Facebook Twitter

6 ივლისი, 2022 წელი,

საქმე №ას-463-2020 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელეები) - მ.ხ–ძე, ა.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.ხ–ა

მესამე პირები - სს „ს.კ.ა–ი“; მ.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2014 წლის 12 აგვისტოს, მ.ხ–ძესა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან პირველი კასატორი) და მ.დ–ას (შემდეგში - მსესხებელი ან მოვალე) შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც პირველმა მოსარჩელემ მსესხებელს სესხად 9 000 აშშ დოლარი გადასცა. სესხი სარგებლიანი იყო და სარგებელი პირველი მოსარჩელის მიერ მოვალის ბინაში, კერძოდ, ქ.თბილისში, ...... (შემდეგში - ბინა ან უძრავი ქონება) მდებარე სახლში ცხოვრების უფლებაში მდგომარეობდა. ბინაში ცხოვრების პერიოდში პირველი მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა კომუნალური მომსახურებისა და სხვა მიმდინარე ხარჯები. მსესხებელს სესხი 2016 წლის 12 აგვისტოს უნდა დაებრუნებინა.

2. 2014 წლის 30 ოქტომბერს, ა.დ–ძესა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მეორე კასატორი) და მსესხებელს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მეორე მოსარჩელემ მოვალეს სესხად 7 000 აშშ დოლარი გადასცა. სესხი სარგებლიანი იყო და სარგებელი მეორე მოსარჩელის მიერ მსესხებლის ბინაში ცხოვრების უფლებაში მდგომარეობდა. ბინაში ცხოვრების პერიოდში მეორე მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა კომუნალური მომსახურებისა და სხვა მიმდინარე ხარჯები. მოვალეს სესხი 2015 წლის 30 ოქტომბერს უნდა დაებრუნებინა.

3. 2014 წლის 25 დეკემბერს, ნოტარიუსმა ნ.ხ–ამ (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოვალის მიმართ პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლის საფუძველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 9 000 აშშ დოლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების დრო 2014 წლის 25 დეკემბრით განისაზღვრა.

4. დაზარალებულად ცნობის შესახებ 2015 წლის 27 თებერვლისა და 2016 წლის 4 მარტის დადგენილებების თანახმად, შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებზე მოსარჩელეები დაზარალებულად ცნეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ივლისის განაჩენის მიხედვით, მსესხებელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა) და 180.3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 მაისის ცნობის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

7. მოსარჩელეთა მიმართვის საფუძველზე მოპასუხის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმის წარმოება 2015 წლის 11 დეკემბრის დისციპლინური კომისიის დასკვნით შეწყდა.

8. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილისა და 2017 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად (მოპასუხის მხარეზე) სს „ს.კ.ქ–უ“ ჩაება, რომელიც მოგვიანებით სს „ს.კ.ა–ით“ შეიცვალა. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის სტატუსით საქმში ჩაება მ.შ–ი.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილა.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხის ქმედება არ შეიძლება კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნეულიყო, შემდეგი მიზეზის გამო:

მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებით სესხი უზრუნველყოფილი არ ყოფილა, საცხოვრებელ სახლზე ჩანაწერი ამ ხელშეკრულებებში უძრავი ქონებით სარგებლობას შეეხებოდა. აქედან გამომდინარე, საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემოწმება ნოტარიუსს არ ევალებოდა და მის ქმედება ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად (სანოტარო მოქმედების შესრულება კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი) ვერ შეფასდებოდა.

,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 3.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციაა იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და ა.შ.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით. ამავე ინსტრუქციის 15.1 (საჯარო აქტის შედგენის წესი) და 15.5 (გარიგება, მოწმობა და სხვ.) პუნქტების მიხედვით, იმ აქტის დასამოწმებლად, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა; ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებები.

ზემოაღნიშნულისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ და მისმა შემცვლელმა პირმა (მესამე პირი მ.შ–ი) სანოტარო მოქმედებები კანონის მოთხოვნათა დაცვით შეასრულეს, რაც საჯარო აქტის ფორმულირებითა და აქტზე მხარეთა ხელმოწერებით დასტურდებოდა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სადავოდ გამხდარ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინების კანონიერებაზეც, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მტკიცებულებად სესხის ხელშეკრულებების დართვაზე. რაკი ხსენებული სესხის ხელშეკრულებები მსესხებელ ა.ჩ–ას მიერ აღებულ სესხს შეეხებოდა (რომელიც მოპასუხემ დაამოწმა), ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისა და მისი შემცვლელი პირის მიერ თავისი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებას უკავშირდებოდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მითითებულ მტკიცებულებას დავის საგანთან კავშირი არ ჰქონდა. რაც შეეხებოდა ნოტარიუს ა.მ–ას მიერ შედგენილი სანოტარო აქტის საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობას, პალატის მოსაზრებით, დავის საგანთან არც ამ მტკიცებლებას არ ჰქონდა კავშირი, რის გამოც მის დართვაზე მოსარჩელეს უარი სწორად ეთქვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

13.1. სესხის ხელშეკრულებები ნოტარიუსის მიერაა შედგენილი, რომლის შინაარსზეც ისაა პასუხისმგებელი და რომლისთვისაც მას მომსახურების შესაბამისი საფასური აქვს აღებული. სადავო ხელშეკრულების მეორე პუნქტში საუბარია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივ დეტალებზე, რაც ნოტარიუსმა უგულებელყო.

მოპასუხის მოსაზრებით, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში არსებობის ფაქტის გადამოწმება მას არ ევალებოდა, ეს პოზიცია მოქმედ კანონმდებლობას არ შეესაბამება. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ხელშეკრულებები, რომელთა შედგენაშიც მოპასუხემ საზღაური აიღო და რომლებიც მას ფორმის დაცვით უნდა შეედგინა. თუკი მოპასუხე შესაბამის მოქმედებას შეასრულებდა, მოსარჩელეები არ დაზარალდებოდნენ.

13.2. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თითქოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება. საქმის მასალებიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ არსებობს მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი, რადგან მან დაარღვია „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი და სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განხილვის საგანია, თუ რამდენად კანონიერია მოსარჩელეთა მოთხოვნა, მოპასუხისათვის, თითოეული მათგანის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი შემდეგია: მოპასუხემ (მეორე მოსარჩელის შემთხვევაში) და მისმა შემცვლელმა პირმა მ.შავერდაშვილმა (პირველი მოსარჩელის შემთხვევაში) სანოტარო მოქმედებების შესრულებისას მოსარჩელეთა მიმართ ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულეს; მოსარჩელეთა მიზანი იყო, რომ მსესხებლისათვის გადაცემული თანხა არ დაკარგვოდათ, ისინი მოპასუხეს ენდობოდნენ, რის გამოც ამ უკანასკნელის მიერ გაცემული იურიდიული კონსულტაციის შედეგად მსესხებელთან სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებები გააფორმეს, მსესხებლის ბინაში ცხოვრების უფლებით; მოგვიანებით, გამოირკვა, რომ აღნიშნულ ბინზე მოვალის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო, რითაც მოსარჩელეებს ზიანი მიადგათ.

18. სარჩელის განსახილველი მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ: №ას-1426-2018, 11.04.2019; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 4.04.2017).

20. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეებს უნდა დაემტკიცებინათ, რომ მოპასუხემ მათ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

საკასაციო პალატას მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტა დაკავშირებულია შემდეგი საკითხის ზუსტად განსაზღვრასთან - მოსარჩელეთა მიერ მითითებული შემთხვევა წარმოადგენს თუ არა კანონით ნოტარიუსისათვის დაკისრებული რომელიმე ვალდებულების დარღვევას, რამაც, შესაძლოა, მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკანონმდებლო საფუძველი შექმნას.

21. დასმულ საკითხზე პასუხის გასაცემად სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქცია და ამ ინსტრუქციის 3.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის (ნოტარიუსის ძირითადი ფუნქციაა იმ აქტის (გარიგება, მოწმობა და ა.შ.) შედგენა და დამოწმება/გაცემა, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის გარიგების სანოტარო ფორმის დაცვა, მაგრამ პირს სურს გარიგების დადება სანოტარო ფორმის დაცვით), ასევე, 15.1 და 15.5 პუნქტების (იმ აქტის დასამოწმებლად, რომლის ნამდვილობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სანოტარო ფორმის დაცვა, ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს მხარეთა (წარმომადგენელთა) ვინაობა, უფლებამოსილება, ქმედუნარიანობა, ნების გამოვლენის ნამდვილობა და უზრუნველყოს გარიგების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მხარეთა ნების ადეკვატური ასახვა გარიგებაში, მხარეთათვის გარიგების შინაარსის სამართლებრივი შედეგების განმარტება, რჩევის მიცემა; ნოტარიუსი ვალდებულია, საჯარო აქტის ფორმით დოკუმენტის დამოწმებისას სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს სანოტარო აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს სანოტარო აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც სავალდებულოა წერილობითი განმარტება. ივარაუდება, რომ მხარეებმა სანოტარო აქტის ხელმოწერამდე მიიღეს ჯეროვანი განმარტებები) საფუძველზე მართებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ და მისმა შემცვლელა პირმა სანოტარო მოქმედებები კანონით დადგენილი წესის დაცვით შეასრულეს.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებაზე:

სარჩელში მითითებული სესხის ხელშეკრულებები იპოთეკით უზრუნველყოფილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავდა ნოტარიუსის ვალდებულებას, უძრავ ნივთზე (ბინაზე) მსესხებლის საკუთრების უფლების გადამოწმების კუთხით.

მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხის მიმართ აღძრული დისციპლინური საქმის წარმოება 2015 წლის 11 დეკემბრის დასკვნით შეწყდა.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსარჩელეები მოპასუხის მიერ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობაზე მიუთითებენ:

კასატორთა პრეტენზიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხის მხრიდან უძრავი ქონების მსესხებლის საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტის გადამოწმებისა და მოპასუხეთათვის შესაბამისი განმარტების მიცემის პირობებში (რაც, კასატორთა მოსაზრებით, მოპასუხეს ევალებოდა), მათი უფლებები დაცული იქნებოდა. ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს პალატა ვერ გაიზიარებს და შემდეგზე მიუთითებს:

მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო პრეტენზიის განხილვისას არსებითი ის კი არაა - საჯარო რეესტრში მსესხებლის საკუთრების უფლების გადამოწმებისას, დაცული იქნებოდა თუ არა კასატორთა უფლებები, არამედ, მნიშვნელოვანია, დადგინდეს - ჰქონდა თუ არა მოპასუხეს ასეთი გადამოწმების ვალდებულება; აღნიშნულ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს ვინაიდან კანონმდებელი ნოტარიუსს ასეთი ქმედების შესრულების ვალდებულებას არ აკისრებს.

ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმებისას, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებმა ნოტარიუსს სრულყოფილად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მათ მიზნებსა და სურვილებზე. თუკი მხარეები ნოტარიუსს სესხის ხელშეკრულების დადების შესახებ მიუთითებენ და იპოთეკური ხელშეკრულების დადების თხოვნას არ გააჟღერებენ, უძრავ ნივთზე (ბინაზე) მსესხებლის საკუთრების უფლების გადამოწმების ვალდებულება ნოტარიუსს ცხადია არ გააჩნდა.

23. მოპასუხის მხრიდან შესაბამისი განმარტების გაცემის აუცილებლობაზე მსჯელობა შემდეგი საკითხის სწორად დადგენასთანაა დაკავშირებული: მოსარჩელეებმა გარკვევით გადასცეს თუ არა ნოტარიუსს რა გარიგების შედგენა სურდათ მათ და, მოითხოვეს თუ არა, ამ უკანასკნელისგან ყველა სამართლებრივ ასპექტზე ინფორმაცია.

საქმეზე წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებების მიხედვით, ნოტარიუსმა მხარეებს გააცნო სსკ-ის შესაბამისი ნორმები, ხელშეკრულებები ხმამაღლა წაუკითხა, რის შემდეგაც მოსარჩელეებმა ტექსტი მოიწონეს და ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერეს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 20-27). ამ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ, შესაძლებელია, მხარეს არ გააჩნია იურიდიული ტერმინოლოგიის (მათ შორის იგულისხმება სამოქალაქო კოდექსის ნორმები სესხის და/ან იპოთეკის ხელშეკრულების შესახებ) სათანადო ცოდნა, თუმცა მოსარჩელეებს ერთმნიშვნელოვნად შეეძლოთ შედგენილი გარიგებების შინაარსობრივი ნაწილის სწორად აღქმა;

ამავე საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მასჯელობას, კასატორთა შინაგან ნებას და მოსარჩელეებს გასესხებული თანხის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული გარანტიების შესახებ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა გაეგოთ. ამდენად, კასატორთა მიერ მხოლოდ სიტყვიერად იმის განმარტება, რომ იმჟამად მოპასუხე ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე იყო და მოსარჩელეთა მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხი გააჩნდა, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მოპასუხის მიჩნევას ვერ განაპირობებს.

24. კასატორები სადავოდ ხდიან გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილსაც, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქმეზე მტკიცებულებად სესხის ხელშეკრულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა. პალატას მიაჩნია, რომ განჩინების ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის მოტივებზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ ვინაიდან ერთ-ერთი ტკიცებულება მსესხებელ ა.ჩ–ას მიერ აღებულ სესხს შეეხებოდა (რომელიც მოპასუხემ დაამოწმა), ხოლო მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისა და მისი შემცვლელი პირის მიერ თავისი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებას უკავშირდებოდა, ამიტომ დავის საგანთან მას კავშირი არ ჰქონდა. იგივე უნდა ითქვას ნოტარიუს ა.მ–ას მიერ შედგენილი სანოტარო აქტის საქმეზე დართვის შესახებ შუამდგომლობაზე, ამ მტკიცებულებასაც დავის საგანთან კავშირი არ გააჩნდა, რის გამოც საქმეზე მის დართვაზე უარის თქმაც კანონიერია.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 910.7 ლარილარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–ძისა და ა.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ.ხ–ძესა (პ/ნ .....) და ა.დ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ბ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 301 ლარის (საგადასახადო დავალება - № 0, გადახდის თარიღი - 3.02.2020) 70% - 910.7 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე