29 სექტემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-363 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. და თ–ები, თ.ქ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ღ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა.ღ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მ., ი., ე.თ–ებისა და თ.ქ–ას (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) წინააღმდეგ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მართლზომიერად ფლობდა თბილისში, ......, მეორე სართულის დერეფანში მდებარე - 12 კვ.მ სააბაზანოს/საპირფარეშოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება), რომელსაც მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იკავებდნენ.
2. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2020 წლის 10 მარტს, 13:00 საათზე, დაინიშნა, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, დაინიშნა. მოპასუხეებს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.
4. 2021 წლის 11 მარტს მ. თ–სა და თ.ქ–ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც სხდომის გადადება ითხოვა.
4.1. 2021 წლის 11 მარტს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეები - ი. და ე.თ–ები არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
5. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე იშუამდგომლა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა იმ საფუძვლით, რომ მათმა წარმომადგენელმა სასამართლოს აცნობა, ავადმყოფობის გამო, სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 მაისის განჩინებით, იმავე კოლეგიის 2021 წლის 11 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი უარყოფილ იქნა.
9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოპასუხეებს ეკისრებოდათ, რომელთაც ვერ დაადასტურეს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენელი ავადმყოფობის გამო, ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, მ. და თ–ებისა და თ.ქ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 1 სექტემბრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ე.თ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 230 მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
16. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულების პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას, ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
17. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებზე მოპასუხეების მსჯელობა და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ვლინდებოდა ყველა კანონისმიერი წინაპირობა, სახელდობრ:
17.1. დადგენილია, რომ 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე მოპასუხეებს ეცნობათ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. აქტები ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, ს.ფ. 230-231, სადაც აღნიშნულია, რომ ადრესატს განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები).
17.2. 2021 წლის 11 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გასამართ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები, რის გამოც სასამართლომ მათ წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
17.3. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამავე კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
17.4. სსსკ-ის 241-ე მუხლი (დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის) განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
17.5. სსსკ-ის 233.1 მუხლში (მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები) მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ნორმაში აღწერილ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.
17.6. სსსკ-ის 215.3 მუხლი კი, ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
18. კასატორების პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება, ვინაიდან სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.
19. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორების ამ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო:
19.1. დადგენილია, რომ 2021 წლის 11 მარტის მონაცემებით, ნ.ჩ–ია ი. თ–სა და თ.ქ–ას წარმომადგენელი არ იყო, რომელთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მითითებას საჩივრები არ შეიცავს, შესაბამისად, მათი საკასაციო საჩივარი ერთმნიშვნელოვნად დაუსაბუთებელია.
19.2. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ ნ.ჩ–იას არგუმენტებს, საკასაციო სასამართლო მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 215-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მართალია, ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ წარმოდგენილია სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ. 268-269) რომლის მიხედვით, ნ.ჩ–იამ სასწრაფო დახმარება 2021 წლის 11 მარტს, 17:12 საათზე გამოიძახა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მასთან 17:23 საათზე გამოცხადდა, რა დროსაც მას დაუფიქსირდა სხეულის ტემპერატურა - 36,50 c, პულსი - 80-75, სისტოლური წნევა - 120, დიასტოლური წნევა - 70-80, სატურაცია - 96, რაც საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტით, ნორმალური დიაპაზონია. ამდენად, კასატორების წარმომადგენლის პრეტენზია, რომ მას 2021 წლის 11 მარტს, 15:00 საათზე, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი გააჩნდა, დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
20. საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2021 წლის 11 მარტის სხდომამდე მოპასუხეებმა საქალაქო სასამართლოში არაერთხელ იშუამდგომლეს დანიშნული სხდომების გადადებაზე, რის საფუძველზეც მოცემული საქმის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ეს გარემოება საფუძველს ქმნის ობიექტური დასკვნისთვის, რომ მოპასუხეები სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობდნენ, რის გამოც ხელი ეშლება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ირღვევა მეორე მხარის უფლებები.
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე, 172-ე, ასევე 159-ე ( კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე) და 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალმფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და თ–ებისა და თ.ქ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე