ბს-1316-55-გ-04 9 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიასა და ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს შორის დავა საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელის განსჯადობის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 10 ივნისს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოებამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე “კ-ის” მიმართ და “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა ყველა იმ დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც საჭიროა საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის, აგრეთვე, უნებართვოდ მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების აკრძალვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 25 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი “კ-ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, როგორც კავშირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ა” პუნქტის თანახმად, ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით იგი უფლებამოსილია, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის მოსარგებლეებისაგან ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შეიცავს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლებების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ არის კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხესთან, მათი ურთიერთობა არ არის პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის. საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება მოცემულ შემთხვევაში თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართალურთიერთობის წესით. შესაბამისად, მოცემული განსახილველი საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ დავას და განხილულ უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა საოლქო სასამართლოს კოლეგიის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მიიჩნია, რომ მოცემული დავა წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის არსებულ დავას და იგი განხილულ უნდა იქნენ საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ, თანახმად სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადააგზავნა საქარვთელოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიისა და ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსაზრება განსახილველი სარჩელის განსჯადობაზე სწორია და ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სმეწარმეო საქმეთა კოლეგიის განსჯად სამოქალაქო დავას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალს, რომლის მიხედვით დაის ადმინისტრაციულ სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:
1) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო)სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;
2) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინის ტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
ამდანად, საპროცესო თეორიაში აღიარებული ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის ერთ-ერთი პირობაა დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა. განსახილველ შემთხვევაში საქმეში მონაწილე პროცესუალური სუბიექტები არიან მოსარჩელე “საქარვთელოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება”, ხოლო მოპასუხეა “კ-ა”, რომელიც “მეწარმეთა შესაებ” კანონის შესაბამისად დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, არასწორია ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსაზრება დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, მოცემულ დავაში მოპასუხე “კ-ა” არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.
ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს არც მოსარჩელე _ “საქართველოს ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება”. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ინაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველოიბს ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებენ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოება იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულია კავშირის სახით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით წარმოადგენს სკ-ის 1509-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობის მიზანია საავტორო და მომიჯნავე უფლებათა რეალიზაცია და დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და არც საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს.
ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენს “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე იმ დოკუმენტაციის წარდგენის დავალდებულება, რაც საჭიროა საავტორო ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, რის გამოც დავა წარმოადგენს სსკ-ის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო სარჩელს და განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ავტორთა და შემსრულებელთა საზოგადოების სარჩელი “კ-ის” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.