Facebook Twitter

17 ნოემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-663-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ა.გ–ო“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2017 წლის 11 იანვარს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (ამჟამად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, შემდეგში მოხსენიებული, როგორც: მყიდველი, მოპასუხე, კასატორი, სამინისტრო) და შპს „ა.გ–ოს“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო (შემდეგში: ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულება), რომლითაც 2017 წლის 31 დეკემბრამდე გამყიდველს მყიდველისათვის სასმელი წყალი (შემდეგში: ნასყიდობის საგანი, საქონელი, პროდუქცია) ეტაპობრივად, კერძოდ, მყიდველის მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღეში უნდა მიეწოდებინა. ნასყიდობის საგნის ღირებულება 12 300 ლარით განისაზღვრა.

2. გამყიდველმა მყიდველს 12 300 ლარის ღირებულების პროდუქცია სრულად, შეთანხმებული წესით მიაწოდა.

3. მიწოდებული საქონლის ფასი, 6 396 ლარი მყიდველმა, მოსარჩელეს აუნაზღაურა.

4. 2018 წლის 11 მაისის წერილით მყიდველმა გამყიდველს აცნობა, რომ, ვინაიდან ხელშეკრულების 5.1 პუნქტის შესაბამისად არც მიღება-ჩაბარების აქტი და არც ზედნადებები სამინისტროს არ დაუდასტურებია, 5 904 ლარი ვერ ანაზღაურდებოდა.

5. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიღება ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერდნენ მყიდველის მხრიდან - სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს წარმომადგენელი, ხოლო გამყიდველის მხრიდან - დირექტორი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი;

6.3 პუნქტის მიხედვით, ანგარიშსწორებისათვის გამყიდველს უნდა წარედგინა ხელშეკრულების 5.1 პუნქტში მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

6.4 პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორებას მყიდველი შეასრულებდა გამყიდველის მიერ 6.3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში; 6.5 პუნქტის თანახმად, თუ გამყიდველი ანგარიშსწორებისათვის 6.3 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციას საქონლის მიწოდების დამთავრების მეორე დღიდან 3 თვეში მყიდველს არ წარუდგენდა, მყიდველისათვის დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო სამი თვის გასვლის შემდეგ გამყიდველი მიწოდებულ საქონელზე თანხის მოთხოვნის უფლებას კარგავდა.

6. 5 904 ლარის ოდენობით ნასყიდობის ფასის მყიდველისათვის დაკისრების მოთხოვნით გამყიდველმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 5 904 ლარის გადახდა დაეკისრა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის (გამყიდველი) წარმომადგენელმა საქმეზე ზედნადებები წარმოადგინა, სადაც გამყიდველად მოსარჩელე, ხოლო მყიდველად მოპასუხეა მითითებული, ამასთან, არც ზედნადებების შინაარსი, არც მყიდველის წარმომადგენლის უფლებამოსილება და არც ხელმოწერის ნამდვილობა (მიუხედავად ბეჭდის არარსებობისა) მოპასუხეს (მყიდველი) სადავოდ არ გაუხდია.

9.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მისი მსჯელობის საგანი შემდეგი საკვანძო საკითხი უნდა ყოფილიყო: ნასყიდობის საგნის სრულად მიწოდების პირობებში, გამყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის წარუდგენლობა მყიდველს რამდენად ანიჭებდა უფლებას, არ გადაეხადა ნასყიდობის საფასური.

9.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 477-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობა ფასზე შეთანხმებაა. სააპელაციო სასამართლომ იქვე განმარტა, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის წესი და საშუალება მხარეებმა შესაძლოა ხელშეკრულებით განსაზღვრონ, მაგრამ ნასყიდობის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, ადგილი უნდა ჰქონდეს მყიდველისა და გამყიდველის ქმედებების თანხვედრას - გამყიდველმა გადასცეს, ხოლო მყიდველმა ნივთი მიიღოს და შესაბამისი საფასური გადაიხადოს.

ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები გადახდის სავალდებულო ფორმაზე არ მიუთითებს, მაგრამ იგი სსკ-ის 429-ე მუხლის ჭრილში უნდა განიმარტოს. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქოსამართლებრივ ბრუნვაში მოვალე უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი; თუკი ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად მხარეები ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევენ, მოვალეს შეუძლია კრედიტორს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც კრედიტორი ვალდებულია - გასცეს დასახელებული დოკუმენტი.

9.4. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა: მართალია, მხარეებმა ხელშეკრულებით ვალდებულების სრულყოფილად შესრულებისათვის მიღება-ჩაბარების აქტის, ანგარიშ-ფაქტურისა და ზედნადების ერთბლიობა განსაზღვრეს, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობის გამო თანხის გადახდაზე მოპასუხეს შეიძლება უარი ეთქვა იმ პირობებში, თუ მასთან ერთად თანმხლები გარემოებაც გვექნებოდა; მაგალითად, პროდუქციის მიწოდება სადავო გახდებოდა ან სასაქონლო ზედნადები არ იარსებებდა. იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის საგანი სრულად მიღებულია იმ ღირებულებით, რა ღირებულებაზეც მხარეები შეთანხმდნენ, მიღება-ჩაბარების აქტს ცვლიდა მითითებული გარემოებები, თავად მოპასუხის თანხმობა საქონლის მიღებაზე და სათანადო წესით გაცემული სხვა მტკიცებულებები.

9.5. არარელევანტურობის მოტივით მყიდველის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არც ის გარემოება მიიჩნია, რომ მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არ ყოფილა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

10.1. სადავო სამართალურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ნასყიდობის ფასის ასანაზღაურებლად ზედნადები სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად ჩათვალა, რაც არასწორია, რადგან ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით, საქონლის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელსაც ხელს აწერენ გამყიდველის მხრიდან - ლოჯისტიკის დეპარტამენტის მომარაგების სამმართველოს წარმომადგენელი, ხოლო მყიდველის მხრიდან - დირექტორი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი.

10.2. ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1, 6.3, 6.5 პუნქტები მყიდველმა არ შეასრულა, კერძოდ, საქონლის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარადგინა, რის შემდეგაც თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო. მყიდველმა ნასყიდობის საფასურის გადახდაზე უარი საქონლის მიუწოდებლობის გამო კი არ თქვა, არამედ ხსენებული თანხა ხელშეკრულების 6.5 პუნქტში განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო არ აანაზღაურა. მიღება-ჩაბარების აქტის შემცვლელი დოკუმენტი სასაქონლო ზედნადები ვერ იქნებოდა და მხოლოდ ზედნადების წარდგენა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების საფუძველი ვერ შეიქმნებოდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

12. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

14. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ: ნასყიდობის საგნის სრულად მიწოდების პირობებში, გამყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის წარუდგენლობა, ანიჭებს თუ არა მყიდველს, ნასყიდობის საფასურის გადახდაზე უარის თქმის უფლებას.

15. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, რომ გამყიდველის მიერ მყიდველისთვის 12 300 ლარის ღირებულების საქონლის შეთანხმებული წესით მიწოდებისა და მყიდველის მხრიდან საქონლის ღირებულების ნაწილის, 6 396 ლარის გადახდის შესახებ ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულადაა ცნობილი, რასაც საკასაციო საჩივრით მოპასუხე არ შედავებია. შესაბამისად, სსსკ-ის 407.2 მუხლის (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) დანაწესიდან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა.

16. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამყიდველის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის მყიდველის მიერ ანაზღაურების თაობაზე წარმატებულია, გამომდინარე სსკ-ის 477.1 (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და და 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) მუხლის დანაწესიდან.

ზემომითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება (რომლის ფარგლებშიც ნასყიდობის ფასის მოპასუხისათვის დაკისრებას გამყიდველი განსახილველი სარჩელით მოითხოვს) ორმხრივმავალდებულებელი გარიგებაა, რადგან ხელშეკრულების თითოეულ მხარეს (როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს) გააჩნია შესაბამისი უფლება-მოვალეობები. ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებისას ადგილი აქვს, მხარეთა ურთიერთშემხვედრი ვალდებულებების არსებობას: გამყიდველის მიერ მყიდველისთვის ნივთისა და ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემა და მყიდველის მიერ შეთანხმებული ფასის გადახდა. ეს ორი ვალდებულება ერთმანეთს განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა, ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა, რომელიც ნასყიდობის საგნის და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის დროიდან წარმოიშობა.

რაკი მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგანი სრულად გადასცა, ხოლო მყიდველმა საკუთრებაში მიღებული პროდუქციის საფასურიდან გამყიდველს 5 904 ლარი არ აუნაზღაურა, სსკ-ის 477-ე მუხლის საფუძველზე მყიდველის მოთხოვნა სამართლებრივად დასაბუთებულია.

17. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმალური წესების დაუცველობის გამო ნასყიდობის ფასის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობაზე კასატორის პრეტენზიას, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს, შემდეგი გარემოების გამო:

სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის საფუძველი მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაა და განსახილველი ურთიერთობა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმების რეგულირების სფეროში ექცევა. კონკრეტულ შემთხვევაში არსებითად მნიშვნელოვანია, რომ გამოკვეთილია სსკ-ის 477-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული შემადგენლობა, კერძოდ, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის საქონლი სრულადაა მიწოდებული ხოლო მყიდველს შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია რაც კასატორის ზემომითითებულ პრეტენზიას ცალსახად აცლის საფუძველს.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე