18 იანვარი 2023 წელი
საქმე №ა-1478-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
გიორგი მიქაუტაძე
თეა ძიმისტარაშვილი
საჩივრის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - ზ.რ–ვა
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ბ–ძე, ა.ბ–ძე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნელყოფის საგნის შეცვლის შესახებ
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, ზ.რ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ნ.ბ–ძეს მოსარჩელე ზ.რ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 281 753.97 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ზ.რ–ვას სარჩელი მოპასუხე ა.ბ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ა.ბ–ძეს მოსარჩელე ზ.რ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა 221 712.49 ევროს გადახდა ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად და მიუღებელი შემოსავლის გადახდა - 221 712.49 ევროს წლიური 1.5 %-ის ოდენობით, 2017 წლის 08 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის მხრიდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ბ–ძის მიმართ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება, რომლითაც მოპასუხეს აკრძალული აქვს მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ქ. თბილისი, .......... ს/კ ..........
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებებით, მოპასუხე ა.ბ–ძის მიმართ გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს შეეზღუდა შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა: ა) ქ. ქუთაისი, ........, ს/კ ........; ბ) ყაზბეგის რაიონი, ......, დაზუსტებული ფართობი 810.00 კვ.მ, ს/კ .......; გ) ბორჯომის რაიონი, ......, „კ. გ.“, დაზუსტებული ფართობი - 1036.00 კვ.მ, ს/კ .....; დ) ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ .......; ე) ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ ......; ვ) მცხეთა, სოფ. ...... მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ფართით 1393.00 კვ/მეტრი და მასზე არსებული სააგარაკე სახლი, ს/კ .....; ზ) მცხეთა, სოფ. ..... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 2000.00 კვ/მეტრი, ს/კ .......
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივრებთან დაკავშირებით სამოქალაქო საქმეები გაერთიანებულია ერთ წარმოებად.
7.1. 2022 წლის 6 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის წარმომადგენელმა დ.მ–მა, რომელმაც მოითხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, შემდეგი დასაბუთებით: ქონება, რომლის მიმართაც ნ.ბ–ძეს დაწესებული აქვს გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, აერთიანებს ორ სართულზე (მე-12-13 სართულები) არსებულ 522.34 კვ.მ ფართს. 2022 წლის 24 აგვისტოს ნ.ბ–ძემ განახორციელა ბინის გამიჯვნა ორ დამოუკიდებელ ფართად და შესაბამისად, განხორციელდა ორი დამოუკიდებელი ბინის რეგისტრაცია, კერძოდ: 1) სართული 12 - ფართი 286.39 კვ.მ, ს/კ ........, ბინა №14-32 და 2) სართული 13, ფართი 235.95 კვ.მ, ს/კ ......., ბინა №14-32ა. გამიჯნულ ბინებზე გავრცელდა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აკრძალვა.
7.2. საშემფასებლო კომპანია „ს“-ს 2022 წლის 25 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 286.39 კვ.მ. ბინა №14-32-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 446 877 აშშ დოლარს (ევროსთან აშშ დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად 455 814.54 ევრო); ხოლო ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 235.95 კვ.მ ბინის №14-32ა საბაზრო ღირებულება განისაზღვრება - 420 235 აშშ დოლარის ოდენობით (ევროსთან აშშ დოლარის გაცვლითი კურსის შესაბამისად 428 639.7 ევრო). ამდენად, ჯამში ორივე ბინის საბაზრო ღირებულება შეადგენს - 867 112 აშშ დოლარს (884 454.24 ევრო), მაშინ როდესაც ნ.ბ–ძის მიმართ ზ.რ–ვას სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს - 281 753.97 ევროს.
7.3. რაც შეეხება ა.ბ–ძის მიმართ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, დასახელებული 7 უძრავი ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს - 278 045 ევროს, მაშინ როდესაც მოთხოვნა ა.ბ–ძის მიმართ შეადგენს 221 7112 ევროს და მასზე წლიურად დასარიცხ 1.5%-ს (ანუ წელიწადში 3325 ევრო).
7.4. მითითებულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ნ.ბ–ძის ნაწილში მოითხოვა .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ №14-32ა ბინაზე (235.95 კვ.მ) აკრძალვის მოხსნა და განმარტა, რომ ნ.ბ–ძეს განზრახული აქვს მითითებული ბინა აჩუქოს თავის შვილს ა.ბ–ძეს. ამასთან, მოპასუხეები თანახმანი არიან, რომ ა.ბ–ძის სახელზე აღრიცხული ბინა გამოყენებული იქნას მის მიმართ აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისათვის, ანუ ბინა №14-32ა ა.ბ–ძის სახელზე რეგისტრაციის პარალელურად ჩაენაცვლოს ა.ბ–ძის კუთვნილ იმ ქონებებს, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით არის აკრძალვის ქვეშ, შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნას ამავდროულად წარმოადგენდა წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
· გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ........., 522.34 კვ.მ ფართით) რეგისტრირებული შეზღუდვის (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში და ამ ქონების გამიჯვნის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ.ბ–ძეს (პ/ნ ......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 286.39 კვ.მ, ს/კ ......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
· გაუქმდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია ნ.ბ–ძის კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 235.95 კვ.მ, ს/კ ..........
· დანარჩენ ნაწილში ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.
9.1. ზემოაღნიშნული განჩინების წინააღმდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა ზ.რ–ვას წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება ნ.ბ–ძის კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ფართი 235.95 კვ.მ, ს/კ ......... გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში.
9.2. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას უზრუნველყოფის გაუქმების ნაწილში, რადგან ვალუტის კურსის ცვლილების გამო უზრუნველყოფის ღონისძიების შემცირება გაუმართლებელია. ვალუტის კურსი არის ცვალებადი, სარჩელის წარმოებაში მიღების პერიოდისთვის შემოთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიება მეტნაკლებად პასუხობდა სასარჩელო მოთხოვნას. დაუშვებელია, ვალუტის კურსის ყოველი ცვლილება იწვევდეს უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლას.
9.3. მოპასუხე, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუხედავად, არის უამრავი უძრავი ქონების მესაკუთრე და მოსარგებლე, მისი საკუთრების გაყიდვის აკრძალვით გამოწვეული დისკომფორტი ვერ გადაწონის ზ.რ–ვას ზიანს, მით უმეტეს, რომ მოპასუხე მხარემ ერთხელ უკვე გამოიყენა უზრულველყოფის საგნის შეცვლის უფლება ორივე საქმეზე. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების პერიოდისთვის ევროს კურსი გაიზარდა, უზრუნველყოფის ღონიძიების არსებობა აზრს კარგავს, რადგან ზ.რ–ვას მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილებელი დარჩება.
9.4. საჩივრის ავტორი არ იზიარებს სადავო განცხადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის ფარგლებში განხილვის მართებულობას და მიიჩნევს, რომ ქონების ღირებულებისა და სარჩელის ფასის ურთიერთშესაბამისობა მოითხოვება მხოლოდ მაშინ, როცა გამოყენებულია ქონების დაყადაღების ღონისძიება, ხოლო უფრო ნაკლებად შემზღუდველი უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობისას კანონმდებელი არ ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლების შესაძლებლობას.
9.5. საჩივრის ავტორის განმარტებით, სახეზე არ არის შემთხვევა, როცა უზრუნველყოფის საგნის ფასი არსებითად აღემატება სარჩელის ფასს, ვინაიდან იძულებითი აღსრულების წარმართვის შემთხვევაში, მოსალოდნელია აკრძალვას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაცია, ამავდროულად, წარმოიშვება სააღსრულებო ხარჯებიც, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ მარტოოდენ ...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი ვერ დაფარავს ზ.რ–ვას წინაშე ნ.ბ–ძის არსებულ დავალიანებას.
9.6. ამავდროულად, საჩივრის ავტორი არასარწმუნოდ მიიჩნევს ნ.ბ–ძის მიერ წარმოდგენილ დასკვნებში ასახულ ქონებათა საბაზრო ღირებულებასაც, ვინაიდან მოპასუხის კუთვნილი შეფასების ობიექტების 1მ2, შავი კარკასის მდგომარეობით, არაგონივრულია, ღირდეს 1560 აშშ დოლარი და 1781 აშშ დოლარი, როდესაც იმავე საცხოვრებელ კომპლექსში თეთრი კარკასის მდგომარეობით არსებული საცხოვრებელი ბინის კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება 1200 აშშ დოლარია, ხოლო ახლად გარემონტებული საცხოვრებელი ბინის 1მ2 მერყეობს 1100-1500 აშშ დოლარის ფარგლებში.
9.7. საჩივრის განხილვის ეტაპზე ზ.რ–ვას წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა ნ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული, წინამდებარე საქმის ფარგლებში აკრძალვას დაქვემდებარებული, უძრავი ნივთების ალტერნატიული შეფასების დასკვნები, რომელთა თანახმად, ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 286.39 კვ.მ. ბინა №14-32-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 311 000 აშშ დოლარს, ხოლო სართული 13, ფართი 235.95 კვ.მ, ს/კ ........, ბინა №14-32ა_ს საბაზრო ღირებულება განსაზღვრულია 257 000 აშშ დოლარით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, ზ.რ–ვას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2022 წლის 22 ნოემბერს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
11. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და მოპასუხე ნ.ბ–ძის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
14.1. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
14.2. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
14.3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ).
14.4. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის უფლებების უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის უფლებრივი პოზიციების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-795-2022 19.07.2022წ).
15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.
15.2. ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი, მოთხოვნის წინაპირობად, ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ, №ას-1596-2019, 18.02.2020წ).
15.3. ამავდროულად, საკასაციო პალატას აქვს სტაბილური პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, არამარტო ყადაღის, არამედ გასხვისებისა და დატვირთვის აკრძალვის ღონისძიების გამოყენების პირობებში, ქონების ჩანაცვლების საკითხი განიხილება სწორედ სსსკ 1961 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად _ სასარჩელო მოთხოვნისა და უზრუნველყოფის საგნის ღირებულების შესაბამისობის გათვალისწინებით (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1085-2021, 30.12.2021წ; №ას-677-2021; 05.04.2022წ; №ას-981-2021, 11.11.2021წ).
15.4. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს წინაშე უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული სხვა უძრავი ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სრულიად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურ და დაუბრკოლებელ აღსრულებას.
15.5. სარჩელის ფასისა და უზრუნველყოფის საგნის ღირებულებათა არატოლფასოვნებისას, კანონმდებელი მოპასუხეს ანიჭებს შემდეგი სახის უფლებამოსილებებს: 1. უზრუნველყოფის საგნის ცვლილება; 2. უზრუნველყოფის საგნის გამიჯვნა; 3. უზრუნველყოფის სახის ცვლილება. უზრუნველყოფის საგნის ცვლილებას ახასიათებს შემდეგი თვისება: სასამართლოს, შეზღუდვას დაქვემდებარებული ნივთის სანაცვლოდ შეეთავაზება სხვა, იმგვარი ობიექტი, რომელიც შეზღუდვის საგანი განცხადების განხილვის ეტაპზე არ ყოფილა, სწორედ ამგვარ კონსტრუქციას გულისხმობს კანონმდებელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლით განსაზღვრულ „სხვა ქონებაში“.
15.6. ამგვარი ჩანაცვლების ალტერნატივად კანონმდებელი ითვალისწინებს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნის (სსსკ 1961 მუხლის პირველი ნაწილი) გზით ქონების დაყოფისა და ახლად წარმოშობილ ნივთებთაგან ყადაღის მხოლოდ იმ ნაწილზე შენარჩუნების შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია სარჩელის უზრუნველსაყოფად.
16.1. განსახილველ შემთხვევაში, ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 286.39 კვ.მ. ბინა №14-32 არის არა უზრუნველყოფის საგნად შემოთავაზებული ახალი ქონება, არამედ წინამდებარე დავის ფარგლებში, 24.10.2017 წლის განჩინებით შეზღუდვას უკვე დაქვემდებარებული ქონების: ქ. თბილისი, ........, სადარბაზო 14, IX ბლოკი, სართული 12-13, ბინა №14, 522.34 კვ.მ., ს/კ ......-ის ორ ნაწილად დაყოფის შედეგად მიღებული ფართობი, რომელზედაც 24.10.2017 წლის განჩინების ფარგლებში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის სახით რეგისტრირებულია დაყოფის შედეგად წარმოშობილ ნივთებზე შეზღუდვის გადაყოლის შედეგად. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობა კი მეტწილად შეესაბამება არა უზრუნველყოფის საგნის შეცვლის, არამედ აკრძალვადადებული ქონების გამიჯვნის შედეგად წარმოშობილი ერთ-ერთი ნივთის აკრძალვისგან გათავისუფლების უფლებას (სსსკ 1961 მუხლის მეორე ნაწილი).
16.2. საკასაციო პალატისთვის საგულისხმოა, რომ ნ.ბ–ძის უძრავ ქონებაზე შეზღუდვის დაწესების ფარგლები განხილულ იქნა ორი ინსტანციის წესით - 2017 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, რომელმაც მოპასუხეს გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა დაუწესა 7 ერთეულ უძრავ ნივთზე, მათ შორის, ქონების: ქ. თბილისი, ქუჩა ......., IX ბლოკი, სართული 12-13, ბინა №14, 522.34 კვ.მ., ს/კ ......-ის მიმართ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ზემოაღნიშნული განჩინების წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრის განხილვის ფორმატში - 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, რა დროსაც ნ.ბ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 06 ერთეულ ქონებაზე გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გაუქმდა და აღნიშნული შეზღუდვა ძალაში დარჩა მხოლოდ ქ. თბილისი, ქუჩა ....., სადარბაზო 14, IX ბლოკი, სართული 12-13, ბინა №14, 522.34 კვ.მ., ს/კ ...... უძრავი ქონების მიმართ.
16.3. ამდენად, წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ, როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, როგორც ზემდგომმა სასამართლომ, შეამოწმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების დასაბუთებულობა და კანონიერება, განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. ამის შემდეგ, მოპასუხემ აკრძალვადადებული ქონების გამიჯვნის შედეგად მიღებული ფართობის აკრძალვისგან გათავისუფლების განცხადების წარდგენით სცადა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის სასამართლო წესით გადასინჯვა.
17.1. პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრნველყოფის საჭიროება და ფარგლები შეფასებულია ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ და აღნიშნულ საკითხზე არსებობს სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, უზრუნველყოფის საკითხის გადახედვის ინიცირებისას განცხადებელს მართებს, დაასაბუთოს მოთხოვნილი ცვლილებისადმი საკუთარი კანონიერი, პატივსადები ინტერესის არსებობა (იხ. სუსგ. №ას-138-2022, 04.03.2022წ).
17.2. პალატა იზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ ვალუტის კურსის ყოველგვარი ცვლილება, არ შეიძლება, საფუძვლად ედებოდეს უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მასშტაბზე ხელახალ მსჯელობას, განმცხადებლის მითითებები სავალუტო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების უპირობოდ გაუქმების საფუძველს. პალატა განმარტავს, რომ როდესაც კონკრეტულ საქმეზე მიღებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, აკრძალვა დაწესებულია მოპასუხის უძრავ ქონებაზე და განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, დამტკიცებულად მიიჩნევა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა დავის საგნის დაცვის აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს. იმ ეტაპზე, როდესაც დავა საბოლოოდ დასრულებული არ არის, ხოლო სავალუტო პერსპექტივები გარკვეულწილად არაპროგნოზირებადია, დაუშვებელია, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლები მცირდებოდეს მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განცხადების განხილვის ეტაპზე ევროს ეროვნულ ვალუტასთან მიმართება შემცირებულია. აღნიშნულ მოტივზე დაყრდნობით უზრუნველყოფის გაუქმება ნიშნავს მოპასუხისათვის შესაძლებლობის მიცემას, შეიმციროს ქონებრივი აქტივები იმგვარად, რომ აღსრულების საფეხურზე სავალუტო ვითარების სასარჩელო წარმოების ინიცირების ეტაპზე არსებულ მაჩვენებელთან დაბრუნების შემთხვევაში, გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანას საფრთხე დაემუქროს, მით უმეტეს, რომ განმცხადებელი განცხადებაშივე აღიარებს, რომ უზრუნველყოფის გაუქმების მიზანია გამოთავისუფლებული ნივთის გასხვისება.
17.3. საჩივრის ავტორი მიუთითებს და აღნიშნულ პოზიციას საკასაციო პალატაც იზიარებს, რომ ნ.ბ–ძის მხრიდან წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნები, გარკვეულწილად, გადაჭარბებულად აფასებს ობიექტების საბაზრო ღირებულებას, ვინაიდან ნაკლებად დამაჯერებელია, ერთსა და იმავე საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე საცხოვრებელ ფართობთა 1მ2-ის ღირებულებაში ვლინდებოდეს იმგვარი საფასო დისპროპორცია, რომ თეთრი კარკასის მდგომარეობის ფართობში კვ.მ-ის ფასი შეადგენდეს 1200 აშშ დოლარს, ახლად გარემონტებული ფართობის შემთხვევაში, ფასი მერყეობდეს 1100-1500 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო შავი კარკასის (ე.ი. შედარების ობიექტებთან შეფარდებით, ყველაზე უარეს) მდგომარეობაში არსებული ფართობის 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენდეს 1560 აშშ დოლარს.
17.4. აღნიშნულის საპირწონედ, საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია ალტერნატიული საშემფასებლო დასკვნები, რომლითაც შემოთავაზებული ქონების (ქ. თბილისი, ......., ბინა №14-32, ფართი 286.39 კვ.მ, ს/კ .......32) ღირებულება განსაზღვრულია 311 000 აშშ დოლარით.
17.5. პალატა კვლავ მიუთითებს შემდეგზე: სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი კი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.
17.6. იძულებითი აღსრულება კი ხასიათდება რიგი სპეციფიური თვისებებით - “იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანება №21-ის დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.
17.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.
17.8. ამრიგად, იძულებითი აღსრულების პირობებში, როდესაც აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა ესოდენ მიახლოებულია აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულებასთან, მოსალოდნელია, რომ მარტოოდენ აუქციონიდან ამონაგებმა თანხამ ვერ დაფაროს კრედიტორის მოთხოვნა. შესაბამისად, საჩივრის ავტორი მართებულად მიუთითებს მოსარჩელის სასარგებლოდ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო გართულებაზე.
17.9. ზემოხსენებული სამართლებრივი მოტივაციის საფუძველზე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის საჩივარი დასაბუთებულია, რადგან მოპასუხემ სამართლებრივად წონადი არგუმენტებით ვერ დაასაბუთა უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მასშტაბების შემცირების მიზანშეწონილობა.
18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც გაუქმდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია ნ.ბ–ძის კუთვნილ უძრავ ნივთზე, არ ემსახურება ზ.რ–ვას სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას, უზრუნველყოფის შემცირებული მასშტაბი ზრდის მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებასთან დაკავშირებულ რისკებს და ეწინააღმდეგება სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზნებს.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საქმე „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ (საჩივარი № 40765/02). 28.11.2006წ). ევროსასამართლოს განმარტების თანახმად, სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby c. Grèce, 19.03.1997).
20. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული ნორმების არასწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რაც ამ განჩინების გაუქმების საპროცესო საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 1971, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს ზ.რ–ვას საჩივარი.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც:
2.1. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) ....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე (მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბინა №14-32, 522.34 კვ.მ ფართით) რეგისტრირებული შეზღუდვის (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში და ამ ქონების გამიჯვნის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ნ.ბ–ძეს (პ/ნ .........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........., , ბინა №14-32, ფართი 286.39 კვ.მ, ს/კ ........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2.2. გაუქმდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია ნ.ბ–ძის კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბინა №14-32ა, ფართი 235.95 კვ.მ, ს/კ .........
3. არ დაკმაყოფილდეს ნ.ბ–ძის 2022 წლის 06 ოქტომბრის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების შესახებ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გიორგი მიქაუტაძე
თეა ძიმისტარაშვილი