Facebook Twitter
საქმე №ას-1195-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „თ–ი"

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო.ქ–ი

დავის საგანი - საწარმოო ტრავმის გამო ზიანის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ო.ქ–მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - შპს „თ–ის" მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის საწარმოო ტრავმის გამო ზიანის ანაზღაურება და სარჩოს დაკისრება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით ო.ქ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს ო.ქ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 3914 ლარის და 11915 თურქული ლირის ეკვივალენტ ლარში გადახდა. ასევე, მოპასუხეს ყოველთვიური სარჩოს სახით 392 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა დაეკისრა, რომლის ვადა აითვლება 2015 წლის 11 ნოემბრიდან და გაგრძელდება მოსარჩელის საპენსიო ასაკის მიღწევამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „თ–ის" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოწვეულია თავად მოსარჩელის ბრალეულობით. იგი იყო კომპანიაში მოწვეული სპეციალისტი, რომელსაც ევალებოდა საფრთხის შემცველი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით ცოდნა, თუმცა დაუდევრობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღნიშნული კი დაუსაბუთებელს ხდის მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს და გასაჩივრებულ განჩინებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ოქტომბერს განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „თ–ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოო ტრავმის გამო ზიანის ანაზღაურების და სარჩოს დაკისრების მართებულობა.

საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. განსახილველ საკითხთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველზე, იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც ზიანი მომდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი ნივთიდან, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1000-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. მითითებული ნორმა მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის დაზიანება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 1000-ე მუხლის დანაწესით კანონმდებელი გულისხმობს ისეთ ნივთს, რომელიც მასში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიის, თუ მომწამვლელი ნივთიერების გამო მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის №ას-646-617-2016 განჩინება, 2016 წლის 23 დეკემბრის №ას-543-518-2016 გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო.ქ–ი 2015 წლის 1 ივლისიდან მუშაობდა შპს „თ–ში“, მისი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2800 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 2015 წლის 16 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოსარჩელემ არმატურის მწარმოებელ დაზგაზე მუშაობის პროცესში მიიღო საწარმოო ტრავმა და დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომის უნარის 14% უვადოდ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მომეტებული საფრთხის შემცველ ნივთად საკასაციო პალატა არმატურის მწარმოებელ დაზგას მიიჩნევს. ამდენად, დამსაქმებელ ორგანიზაციას ევალებოდა მოწყობილობის გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირების დაცვის უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შესაფასებლად ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის

დასკვნის შინაარსს, კერძოდ, დადგინდა, რომ მოპასუხის საწარმოში დაცული არ იყო სამშენებლო არმატურის წარმოების დანადგარი - ცხლად გლინვით სამშენებლო არმატურის დამზადების საწარმოო დგანის (ხაზი) ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესები, ვინაიდან დარღვეული იყო: 1. შრომის დაცვის სტანდარტების სისტემა, საწარმოო დანადგარები, უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები; 2. უსაფრთხოების საერთო წესები მეტალურგიული წარმოების საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის და 3. საგლინავ დაზგაზე მუშაობის შრომის დაცვის ინსტრუქციები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ს.მ–ძემ დაადასტურა თავის დასკვნაში მითითებული გარემოებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ, ზ.კ–მა - შპს „თ–ის" ოპერატორმა, რომელიც პასუხისმგებელია დანადგარის ჩართვა-გამორთვაზე, აღნიშნა, რომ საწარმოში არსებობს დანადგართან მუშაობისა და უსაფრთხოების წესების ინსტრუქცია, რომელსაც წერილობით აცნობენ თანამშრომლებს გარკვეული პერიოდულობით. ინსტრუქცია არის შედგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ ფლობდა არც ქართულ და არც ინგლისურ ენებს.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მისთვის გასაგებ ენაზე გააცნეს აღნიშნული წესები. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ მოსარჩელისთვის საფრთხის შემცველ დაზგაზე მუშაობის ინსტუქციის გაცნობა. ამასთან პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო საწარმოში არსებულ მოწყობილობის მუშაობისთვის საჭირო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, შედეგად კი, მოპასუხემ ვერ აღკვეთა არმატურის მწარმოებელი დაზგიდან მომდინარე საფრთხე და დასაქმებულისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ამრიგად, შპს „თ–ის“ უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა და მიზეზშედეგობრივ კავშირშია მოსარჩელისთვის ჯანმრთელობის ვნებასთან, რაც მართებულად გახდა მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოთ მითითებული მოწესრიგება განსაზღვრავს, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, დასაქმებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველს და სარჩოს ოდენობის გამოანგარიშების წესს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შემადგენლობა განცდილი ქონებრივი დანაკლისის სრულად ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს ვალდებულ პირს. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის აღდგენა მოხდეს იმგვარად, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. საკითხის შეფასებისას პალატა ხელმძღვანელობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, სადაც დეტალურადაა აღწერილი მოსარჩელის ავადმყოფობის ისტორია, ჩატარებული მკურნალობის და ოპერაციების შესახებ ინფორმაცია და წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, აღნიშნულიდან გამომდინარე კი საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მხარის მიერ მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის გაღება. აღნიშნულმა მატერიალურმა ზიანმა ჯამურად 3914 ლარი და 11915 თურქული ლირა შეადგინა, რომელიც ანაზღაურებული უნდა იქნეს მოპასუხის მიერ.

რაც შეეხება ყოველთვიური სარჩოს დაკისრების საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩოს დაანგარიშების მიზანს დაზარალებულისათვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რასაც დაზარალებული მიიღებდა, სარჩოს მიღების საფუძვლის - დაზიანების (უბედური შემთხვევის) ფაქტის არარსებობისას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული მუშაკის სარჩოს ოდენობა მისი დასაქმების პერიოდს უკავშირდება. შრომისუნარიანობის შემცირება ან დაკარგვა არ განისაზღვრება აბსტრაქტულად, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, არამედ, კონკრეტულად, რეალური შემოსავლის დაკარგვის მიხედვით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს წაერთვა ნაწილობრივ უნარი და შესაძლებლობა, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს ანაზღაურებას, ხოლო შესაბამისი პოზიციის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2800 აშშ დოლარს შეადგენდა, მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით მისაღები ოდენობა, მისი შრომის უნარის დაკარგვის ხარისხის 14%-ის გათვალისწინებით, მართებულად განისაზღვრა ყოველთვიურად 392 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელის საპენსიო ასაკამდე.

ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ–ის" საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. შპს „თ–ს" (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2022 წლის 11 ოქტომბერს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2259.69 ლარის (საგადასახადო დავალება №135400 და საგადახდო დავალება №135565) 70% - 1581.78 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე