Facebook Twitter

29 სექტემბერი, 2022 წელი,

საქმე №ას-953 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ნ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ნ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მიეცა უფლება, მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე გაიფორმოს თბილისში, ....., (ს/კ-ით #.......) მდებარე 42.42 კვ.მ უძრავი ქონება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის #006995319 ექსპერტიზის დასკვნის #4 დანართის მიხედვით, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მესაკუთრის მხრიდან საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებას არ აქვს ადგილი. პირიქით, ადგილი აქვს მოპასუხის კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლების დარღვევას. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სასურველი ფორმით საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში არ შემცირდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პარამეტრი. ამასთან, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელისთვის სასურველ კონფიგურაციაში შემავალ, მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზე მოწინააღმდეგე მხარის საკუთრების უფლებას დაადგენდა, საქმეში არ წარდგენილა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მხარეები თბილისში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, მათი ფართები მდებარეობს ერთ სივრცეში და ისინი ფაქტობრივად გამიჯნული არ არის, კერძოდ:

4.3.1. ......, მე-2 სართულზე მდებარე 42.42 კვ.მ #3 ფართი, (ს/კ-ით #......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება) 2019 წლის 5 ნოემბრიდან მოსარჩელის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

4.3.2. ......., მე-2 სართულზე მდებარე 51.57 კვ.მ #5 ფართი (ს/კ-ით #......) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება) კი, 2020 წლის 3 იანვრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

4.5. 2008 წლის 17 მარტის უძრავი ქონების ურთიერთგამიჯვნის სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით, ვ.ნ–ი, როგორც შვილის - გ.ნ–ის წარმომადგენელი და მოპასუხის წინამორბედი მესაკუთრე დ.ს–ა შეთანხმდნენ, რომ ი/მ „გ.ჩ–ძის“ მიერ შედგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე გ.ნ–ის კუთვნილი უძრავი ქონება ლურჯად, ხოლო დ.ს–ასი - მწვანედაა დაშტრიხული.

4.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 ოქტომბრის #006995319 ექსპერტიზის დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, თბილისში, ........, მე-2 სართულზე მდებარე მ.ს–ას ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 83.27 კვ.მ-დან 2012 წლის 25 იანვარს შპს „გ. ...-ის“ მიერ მომზადებულ გეგმაზე ასახული 42. 42 კვ.მ-ის და 1.05 კვ.მ-ის (ერთობლივად 43,47 კვ.მ) გამიჯვნა, ტექნიკური თვალსაზრისით, მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ #4-ზეა ნაჩვენები.

4.7. 2019 წლის 5 ნოემბერს მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მარეგისტრირებელი ორგანო) მიმართა და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილების რეგისტრაცია.

მარეგისტრირებელი ორგანოს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით, მოთხოვნილ იქნა მოპასუხის წინამორბედი მესაკუთრის, მ.ს–ას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით შედგენილი თანხმობა ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც რეგისტრაციის შეჩერების ვადაში ვერ იქნა წარდგენილი.

4.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა/მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია) და 172.2. (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალი პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებისაგან შედგება და კანონის მიზანი სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერად წარმართვაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარება მაშინ არის აშკარა, როდესაც უფლების მქონე პირი ამ უფლებას საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის მართლზომიერად იყენებს.

სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ადგენს სხვა პირის ქონებისადმი/უფლებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების მოვალეობას, ასე მაგალითად: სანივთო სამართალი, რომელიც ნივთზე ბატონობის პრინციპიდან გამომდინარე მეტი იმპერატიულობით ხასიათდება, ერთის მხრივ, ადგენს მესაკუთრის უფლებას, სკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს საკუთრების ბედი, ამასთან, 170-ე მუხლის პირველი ნაწილითვე განსაზღვრავს შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს - თუკი არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

316.2 მუხლით სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხაზგასმულია სხვა პირის ქონებისა და უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების დაცვა.

სამოქალაქო ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ზოგად პრინციპებს ვხვდებით 8.3 მუხლსა და 115-ე მუხლშიც, კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება სამართლის საკითხს წარმოადგენს და, ყოველ სადავო შემთხვევაში, სასამართლო ამოწმებს უფლების მქონე პირის ქმედების მიზანს: ურთიერთობის მონაწილის ნება ხომ არ არის მიმართული მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისკენ.

7. მოცემულ შემთხვევაში, განსახილველია, მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის წერილობითი თანხმობის გარეშე მიენიჭოს უძრავი ნივთის რეგისტრაციის უფლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია უძრავი ნივთის რეგისტრირებულ მონაცემებში სადავო ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმა, წარმოადგენს თუ არა მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას.

7.1. უფლების ბოროტად გამოყენების საკითხს შეეხება სსკ-ის 115-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული.

8. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile-სა“ და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან.

კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე - ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია, უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (სუსგ. 29.06.2015წ. საქმეზე №ას-1338-1376-2015). იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართალდ და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (სუსგ. 21.05.2012წ. საქმე №ას-221-213-2012), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (სუსგ. 24.05.2011წ. საქმე №ას-23-18-2011).

კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (სუსგ. 4.11.2015წ. საქმე №ას-528-501-2015). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (სუსგ. 18.11.2015წ. საქმე №ას-549-521-2015).

როგორც აღინიშნა, ეს პრინციპი განმტკიცებულია ეროვნული კანომდებლობის დონეზეც: სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედადაა მიჩნეული და აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ურთიერთობა კეთილსინდისიერად წარმართვის ჭრილშიც შეფასდეს.

9.კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქციაა ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შდრ. სუსგ-ას №ას-1338-1376-2014 29 ივნისი, 2015წ.).

10. უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა.

11. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს. ამდენად, იმისათვის, რომ პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი ჰქონდეს, უნდა იკვეთებოდეს ამ უკანასკნელის მიზანი - ზიანი მიაყენოს სხვა პირს. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა.

12. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები თბილისში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, მათი ფართები მდებარეობს ერთ სივრცეში და ისინი ფაქტობრივად გამიჯნული არ არის.

ასევე დადგენილია, რომ ნ.გ–ის უარი გასცეს თანხმობა ნ.ნ–ის ნივთის რეგისტრაციის მიზნით წარმოადგენს უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების ძირითად მოტივს.

აშკარაა, რომ მოპასუხე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ყოველგვარი ცვლილების წინააღმდეგია რაც საკასაციო პალატის დასკვნით უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა დაკვალიფიცირდეს ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართი იზოლირებული არაა და ნ.ნ–ის როგორც მესაკუთრის უფლებების განხორციელება შეზღუდულია.

ამასთან, იმის მტკიცებულება, რაც მოპასუხის/კასატორის პოზიციის მართებულებას დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი კონფიგურაციით ნ.გ–ის უფლებების შელახვის შესახებ საქმეში არ მოიპოვება.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ უარყო სააპელაციო პალატის ძირითადი მოსაზრება:

სამოქალაქო საპროცესო სამართლში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთის მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის ნებართვის გაცემაზე უარის გაცხადებით საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ მოპასუხე სადავო თანხმობის გაცემაზე უარის პირობებში მიზნად ისახავდა მხოლოდ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებას და სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ არსებითად სწორია.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი/მ ე.გ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.12.2021წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ი/მ გ.ლ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 24.01.2022წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე