22 სექტემბერი, 2022 წელი,
საქმე №ას-801 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სს „ს.ს.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #309-ე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანი.
2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობის დადგენასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევით ჩატრდა.
3. აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2021 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დაინიშნა. მოსარჩელეს სხდომის დრო და ადგილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა.
4. 2021 წლის 25 ოქტომბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხოლოდ მოპასუხე გამოცხადდა.
5. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბერის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასა და სარჩელის უარყოფაზე იშუამდგომლა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ იმ საფუძვლით, რომ ეგრედ წოდებული "კორონა ვირუსის" შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით, იმავე კოლეგიის 2021 წლის 25 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი უარყოფილ იქნა.
9. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათი გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება.
10.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 102–ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ დაადასტურა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. შესაბამისად, სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე, არ არსებობდა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველი.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მწვავე ვირუსული ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე რაც დაუძლეველ ძალას უკავშირდება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1. პუნქტი) სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან მათ საპირისპიროდ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 407.2). შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომელიც ეხება მოსარჩელის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიოდ მიჩნევას. ამასთან, მართებულია პალატის შეფასება იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელეს/კასატორს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.
15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 229-ე მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება.
16. სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი:
ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში;
ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა;
გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა;
დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
18. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს.
საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, წინამდებარე სარჩელთან დაკავშირებით, 2021 წლის 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა;
19.1. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს, სასამართლო უწყება (სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), ჩაჰბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამაზე არც მოსარჩელე არ დავობს), (იხ. ხელწერილი, ს.ფ. 101. ტ.1).
20. მოსარჩელეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის და არც რაიმე შუამდგომლობით არ მიუმართავს. მოპასუხემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
შესაბამისად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი იმ შემთხვევების ჩამონათვალს იძლევა, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (შდრ. სუსგ -ები: #ას-914-876-2014, 19.02.2014, # ას-1243-1166-2015, 9.03.2016). აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილთაგან არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ ყოფილა.
22. იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება, ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
23. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად თვითიზოლაციაში ყოფნას უთითებს.
23.1. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს, მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 102-ე თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) და 103.1 მუხლებზე (მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები) და განმარტავს, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსთვის სავალდებულო თვითიზოლაციაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქმეში დაცული მტკიცებულებით კი, დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მეუღლეს კორონა ვირუსი 2021 წლის 3 ნოემბერს დაუდასტურდა, რაც იმავე წლის 25 ოქტომბერს საჩივრის ავტორის თვითიზოლაციაში ყოფნის საფუძველს გამორიცხავს.
24. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით.
სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. სასამართლო წარმომადგენლობა დაიშვება უკლებლივ ყველა საქმეზე, რომელიც სასამართლოს ექვემდებარება უწყებრივად. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ: ა) ნებაყოფლობით ანუ სახელშეკრულებო წარმომადგენლობას; ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობას; გ) კანონისმიერ წარმომადგენლობას. ნებაყოფლობითი (სახელშეკრულებო) წარმომადგენლობა წარმოიშობა მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე დავალების ხელშეკრულების დადებით (სსკ-ის 709-ე მუხლი). სსსკ-ის 96-ე მუხლი ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურებს, ხოლო სსსკ-ის 98-ე მუხლი კი, ითვალისწინებს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებს. (იხ. ზ.ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი I, ავტორთა კოლექტივი, თბილისი, 2014, გვ.180-199).
24.1. სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს - იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს, შეუძლიათ აგრეთვე საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.
24.2. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებსაც, რომ მოსარჩელე საჯარო დაწესებულებაა, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პრობლემების წინაშე დააყენოს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს არგუმენტაციას მასზედ, რომ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 2021 წლის 25 ოქტომბერს რატომ ვერ უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მივლინება. შესაბამისად აშკარაა, რომ მოსარჩელეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, შეეძლო სასამართლოში საქმე სხვა წარმომადგენლის მეშვეობით ეწარმოებინა, რაც არ შეუსრულებია.
25. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სხდომაზე კონკრეტული და/ან სხვა წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების წინაპირობები, გასაზიარებელია.
26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე