თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ვ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
დავის საგანი - დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, კომპენსაციის ოდენობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ვ.ა–ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიმართ და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და ზიანის ანაზღაურება, დისკრიმინაციული ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებელი ორგანიზაციის რექტორის 2020 წლის 17 ივლისის №02-346 ბრძანება ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორის და აგრეთვე, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ვ.ა–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ვ.ა–ძე აღდგენილი იქნა ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორის ტოლფას სამუშაოზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურისსახით ხელფასის გადახდა 2020 წლის 17 ივლისიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, თვეში 1700 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე აღდგენის და იძულებით განაცდურის სანაცვლოდ, მოპასუხეს ვ.ა–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 25200 ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); ხელფასის 672 ლარის 07% ანაზღაურების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ვ.ა–ძის ტოლფას სამუშაოზე აღდგენის და სამი თვის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ვ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სააპელაციო საჩივარი კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ვ.ა–ძის დაკავებული თანამდებობის ტოლფას სამუშაოზე აღდგენის და მოპასუხისთვის იძულებით განაცდურის გადახდის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით თანამდებობის ტოლფას სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციის (პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით, წინასწარ გადახდილ 5100 ლარზე დამატებით 45900 ლარის) გადახდა 51000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება და კომპენსაციის ოდენობის გაზრდა მოითხოვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მოპასუხის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის და ამის გამო კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია დისკრიმინაციის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები. კასატორი მიუთითებს, რომ აკადემიის ხელმძღვანელობამ მოახდინა მისი აზრის და შეხედულებების გამო დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა საგანგებოდ მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ საქმის წარმოებაში. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე ითხოვს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და სადავოდ ხდის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ვ.ა–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ვ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, კანონისმიერი პირგასამტეხლოს და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობა და განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობის მართებულობა.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომით ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი) თანახმად, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება ზემოთ მითითებული რომელიმე ნიშნით, რაც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, შრომის კოდექსის გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.
მითითებული მოწესრიგება განსაზღვრავს შრომითსამართლებრივი ურთიერთობის სფეროში დისკრიმინაციის არსს და კრძალავს დამსაქმებლის მხრიდან მის საფუძველზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას, იქნება ეს შრომითი ურთიერთობის დაწყების, მიმდინარეობისა თუ დასრულების ეტაპი. პალატა მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დასადგენად აუცილებელია „დაცული ნიშნის“ დადგენა. ანუ იმ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის განსაზღვრა, რომლის დარღვევამ გამოიწვია პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობა. ესაა კანონით დაცული უფლება, სამართლებრივი სფერო, რომელიც ირღვევა არათანაბარი ან პირიქით თანაბარი მოპყრობის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად მიიჩნევს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას.
საკასაციო პალატა, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:
- ვ.ა–ძე მუშაობდა ბიბლიოთეკის სამეცნიერო კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორის თანამდებობაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 1700 ლარს. აღნიშნული თანამდებობა გაუქმდა 2021 წლის 27 აგვისტოს და მისი ფუნქციები გადავიდა სხვა დეპარტამენტში. ვ.ა–ძე 2017 წლის 20 სექტემბერს არჩეული იქნა ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად ოთხი წლის ვადით 2021 წლის 20 სექტემბრამდე და მისი ხელფასი შეადგენდა 1800 ლარს.
- ვ.ა–ძემ, 2020 წლის 5 მაისს, წერილი მიწერა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც მიუთითა შემდეგი: „ბათუმის საზღვაო აკადემიამ, სამეცნიერო თვალსაზრისით ძალიან ცუდი მიმართულებით აიღო გეზი. ეს გახლდათ აქ არსებული წლების განმავლობაში დანაგროვები გაყალბებული ნაშრომების, ხელოვნურად გაპროფესორებული ადამიანების გამოყენებით სადოქტორო პროგრამების შექმნის მცდელობა, აკადემიის რექტორის თაოსნობით და ამ არამეცნიერულ გარემოში დოქტორანტურის შემოღება“.
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის 2020 წლის 13 მაისის №01-66 ბრძანებით, თანამშრომელთა დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების მიზნით შეიქმნა კომისია. რექტორის 2020 წლის 25 მაისის 1 ბრძანებით, განახლდა პანდემიამდე დაწყებული დისციპლინური წარმოება ვ.ა–ძის მიმართ. დისციპლინური წარმოების დაწყების სამართლებრივი საფუძველი გახდა სენატის 2020 წლის 1 მაისის №9/1 გადაწყვეტილება, რომელიც ეფუძნებოდა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და სენატის წევრის ნ.ყ–ძის, რექტორის აპარატის უფროსის მ.ბ–ძის და შინაგანაწესის კონტროლისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მ.ბ–ძის მოხსენებითი ბარათები.
- 2020 წლის 23 ივნისის სხდომაზე, მ.ბ–ძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოება შეწყდა ხანდაზმულობის გამო, თუმცა დისციპლინური კომისიის 2020 წლის 14 ივლისის ოქმში განხილულია მ.ბ–ძის მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული შემთხვევა.
- 2020 წლის 8 ივლისს, ვ.ა–ძის წარმომადგენლებმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართეს ადმინისტრაციული საჩივრით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 2020 წლის კორესპონდენციით საჩივარი დატოვა განუხილველი.
- აკადემიის რექტორის 2020 წლის 17 ივლისის N02-346 ბრძანებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი და ასევე, ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ვ.ა–ძე გათავისუფლდა სამსახურიდან.
- გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია აკადემიის შინაგანაწესის მე-6 და 23-ე მუხლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-12 მუხლი და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი.
საკასაციო სასამართლო, სადავო საკითხის განხილვისას, ყურადღებას გაამახვილებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საქმეებში, მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლის შესაბამისად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. აღნიშნული ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში, წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ან ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 თებერვლის №ას-1189-2020 და 2017 წლის 29 სექტემბრის №ას-247-235-2017 განჩინებები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დაწესებულების მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის დადასტურება მოსარჩელეს ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში, ვ.ა–ძის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო აკადემიის თანამშრომელთა განცხადებები უშუალოდ მათ მიმართ არაეთიკური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების თაობაზე, რომლებიც განხილული იქნა დისციპლინური კომისიის სხდომაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ ფაქტებისა და ქმედების არასწორი შეფასება, ასევე, აკადემიის შიდა რეგულაციების დარღვევით დისციპლინური წარმოების წარმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად. ამასთანავე საგულისხმოა, რომ მსგავსი საფუძვლით დისციპლინური საქმეების განხილვა წარიმართა ასევე სხვა თანამშრომლების მიმართაც და მიღებული იქნა შესაბამისი დისციპლინური ზომებიც. ამდენად პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სათანადო არგუმენტებით და მტკიცებულებებით დადასტურება, რაც მართებულად გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს არაქონებრივი ზიანის არსებობას და ამ თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას.
საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის დამსაქმებლისთვის კანონისმიერ პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა მოთხოვნის უსაფუძვლობის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია შესაბამისი პრეტენზია/შედავება, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მოთხოვნის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ოქტომბრის №ას-1161-2018 გადაწყვეტილება).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გამართლებულად მიიჩნევს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას, რომელიც ადეკვატურად უზრუნველყოფს უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულების შეძლებისდაგვარ კომპენსირებას. საკასაციო პალატის შეფასებით, რესტიტუციის მიზნით მოპასუხეს კომპენსაციის სახით მართებულად დაეკისრა 30 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია, რაც შეადგენს 51000 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ა–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება;
3. ვ.ა–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი - 05.10.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე