებენ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 29 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეებს საკუთრების უფლებით გადაეცათ სადავო ფართი. თუმცა, დადასტურებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება - საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსარჩელეებს არ განუხორციელებიათ. ასევე, საყურადღებოა, რომ ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეთა მიერ ნივთის ფაქტობრივი ფლობაც არ დასტურდება, უფრო მეტიც, სადავო ქონებით სხვა თანამესაკუთრეები - მოპასუხეები სარგებლობდნენ და მათზე იყო საკუთრების უფლებაც რეგისტრირებული; ამდენად, მოსარჩელეებისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მოპასუხეები მათ საკუთრების უფლებას ეცილებოდნენ. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, რის გამოც მოსარჩელეები სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეებად ვერ იქნებიან განხილულნი. ასეთ პირობებში კი, გასაჩივრებული სამკვიდრო მოწმობითა და ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ხელყოფის თაობაზე კასატორთა პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ნისა და მ.ქ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
3. ნ.კ–ნსა (პ/ნ ......) და მ.ქ–ას (პ/ნ ......) დაუბრუნდეთ მ.ტ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2022 წლის 9 აგვისტოს №14106592114 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე