Facebook Twitter

საქმე №ას-1186-2022 25 ნოემბერი, 2022 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ც–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – პ.დ–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელი), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელი)

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით პ.დ–ნის (შემდეგში: გამსესხებელი, მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელი ა.ც–ის (შემდეგში: მსესხებელი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, თანხის 198 900 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი, სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 2 თებერვლის თარიღით, სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მხარეთა შორის 260 000 აშშ დოლარის ოდენობით უპროცენტო სესხის არსებობა დადასტურდა. ამავე ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ „სესხის თანხა გამსესხებელმა გადასცა მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს“;

3.2. მხარეებმა დაადასტურეს, რომ რეალურად წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულება, 2018 წლის 2 თებერვლის ნაცვლად, 2018 წლის 2 ივლისს დაიდო;

3.3. სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს სესხის თანხა 02.07.2018 წლიდან - 02.06.2020 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად უნდა გადაეხადა;

3.4. აღნიშნულის პარალელურად, 2018 წლის 29 ივნისს, მოპასუხესა და მოსარჩელეს - როგორც დახურული ტიპის სს „ტ.კ.თ–ის“ წარმომადგენელს შორის, შპს „კ.თ.ტ–ის“ 80 %-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესაბამისადაც მოპასუხემ შპს-ში „კ.თ.ტ–ი“ 20 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სს „ტ.კ.თ–ის“ კუთვნილი 80 %-იანი წილი შეიძინა;

3.5. გარიგების საგნის (წილის) ღირებულება, გარდა თვით წილის ნასყიდობის ხელშეკრულებისა, ასევე 2018 წლის 29 ივნისს შედგენილი შპს „კ.თ.ტ–ის“ პარტნიორთა გადაწყვეტილებით და, ასევე, წილის გამსხვისებლის, დახურული ტიპის სს „ტ.კ.თ–ის“ ერთადერთი აქციონერის 2018 წლის 25 აპრილისა და 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებებით დადასტურდა;

3.6. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაში შპს „კ.თ.ტ–ის“ 100 %-იანი წილი აღირიცხა. მოპასუხე კომპანიის ერთადერთი პარტნიორი და დირექტორია;

3.7. მოპასუხე, 2018 წლის აგვისტოდან - 2020 წლის ივლისამდე პერიოდში ეტაპობრივად, პირადად და ნ.დ–ის დახმარებით ურიცხავდა თანხას მოსარჩელეს. ჯამში, მოპასუხემ მოსარჩელეს 61 100 აშშ დოლარი გადაურიცხა;

3.8. აპელანტის მითითებით, 2018 წლის 2 თებერვლის თარიღით შედგენილი სესხის ხელშეკრულება ფიქტიური გარიგება იყო, რომელიც მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე დაიდო, რომ რაიმე სამართლებრივი შედეგი მოჰყოლოდა. აპელანტმა განმარტა, რომ რეალურად მხარეთა შორის 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება არსებობდა, რომლის დიდი ნაწილიც მის მიერ შესრულებულია;

3.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის (მსესხებლის) მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 56-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ, მაშინ დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები გამოიყენება (თვალთმაქცური გარიგება);

3.10. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ შპს „კ.თ.ტ–ის“ იურისტის თ.წ–სა და ბუღალტერ ნ.დ–ის ჩვენებებზე გაამახვილა:

3.10.1. მოწმე თ.წ–მა განმარტა, რომ შპს ,,კ.თ.ტ–ში’’ იურისტის პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობს. მოწმის ჩვენებით, თავდაპირველად მოპასუხის საკუთრებაში კომპანიის - 2 %-იანი წილი, შემდგომ - 10 %-იანი, ხოლო მოგვიანებით 20 %-იანი წილი ირიცხებოდა. კომპანიის 80 %-იანი წილის მესაკუთრე უცხოურმა საწარმომ კუთვნილი წილის გასხვისება მოისურვა, რისი შეძენითაც მოპასუხე იყო დაინტერესებული. 2018 წლის ივლისში მოპასუხემ კომპანიის დარჩენილი 80 %-იანი წილი შეიძინა და მის საკუთრებაში შპს ,,კ.თ.ტ–ის’’ 100 %-იანი წილი აღირიცხა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს ესწრებოდა და წილის ღირებულება 20 000 აშშ დოლარს შეადგენდა, რომელიც მოპასუხემ გადაიხადა, ამასთანავე მოსარჩელეს, როგორც შუამავალს, დამატებით უნდა მიეღო გასამრჯელო. მოწმემ უარყო 260 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტი და აღნიშნა, რომ რეალურად სესხზე არც ყოფილა საუბარი. მისი განმარტებით, თანხა, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რუსეთში შედგენილ კრების ოქმშიც ფიქსირდება და მისთვის უცნობია მხარეთა შორის სხვა თანხაზე შეთანხების არსებობა. მოსარჩელემ გამოთქვა სურვილი, რომ თანხის მიღება ხელზე სურდა, რაც განხორციელდა. მოწმის ჩვენებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, იმისათვის რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება შემდგარიყო, მოსარჩელემ თავისი საშუამავლო თანხა მოითხოვა და აღნიშნული სესხის ხელშეკრულებას დაუკავშირა;

3.10.2. მოწმე ნ.დ–ის (შპს ,,კ.თ.ტ–ის’’ მთავარი ბუღალტერი) ჩვენების შესაბამისად, კომპანიის 80 %-იანი წილის შესყიდვით მოპასუხე იყო დაინტერესებული. რუსულ კომპანიას მოსარჩელე წარმოადგენდა, რომელიც კომპანიაში მივიდა, სადაც შესაბამისი დოკუმენტები შეადგინეს. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობდა. მოწმის განმარტებით, ერთ-ერთ მსგავს შეხვედრაზე მოპასუხემ დაიბარა ის და კომპანიის იურისტი თ.წ., რომელთაც ხელშეკრულების პროექტის შედგენა სთხოვა. მოწმის მითითებით, მხარეთა შორის ნამდვილად მიმდინარეობდა წილის ნასყიდობასთან დაკავშირებული მოლაპარაკება და მიღწეულ შეთანხმებას რატომღაც სესხის ხელშეკრულება დაერქვა. მოწმის ჩვენების შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს გარკვეული ვალდებულებები ჰქონდა და გარკვეული უზრუნველყოფა სჭირდებოდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო, რომ სესხის ხელშეკრულების თარიღი არ დამთხვეოდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღს. ამიტომ, ხელმოწერაც და თარიღიც თებერვლის თვით განისაზღვრა, რეალურად კი, მოლაპარაკება ივნისის ბოლოს - ივლისში მიმდინარეობდა. მხარეებმა ხელშეკრულებას სესხის ხელშეკრულება დაარქვეს, თუმცა რეალურად წილის გასხვისება მოხდა. მოწმის განმარტებით, იგი ფულის გადაცემის ფაქტს არ შესწრებია;

3.11. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასა და განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია წერილობითი ხელშეკრულება სესხის დადებასა და სესხის სახით 260 000 აშშ დოლარის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ ფიქსირდება პერიოდული ჩარიცხვები, მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ განიხილება გარიგების ბათილად ცნობისათვის საკმარის საფუძვლად, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოწმედ დაკითხული პირები დღეის მდგომარეობითაც დასაქმებული არიან შპს ,,კ.თ.ტ–ში’’, რომლის 100 %-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი მოპასუხეა (აპელანტი), რაც ამ მხრივაც ასუსტებს დასახელებულ მოწმეთა ჩვენების სანდოობის ხარისხს;

3.12. მართალია მოწმედ დაკითხულმა პირებმა მიუთითეს, რომ სადავო სესხის ხელშეკრულების დადებისას სესხის სახით თანხის გადაცემას არ დასწრებიან, ისევე როგორც, ხელშეკრულება რეალურად წილის ნასყიდობას ეხებოდა და სესხის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურად დაიდო, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს რეალურად არავითარი ვალდებულება არ წარმოშობია მოსარჩელის მიმართ, თუმცა მოწმეებმა ვერ განმარტეს, თუ რას ემსახურებოდა პერიოდული გადარიცხვები, ჯამში 61 000 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც წილის ღირებულება მხოლოდ 20 000 აშშ დოლარი იყო;

3.13. ამდენად, მხოლოდ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სადავო ხელშეკრულების მოჩვენებით თუ თვალთმაქცურ ბუნებასთან დაკავშირებით;

3.14. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მტკიცების საწინააღმდეგოდ, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 2 თებერვლის თარიღით დადებული წერილობითი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დადასტურდა მხარეთა შორის უპროცენტო სესხის არსებობა 260 000 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სესხის თანხა გამსესხებელმა მსესხებელს ხელშეკრულების გაფორმების დროს გადასცა. სესხის ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებელს სესხის თანხის გადახდა უნდა ეწარმოებინა ეტაპობრივად 02.07.2018 წლიდან - 02.06.2020 წლამდე. ასევე, დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ, მსესხებელი ეტაპობრივად, 2018 წლის აგვისტოდან - 2020 წლის ივლისამდე გამსესხებელს პირადად და ნ.დ–ის დახმარებით თანხას ურიცხავდა. ჯამში, მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადაცემულია 61 100 აშშ დოლარი;

3.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ანუ ის დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (სუსგ N ას-361-343-2015). შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას (სუსგ N ას-1288-2019). სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის ფაქტიც;

3.16. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების არსებობისა და თანხის გადაცემის ფაქტები, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რაც მოპასუხემ საპირწონე მტკიცებულებების წარდგენით ვერ გააქარწყლა. სააპელაციო სასამართლომ ერთობლივად შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა მხარეთა პოზიციები და მოპასუხის ვალდებულების არსებობა დადასტურებულად მიიჩნია;

3.17. სესხის ხელშეკრულების 1.1 პუნქტით დადასტურდა სესხის სახით თანხის მიღების ფაქტი, რაც მოწმეთა ჩვენებით ვერ გაბათილდება, რომლებიც სესხის თანხის გადაცემის ფაქტს არ შესწრებიან. ასევე, სესხის ხელშეკრულებაში არსებული ჩანაწერი ვერ გააქარწყლა აპელანტის ვერც იმ შედავებამ, რომ თითქოს მოსარჩელეს კონკრეტული ოდენობით თანხის საქართველოს საზღვარზე შემოტანისათვის საბაჟო დეკლარაციების წარდგენა ესაჭიროებოდა. სასამართლოს შეფასებით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის ჭრილში მოსარჩელის მიერ თანხის საზღვარზე შემოტანის ფაქტი ვერ ჩაითვლებოდა განმსაზღვრელად, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდა და შესაბამისი შემოსავლები ჰქონდა;

3.18. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის შედავების შესწავლის შედეგად, ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორი არ უარყოფდა მოსარჩელესთან გარკვეული ,,დაფარული’’ ვალდებულების არსებობას, რომელიც მოპასუხის მტკიცებით წილის ნასყიდობის შუამავლობისათვის გადასაცემ 100 000 აშშ დოლარს მოიცავდა. საგულისხმოა, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში გადასაცემი 80 %-იანი წილის ღირებულებად 20 000 აშშ დოლარია მითითებული, ხოლო მოპასუხის მტკიცებით მხარეები რეალურად 100 000 აშშ დოლარზე შეთანხმდნენ, საიდანაც 80 000 აშშ დოლარი წილის ღირებულება იყო, ხოლო 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელეს უშუალოდ გაწეული შუამავლობისათვის უნდა მიეღო. მოპასუხემ ასევე გადარიცხვის ქვითრებზე და მისი მხრიდან აღნიშნული ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე მიუთითა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წარდგენილ სესხის ხელშეკრულებაზე, რომლის ფარგლებშიც ნაკისრი ვალდებულების მოცულობა 260 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც საეჭვოს ხდიდა მოპასუხის მტკიცებას ვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებით. მოპასუხისათვის, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართული პირისათვის, ნათელი უნდა ყოფილიყო ის სამართლებრივი შედეგები, არსებული რისკები, რაც შესაძლოა მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებასა და ვალდებულების კისრებას მოჰყოლოდა, შესაბამისად გაუგებარია ვალდებულების არარსებობის პირობებში, თუ რამ აიძულა პირი დაედო აღნიშნული ოდენობის თანხაზე ხელშეკრულება და ეკისრა შესაბამისი ვალდებულებები;

3.19. უდავოა, რომ მოპასუხე, როგორც პირადად, ისე მესამე პირის დახმარებით, მოსარჩელეს ურიცხავდა ფულად თანხებს. შესაბამისად, მოპასუხეს მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების საფუძველზე წარმოეშვა ვალდებულება, დაესაბუთებინა მისი მხრიდან მოსარჩელისათვის თანხის გადარიცხვის სესხისაგან განსხვავებული მიზნობრიობა, მოპასუხე მხარემ ამ თანხის გადარიცხვის მიზნად, მართალია, მიუთითა კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა მას არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა რომ მის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვები ემსახურებოდა სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებულ ვალდებულებებს და არა სასესხო ვალდებულებებს, თავად თანხის გადარიცხვის ფაქტი კი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ქმნის მტკიცებულებათა ერთიან ჯაჭვს და ერთობლივად სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით სრულდებოდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება (სსკ-ის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას);

3.20. მოპასუხის პოზიცია მასსა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებით 80 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულებასა და 61 100 აშშ დოლარის გადარიცხვით მის შესრულებაზე, ვერ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ, რადგან მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორი მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე უთითებდა გარკვეული ოდენობით ვალდებულების არსებობის შეთანხმებაზე მაშინ, როდესაც წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში წილის ღირებულებად 20 000 აშშ დოლარი იყო განსაზღვრული;

3.21. მოპასუხე არ უარყოფდა გარკვეული ვალდებულების არსებობას, თუმცა მხოლოდ 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულების არსებობაზე მიუთითებდა. ასევე, სესხის ხელშეკრულების არსებობის პარალელურად, რომლითაც ვალდებულების მოცულობა 260 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, სასამართლოსათვის მოპასუხის ზეპირი მტკიცება წილის ღირებულების 100 000 აშშ დოლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით არადამაჯერებელი აღმოჩნდა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ გაზიარებული იქნებოდა აპელანტის მტკიცება კონკრეტული ორი გარიგების (სესხისა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები) კავშირის არსებობის თაობაზე, დგინდებოდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 260 000 აშშ დოლარის ოდენობით ვალდებულება ჰქონდა, რაც მითითებული ორი ხელშეკრულების ერთობლივად განხილვიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, მითითება წილის ღირებულების 100 000 აშშ დოლარის ოდენობით განსაზღვრასთან და ამ მიზნით, თანხების ეტაპობრივ გადარიცხვასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოსათვის დაუსაბუთებელი აღმოჩნდა და არ იქნება გაზიარებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად;

3.22. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად ასევე არ განიხილა სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თარიღის უსწორობა, რადგან ეს არ შეიძლებოდა სესხის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ყოფილიყო, რადგან მოპასუხემ წერილობითი ფორმით გამაოვლინა ნება მიღებული თანხის ეტაპობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებით.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4.1. კასატორის პრეტენზიით, მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი კვალიფიციური შედავება, რაც ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ამასთანავე სასამართლომ უპასუხოდ დატოვა მისი მთავარი არგუმენტი და არ იმსჯელა მოსარჩელის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ საკითხზე;

4.2. კასატორის პრეტენზიით, მხარეთა შორის მოჩვენებითი გარიგება დაიდო, სასამართლომ კი მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა, რომელიც მოსარჩელემ, სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, ვერ დაძლია;

4.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა და მის ფარგლებში 61 100 აშშ დოლარის გადახდა, რა დროსაც უყურადღებოდ დატოვა სხვა შეთანხმების არსებობა. მისივე პრეტენზიით, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის დაუსაბუთებელი განმარტება და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, არადამაჯერებლად შეაფასა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელის ავტორის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე მიუთითებს. ვინაიდან სსსკ-ის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

10. მოდავე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეფასების კუთხით გასათვალისწინებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 2 თებერვლის თარიღით, რეალურად კი 2018 წლის 2 ივლისს, სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მხარეებმა 260 000 აშშ დოლარის ოდენობით უპროცენტო სესხის ხელშეკრულება დადეს. ამავე ხელშეკრულებაში მხარეებმა აღიარეს, რომ „სესხის თანხა გამსესხებელმა გადასცა მსესხებელს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს“ და იგი მსესხებელს 02.06.2020 წლამდე ეტაპობრივად უნდა დაებრუნებინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. განსახილველ შემთხვევაში ასეთი ნორმა სსკ-ის 623-ე მუხლია (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).

11. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას იმ შემთხვევაში ახდენს, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებითაც შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (სუსგ N ას-398-371-2017, 06.06.2017 წ.).

12. სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების წესის მიხედვით, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით (სუსგ Nას-819-767-2017, 20.12.2017 წ). ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. სესხის სახით თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს გამსესხებლისათვის, რადგან მან მხოლოდ ამგვარი დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს სესხის რეალურად დადების ფაქტი და მისი ოდენობა, მსესხებლისათვის კი არანაირი საჭიროება არ არსებობს ფლობდეს და წარმოადგინოს ამგვარი დოკუმენტი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

13. მოცემულ შემთხვევაში, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მხარეთა შორის 260 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დაიდო, რომელშიც მითითებულია, რომ მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების გაფორმების დროს გადაეცა. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა 02.07.2018 წლიდან - 02.06.2020 წლამდე პერიოდში ეტაპობრივად უნდა ყოფილიყო გადახდილი, რაც მოპასუხის მიერ ნაწილობრივ, მხოლოდ 61 100 აშშ დოლარის ფარგლებში შესრულდა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც მხარეთა შორის სახელშეკრულებო (სასესხო) ურთიერთობის არსებობა დადასტურდა, რამაც მოპასუხის საპირისპიროს მტკიცების ვალდებულება წარმოშვა.

14. მოსარჩელის წერილობით მტკიცებულებებს მოპასუხემ მის კომპანიაში დასაქმებული პირების (მოწმეთა) ჩვენებები და ზეპირი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა, რომლის თანახმადაც მხარეებმა სესხის ხელშეკრულებით მოჩვენებითი გარიგება დადეს, რეალურად კი 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში წილის ნასყიდობაზე შეთანხმდნენ, რაც მხარემ წერილობით მტკიცებულებით ვერ დადასტურდა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებასთან დაკავშირებით (იხ. ამ განჩინების 3.11-3.14; 3.17-3.22 ქვეპუნქტები) და ყურადღებას მიაქცევს მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც მოჩვენებით ან თვალთმაქცურ გარიგებასთან მიმართებით ვერ განმარტეს, თუ რას ემსახურებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ჯამში 61 100 აშშ დოლარის გადარიცხვა, როდესაც წერილობითი ხელშეკრულებით წილის ღირებულება მხოლოდ 20 000 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული.

15. მნიშვნელოვანია მოპასუხის პოზიცია, რომელიც არ უარყოფდა მოსარჩელესთან დაფარული გარიგების არსებობას და უთითებდა, რომ 80%-იანი წილის ნასყიდობის ღირებულება 80 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო 20 000 აშშ დოლარი უშუალოდ მოსარჩელეს უნდა მიეღო გაწეული შუამავლობისთვის. მოპასუხის მოჩვენებით თუ თვალთმაქცურ გარიგებებთან დაკავშირებული განმარტებები ფაქტობრივად რადიკალურად შეეწინააღმდეგა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, რის გამოც იგი ვალდებული იყო ისეთი მტკიცებულებები წარედგინა, რომელიც წერილობითი ხელშეკრულებების სანდოობის საკითხს გამორიცხავდა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ N ას-279-264-17, 21.04.17 წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.

17. მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც გარიგების თვალთმაქცურობის ან მოჩვენებითობის საფუძვლით საკმარისი იქნება მისი ბათილობისთვის (სსკ-ის 56-ე მუხლი). განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რაც სათანადო წესით დადებული სესხის ხელშეკრულებით დადასტურდა. ამასთანავე, 80 %-იანი წილის ღირებულება, რომელზეც მოპასუხე უთითებს, წერილობითი ხელშეკრულებით 20 000 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული. მოპასუხის ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენება კი არ იყო საკმარისად მყარი, დამაჯერებელი და თანმიმდევრული, რაც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების სარწმუნოობას გადაწონიდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობდა მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგება, რაც შესაძლებელს გახდიდა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.ც–ს (პ/ნ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 7000 ლარის (საგადახდო დავალება N14181480887, გადახდის თარიღი 2022 წლის 16 აგვისტო), 70% – 4900 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე