Facebook Twitter
საქმე №ას-1083-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ი.“

კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორ შპს „ი-ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

კასატორ შპს „მ–ის“ მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ი-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „მ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი დავალიანების - 772 500 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარში), დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარში), ზიანის - 135 333,91 აშშ დოლარის და ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „მ–ის“ შპს „ი -ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად და ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის გადახდა; შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3068 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 8400 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 768 796 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად; მოსარჩელეს უარი ეთქვა ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის ანაზღაურებაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

კასატორი შპს „ი“ აღნიშნავს, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სრულად უნდა აუნაზღაურდეს ძირითადი დავალიანება - 772 500 აშშ დოლარი.

კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს, რომ უნდა აუნაზღაურდეს დამატებითი სამუშაოების ღირებულება, რადგან ისინი ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შესრულდა.

კასატორი შპს „ი“, ასევე, მიიჩნევს, რომ უნდა აუნაზღაურდეს ზიანი, რომელიც მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია, კერძოდ, მოსარჩელე იძულებული გახდა, აეღო სესხი და მისი დროულად დაფარვის შეუძლებლობის გამო ჯარიმაც გადაიხადა.

რაც შეეხება ჯართის შენახვის ღირებულების ანაზღაურებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმას, მოსარჩელე აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს, შესაბამისად, ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

კასატორი შპს „მ–ი“ მიუთითებს, რომ მოსარჩელემ ძირითადი ხელშეკრულება სრულყოფილად არ შეასრულა და არც დაშვებული ხარვეზები გამოასწორა. აქედან გამომდინარე, კასატორის (მოპასუხის) განმარტებით, არ არსებობს მოსარჩელისთვის 772 500 აშშ დოლარის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მართალია, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მისი არგუმენტი ნაკლიანი შესრულების თაობაზე და ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო მოპასუხის მიერ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ნაწილი, თუმცა არასწორად გამოთვალა ვალუტის კურსი, კერძოდ, 22 400 ლარი სასამართლომ 3 704 აშშ დოლარად გაიანგარიშა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი - დასაშვებად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მენარდის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

ამრიგად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური. ამასთან, თუკი მენარდე გადააჭარბებს მხარეთა შორის შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვას, განსხვავებულად რეგულირდება საკითხი შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის ტიპების მიხედვით. თუ შეთანხმებულია მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა (ე.ი. შესაძლებელია სამუშაოების შესრულების პროცესში ის შემცირდეს ან გაიზარდოს), გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო; მეორე ნაწილის მიხედვით კი, მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.

რაც შეეხება მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბებას, უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტების თანახმად (სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის №ას-888-834-2012 გადაწყვეტილება), „მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება“.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება და მათ შეთანხმებული ჰქონდათ მყარი ხარჯთაღრიცხვა, კერძოდ, სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო 20 000 000 აშშ დოლარით, რომელიც ყველა ხარჯს მოიცავდა; ხელშეკრულების მიხედვით, თუ მენარდე გადააცილებდა ამ თანხას, მეტი ანაზღაურება არ მიეცემოდა.

ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს შეთანხმებულ თანხაზე მეტ ანაზღაურებას, დამატებითი სამუშაოების ღირებულების ოდენობით, თუმცა მას შემკვეთისთვის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნით არ მიუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის (მოსარჩელის) მითითებას, რომ დამატებითი სამუშაოების შესრულება მხარეთა მიერ ზეპირსიტყვიერად შეთანხმდა, რადგან მსგავსი შეთანხმების არსებობა მოპასუხემ სადავოდ გახადა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით, ვერ უზრუნველყო დამატებითი სამუშაოების შესრულებასა და მის ანაზღაურებაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დადასტურება.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამრიგად, სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, რამაც კონტრაჰენტს ზიანი მიაყენა, ბრალეულად მოქმედი მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობას ქმნის. ზიანის ანაზღაურება კი, სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამოიხატება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში, ან თუ ეს შეუძლებელია - კრედიტორისთვის ფულადი ანაზღაურებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული თანხის გადაუხდელობის გამო სესხის აღებასა და შედეგად, სარგებლისა და ჯარიმის გადახდაზე მითითებით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ სესხი აიღო 2016 წლის 22 ივნისს, როდესაც სამუშაოების შესრულება შეჩერებული იყო და მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულება გაგრძელდა და მისი დასრულების ახალი ვადები განისაზღვრა მხოლოდ 2016 წლის 22 დეკემბრის შეთანხმებით. ამდენად, 2016 წლის 22 ივნისს სესხის ხელშეკრულების დადების საჭიროების წარმოშობა ვერ დაუკავშირდება მოპასუხის ქმედებებს. მეორედ კი, მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისს აიღო ბანკისგან სესხის სახით 200 000 აშშ დოლარი და პროცენტის სახით გადაიხადა 17 014,67 აშშ დოლარი. ამ დროისთვის შპს „მ–ის“ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა (გარდა სადავო 772 500 აშშ დოლარისა) გადახდილი ჰქონდა. ამრიგად, მოპასუხის მიერ ანაზღაურებული და სესხად აღებული თანხების ოდენობის გათვალისწინებით, არც ამ შემთხვევაში დასტურდება მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიერ სესხის აღებასა და მოპასუხის ქმედებას შორის. აქედან გამომდინარე, შპს „ი -ს“ მართებულად ეთქვა უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს - შპს „ი-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

რაც შეეხება შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატა, სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული ძირითადი დავალიანების ოდენობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ვალუტის კურსთა გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებულია, რის გამოც შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, საჩივარი განხილულ უნდა იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივრის დაშვების პირობებში, მის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მხარეთა მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილებისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების საკითხები გადაწყდება შპს „მ–ის“ მოთხოვნის არსებითად გადაწყვეტისას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი -ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

4. შპს „ი -ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს თ.ს–ის (პ/ნ ....) მიერ 2022 წლის 17 ოქტომბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე