29 სექტემბერი 2022 წელი
№ას-17-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების - 171 309.63 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო დაბინავების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“ ვალდებული იყო მოპასუხისათვის დაეჯავშნა მის საკუთრებაში არსებული სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ 50 ოთახი, 15 ივლისიდან 15 სექტემბრის პერიოდზე, 120 აშშ დოლარად. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების პირობები და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს დაუჯავშნიდა 30 ოთახს, 15 ივლისიდან 15 სექტემბრამდე პერიოდზე, 170 შშ დოლარად. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო სასტუმროში განეთავსებინა სტუმრები და შეევსო მისთვის დაჯავშნილი ოთახები.
2.2. ხელშეკრულების თანახმად, ჯავშნის დღეს სასტუმროში სტუმრის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო გადაეხადა ოთახის ღირებულება. იგი 15 ივლისიდან ვერ ასრულებდა ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს და ვერ ავსებდა მისთვის დაჯავშნილ ოთახებს. 2017 წლის 15 ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდზე მოპასუხემ სასტუმროში 510 სტუმრის ნაცვლად, შეიყვანა მხოლოდ 74 სტუმარი, ხოლო 31 ივლისის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა ვალდებულების შესრულება.
2.3. ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მოპასუხის ვალდებულებას გადაიხადოს თანხა როგორც განთავსებული სტუმრებისათვის, ასევე მის მიერ შეუვსებელი ნომრებისათვის, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისაგან როგორც სტუმრების განთავსების, ასევე შეუვსებელი სტუმრების ნომრების ღირებულებას.
2.4. მოპასუხემ სასტუმროში შეიყვანა 74 სტუმარი, რომელთა სასტუმროში განთავსების ღირებულებამ შეადგინა 36 293,85 ლარი. ამასთან, მან ვერ შეავსო სასტუმროს 273 ნომერი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 108 883.80 ლარი. თანხას დაემატა 18% დღგ, რაც შეადგენს 26 131.98 ლარს, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრება 171 309.63 ლარით.
2.5. მოსარჩელე მუდმივად ცდილობდა შეემცირებინა მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანი, კერძოდ, მოსარჩელე თანახმა იყო გაექვითა თანხა იმ შემთხვევაში, თუ სასტუმრო მოახერხებდა ნომრების სხვა მომხმარებლებზე გაყიდვას. 15 ივლისიდან 31 ივლისამდე პერიოდში მოპასუხემ არ დაიკავა 436 სასტუმროს ნომერი. მოსარჩელემ მოახერხა გაექირავებინა 163 სასტუმროს ნომერი. გარკვეულ დღეებში, როცა სასტუმროს დაკავებულობის კოეფიციენტი დაბალი იყო, მოსარჩელე მოპასუხეს არიცხავდა არა 170 აშშ დოლარს, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, არამედ - 160 აშშ დოლარს. ვინაიდან 2017 წლის 31 ივლისიდან მოპასუხემ სრულად შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, მოსარჩელემ მთლიანად მოხსნა ჯავშანი მოპასუხის სახელზე 2017 წლის 01 აგვისტოდან, რათა მინიმუმამდე შეემცირებინა მიყენებული ზიანი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-სა და შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს შორის არანაირი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოსარჩელის კონტრაქტორია ირანში დაფუძნებული კომპანია, „ჰ.ი.ს.თ.ე–სი“ რომლის სარეგისტრაციო ნომერიც, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული ხელშეკრულების მიხედვით, არის 271.... მოპასუხე - შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“ არის საქართველოში დაფუძნებული მეწარმე სუბიექტი, საიდენტიფიკაციო კოდით - ......, რომელიც მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ ყოფილა. შესაგებელში განმარტებულია, რომ მოპასუხის დირექტორი ა.ა.კ–ე არის ასევე მოსარჩელის კონტრაქტორი კომპანიის დირექტორიც, რის გამოც დირექტორის სახელი ფიგურირებს სარჩელზე თანდართულ მიმოწერებში; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“ წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს სარჩელი მოპასუხე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოპასუხე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“ 2016 წლის 13 ივნისიდან რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად საიდენტიფიკაციო კოდით ; კომპანიის დირექტორად და 100%-იანი წილის მესაკუთრედ რეგისტრირებულია ა.ა.კ–ე (.....; ისლამური რესპუბლიკა).
7.2. „T.B“-ის მიერ გაცემული ინვოისი (14/07/17-04-0-17) გამოწერილია „ს.ი.ი“-ს მიმართ.
7.3. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია ირანის ისლამური სახელმწიფოში გაცემული სერტიფიკატი „ჰ.ი.ს“-ის შესახებ, რომლის სარეგისტრაციო კოდად მითითებულია ...., აღმასრულებელ დირექტორად კი - ა.ქ.ზ. (პ.ნ. ......). მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთობებისა და ტურიზმის ორგანიზაციის თეირანის პროვინციის კულტურული მემკვიდრეობის, ხელნაკეთობებისა და ტურიზმის ადმინისტრაციის ტურისტული სააგენტოს საქმიანობის ნებართვა, რომლის თანახმად „ჰ.ი.ს“-ის საქმიანობის მისამართია: თეირანი, ........., მეოთხე ქუჩის კუთხე, №14, მე- 2 სართული, ბინა №14.
7.4. „ჯგუფების განთავსების (ღონისძიების) ხელშეკრულება“ გაფორმებულია არა შ.პ.ს. „ი.ს.ჯ“-სთან, არამედ „ჰ.ი.ს.თ.ე“-სთან, რომლის სარეგისტრაციო კოდია 27...
7.5. საქმის მასალებით არ დგინდება შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მიერ ნების გამოვლენა და მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების არსებობა, ასევე, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს სასარგებლოდ სასტუმროში სტუმრების განთავსებისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის ფაქტი.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად).
8.2. იმისათვის, რომ მხარეთა ურთიერთობა დაკვალიფიცირდეს ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობად, მოსარჩელემ მინიმუმ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობებზე შეთანხმება მოპასუხესთან, როგორიცაა ხელშეკრულების საგანი (მომსახურების შინაარსი), ფასი და ხელშეკრულების ვადა, მით უმეტეს, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელესთან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს.
8.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დადასტურების მიზნით წარდგენილი „ჯგუფების განთავსების (ღონისძიების) ხელშეკრულება“ გაფორმებულია, ერთი მხრივ, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-სა (ს/ნ ....411) მეორე მხრივ, „ჰ.ი.ს– თ.ე–სი“-ს (ს/ნ ...., მდებარე ....., თეირანი, ირანი) შორის. ხელშეკრულება დამოწმებულია შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს ბეჭდით. ხელშეკრულებაში დასახელებული არ არის „ჰ.ი.ს– თ.ე “-ს წარმომადგენელი, ხოლო, „ჰ.ი.ს– თ.ე“-ს სახელით განხორციელებულ ხელმოწერაზე მხარეებს აპელირება არ გაუკეთებიათ.
8.4. შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს ბეჭდით „დ.გ.ჯ–ა“-სა და „ჰ.ი.ს– თ.ე“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამოწმება, არ შეიძლება განიხილებოდეს შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მიერ გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენად სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად.
8.5. სააპელაციო პალატამ შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მიმოწერების შინაარსი, რომელიც ეხება „ი.ს“-ის მიერ დაჯავშნილ სასტუმროს ნომრებსა და ჯავშნის ღირებულების ოდენობის პირობებს. კერძოდ, ერთ-ერთი გზავნილის (გამგზავნი: მ.ქ–ძე, მიმღები“ F. A.) თანახმად, სასტუმრო განიხილავდა სააგენტო „გ.თ“-ისგან მიღებულ რეზერვაციებს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დაიდო სააგენტო „ჰ.ი.ს– თ“-ის სახელით. პალატის შეფასებით, აღწერილი გზავნილები არ შეიცავს ინფორმაციას შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მიმართ რაიმე მომსახურების გაწევის შესახებ (მათ შორის, „ჰ.ი.ს. თ“-თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში და ასევე არ დასტურდება ა.ა.კ–ეს, როგორც შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს დირექტორისადმი მიმოწერების განხორციელება). ამდენად, ზემოაღნიშნული წერილობითი დოკუმენტებით, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ დადასტურდა შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-სა და შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს შორის სასტუმროს დაჯავშნის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, ასევე შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მიერ შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს სასარგებლოდ 36 293.85 ლარის ღირებულების მომსახურების გაწევის ფაქტი.
8.6. სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი „THE BILTMORE“-ის წერილობითი დოკუმენტი (ტ.2., ს.ფ. 155) დაჯავშნილი და შეუვსებელი ნომრების კალკულაციის შესახებ, „დ.გ.ჯ–ას“ 2017 წლის 2 სექტემბრის წერილი ა.ა.კ. ზ–ის მიმართ (ტ.2., ს.ფ. 156-159) დავალიანების შესახებ, აგრეთვე 2017 წლის 16 ნოემბრის შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს ბეჭდით დადასტურებული „THE BILTMORE“-ის ინვოისი (№1554), შედგენილია ცალმხრივად, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მიერ, შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მონაწილეობის გარეშე, ამდენად, მათი მეშვეობით ვერ დგინდება ამ უკანასკნელის ნების გამოვლენა ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების თვალსაზრისით ან მოპასუხის მიერ ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეული მომსახურების მიღება.
8.7. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის გამო დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ.
8.8. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენისას აპელანტის მიერ გაცხადებულ პრეტენზიაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებდა, შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლა, თუ სასამართლო თვლიდა, რომ სარჩელით მოპასუხე სუბიექტი არასწორად იყო განსაზღვრული, სააპელაციო პალატამ გააკეთა შემდეგი სამართლებრივი შეფასება: საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ არასათანადო მოპასუხეობის თაობაზე, მხარემ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით. საქმის განხილვის სტადიაზე მოსარჩელეს არასათანადო მოპასუხეობაზე არ მიუთითებია, რის გამოც, სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით, არ იმსჯელა. პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი იმსჯელოს მოპასუხის სათანადოობაზე, თუ აღნიშნულის თაობაზე, მხარე მიმართავს შუამდგომლობით, მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი მიმართვის არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-მ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9.1. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევით, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია - მოპასუხე ორივე ინსტანციის სასამართლოში აპელირებდა მასზედ, რომ იყო არასათანადო მოპასუხე. თუ სააპელაციო პალატა იზიარებდა მხარის არასათანადოობის არგუმენტს, მას ევალებოდა, შეეთავაზებინა მოსარჩელისათვის მოპასუხის ჩანაცვლება და თუ აღნიშნულს მოსარჩელე არ დაეთანხმებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია პოზიცია მოპასუხის სათანადოობასთან დაკავშირებით, რითაც წაართვა მოსარჩელეს შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა საკუთარი თანხმობა ან უარი მხარის ჩანაცვლებაზე.
9.2. სასამართლომ სრულყოფილად არ შეაფასა მტკიცებულებები, როდესაც დაადგინა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობა. კერძოდ, სარჩელთან ერთად წარდგენილ დაბინავების ხელშეკრულებას ბოლოში დასმული აქვს შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს ბეჭედი, რომელზეც მითითებულია ამ უკანასკნელის საიდენტიფიკაციო კოდი, რაც ადასტურებს მხარეთა მოქმედებებს იმ მოსაზრებით, რომ დაბინავების ხელშეკრულება იდებოდა სწორედ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. ამასთან, კასატორსა და მოპასუხეს შორის მთელი ბიზნეს-ურთიერთობის განმავლობაში მიმდინარეობდა ელექტრონული კორესპონდენცია, რომელიც კასატორის მხრიდან ხორციელდებოდა შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მისამართით, რომელიც არცერთ ასეთ კომუნიკაციაში სადავოდ არ ხდიდა ხელშეკრულების მხარედ ყოფნას. სარჩელის დანართი №4-ში წარმოდგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის - თ.ქ–ის წერილი კასატორი ორგანიზაციის მიმართ, რომელიც რამდენჯერმე მიუთითებს, რომ მოპასუხეს არ აქვს ფულადი ვალდებულება კასატორის წინაშე, თუმცა არ მიუთითებს, რომ შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“ ბიზნეს ურთიერთობის მხარე არ არის, მეტიც, იგი ხაზს უსვამს „არაერთ შეხვედრას, სატელეფონო საუბარს და მიმოწერას ელ.ფოსტის საშუალებით“, რომელთა შედეგად, ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა მხარეებს შორის. ამასთან, წერილში იგი ორჯერ ახსენებს მხარეებს შორის არსებულ ბიზნეს და პარტნიორულ ურთიეთობებს. გაუგებარია, რატომ დასჭირდათ მხარეებს ასეთი კომუნიკაცია გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, თუ მათ შორის საერთოდ არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, კასატორსა და მოპასუხეს შორის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმართულ ურთიერთობაში მოპასუხეს წარმოადგენდა ფ.ა–ჰი, რომელიც ელექტრონულ მიმოწერაში ხელს აწერდა, როგორც დირექტორი, რომელსაც მოსდევდა წარწერა „Yekta Safar Geo”, რაც ადასტურებს მოპასუხის ხელშეკრულების მხარედ ყოფნას.
9.3. კასატორის მხრიდან სასამართლოს წარედგინა ვალდებულების არსებობისა და შეუსრულებლობის ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხემ ვერ გააქარწყლა, ამდენად, სასამართლოს წარმოშობილად უნდა მიეჩნია მოპასუხის სახელშეკრულებო ვალდებულება და ემსჯელა მოთხოვნის ფარგლებზე.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12.1. უპირველეს ყოვლისა, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეამოწმოს მითითებული ნორმის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში აპელირებული იმ საპროცესო დარღვევის კონტექსტში, რომელიც, კასატორის მოსაზრებით, უკავშირდება არასათანადო მხარის ჩანაცვლების ინსტიტუტის არასწორ განმარტებასა და გამოყენებას.
12.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
12.3. საკასაციო პალატას არაერთ განჩინებაში განუმარტავს ციტირებული ნორმის შინაარსი, რომ სასამართლოს მიერ საქმეში არასათანადო მოპასუხის მონაწილეობის დადგენისას, სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს იგი სათანადო მოპასუხით. მითითებული საპროცესო მოქმედების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო განხილვის ეკონომიასთან და მეტად ეფექტური მექანიზმია დავის სწრაფად განსახილველად, ზემოაღნიშნული ნორმა სასამართლოს ავალდებულებს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს, რათა დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია (იხ. სუსგ. №ას-825-791-2016 12.06.2017წ).
12.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ (იხ. სუსგ. №ას-1338-1258-2017, 29.11.2017წ; №ას-158-158-2018, 23.02.2018წ). ამ პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის დანაწესი, რომელიც ადგენს სარჩელის შინაარსობრივ მოთხოვნებს და მოსარჩელისაგან მოითხოვს, რომ მან სარჩელში აღნიშნოს დავის საგანი, მოთხოვნა, ფაქტობრივი გარემოებები, მოპასუხე და სხვა. სწორედ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე თავად წყვეტს ვის მიმართ წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, ხოლო არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლის შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას (იხ. სუსგ. №ას-312-2019, 22.06.2021წ).
12.5. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს მოსარჩელის დისპოზიციურ უფლებაში და თავისი ინიციატივით შეცვალოს არასათანადო მოპასუხე. მოსამართლის ამგვარი ქმედება ჩაითვლება მხარის დისპოზიციური უფლების შეზღუდვად - თავად აირჩიოს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტი (მოპასუხე). სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელეს მხოლოდ შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის სათანადოთი შეცვლა. სასამართლოს აღნიშნულ შესაძლებლობას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, როგორც სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას (ქურდაძე შ., ხუნაშვილი ნ., საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015წ., გვ. 164). სათანადო მოპასუხის სტატუსით სამართალწარმოებაში მხარის შემოსაყვანად მოსარჩელის თანხმობაა საჭირო. ხოლო, თუ მოსარჩელე არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას არ დაეთანხმა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 58-59).
12.6. საკანონმდებლო ჩანაწერი „მოსამართლეს შეუძლია“, არ უნდა განიმარტოს მოსამართლის უანგარიშგებო დისკრეციად სათანადო მოპასუხის ჩართვის საკითხის გადაწყვეტისას და არც უპირობო ვალდებულებად ამავე საპროცესო მოქმედების შესრულებაზე. ნორმაში გამოყენებული ტერმინი „შეუძლია“ გულისხმობს საქმის მასალებიდან გამომდინარე მოსამართლის შესაძლებლობას, შეცვალოს არასათანადო მხარე სათანადო მხარით. ამ ღონისძიებათა გატარება დაკავშირებულია საქმის დროულად განხილვასა და ასევე, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასთან. მხარეთა შეცვლისას მოსამართლე უნდა მოქმედებდეს საქმის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისი სურვილის შესაბამისად...თუ საქმის მასალებით ცალსახად დგინდება სათანადო მხარის არსებობა და მისი საქმეში ჩართვა არ არის დაკავშირებული გარკვეულ პროცესუალურ სირთულეებთან, მოსამართლე ვალდებულია, საქმეში ჩართოს სათანადო მხარე (იხ. სუსგ. №ას-522-496-2013, 25.12.2014წ).
12.7. ამრიგად, მოპასუხის ჩანაცვლების საკითხი მოსამართლემ უნდა წამოჭრას საქმის, და უპირველესად, მოსარჩელის ინტერესების მხედველობაში მიღებით, ვინაიდან სასარჩელო წარმოება სწორედ მოსარჩელის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენის საშუალებაა და უწინარესად მისი ინტერესია შედეგზე ორიენტირებული მართლმსაჯულების წარმოება.
12.8. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სათანადოობის საკითხი სადავოდ აქცია შესაგებლითვე. აღნიშნულის საპასუხოდ, 2018 წლის 27 მარტს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა წერილობითი პოზიცია მოპასუხის სათანადოობის შესახებ, სადაც მხარე ერთი მხრივ, ასაბუთებდა მოპასუხის სათანადოდ მიჩნევის საფუძვლებს, ხოლო მეორე მხრივ, ეწინააღმდეგებოდა შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ას“ არასათანადო მოპასუხედ განხილვას. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიზნებისათვის, მოსარჩელე მხარეს, წარმოდგენილს კვალიფიციური იურიდიული მომსახურებით, უარყოფითი პოზიცია მოპასუხის შეცვლის შესახებ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე უკვე ჰქონდა გაცხადებული ყველა იმ არგუმენტის მხედველობაში მიღებით, რომლებზე დაყრდნობითაც, მოგვიანებით პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასასაბუთებლად. მოსარჩელის წერილობითი პოზიციის კატეგორიული შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ არასათანადო მოპასუხეობის საკითხის წამოჭრისგან თავის შეკავება არ უნდა იქნეს განხილული საპროცესო დარღვევად, ამრიგად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა, ჩაენაცვლებინა მოპასუხე მხარე, შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი პალატას მიაჩნია დაუშვებლად.
13. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა იმგვარ შეფასებას, რომელმაც განაპირობა სასამართლოს დასკვნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არარსებობის შესახებ.
14.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
14.2. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
14.3. ხელშეკრულების დადებულად მიჩნევისათვის, უწინარეს ყოვლისა, იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ სამართალურთიერთობის სუბიექტები. ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ის უფლება-მოვალეობები რომლებიც ამავე ურთიერთობის შინაარსს ქმნის (ე.ი. არსებითი პირობები), ხოლო დასკვნით ეტაპს წარმოადგენს ამავე პირობებზე ურთიერთობის სუბიექტთა ურთიერთთანმხვედრი ნების არსებობა-არარსებობის შესახებ სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება.
14.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. აღნიშნული დეფინიცია ქმნის ვალდებულებითი სამართლის არსს და მიუთითებს, რომ სხვა პირისგან რაიმეს მოთხოვნისათვის აუცილებელია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი - ვალდებულება. მისი წარმოშობის საფუძველი კი, უზოგადესი დაყოფით, შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო _ დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება ან სხვა კანონისმიერი ვალდებულება (სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14.5. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნაა მოპასუხისთვის სახელშეკრულებო ვალდებულების დაკისრება, რისი წინაპირობაც მხარეთა შორის გარიგებისმიერი ურთიერთობის დადგენაა. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანია სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტთა წრის განსაზღვრა.
14.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
14.7. საქმეში წარმოდგენილი ჯგუფების განთავსების (ღონისძიების) ხელშეკრულება, ურთიერთობის შინაარსის განმსაზღვრელი ვალდებულების გათვალისწინებით (სასტუმროს მესაკუთრის მიერ ამავე სასტუმროს ნომრების დაჯავშნა მეორე მხარის ინტერესში), მომსახურების ტიპის ხელშეკრულებაა და ყველაზე დიდ სამართლებრივ მსგავსებას ავლენს ნარდობის ხელშეკრულებასთან (სსკ 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).
14.8. ამდენად, სასამართლოს კვლევის საგანია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წინამდებარე განჩინების 14.8. პუნქტში აღწერილი შინაარსით მომსახურების გაწევაზე შეთანხმების არსებობის შეფასება. მოსარჩელის მიერ ამ ურთიერთობის დასტურად წარმოდგენილ ხელშეკრულებაში (ტ.2, ს.ფ. 21-38) ურთიერთობის მხარეებად დასახელებულნი არიან შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“ და „ჰ.ი.ს– თ.ე–ი“ (ს/ნ 27....., მდებარე .........ქუჩა №14, თეირანი, ირანი). კასატორის მიერ გაცხადებული პრეტენზიის თანახმად, ხელშეკრულების მხარედ, ნაცვლად, „ჰ.ი.ს– თ. ე“-სა, მოაზრებული უნდა იქნეს შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“, ვინაიდან ხელშეკრულების პრეამბულაში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, რასაც ასწორებს ხელშეკრულების ბოლო გვერდზე დასმული შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს (ს/ნ .....) ბეჭედი. შესაგებელში მითითებული და მოსარჩელის მხრიდან შეუდავებელი გარემოებაა, რომ როგორც „ჰ.ი.ს– თ.ე“-ს, ისე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს დირექტორი არის ერთი პირი - ა.კ.. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ტექსტი დატანილია ,,The Biltmore Tbilisi"-ის ტიტულოვან ფურცლებზე, რაც გონივრულ ვარაუდს ქმნის, რომ ხელშეკრულების პროექტი შედგენილია უშუალოდ შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მხრიდან (აღნიშნულს მიუთითებდა მოწინააღმდეგე მხარე საქმის სააპელაციო სასამართლოში ზეპირი განხილვისას, რაც არ ყოფილა უარყოფილი აპელანტის მხრიდან). ხელშეკრულების ბოლო გვერდზე შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს ბეჭდის დასმა ისევე შეიძლება განიხლებოდეს დირექტორის მხრიდან დაშვებულ შეცდომად, როგორც ხელშეკრულების პრეამბულაში შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მხრიდან კონტრაჰენტად „ჰ.ი.ს– თრეველ ეიჯენსი“-ს მითითება. მარტოოდენ ხელშეკრულებაზე დატანილი ბეჭდის მონაცემებით ვერ ქარწყლდება ვარაუდი მასზედ, რომ ხელშეკრულება დაიდო პრეამბულაში მოხსენიებულ პირთა შორის.
14.9. ამდენად, ხელშეკრულების სუბიექტთა სწორი იდენტიფიცირებისათვის მნიშველოვანია გარიგების ხელმოწერის შემდგომი მოვლენები (მოცემულ შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარმოებული კომუნიკაციები). საგულისხმოა, რომ კასატორის მხრიდან კომუნიკაციის მწარმოებელი პირი მ.ქ–ძე „Yekta Safar“ თემატიკით სახელდებულ შეტყობინებებს აგზავნიდა/იღებდა შემდგომ ელექტრონულ მისამართებზე/მისამართებიდან: farshid@yektasafar.com, info@gemotravel.ge, bella.basinova@biltmorecollection.com, Tehrani_idin@yahoo.com, tamariqusikashvili@yahoo.com, თუმცა აღნიშნული კომუნიკაციის (ტ.2, ს.ფ. 48-63) გაცნობის შედეგად ვერ იდენტიფიცირდა ვერცერთი შეტყობინება, რომელსაც ფ.ა–ჰი, როგორც ხელშემკვრელი კომპანიის საკონტაქტო პირი, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-სთან აწარმოებდა „Yekta Safar Geo”-ს სახელით, ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო პრეტენზია მოკლებულია საფუძვლიანობას. მეტიც, გზავნილი №3-ის თანახმად, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს საკონტაქტო პირი მ.ქ–ძე 2017 წლის 08 აგვისტოს ფ.ა–ჰის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ განიხილეს „სააგენტო „გ.თ–გან“ მიღებული რეზერვაციები, როგორც თქვენი, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დაიდო სააგენტო ჰ.ი.ს– თრეველის სახელით...“. ამდენად, ხელშეკრულების დადების შემდგომ, ხელშეკრულების მეორე მხარედ სასტუმროს მეპატრონე ორგანიზაცია სწორედ „ჰ.ი.ს– თ.ე “-ს განიხილავდა. აღნიშნულს ადასტურებს კასატორის მიერ შედგენილი ინვოისებიც (ტ.2, ს.ფ. 64-154), რომლების ადრესატადაც ინვოისები უთითებს ,,S.Y., I "-ს (ე.ი. ი. ს.ი ). ამრიგად, ხელშეკრულების მხარედ „ჰ.ი.ს– თ. ე“-ს მითითება ტექნიკურ უზუსტობად ვერ იქნება განხილული.
14.10. რაც შეეხება თ.ქ–ის მხრიდან მიღებულ შეტყობინებას, მის შინაარსში მოხსენებული არ არის არც შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“ და არც „ჰ.ი.ს– თ.ე–სი“, ამდენად, საქმიანი ურთიერთობებისა და მოლაპარაკების მხარეების იდენტიფიცირება მარტოოდენ ამ შეტყობინებით შეუძლებელია. ბიზნეს ურთიერთობის მხარედ შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს განხილვის სასარგებლოდ ვერ მეტყველებს ის ფაქტი, რომ თ.ქ–ი, რომელიც „ი.ს “-ის თემატიკაზე არსებულ მიმოწერებში იღებდა მონაწილეობას პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართის მეშვეობით, მოგვიანებით, მოპასუხის წარმომადგენლობას სწევდა საქმის სასამართლოში განხილვისას. საგულისხმოა, რომ თ.ქ–ი საქმის განხილვაში მონაწილეობდა როგორც ადვოკატი და არა როგორც ორგანიზაციის თანამშრომელი, აღნიშნულს მოწმობს მინდობილობაში მისი საადვოკატო სიითი ნომრის მითითება (ტ.2, ს.ფ. 188), ამდენად, მას, როგორც ადვოკატს, თავისუფლად შეეძლო, საქმიანი ურთიერთობების ეტაპზე ყოფილიყო „ჰ.ი.ს– თ. ე “-ს წარმომადგენელი, ხოლო დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზე - შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს წარმომადგენელი.
14.11. ამრიგად, სარჩელთან ერთად წარმოდგენილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ წერილობითი ხელშეკრულების მხარეები არიან შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“ და „ჰ.ი.ს– თ.ე.“.
14.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია).
14.13. პალატა მიუთითებს, რომ მხარეთა შორის ნარდობის (მომსახურების) სახელშეკრულებო ურთიერთობის დაფუძნების ერთადერთი საშუალება წერილობითი ფორმა არ არის და იგი შეიძლება არსებობდეს ზეპირადაც. ზეპირი ურთიერთობის არსებობაზე დასკვნის საფუძველი კი შეიძლება გახდეს ერთი მხარის მიერ მეორე მხარისადმი რაიმე ვალდებულების შესრულება, ვინაიდან კანონმდებლის ნებით ივარაუდება, რომ პირი, რომელიც სხვა პირის მიმართ რაიმე ვალდებულებას ასრულებს, მოქმედებს საამისო საფუძვლით და არა მის გარეშე (იხ. სუსგ. №ას-1062-1022-2016, 19.02.2018წ).
14.14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლისას არ გამოვლენილა შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს ან/და შ.პ.ს. „ი.ს.ჯ–ა“-ს მხრიდან ერთმანეთის მიმართ რაიმე ისეთი ვალდებულების შესრულების ფაქტი (მაგ: მომსახურების მიღება, ანგარიშსწორება და ა.შ.), რომელიც სასამართლოს გაუჩენდა საფუძვლიან ვარაუდს მხარეთა შორის ზეპირად დაფუძნებული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე. ასეთად ვერ განიხილება შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს მხრიდან ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტები (ტ.2, ს.ფ. 155-161; წერილობითი გაანგარიშება, ინვოისი და გაფრთხილების წერილი), რომლებსაც მოპასუხისგან რეაგირება არ მოჰყოლია.
15. ამრიგად, კასატორის პრეტენზია მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეფასების საპროცესო წესი, რამაც განაპირობა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა არასწორად დადგენა, საკასაციო პალატის მხრიდან გაზიარებული ვერ იქნება.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს უნდა დაუბრუნდეს 2021 წლის 30 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70%, რაც შეადგენს 5600 ლარს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „დ.გ.ჯ–ა“-ს (ს/ნ .....) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 8000 ლარის (გადახდის თარიღი: 30/12/2021, საგადახდო დავალება: 47, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი