Facebook Twitter

საქმე №ა-6404-შ-155-2022

6 დეკემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.მ.ა.

განხილვის საგანი – საუდის არაბეთის სამეფოს კატიფის გენერალური სასამართლოს საბოლოო ინსტანციის N38333354 სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების ნაწილში

დავის საგანი – სამკვიდროს მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

საუდის არაბეთის სამეფოს კატიფის გენერალური სასამართლოს საბოლოო ინსტანციის მიერ გაცემული N38333354 სამკვიდრო მოწმობით გარდაცვლილი ა.მ. ჰ.ა–ის სამკვიდრო მიიღეს მისმა შვილებმა და მეუღლემ: ზ. ა.მ. ა–მა, რ. ა.მ. ა–მა, ა. ა.მ. ა–მა, მ. ა.მ. ა–მა, ბ.ა.მ. ა–მა, დ.ა. მ. ა–მა, ფ. ა.მ. ა–მა, ბ. ა.მ. ა–მა, ჰ.ა ა.მ. ა–მა და მ.ჰ.ი.ა.

ა.მ. ჰ.ა–ის საკუთრებაში ირიცხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება ს.კ N......... და სს ,,ლ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე განთავსებული თანხა.

ერთ-ერთი მემკვიდრის ა.მ.ა–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საუდის არაბეთის სამეფოს კატიფის გენერალური სასამართლოს საბოლოო ინსტანციის გაცემული N38333354 სამკვიდრო მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, სამკვიდრო მასაში შესული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების ნაწილში. მხარემ ასევე იშუამდგომლა სს ,,ლ.ბ–იდან’’ მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ.ა–ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეთა ზოგად ჩამონათვალს, რომელთა შორის არის, როგორც ქონებრივი, ისე საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავები, ასევე, დავები, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მონაწილეობით, თუმცა, ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, მასში ჩამოთვლილ საქმეებს სასამართლოები განიხილავენ, თუ მათი განხილვა, კანონის თანახმად, სხვა ორგანოს კომპეტენციაში არ შედის.

განსახილველ საქმეში შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ გარდაცვლილი ა.მ. ჰ.ა–ის სამკვიდრო მასაში საუდის არაბეთის სამეფოს ტერიტორიაზე არსებული ქონების გარდა, ასევე ირიცხება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონება ს.კ N ...... და სს ,,ლ.ბ–ში“ არსებულ ანგარიშზე განთავსებული თანხები. შუამდგომლობის ავტორის იურიდიულ ინტერესს სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამკვიდროს საკუთრებაში მიღება წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს, და არა სასამართლოს, კომპეტენციას წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 77-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობისა და სამკვიდროს გახსნის ადგილის მიუხედავად. ამავე ბრძანების 91-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულია შემდეგი: თუ მამკვიდრებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე (მინსკის კონვენციის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის გარდა) და სამკვიდრო მასაში არის ქონება, რომლის ადგილსამყოფელი არის საქართველო, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას გასცემს შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (ან სხვა დოკუმენტის, რომელიც სამკვიდრო მოწმობას ცვლის) საფუძველზე. ამ შემთხვევაში ნოტარიუსს უნდა წარედგინოს მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა და საქართველოში შესაბამისი ქონების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შუამდგომლობის განსახილველად მიღების წინაპირობები, რადგანაც საკითხის გადაწყვეტა (სამკვიდროზე საკუთრების მოპოვება) სანატორო ბიუროს და არა სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს, შესაბამისად მხარის მოთხოვნა სს ,,ლ.ბ–ისგან“ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის (შუამდგომლობის) ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ სარჩელი (შუამდგომლობა) არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის (შუამდგომლობას) მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს (შუამდგომლობის ავტორს), რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ა.მ.ა.ს უარი ეთქვას შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე;

1.1 ა.მ.ა.ის მოთხოვნა სს,,ლ.ბ–იდან’’ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განემარტოს, რომ მისი მოთხოვნის (ინტერესის) დაკმაყოფილება სანოტარო ორგანოს და არა სასამართლოს კომპეტენციაა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე