Facebook Twitter

საქმე №ას-1410-2022 23 დეკემბერი, 2022 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ტ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ტ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ.ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

2.1. სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და სახელმწიფო ბაჟის - 409 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა დაევალა;

2.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი ხელნაწერი სახით წარადგინა, რითაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, სასამართლოში არ წარუდგენია;

2.3. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა და იგი 7 დღით განისაზღვრა. აპელანტს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა;

2.4. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელ მ.ხ–ძეს, მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ. ხაშური, ..... სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენლის თანამშრომელს - ლ.გ–ძეს, 2022 წლის 14 აპრილს. 2022 წლის 20 აპრილს აპელანტის წარმომადგენელს განმეორებით გაეგზავნა გზავნილი, რაც მ.ხ–ძეს პირადად, 2022 წლის 28 აპრილს, ჩაჰბარდა. მასვე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინების ასლი გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც მისამართზე - khachidzemaia@mail.ru, გზავნილის მიღება მ.ხ–ძემ 2022 წლის 16 მაისს დაადასტურა, თუმცა მხარეს ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს;

2.5. სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

2.6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 373.1-ე, 374-ე, 368.5-ე, 70-78-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 16 მაისს ჩაჰბარდა. დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს;

2.7. სსსკ-ის მე-60, 61-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტისთვის ჩაბარებულად ითვლება 2022 წლის 16 მაისიდან, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2022 წლის 17 მაისიდან და ამოიწურა 2022 წლის 23 მაისს;

2.8. სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე, 215.3-ე, 368.5-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში განჩინებაში მითითებული ხარვეზი არ შეავსო. მას არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების, ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის მოთხოვნით. ზემოხსენებული ნორმების თანახმად, მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

3. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 14 ივლისის განჩინებაზე აპელანტმა კერძო საჩივარი წარადგინა და სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებულად ჩათვლა მოითხოვა.

3.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება აპელანტს 2022 წლის 16 მაისს ჩაჰბარდა. აპელანტმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2022 წლის 19 მაისს სახელმწიფო ბაჟი - 410 ლარი გადაიხადა და ქვითარი განცხადებასთან ერთად 19 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგზავნა, ფოსტის მეშვეობით;

3.2. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ 2022 წლის 24 თებერვლის განჩინება ხარვეზის 7 დღეში გამოსწორების შესახებ აპელანტის წარმომადგენელ მ.ხ–ძეს პირადად, 2022 წლის 28 აპრილს ჩაჰბარდა, რაც არასწორია. აპელანტს 2022 წლის 28 აპრილს ჩაჰბარდა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, მაგრამ ეს იყო 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინების გამოგზავნის შესახებ მომართვის თავფურცელი, რომელზეც მიბმული იყო არა 30 დეკემბრის განჩინება, არამედ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის 2 032 ლარის გადახდის ქვითრის ასლი;

3.3. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა, ხოლო სასამართლომ უკანონოდ მიიღო მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

6. მოცემულ შემთხვევაში საკვლევი საკითხია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

7. საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტებზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დადასტურებულია სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 2022 წლის 19 მაისს გადახდისა და იმავე დღეს სადასახადო დავალების ფოსტაში ჩაბარების ფაქტი (ტ.2, ს/ფ 115-117).

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2022 წლის 17 მაისს დაიწყო და 2022 წლის 23 მაისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორიც სწორედ ამავე თარიღსა და განმარტებას ეყრდნობა, ამასთან, მართებულად მიუთითებს, ამ ვადაში სახელწმიფო ბაჟის გადახდასა და საგადასახადო დავალების ფოსტაში ჩაბარებაზე, რად დადასტურებულია შესატყვისი მტკიცებულებებით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ტ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე