თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ი–სი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი.რ–ძე
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრისა და 20 ოქტომბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ი–სმა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ი.რ–ძის, პ.ნ–ძისა და ქ.რ–ძის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამასთანავე, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს განჩინებით შპს „ი–სის“ განცხადება დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო პ.ნ–ძის კუთვნილ, შპს „ი–სში“ 49% წილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი–სის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; პ.ნ–ძეს, ი.რ–ძესა და ქ.რ–ძეს შპს „ი–სის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 186 444,96 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. შპს „ი–სმა“ კი სააპელაციო პალატას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შუამდგომლობით მიმართ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შპს „ი–სის“ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პ.ნ–ძეს აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ი.რ–ძისა და პ.ნ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქ.რ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ი–სის“ მოთხოვნა ქ.რ–ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
შპს „ი–სმა“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსასრულებლად ი.რ–ძის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით შპს „ი–სის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კომპანიამ საჩივრით გაასაჩივრა.
საჩივრის ავტორის განმარტებით, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა და კრედიტორი უფლებამოსილი იქნება, საკუთარი სურვილისამებრ, წარუდგინოს მათ მოთხოვნა ცალ-ცალკე ან ერთად, ი.რ–ძის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსასრულებლად აუცილებელია მის ქონებაზე ყადაღის დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „ი–სის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფის საშუალებების დამატებით გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ი–სის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. იმავე კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები კი ჩამოთვლილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში, რომლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემსახურება მოსარჩელის ინტერესების დაცვასა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას, თუმცა ვინაიდან ამავდროულად წარმოადგენს ჩარევას მოპასუხის კანონით დაცულ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა დეტალურ შესწავლას მოითხოვს, რათა დადგინდეს მისი გამოყენების აუცილებლობა და უზრუნველყოფილ იქნეს მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. სწორედ ამიტომ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, ასევე - უნდა მიუთითოს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ სახეზე, რომელიც მოსარჩელისთვის ყველაზე ეფექტურად და მოპასუხისთვის ნაკლები ზიანის მიყენებით გახდის შესაძლებელს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნის (სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად აღსრულება) მიღწევას.
სადავო შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ შპს „ი–სმა“ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება რამდენჯერმე მოითხოვა, შედეგად, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოთა მიერ ყადაღა დაედო ერთ-ერთი მოპასუხის (სოლიდარული მოვალის) - პ.ნ–ძის წილს საზოგადოებაში და მასვე აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამრიგად, საქმეზე უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც არსებული ვალდებულების ოდენობის, ასევე, გამოყენებული ღონისძიებების შინაარსისა და ღირებულების გათვალისწინებით, სრულად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილებით წარმოშობილი მოთხოვნის იძულებით აღსრულებას, ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში. ამასთან, ვინაიდან პ.ნ–ძესა და ი.რ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ ვალდებულების შესრულება (სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კი საკასაციო პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა), რაც სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულების მთლიან შესრულებაზე პასუხისმგებლობას გულისხმობს, ერთ-ერთი მათგანის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სადავო შემთხვევაში ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და დამატებით ი.რ–ძის ქონების დაყადაღების აუცილებლობა არ წარმოიშობა. განსხვავებული მიდგომა არაპროპორციულად ხელყოფდა ი.რ–ძის უფლებებსა და ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებები უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი–სის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 სექტემბრისა და 20 ოქტომბრის განჩინებები;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე