Facebook Twitter

29 დეკემბერი, 2022 წელი

საქმე №ა-5050-შ-149-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს. ს. და რ.ს.კ." (...)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „კ-მ“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე № A40-25493/17-31-235)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე № A40-25493/17-31-235) შ.პ.ს. „კ-მ“-ს (საქართველო, ქ. რუსთავი, ........., ბინა 8) დაეკისრა დავალიანების _ 15840 ევროს, აგრეთვე სახელმწიფო ბაჟის _ 23005 რუსული რუბლის გადახდა ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს. ს. და რ.ს. კ."-ს (....) (125040, რუსეთი, ქ. მოსკოვი, ......, ძირითადი სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი / .......) სასარგებლოდ.

2. 2021 წლის 01 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარედგინა ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ"-ს (.....) წარმომადგენლის დ.ზ–ის განმარტება, რომელშიც შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა შემდეგი:

2.1. უზენაეს სასამართლოში არის საქმე №ას-5772-შ-177-2019 რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № A40-25493/17-31-235) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე. განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ გამოდის შ.პ.ს. „კ-მ“. მასსა და განმცხადებელს შორის დადებული ხელშეკრულება მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ხელმოწერილია გენერალური დირექტორის ვ.ბ–ის მიერ, რომლის რეგისტრაციის მისამართია: საქართველო, 0172, თბილისი, .......

2.2. 2015 წლის 15 მარტს განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №3 ხელშეკრულება პირობების შეცვლის შესახებ, რომელშიც დაფიქსირდა შემდეგი ცვლილებები: გენერალური დირექტორის შეცვლა, მოპასუხის მისამართისა და საბანკო რეკვიზიტების შეცვლა. შესაბამისად, მოპასუხის გენერალური დირექტორად ვ.ბ–ის ნაცვლად მითითებულია დ.ხ–ი, ხოლო მოპასუხის მისამართად მითითებულია - საქართველო, რუსთავი, ...........

2.3. საქართველოს იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის შეტანის დროისათვის მოპასუხე მხარის დამფუძნებლები არიან ვ.ბ–ი (50%) და დ.ხ–ი (50%), გენერალური დირექტორია დ.ხ–ი. ამრიგად, შ.პ.ს. „კ-მ “-ს გენერალური დირექტორის ცვლილება ვ.ბ–იდან დ.ხ–ზე დასტურდება ამონაწერით იურიდიული პირების რეესტრიდან.

2.4. მოპასუხის მისამართში შეტანილი ცვლილებები მოხდა განმცხადებლისა და მოპასუხის თანხმობითა და ხელმოწერით. ეს შეთანხმება საქმის ძირითად მასალებთან ერთად გაეგზავნა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს და აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საარბიტრაჟო სასამართლოში.

2.5. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების 10.1 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვა და ამ ხელშეკრულების ინტერპრეტირება (განმარტება) ხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად და ამავე შეთანხმების 10.2. პუქტის თანახმად, შეთანხმებიდან გამომდინარე დავები განიხილება საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ საქმის განხილვის დროს შეისწავლა წარმოდგენილი მასალები (მათ შორის №3 ხელშეკრულება) და რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით მოპასუხე შეტყობინებულად ჩაითვალა. აქედან გამომდინარე, გაგზავნილი შეტყობინება სასამართლო სხდომის შესახებ მისამართზე: საქართველო, რუსთავი, ......., სათანადო შეტყობინებად აღიარა საარბიტრაჟო სასამართლომ და ზემოთ წარმოდგენილი ფაქტები ადასტურებენ, რომ მოპასუხე იმყოფება მითითებულ მისამართზე.

3. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, განმცხადებელმა წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა და საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ–"-ს შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი. შუამდგომლობის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი შუამდგომლობა, რომელიც უნდა შეიცავდეს: 1) სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია შუამდგომლობა; 2) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს შუამდგომლობა; 3) მოწინააღმდეგე მხარის გვარს, სახელს, მისამართს; 4) გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე; 5) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილზე ითხოვს შუამდგომლობის ავტორი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას; 6) მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება შუამდგომლობა; 7) შუამდგომლობაზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას; 8) შუამდგომლობის შემტანი პირის ხელმოწერას.

5. 2021 წლის 13 აპრილის დაზუსტებული შუამდგომლობით განმცხადებელმა აღმოფხვრა განჩინებაში მითითებული ხარვეზები, რის შედეგადაც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 აპრილის განჩინებით, ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ. (.....)"-ის შუამდგომლობა, რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № A40-25493/17-31-235) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს.

6. 2022 წლის 04 ივლისს სასამართლოს წარედგინა მოპასუხე მხარის წერილობითი პოზიცია, რომლითაც მან მხარი არ დაუჭირა ზემოაღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა ვერ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომ მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 731 მუხლის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

8.2. ამავე კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.

10.1. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებებს და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტებს (შემდგომ - გადაწყვეტილებები).

10.2. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, შუამდგომლობას გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, სათანადოდ იქნა წარმოდგენილი.

10.3. ამავე კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ: ა) იგი კანონიერ ძალაში არ შესულა ან არ ექვემდებარება აღსრულებას იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება; გ) იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა აღიარდეს და აღსრულდეს გადაწყვეტილება, საქმეზე ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს მეირ აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება აღნიშნულ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში, იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება უნდა აღიარდეს და აღსრულდეს, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომლიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც გათვალისწინებულია იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს.

11.1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.

11.2. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

12.1. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ შ.პ.ს. „კ-მ“-ს მიმართ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № A40-25493/17-31-235) ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობა განმცხადებელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წინაშე წარდგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2019 წლის 18 დეკემბერს, რომელიც სასამართლოს მხრიდან 2020 წლის 23 აპრილის განჩინებით (საქმე №ა-5772-შ-177-2019) დატოვებული იქნა განუხილველად იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ლიცენზიანტი მხარის - საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის - შ.პ.ს. "მ-კ"-ს საიდენტიფიკაციო ნომერია .... ხოლო მისამართია: თბილისი, ......., ეს ინფორმაცია მითითებულია 2014 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულებასა და მის დანართებში.

12.2. შუამდგომლობის თანდართული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში სამართალწარმოება მიმდინარეობდა საქართველოში, ქალაქ რუსთავში, ........ მდებარე იურიდიული პირის წინააღმდეგ. თავად შუამდგომლობაშიც მოვალე მხარის მისამართად მითითებულია: ქ. რუსთავი ....... ანალოგიურ მისამართზეა გაგზავნილი მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო მოპასუხისთვის განკუთვნილი საპროცესო დოკუმენტები.

12.3. ზემოაღწერილი ფაქტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საპროცესო კომუნიკაცია განხორციელდა არა გარიგების მხარესთან, არამედ სხვა იურიდიულ პირთან, რომელსაც „სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ–სთან" სახელშეკრულებო ურთიერთობები არ აკავშირებს, ესე იგი, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მიღებულია სათანადო მოპასუხის ინფორმირებისა და მოწვევის, ასევე მისთვის საპროცესო დოკუმენტების გადაცემის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში ასახულ ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

13. ხელახლა წარდგენილ შუამდგომლობაში განმცხადებელი მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ დადებული №3 შეთანხმებით, ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ"-მ (.....) და შ.პ.ს. „კ-მ“-მ 2015 წლის 15 მარტს შეიტანეს ცვლილება 2014 წლის 28 ნოემბრის 623-1/3000 სალიცენზიო ხელშეკრულებაში და შეიცვალა მოპასუხის მოპასუხის საკონტაქტო მონაცემები (მისამართად, ნაცვლად თბილისი, ........, მიეთითა რუსთავი .........) და საბანკო რეკვიზიტები. სწორედ ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, განმცხადებელი ცდილობს, დაადასტუროს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებულისგან განსხვავებულ მისამართზე (ქ. რუსთავი, ........) კორესპონდენციის გაგზავნით შესრულებულია საარბიტრაჟო პროცესში მოპასუხის მონაწილეობის ვალდებულება.

14. განმცხადებლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

14.1. უპირველესად, საქმის მასალების თანახმად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში რეგისტრირებულია ორი მსგავსი სარეგისტრაციო მონაცემების მქონე სუბიექტი:

1) შ.პ.ს. „მ - კ“, რომლის საიდენტიფკაციო ნომერია 405030416, იურიდიული მისამართია თბილისი, ....... აღნიშნულ კომპანიას, დღიდან დაფუძნებისა, ჰყავს ორი პარტნიორი - ვ.ბ–ი და დ.ხ–ი. საწარმოს დაფუძნების ეტაპზე დირექტორად დანიშნული პირი იყო ვ.ბ–ი, ხოლო 2015 წლის 21 იანვრიდან აღნიშნულ თანამდებობას იკავებს დ.ხ–ი. აღნიშნული საწარმოს დაფუძნების თარიღია 2014 წლის 13 თებერვალი.

2) შ.პ.ს. „კ-მ “, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ......., იურიდიული მისამართია რუსთავი, ........ აღნიშნულ კომპანიას, დღიდან დაფუძნებისა, ჰყავს ორი პარტნიორი - ა.ნ–ძე და დ.ხ–ი. საწარმოს დაფუძნების დღიდან დირექტორის თანამდებობას იკავებს დ.ხ–ი. აღნიშნული საწარმოს დაფუძნების თარიღია 2015 წლის 03 თებერვალი.

14.2. რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № A40-25493/17-31-235) თანახმად, დავალიანების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 28 ნოემბრის 623-1/3000 სალიცენზიო ხელშეკრულება. სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულების დადების ეტაპზე შ.პ.ს. „კ-მ“, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ......, დაფუძნებული არ იყო (არამედ, დაფუძნდა ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 2 თვის გასვლის შემდგომ), აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საწარმოს დირექტორი არასდროს ყოფილა სალიცენზიო ხელშეკრულებაზე დირექტორის სტატუსით ხელმომწერი პირი - ვ.ბ–ი, აგრეთვე, სალიცენზიო ხელშეკრულების უკანასკნელ გვერდზე მხარეთა რეკვიზიტების მუხლში ლიცენზიატის მისამართად მითითებულია თბილისი, ......, ხოლო დირექტორის ხელმოწერასთან ერთად დატანილ ბეჭედზე საწარმოს სახელწოდებად მითითებულია შ.პ.ს. „მ-კ“, ხოლო საიდენტიფიკაციო ნომრად - ....., საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად ასკვნის, რომ 2014 წლის 28 ნოემბრის 623-1/3000 სალიცენზიო ხელშეკრულების მხარე არის შ.პ.ს. „მ-კ“, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია .... და არა შ.პ.ს. „კ-მ.....“, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ...... მოცემულ საქმეში კი ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო "სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ–" (.....) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს არა მისი ხელშემკვრელი მხარის, არამედ შ.პ.ს. „კ-მ“-ს მიმართ (საიდენტიფიკაციო ნომერი .....), ესე იგი, იმ სუბიექტის მიმართ, რომელიც საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ურთიერთობის, მათ შორის, საარბიტრაჟო დათქმის მონაწილე არ ყოფილა.

14.3. რაც შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ 2015 წლის 15 მარტს დადებულ №3 შეთანხმებას, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში ლიცენზიატად მონაწილეობს არა 2014 წლის 28 ნოემბრის 623-1/3000 სალიცენზიო ხელშეკრულების მხარე შ.პ.ს. „მ- კ“ (ს/ნ .....), არამედ შ.პ.ს. „კ-მ “, რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია ...... მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სუბიექტებს 2015 წლის 15 მარტის მდგომარეობით უკვე ჰყავდათ ერთი და იგივე დირექტორი, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დირექტორი სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგენს არა საკუთარ თავს, არამედ საწარმოს, სწორედ ამიტომ, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ დ.ხ–ი 2015 წლის 15 მარტის შეთანხმებაში წარმოადგენდა არა სალიცენზიო ხელშეკრულების მხარე შ.პ.ს. „მ- კ“ (ს/ნ ......), არამედ მეორე კომპანიას _ შ.პ.ს. „კ-მ“-ს (ს/ნ ......). საქმის მასალებში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება მასზედ, რომ მოთხოვნის უფლების დათმობის ან ვალის გადაკისრების შედეგად სალიცენზიო ხელეკრულებაში ლიცენზიატი შ.პ.ს. „მ- კ“ (ს/ნ ......) ჩაანაცვლა შ.პ.ს. „კ-მ “-მ, (ს/ნ .........).

15. ამრიგად, საკასაციო პალატა კვლავ იზიარებს 2020 წლის 23 აპრილის განჩინებაში გაცხადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომ ქ. რუსთავში, ........ საარბიტრაჟო დოკუმენტაციის გაგზავნით არ შესრულდა საარბიტრაჟო პროცესის თაობაზე ამავე საარბიტრაჟო დათქმის მონაწილე სუბიექტის შ.პ.ს. „მ-კ“ (ს/ნ .....)-ს მონაწილეობის ვალდებულება, ხოლო სუბიექტი, რომელიც ინფორმირდა აღნიშნული პროცესის შესახებ (შ.პ.ს. „კ-მ“, (ს/ნ .....)), მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაში სალიცენზიო ხელშეკრულების მხარე და საარბიტრაჟო დათქმის მონაწილე არ ყოფილა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილია ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება #A40-696/22-5-3, რომლის მიხედვით, ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ–"-ს (.....) სარჩელი შ.პ.ს. ,,კ-მედია“-ს (ს/ნ ......) მიმართ 28.11.2014 წლის #623-1/3000 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15840 ევროს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება ექვემდებარება გასაჩივრებას.

16. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო კვლავ მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე და 55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე, 187-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე, 68-ე, 731-ე მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე-45-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,სრულიად რ.ს.ს. და რ.ს.კ–"-ს (.....) შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების (საქმე № A40-25493/17-31-235) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი