Facebook Twitter
საქმე №ას-1328-2022 16 დეკემბერი, 2022 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ.კ–ია

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - იბა „დ–ე-?“, ნ.გ–ვა, გ.ხ–ძე, რ.გ–ძე, კ.მ–ძე, გ.ღ–ვა, დ.ჩ–ძე, ს.ა–ნი, ნ.ხ–ძე, ო.ხ–ძე, ი.ღ–ვა

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლა, ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთების გამჩუქებლების საკუთრებაში დაბრუნება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

გ.კ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - იბა „დ–ე-?-ის“, ამხანაგობის თავმჯდომარის - ნ.გ–ვას, რ.გ–ძის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძის, ს.ა–ნის, ნ.ხ–ძის, ო.ხ–ძისა და ი.ღ–ვას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის 2009 წლის 25 აპრილს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად მიჩნევა (ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით), მოპასუხეებისთვის ნასყიდობის საფასურის - 28 000 აშშ დოლარის და ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის სახით 22 400 აშშ დოლარის დაკისრება, გ.ხ–ძესა და ნ.ხ–ძეს შორის 2018 წლის 17 და 18 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ნივთების მესაკუთრედ გ.ხ–ძის აღრიცხვა, გ.ხ–ძესა და ო.ხ–ძეს შორის 2018 წლის 17 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ნივთების მესაკუთრედ გ.ხ–ძის აღრიცხვა, გ.ღ–ვასა და ი.ღ–ვას შორის 2018 წლის 24 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.კ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - ნ.გ–ვას, რ.გ–ძეს, გ.ხ–ძეს, კ.მ–ძეს, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძესა და ს.ა–ნს მოსარჩელე გ.კ–იას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 28 000 აშშ დოლარის გადახდა; სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამავე სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინება კი გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა (ნ.გ–ვას გარდა) სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით გ.კ–იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება 22 400 აშშ დოლარის ნ.გ–ვასათვის დაკისრების თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.გ–ვას გ.კ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 22 400 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა; დანარჩენ ნაწილში გ.კ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; რ.გ–ძის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძისა და ს.ა–ნის სააპელაციო საჩივარი კი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება მათთვის 28 000 აშშ დოლარისა და საპროცესო ხარჯის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.კ–იას სარჩელი რ.გ–ძის, გ.ხ–ძის, კ.მ–ძის, გ.ღ–ვას, დ.ჩ–ძის და ს.ა–ნისათვის 28 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას ამხანაგობის სახელით ხელი მოაწერა ნ.გ–ვამ, რომელსაც ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა მხოლოდ თბილისში, ....ქ. №12-თან მიმართებით, ხოლო ხელშეკრულების საგნის მისამართად დაფიქსირდა .... ქ. №12-14. აღნიშნული ხელშეკრულება ამხანაგობის წევრებმა არ მოიწონეს. ამრიგად, ხელშეკრულება არაუფლებამოსილმა პირმა დადო. გარდა ამისა, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა არსებით პირობებზე შეთანხმებას (ნივთის მახასიათებლები სათანადოდ არ იყო იდენტიფიცირებული). ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენდა. ვინაიდან ბათილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ნ.გ–ვამ მიიღო და განკარგა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნებაც, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას უნდა დაკისრებოდა და არა ამხანაგობის დანარჩენ წევრებს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი (სხვაობა ბინის ამჟამინდელ საბაზრო ღირებულებასა და სადავო პერიოდში გადახდილ თანხას შორის), რომლის ანაზღაურებაც, ასევე, ნ.გ–ვას დაეკისრა. ამასთან, ვინაიდან სხვა მოპასუხეებს თანხების გადახდა არ დაკისრებიათ, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მათ მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულებების ნამდვილობის შეფასება, რადგან მათ ბათილად ცნობას მოსარჩელე გარიგებების მოჩვენებითობაზე - სარჩელით გათვალისწინებული თანხის აღსრულების თავიდან ასაცილებლად ქონების განრიდებაზე მითითებით ითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საკასაციო წესით მხოლოდ გ.კ–იამ გაასაჩივრა. შესაბამისად, ნ.გ–ვასთვის თანხის დაკისრების ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.

კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასური არა ნ.გ–ვას, არამედ ამხანაგობას გადაუხადა. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაბრუნებაზე ყველა მოპასუხეა პასუხისმგებელი.

კასატორი, ასევე, არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს მისამართებთან დაკავშირებით, რადგან ...... ქ. №12 მოგვიანებით გაერთიანდა №14-თან და ახალი მისამართი მიენიჭა; ამხანაგობა თავის კრების ოქმებში მისამართად ...... ქ. №12-14-ს აფიქსირებდა; ორივე მისამართზე საკუთრების უფლება ამხანაგობას ეკუთვნოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით გ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ამავე ამხანაგობის წევრებისთვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. იმავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამრიგად, თუკი დადასტურდება ამხანაგობის მიერ სხვა პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებაზე შეთანხმება, ამავე შესრულებაზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად იქნებიან პასუხისმგებელნი.

მოსარჩელის სასარგებლოდ შესრულებაზე ვალდებული პირების განსაზღვრისას კი, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. მართალია, სადავო შემთხვევაში, კასატორი სრულად არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია ვერ იქნება დასაშვებად და დასაბუთებულად განხილული, რადგან არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტების არასწორად ან პროცესუალური დარღვევებით დადგენა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- 2006 წელს დაფუძნდა ამხანაგობა „დ–ე ?“, რომლის მიზნად განისაზღვრა თბილისში, ...... ქ. №12-ში საცხოვრებელი სახლის აშენება. ამხანაგობის ფართების განაწილების უფლება ჰქონდა წევრთა კრებას, ხოლო ამხანაგობის სახელით მესამე პირებთან ურთიერთობაში გამოსვლისა და გარიგებების ხელმოწერის უფლება - თავმჯდომარეს;

- თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნ.გ–ვა, რომელმაც ამხანაგობის სახელით, 2009 წელს გ.კ–იასთან დადო გასაჩივრებული, მშენებარე სახლში ფართის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ხელშეკრულების მიხედვით, 2012 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო თბილისში, ...... ქ. №12-14-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მოსარჩელეს „შავი კარკასის“ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა ამავე სახლში, მე-3 სადარბაზოს მე-9 სართულზე მდებარე 80 მ2 ფართობის ბინა. ნასყიდობის საფასური 28 000 აშშ დოლარით განისაზღვრა;

- გ.კ–იამ 28 000 აშშ დოლარი გადაუხადა ფიზიკურ პირს - ნ.გ–ვას და არა ამხანაგობას (სალაროს შემოსავლის ორდერებით დგინდება მოსარჩელის მიერ თანხის - საცხოვრებელი ბინის ღირებულების გადაცემის ფაქტი, თუმცა არ დასტურდება, შენატანი განხორციელდა თუ არა ამხანაგობა „დ–ე 12-ის“ მიმართ და მის სასარგებლოდ; ნ.გ–ვას შესაგებლის მიხედვით კი, თანხას ის თავად განკარგავდა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხაზე - 28 000 აშშ დოლარზე ერთპიროვნულად იყო პასუხისმგებელი);

- საცხოვრებელი სახლი არ აშენებულა, შესაბამისად, მოსარჩელეს ბინა არ გადასცემია.

ამდენად, საქმეზე დადგენილია ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირად განსახილველ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით განსაზღვრულია ნ.გ–ვა.

რაც შეეხება ამხანაგობის სხვა წევრებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის უკან დაბრუნების დავალებას, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში (ამხანაგობის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისამართების სხვადასხვაობა; ნასყიდობის საფასურის ამხანაგობისთვის გადაუხდელობა; ბინის გასხვისებაზე ამხანაგობის წევრთა თანხმობის არარსებობა) მოწმობს, რომ ნ.გ–ვა მოსარჩელესთან გარიგების გაფორმებისას მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე; ასევე, მანვე მიიღო და განკარგა სადავო თანხა. აქედან გამომდინარე, მის მიერ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ამხანაგობის წევრებს ვერ დაეკისრებათ, რადგან ვალდებულება იკისრა ფიზიკურმა პირმა და არა ამხანაგობამ (ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის №ას-853-2021 განჩინება). შესაბამისად, სარჩელი ხსენებულ ნაწილში მართებულად არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ვინაიდან ამხანაგობის წევრების მიერ ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნების ვალდებულების არსებობა არ დადასტურდა, ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მათთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნებიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - გ.კ–იას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გ.ს–ის (პ/ნ ......) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3848,75 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 04.11.2022 წ.) 70% - 2694,12 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე