Facebook Twitter

18 ოქტომბერი 2022 წელი

საქმე №ას-465-2022 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა.უ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. „ს.რ–ა“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ბრძანებების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა.უ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „დასაქმებული“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. „ს.რ–ა“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს.რ–ა“-ს სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული თათბირის საფუძველზე გამოცემული ოქმი №18 ა.უ–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე, რაც გამოიხატა პირგასამტეხლოს სახით შრომის ანაზღაურების 20%-ის დაკისრებაში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს.რ“-ს 2019 წლის 18 აპრილის ბრძანება №01619 ა.უ–ის მიმართ დისციპლინური სანქციის გამოყენების შესახებ;

1.3. დაევალოს ს.ს. „ს.რ“-ს ა.უ–ისათვის დისციპლინური სანქციის სახით დაქვითული შრომითი ანაზღაურების 20%-ის - 150 ლარის ანაზღაურება;

1.4. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს.რ“-ს სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 23 მაისს ჩატარებული თათბირის საფუძველზე გამოცემული ოქმი №38 ა.უ–ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე, რაც გამოიხატა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაში;

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. „ს.რ“-ს 2019 წლის წლის 08 ივლისის ბრძანება №2998 ა.უ–ის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე;

1.5. აღდგენილ იქნეს ა.უ–ი სააქციო საზოგადოება „ს.რ“-ს თბილისი-მახარისხებლის ვაგონების მიმდინარე-ახსნითი შეკეთების საამქროს ზეინკლის პოზიციაზე;

1.6. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 08 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომითი ანაზღაურების სრულად გადახდა ყოველთვიური ხელფასის - 750 ლარის სახით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელემ 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო ს.ს. „ს.რ“-ში დამხარისხებლის ვაგონების ახსნითი-შემკეთებლის საამქროში დარაჯის პოზიციაზე. 2005 წელს დაინიშნა მე-4 თანრიგის ზეინკლის პოზიციაზე ვადიანი ხელშეკრულებით, ხოლო 2008 წელს დამსაქმებელთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით, იმავე თანამდებობაზე, იმავე საამქროში.

2.2. 2009 წელს მოსარჩელე დაინიშნა ს.ს. „ს.რ“-ს ბრიგადირის თანამდებობაზე, რაც მოიცავდა პასუხისმგებლობას მის ქვემდებარე თანამდებობის პირებზე, ასევე ტექნიკა-დანადგარებსა და სამუშაო იარაღებზე, თანამშრომლების უსაფრთხოებასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. 2017 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე დაბრუნდა ზეინკლის თანამდებობაზე იმავე საამქროში.

2.3. ბრიგადირის პოზიციაზე მუშაობის დროს, კონკრეტული მიზნის უზრუნველსაყოფად, მოსარჩელე ხსნიდა დალუქულ საბუქსე კვანძს. აღნიშნული სამუშაოს შესრულება მოითხოვდა ბრიგადირის შესაბამის ცოდნას, რაც დადასტურებული იქნებოდა ყოველწლიურად განახლებადი ატესტაციით, შესაბამისად, მოსარჩელეც, ბრიგადირის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, მითითებულ საქმიანობას ატესტაციის მოწმობის საფუძველზე ახორციელებდა. ამასთან, ატესტაციის მოწმობაში მითითებული არ არის მოწმობის მფლობელის, ბრიგადირის უფლებამოსილება, დაავალოს აღნიშნული სამუშაოს შესრულება ზეინკალს, თუნდაც პირადი მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან, სპეციფიკური ცოდნა მოეთხოვება უშუალოდ სამუშაოს შემსრულებელს და არა მეთვალყურე პირს.

2.4. ბრიგადირის პოზიციის დატოვების შემდეგ, დამსაქმებლისგან მოსარჩელეს მაინც დაევალა სპეციფიკური სამუშაოს შესრულება, რომლის შესასრულებლადაც საჭირო ცოდნა არ წარმოადგენს ზეინკლისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას. მოსარჩელის განმარტებით, ამ სამუშაოს შესრულებაზე უარით არ მომხდარა ხელშეშლა ტექნოლოგიური პროცესებისთვის, შესაბამისად, არანაირი ზიანი სამუშაო პროცესს არ მისდგომია.

2.5. დამსაქმებლისათვის აღნიშნული სამუშაოს შესრულებაზე უარის თქმის გამო, თბილისის სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში, 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული თათბირის №18 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელის მიმართ გამოცემულ იქნა ბრძანება დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესახებ, რაც გამოიხატა პირგასამტეხლოს დაკისრებაში შრომითი ანაზღაურების 20%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 150 (ასორმოცდაათი) ლარი.

2.6. 2019 წლის 22 მაისს, თბ-მახარისხებელის ვაგონების მიმდინარე-ახსნითი შეკეთების საამქროში სარემონტოდ შევიდა 28 კოდიანი ცარიელი №74069485 და №74873621 ვაგონი, რომელზეც წყვილთვლის ღერძის ტიპის დასადგენად, დამღების შესამოწმებლად, შემდგომში შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების მოხსნა, რაზეც კვლავ უარი განაცხადა, იმ მიზეზით, რომ ამ სპეციფიკური სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა შესაბამისი ცოდნა, რომელიც არ წარმოადგენს ზეინკლისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას. 2019 წლის 23 მაისს ჩატარებული თათბირის №38 ოქმის საფუძველზე დადგინდა, რომ მოსარჩელის ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის ფაქტი არ არის პირველი შემთხვევა, რადგან 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული თათბირის №18 ოქმის საფუძველზე გამოცხადებული ჰქონდა დისციპლინური სასჯელი, რის შედეგადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეეწყვიტათ მასთან შრომითი ხელშეკრულება.

2.7. მოსარჩელეს, ს.ს. „ს.რ“-ში 18-წლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, დამსაქმებლისაგან არ მიუღია არცერთი საყვედური და მის მიმართ არ გამოყენებულა არანაირი დისციპლინური ღონისძიება.

2.8. დამსაქმებლის მიერ 25.04.2019 წლის №000532 ბრძანებით სავაგონო დეპოში დაინიშნა გამოცდები დასაქმებულთათვის ზემოხსენებული სპეციფიკური ცოდნის მიღების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოწმობს, რომ მოსარჩელისთვის დავალებული სამუშაოს შესრულება დავალების მომენტში ფიზიკურად შეუძლებელი იყო, შესაბამისად, გამოყენებული სანქციის სახით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უსაფუძვლო და უკანონოა.

2.9. მოსარჩელის შეფასებით, მის მიმართ დისციპლინური სანქცია შეფარდებულია უსამართლოდ, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დამსაქმებელს ამ სახის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე არ გამოუყენებია შედარებით უფრო მსუბუქი სახის დისციპლინური ღონისძიება. გარდა აღნიშნულისა, მას არ გააჩნია ამ დავალების შესრულების უფლებამოსილება, ვინაიდან, აღნიშნულის შესასრულებლად საჭირო ცოდნა არ წარმოადგენს ზეინკლისათვის წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნას.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. საბუღალტრო ანგარიშის პროგრამაში და სარემონტოდ გასაგზავნ აქტში სწორად ასახვის მიზნით, ვაგონიდან გამოგორებული სარემონტო გოგორწყვილების ტიპებისა და დამღების დადგენის მიზნით, აუცილებელია, გოგორწყვილების ბუქსების სათვალთვალო ხუფების მოხსნა მისი სამაგრი ჭანჭიკების მოშვებით. რაც შეეხება ჭანჭიკების მოშვებას, არის საზეინკლო სამუშაო და არ ესაჭიროება მოწმობა. „ვნიიჟტ- 2017“ სახელმძღვანელო დოკუმენტის 12.1.3 პუნქტის მიხედვით, მოწმობა გაიცემა წყვილთვალების კაპიტალური, საშუალო და მიმდინარე შეკეთებაზე დასაქმებულ პირებზე. ბრიგადირის მოვალეობის შესრულების პერიოდში, ღერძების ტიპების დადგენისა და დამღების შემოწმების მიზნით, წყვილთვალების ბუქსებიდან სათვალთვალო ხუფების მოსახსნელად ჭანჭიკების მოშვება მოსარჩელეს შეეძლო როგორც თვითონ, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ ნებისმიერ ზეინკალს ზემდგომი პირის ზედამხედველობით. აქვე აღსანიშნავია, ბრიგადირის მოვალეობის შესრულების დროს, მოსარჩელე პირადად აღნიშნავდა, რომ ხსნიდა სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკებს და მოიპოვებდა ინფორმაციას, თუმცა არც მაშინ ჰქონდა მოწმობა.

3.2. ზეინკლის თანამდებობაზე დაბრუნების შემდგომ, დამსაქმებლის მიერ, საზეინკლო სამუშაოს (ჭანჭიკების მოხსნა) დავალება არ გასცდენია ზეინკლის სამუშაო ფარგლებს ზეინკლის სამუშაო აღწერილობის 4.4 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, მართლაც ევალება სხვა დავალებების შესრულება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალება არ გასცდენია ზეინკლის სამუშაო აღწერილობის ფარგლებს, რომელიც ასრულებს შემდეგი სახის სამუშაოებს: ქანჩ-ჭანჭიკის მოშვება-დამაგრებას, ჰაერგამანაწილებლების მაგისტრალურ და მთავარ ნაწილებზე, მუშაკამერის ხერხემალთან შეერთებაზე და ასევე ასრულებს სამუხრუჭე ცილინდრის, ჰაერგაყვანილობის მაგისტრალურ და განშტოების მილების, სარტყამ–საწევი მოწყობილობების დაშლა-აწყობას, ქუსლის, ძარის შიდა შემოსაკრავის, კიბის საფეხურებისა და სახელურების შეკეთებას, რესორული ჩამოკიდების დაშლა-აწყობას, დახურული ვაგონების და ბაქნების იატაკის ფიცრების მოხსნა-დამაგრებას და ა.შ. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების გარეშე, შეუძლებელია ზეინკლის მოვალეობების შესრულება.

3.3. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების ინტერესი დამსაქმებელს არ ჰქონია, რაც დასტურდება სხვადასხვა დროს მოსარჩელის მიმართ გამოყენებული დისციპლინალური სასჯელების რაოდენობითა და დამსაქმებლის მხრიდან გამოჩენილი ლოიალურობით.

3.4. სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის №0000532 ბრძანებით დანიშნულ გამოცდებთან დაკავშირებით მოპასუხემ მიუთითა, „ვნიიჟტ-2017“ სახელმძღვანელოს თანახმად, ზეინკალს არც წყვილთვალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო დოკუმენტის ცოდნა ევალება და არც რაიმე მოწმობის ქონა. სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2019 წლის 25 აპრილის №000532 ბრძანებით სავაგონო დეპოების თანამშრომლებისთვის „ვნიჟტ-2017“ წყვილთვალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო დოკუმენტის ცოდნაში გამოცდების დანიშვნა ემსახურება ზეინკლის მიერ ბრიგადირის შეცვლის პერიოდისთვის მის ფუნქცია-მოვალეობებში უფლებრივი ჩავარდნის აღმოფხვრას. ბრიგადირად ყოფნის პერიოდში ა.უ–ს აღნიშნული სამუშაოს შესრულება (ჭანჭიკების მოხსნა) შეეძლო როგორც პირადად, ასევე ნებისმიერი ზეინკლის მეშვეობით, ზემდგომი პირის მეთვალყურეობის ქვეშ.

3.5. ვაგონზე წყვილთვალის ჩანაცვლებისას აუცილებელია შეცვლილი ღერძის ტიპის დადგენა და დამღების შემოწმება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ ბუქსის სათვალთვალო ხუფის გახსნის შემდგომ. შესაკეთებელი წყვილთვალებიდან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სათვალთვალო ხუფების მოხსნა ოსტატის - მ. გ–ის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ, დაევალა ზეინკალ ა.უ–ს, რომელმაც საზეინკლო სამუშაოზე უარი განაცხადა, რითაც დაარღვია სამუშაო აღწერილობის მე-4 თავი და შრომის შინაგანაწესის მე-18 მუხლის 18.1 პუნქტი და მის მიმართ უკვე გამოყენებული სასჯელების რაოდენობის გათვალისწინებით, 2019 წლის 21 მარტს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურებიდან 20%-ის ოდენობით პირსაგამტეხლოს დაკისრებისა.

3.6. ს.ს. „ს.რ“-ს დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ზეინკლის სამუშაო აღწერილობის მე-8 თავის თანახმად, პირს სამუშაოზე მიღებისას წაეყენება მოთხოვნები, ხოლო აღწერილობის ფუნქცია-მოვალეობის მე-4 პუნქტის 4.3 ქვეპუნქტი ზეინკალს ავალებს მისი მოვალეობის ფარგლებში ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვას. სარემონტო წყვილთვალის ბუქსებიდან სათვალთვალო ხუფების მოხსნა-დაყენება ჭანჭიკების ამოხრახვნა-ჩახრახვნა საზეინკლო სამუშაოებს მიეკუთვნება. საამქროს ოსტატის, დეპოს უფროსის, დეპოს უფროსის მოადგილის, დეპოს მთავარი ინჟინრის არაერთგზის კანონიერი მითითების მიუხედავად მოვალეობების შეუსრულებლობის გამო და ასევე, მისი სასჯელების რაოდენობის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დისციპლინალური სასჯელის გამკაცრების (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის) თაობაზე, რაც არ სცდება ს.ს. „ს.რ–ა“-ს შინაგანაწესით დადგენილ დისციპლინური სასჯელების გამოყენების ფარგლებს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა.უ–ის სარჩელი მოპასუხე ს.ს. „ს.რ–ა“-ს მიმართ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.უ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. ა.უ–ი ს.ს. „ს.რ“-ში მუშაობდა 2001 წლიდან, ქ. თბილისის მახარისხებლის ვაგონების ახსნითი-შეკეთების საამქროში დარაჯის პოზიციაზე. 2005 წელს დაინიშნა მე-4 თანრიგის ზეინკლის პოზიციაზე ვადიანი ხელშეკრულებით, ხოლო 2008 წელს დამსაქმებელთან განუსაზღვრელი ვადით დადო შრომითი ხელშეკრულება იმავე თანამდებობაზე, იმავე საამქროში.

7.2. 2009 წლის 3 სექტემბერს ა.უ–ი ს.ს. „ს.რ“-ში დაინიშნა მოძრავი შემადგენლობის რემონტის ზეინკლის (ბრიგადირის) პოზიციაზე.

7.3. 2017 წლის 9 მარტს ა.უ–ი №608 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ზეინკლის პოზიციაზე.

7.4. ზეინკლის სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, ზეინკალმა თავის საქმიანობის პროცესში უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები: სარემონტო ვაგონებზე, მის კვანძებსა და დეტალებზე საზეინკლო სამუშაოების დროული და ხარისხიანი შემოწმება (3.1 პუნქტი). ზეინკალი საკუთარი ფუნქციებიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეა შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, დაიცვას შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების წესები (4.4 პუნქტი).

7.5. ს.ს. „ს.რ“-ს 2018 წლის შრომის შინაგანაწესის მე-18 მუხლში გაწერილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და მათი გამოყენების წესი, კერძოდ, 18.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულს დააკისროს პირგასამტეხლო ერთ თვემდე თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც გამოიქვითება დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან შრომის შინაგანაწესის 19.2 პუნქტის გათვალისწინებით.

7.6. თბილისის სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული თათბირის №18 ოქმის მიხედვით, 2019 წლის 8 მარტს თბ-მახარისხებლის ვაგონების მიმდინარე-ახსნითი შეკეთების საამქროში სარემონტოდ შევიდა 28 კოდიანი ვაგონი. წესისამებრ, წყვილთვალის ჩანაცვლებისას, აუცილებელია შეცვლილი ღერძის ტიპის დადგენა და დამღების შემოწმება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ ბუქსის სათვალთვალო ხუფის გახსნის შემდგომ.

საამქროს ოსტატის მ. გ–ის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, აღნიშნულ ვაგონზე სარემონტო სამუშაოების შესრულება და კონკრეტულად სარემონტო წყვილთვალებზე საჭირო ინფორმაციის მისაღებად ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების მოხსნა, პირადი მეთვალყურეობით დაევალათ საამქროს ზეინკლებს, მათ შორის, ა. უ–ს, რომელმაც უარი განაცხადა ბუქსის ხუფის ჭანჭიკების მოხსნაზე. მან წარმოდგენილ ახსნა-განმარტებასა და პირად საუბარში განმარტა, რომ საბუქსე კვანძზე სამუშაოების შესრულება მოითხოვს შესაბამის მოწმობას, რის გამოც ა.უ–ს (მოწმობის არმქონე პირს) ეკრძალება ბუქსის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნა.

აღნიშნული ოქმის საფუძველზე, ა.უ–ს _ თბილისი-მახარისხებლის ვაგონების მიმდინარე ახსნითი შეკეთების საამქროს ზეინკალს, ზეინკლის სამუშაო აღწერილობის მე-4 თავის შეუსრულებლობისთვის, რაც გამოიხატა ვაგონიდან გამოგორებული სარემონტო წყვილთვალის ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ საჭირო სამუშაოების ჩაუტარებლობაში, (ჭანჭიკების მოხსნა), შრომის შინაგანაწესის მე-18 მუხლის 18.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო შრომის ანაზღაურების 20%-ის ოდენობით.

7.7. 2019 წლის 18 აპრილის №01619 ბრძანების საფუძველზე, ა.უ–ს დისციპლინური სასჯელის სახით დაეკისრა პირგასამტეხლო ერთი თვის შრომის ანაზღაურების 20%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 150 ლარი.

7.8. 2019 წლის 25 აპრილს №0000532 ბრძანების საფუძველზე, 2019 წლის 4 ივნისიდან - 19 ივნისამდე სავაგონო დეპოებში დაინიშნა გამოცდები მაგისტრალური რკინიგზის სატვირთო ვაგონების საბუქსე კვანძებით დაკომპლექტებული წყვილთვალის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო დოკუმენტის ცოდნაში.

7.9. თბილისის სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 23 მაისს ჩატარებული თათბირის №38 ოქმის მიხედვით, 2019 წლის 22 მაისს თბ-მახარისხებელის ვაგონების მიმდინარე-ახსნითი შეკეთების საამქროში სარემონტოდ შევიდა 28 კოდიანი ცარიელი №74069485 და №74873621 ვაგონი. წყვილთვალის ღერძის ტიპის დასადგენად, დამღების შესამოწმებლად, შემდგომში შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების მიზნით, ა.უ–ს დაევალა ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების გახსნა, რაზეც განაცხადა უარი. აღნიშნული ფაქტი მისი მხრიდან არ არის პირველი შემთხვევა, 2019 წლის 8 მარტს შეკეთების საამქროში სარემონტოდ შესულ ვაგონზე იგივე სამუშაოს შეუსრულებლობისთვის დეპოს უფროსთან ჩატარებული თათბირის ოქმის დადგენილებით მოსარჩელეს გამოეცხადა დისციპლინური სასჯელი.

დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 27 აპრილის №5/15 დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის მე-5 მუხლის 5.1 პუნქტისა და ზეინკლის სამუშაოს აღწერილობის 3.1. პუნქტისა და მე-4 თავის 4.4. პუნქტის შესაბამისად, ა.უ–მა არ შეასრულა საზეინკლო სამუშაოები, რაც გამოიხატება სარემონტოდ გასაგზავნი გოგორწყვილის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნაზე უარის თქმაში.

აღნიშნული ოქმის მიხედვით, დეპოს უფროსის განმარტებით, სარემონტო გოგორწყვილის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნა არ საჭიროებს მოწმობის ქონას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელის მხრიდან უარი ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულებაზე, უარყოფითად მოქმედებს საამქროს დანარჩენ მუშაკებზეც, სისტემატიური კამათი არღვევს სამუშაო რიტმს.

მითითებული ოქმის თანახმად, დირექტორთა საბჭოს 2018 წლის 27 აპრილის №5/25 დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესის მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის და ზეინკლის სამუშაოს აღწერილობის 3.1. პუნქტისა და მე-4 თავის 4.4. პუნქტის შეუსრულებლობისათვის, რაც გამოიხატა ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, ვაგონიდან გამოგორებული სარემონტო წყვილთვალის ბუქსის სათვალთვალო ხუფზე საჭირო სამუშაოების ჩაუტარებლობაში (ჭანჭიკების მოხსნა), გათვალისწინებით იმისა, რომ აღნიშნულ ქმედებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და დასაქმებულს შესაბამისი ბრძანებით უკვე დაკისრებული ჰქონდა პირგასამტეხლო 20%, შრომის შინაგანაწესის 14.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, დადგინდა ა.უ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

7.10. 2019 წლის 8 ივლისს №2998 ბრძანების საფუძველზე, ა.უ–ს და შრომითი ურთიერთობა შეუწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. პალატამ ყურადღება გაამახვილა ზეინკლის სამუშაოს აღწერილობაზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა მიერ ვაგონზე შეცვლილი ღერძის ტიპის დადგენისა და დამღების შემოწმების მიზნით, ბუქსის სათვალთვალო ხუფის (ჭანჭიკების მოხსნა) გახსნაზე უარის თქმის გამო დაირღვა ზეინკლის სამუშაო აღწერილობის მე-4 პუნქტი, სადაც საზეინკლო სამუშაოების რაოდენობის შეზღუდვა ლიმიტირებული არ არის.

8.2. ს.ს. „ს.რ“-ს დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული ზეინკლის სამუშაო აღწერილობის მე-8 თავის თანახმად, პირს სამუშაოზე მიღებისას წაეყენება მოთხოვნები და აღწერილობის ფუნქცია-მოვალეობის მე-4 პუნქტის 4.3 ქვეპუნქტი ზეინკალს ავალებს მისი მოვალეობის ფარგლებში ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვას. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარემონტო წყვილთვალის ბუქსებიდან სათვალთვალო ხუფების მოხსნა-დაყენება ჭანჭიკების ამოხრახვნა-ჩახრახვნა საზეინკლო სამუშაოებს მიეკუთვნება. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

8.3. პალატამ მიუთითა, დასაქმებულთა შრომის უფლებების კონსტიტუციურ პრინციპზე, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ_შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას.

8.4. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ა.უ–ისთვის დაკისრებული სანქციის (პირგასამტეხლოს დაკისრება) ზომა მიაჩნია ადეკვატურად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ამოსავალია შრომის ურთიერთობის სპეციფიკა და ის გარემოება, რომ საქმე ეხება არა რაიმე „რუტინულ’“ სამსახურს, არამედ სარკინიგზო ვაგონების ტექნიკურ გამართულობას, რომელიც თავისი არსიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე მუდმივ დინამიკაშია. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა და მუდმივი კონფლიქტი უარყოფით გავლენას ახდენს საამქროს სხვა დასაქმებულებზე.

8.5. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზნით გამოცემულ 2019 წლის 08 ივლისს ბრძანებას და მის საფუძვლად არსებულ ოქმს, პალატამ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სსკ-ის 37-ე მუხლის „თ’“ (სადავო პერიოდში მოქმედი) ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლს წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

8.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო წყვილთვალის ღერძის ტიპის დასადგენად, დამღების შესამოწმებლად და შემდგომში შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად ა.უ–ისათვის მიცემული დავალება ვაგონიდან გამოგორებული სარემონტო წყვილთვალის ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების მოხსნაზე, რომლის შესრულებაზეც დასაქმებულმა განაცხადა უარი. პალატამ მიუთითა, რომ სწორედ ამავე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ჰქონდა შეფარდებული დასაქმებულს 2019 წლის 18 აპრილის დისციპლინური პასუხისმგებლობა პირგასამტეხლოს სახით.

8.7. პალატამ მიუთითა, რომ სარემონტო წყვილთვალის ბუქსებიდან სათვალთვალო ხუფების მოხსნა-დაყენება (ჭანჭიკების ამოხრახვნა-ჩახრახვნა) საზეინკლო სამუშაოებს მიეკუთვნება, ხოლო სათვალთვალო ხუფების მოხსნა-დაყენება (ჭანჭიკების ამოხრახვნა-ჩახრახვნა) სპეციალურ მოწმობას არ საჭიროებდა და მიეკუთვნებოდა ზეინკლის მიერ შესასრულებელ სამუშაოს, რაც მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რადგან ამავე კატეგორიის დარღვევისათვის მას უკვე დაკისრებული ჰქონდა დისიპლინარული პასუხისმგებლობა. ამასთან, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

8.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ა.უ–ის ქმედებები შეაფასა დარღვევად, რაც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში სხვა დისციპლინური სახდელების არსებობის პირობებში, დამსაქმებელს ანიჭებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას. ვინაიდან სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ისევე როგორც მათ ნაცვლად კომპენსაციის დაკისრება, წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს, სააპელაციო პალატამ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნებიც მიიჩნია უსაფუძვლოდ.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.უ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

9.1. ზეინკლის სამუშაოს შესასრულებლად პირს წაეყენება არასრული საშუალო განათლება და ფიზიკური ამტანობა, ამდენად, სარემონტოდ გასაგზავნი გოგორწყვილის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნა არ შედის მის მოვალეობებში, არამედ წარმოადგენს ბრიგადირის პოზიციაზე დასაქმებული პირის უფლება-მოვალეობის შემადგენელ ნაწილს, რომლის შესრულება მოითხოვს შესაბამის ცოდნას, რაც დადასტურებული უნდა იყოს ყოველწლიურად განახლებადი ატესტაციით. დავალების მიღების დროს ა.უ–ს ასეთი ატესტაცია გავლილი არ ჰქონდა, შესაბამისად, არ გააჩნდა დავალების შესრულების უფლებამოსილება და კვალიფიკაცია. ამასთან, თუ ზეინკალს ჭანჭიკები უნდა მოეხსნა ზემდგომი პირის მეთვალყურეობის ქვეშ, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ეს სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა.

9.2. ს.ს. „ს.რ“-ს შიდა ნორმატიული დოკუმენტის - ზეინკლის სამუშაო აღწერილობის 4.4. პუნქტი, რომლის თანახმად, ზეინკალი მოვალეა შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, არ უნდა განიმარტოს ზეინკლისათვის იმგვარი დავალებების მიცემის შესაძლებლობად, რომლის შესრულებაც, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ექვემდებარება სპეციალური ცოდნისა და სერტიფიცირების აუცილებლობას. სწორედ ასეთად მიიჩნევს კასატორი გოგორწყვილების ბუქსის გახსნას, „ვნიიჟტ-2017“-ის ინსტრუქციის გათვალისწინებით. ჭანჭიკების მოშვება, წყვილთვალების ღერძების დადგენისა და დამღების შემოწმების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში შეეძლო პირადად ბრიგადირს, ა.უ–ის გამოძახებისა და სხვა სამუშაოდან მოცდენის გარეშე. ჭანჭიკების მოხსნის დავალდებულებას კასატორი განიხილავს არა სამსახურებრივ, არამედ დავალების გამცემის პირად ინტერესად.

9.3. სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს, რომ ზოგადად, ჭანჭიკების მოხსნა სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს, თუმცა, როგორც წესი, წყვილთვალის ჩანაცვლებისას აუცილებელია შეცვლილი ღერძის ტიპის დადგენა და დამღების შემოწმება, რაც შესაძლებელია მხოლოდ საბუქსე კვანძის სათვალთვალო ხუფის გახსნის შემდგომ, რომელსაც უნდა აწარმოებდეს შესაბამისი სპეციალური ცოდნის მქონე პირი თავიდან ბოლომდე უწყვეტი პროცესით, ჭანჭიკების მოხსნის ჩათვლით. ზეინკლისთვის აღნიშნულის დავალება იწვევს მის მოცდენას უფრო მნიშვნელოვანი საქმიდან და გამოწვეულია მხოლოდ ხელმძღვანელის მიერ აღნიშნული სამუშაოს უკადრისობით, რაც კასატორს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს.

9.4. სააპელაციო სასამართლო არ დაინტერესებულა „ჭანჭკების მოხსნის“ გარდა ასრულებდა თუ არა ა.უ–ი სხვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად. სადავო დავალების მიცემით დამსაქმებელი მიზნად ისახავდა კასატორის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლის შექმნას, ამავეს ემსახურებოდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე გამოყენებული უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელების დადებაც.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი - მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (იხ. სუსგ. №ას-860-860-2018, 16.11.2018წ). დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და ამ პროცესში ის შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 02.03.2017წ. №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება).

15. განსახილველი დავის სწორად გადაჭრის მიზნებისათვის, საქმის განმხილველ სასამართლოებს, უპირველეს ყოვლისა, მართებდათ იმ ვალდებულებათა იდენტიფიცირება, რომელთა შეუსრულებლობაც გახდა კასატორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი; ამის შემდგომ უნდა შემოწმებულიყო ამავე ვალდებულებათა დასაქმებულის შრომითი ფუნქციების სფეროსადმი კუთვნილება, ხოლო ბოლო საფეხურს წარმოადგენდა დარღვეული ვალდებულების სიმძიმისა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის პროპორციულობის განსაზღვრა.

16.1. ვინაიდან განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ორი დამოუკიდებელი ბრძანების ბათილად ცნობა, მოცემული დავისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, პირობითად, უნდა დაიყოს ორ ნაწილად - ფაქტები, რომლებმაც განაპირობა პირგასამტეხლოს დაკისრება დასაქმებულის მიერ შრომითი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის და ფაქტები, რომლებმაც განაპირობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემა. თავის მხრივ, სადავო ბრძანებები ეფუძნება რა თათბირის ოქმებს, სადაც დეტალურად არის აღწერილი დამსაქმებლის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევად მიჩნეული ქმედებების შინაარსი, სასამართლოს მხრიდან დავისთვის მნიშვნელობის მქონე გარემობების დადგენის პირველადი წყარო სწორედ მითითებული თათბირის ოქმებია.

16.2. თბილისის სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული №18 თათბირის ოქმის თანახმად, ა.უ–ისთვის 2019 წლის 08 მარტს დავალებული, თუმცა მისი მხრიდან უგულვებელყოფილი დავალების შინაარსი შემდეგია - სარემონტო წყვილთვალებზე საჭირო ინფორმაციის მისაღებად ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების მოხსნა.

16.3. თბილისის სავაგონო საექსპლუატაციო დეპოში 2019 წლის 23 მაისს ჩატარებული №38 თათბირის ოქმის თანახმად, ა.უ–ისთვის 2019 წლის 22 მაისს დავალებული, თუმცა მისი მხრიდან უგულვებელყოფილი დავალების შინაარსი შემდეგია - წყვილთვალის ღერძის ტიპის დასადგენად, დამღების შესამოწმებლად, შემდგომში შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების მიზნით, სარემონტო გოგორწყვილის ბუქსის სათვალთვალო ხუფზე ჭანჭიკების მოხსნა.

16.4. ამრიგად, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, გაცემული დავალების შინაარსი შემოიფარგლებოდა სარემონტო წყვილთვალის (გოგორწყვილის) ბუქსის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნაში - შემდგომი სამუშაოები, მათ შორის, გახსნილი სათვალთვალო ხუფიდან მონაცემების მოპოვება და მით უმეტეს, დაზიანებული წყვილთვალების შეკეთება, დავალების შინაარსს არ წარმოადგენდა. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად არის იდენტიფიცირებული იმ დავალებათა შინაარსი, რომელთა შესრულებაზეც კასატორმა უარი განაცხადა. ამ ნაწილში კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ აქვს, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტი სავალდებულოდ გასათვალისწინებელია საკასაციო სასამართლოსთვისაც.

17.1. დადგენილია და კასატორის მიერ შეუდავებელი გარემოებაა, რომ ა.უ–ი მოპასუხე ორგანიზაციაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მუშაობდა თბილისი-მახარისხებელი ვაგონების მიმდინარე-ახსნითი შეკეთების საამქროში ზეინკლის პოზიციაზე. თავად ზეინკლის სამუშაოს სპეციფიკა აღწერილია ს.ს. „ს.რ“-ს დირექტორთა საბჭოს 2014წ. 11 ივნისის №27/33 დადგენილებით დამტკიცებული შიდა ნორმატიული დოკუმენტით - „ზეინკლის სამუშაო აღწერილობით“ (ტ.2, ს.ფ. 38-42). ზეინკლის თანამდებობის უმთავრესი დანიშნულება, ამავე დოკუმენტის 2.1. მუხლის თანახმად, შესაკეთებლად შემოსული ვაგონების შეკეთებაა, ხოლო 3.1. პუნქტის თანახმად, საქმიანობის პროცესში ზეინკლის მიერ გადასაჭრელი ამოცანაა სარემონტო ვაგონებზე, მის კვანძებსა და დეტალებზე საზეინკლო სამუშაოების დროული და ხარისხიანი წარმოება. აღნიშნულ დანიშნულებასა და ამოცანებს აკონკრეტებს სამუშაოს აღწერილობის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, ზეინკლის ფუნქციები და მოვალეობები შემდეგია: 4.1. ვაგონების კვანძების დათვალიერება; 4.2. ვაგონის დაზიანებული კვანძების და ნაწილების შეკეთება; 4.3. მოვალეობის ფარგლებში ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნების დაცვა; 4.4. ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების შესრულება; 4.5. შრომის შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვა.

17.2. ამრიგად, ვაგონების კვანძების, მათ შორის, საბუქსე კვანძების დათვალიერება და შეკეთება, „ზეინკლის სამუშაო აღწერილობის“ თანახმად, ზეინკლის უშუალო შრომით ვალდებულებას წარმოადგენს. მათი შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის კი სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს „რდ ვნიიჟტ 27.05.01 2017“. განსახილველი შემთხვევისთვის კი მნიშვნელოვანია ამავე დოკუმენტის მე-12 მუხლი, რომელიც აწესრიგებს წყვილთვალების დათვალიერებისა ჩატარებისა და შეკეთების წესს, კერძოდ, 12.1.2. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ სახელმძღვანელო დოკუმენტის ცოდნაში გამოცდების ჩაბარების ვალდებულება აკისრიათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე ახსნით შეკეთებაში აწარმოებენ წყვილთვალების შეცვლას და ამავე ინსტრუქციის 12.1.3. მუხლი, რომლის თანახმად, წყვილთვალების კაპიტალურ, საშუალო და მიმდინარე შეკეთებას ასრულებენ ის პირები, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები ამავე სახელმძღვანელო დოკუმენტის ცოდნაში და გააჩნიათ სამუშაოების წარმოების უფლების მიმნიჭებელი მოწმობა.

17.3. ამრიგად, „რდ ვნიიჟტ 27.05.01 2017“ სამუშაოს საწარმოებლად გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობის არსებობას ითხოვს წყვილთვალის შეცვლისას, აგრეთვე წყვილთვალების კაპიტალური, საშუალო და მიმდინარე შეკეთებისას. ვაგონიდან გამოგორებული წყვილთვალის საბუქსე კვანძის გახსნა ჭანჭიკების მოშვებით არ წარმოადგენს არც წყვილთვალის შეცვლის და არც შერემონტების პროცესის ელემენტს, არამედ, ემსახურება დაზიანებული წყვილთვალის სარემონტოდ გაგზავნის პროცედურის წარსამართად დაზიანებული წყვითვალის იდენტიფიკაციის მიზანს, რაც მოიაზრებს მისი ღერძის ტიპის დადგენასა და დამღების შემოწმებას, რაც, თავის მხრივ, მიიღწევა სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების გახსნით. ამრიგად, დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია მასზედ, რომ ჭანჭიკების მოხსნა ატესტაციით შემოწმებად სპეციალურ ცოდნას მიეკუთვნება.

18. იმ საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობის შეფასებისათვის, რომლის თანახმად, საბუქსე კვანძის ჭანჭიკების ჩახრახვნა-ამოხრახვნის ვალდებულება განეკუთვნებოდა არა ზეინკლის, არამედ ბრიგადირის ფუნქციას, პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაპყრობს დასახელებულ ორ თანამდებობათა შორის ტერმინოლოგიურ განსხვავებებზე: „ზეინკალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის (შედგენილია ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ, 1-ლი გამოცემა, თბილისი 2006, http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=86948) თანახმად, ეწოდება ხელოსანს, რომელიც მუშაობს ლითონის სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებაზე, აწყობასა და შეკეთებაზე. ამავე ლექსიკონის თანახმად, „ბრიგადირი“ საწარმოო ბრიგადის ხელმძღვანელია. იმ პირობებში, როდესაც, დამსაქმებლის შიდა ნორმატიული დოკუმენტი - „ზეინკლის სამუშაო აღწერილობა“ ვაგონების კვანძების, მათ შორის, საბუქსე კვანძების დათვალიერებასა და შეკეთებას ზეინკლის უშუალო შრომით ვალდებულებად განიხილავს, დასაბუთებულია პოზიცია, რომ ბუქსის სათვალთვალო ხუფის მოხსნის მიზნით ჭანჭიკების მოშვება წარმოადგენს არა ხელმძღვანელი თანამდებობის, არამედ უშუალოდ რკინის კონსტრუქციებზე მუშაობაში სპეციალიზებული პირის - ზეინკლის თავისთავად ფუნქციას. ამავეს ადასტურებს მოსარჩელის მიერ წინამდებარე განჩინების 2.3. პუნქტში აღწერილი ბრიგადირის პასუხისმგებლობები. საბუქსე კვანძების გახსნა, მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, ბრიგადირად მუშაობის პერიოდში მის უშუალო ვალდებულებას კი არ წარმოადგენდა, არამედ ფუნქციას, რომლის შესრულებაც, მათ შორის (და არამარტო), პირადად ბრიგადირსაც შეეძლო. ზემდგომი პირის ზედამხედველობა ამ პროცესში კი ემსახურება შრომის უსაფრთხოებასა და მიცემული დავალების სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად შესრულებაზე მონიტორინგს და არ წარმოადგენს იმის დასტურს, რომ სამუშაოს შესრულება ატესტაციით დადასტურებულ ცოდნას საჭიროებს.

19. იმ საკასაციო პრეტენზიის საპასუხოდ, რომ ბრიგადირს თავადაც შეეძლო ჭანჭიკების მოხსნა და ამავე დავალების შესასრულებლად არ უნდა მოეცდინა ზეინკალი, პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული ემორჩილება დამსაქმებლის მითითებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს. სუბორდინაციული ურთიერთობის აუცილებლობა გამომდინარეობს სწორედ იმ იდეიდან, რომ დასაქმებულის შრომა ემსახურება დამსაქმებლის ინტერესებს. ამრიგად, დამსაქმებლისგან მიღებული დავალება, თუ ის არ გულისხმობს შრომითი ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ვალდებულების დაკისრებას ან არ იწვევს ზეგანაკვეთურ მუშაობას, დასაქმებულის მხრიდან ექვემდებარება სავალდებულოდ შესრულებას. ცალკეულ დავალებათა თანამშრომლებზე გადანაწილების გზით შრომის ადმინისტრირება შიდაორგანიზაციული საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, ბრიგადირის მიერ ჭანჭიკების ამოხრახვნის ზეინკლისათვის დავალების მიზანშეწონილობა შეაფასოს იმ პირობებში, როდესაც ასეთი დავალების შესრულება წარმოადგენდა ზეინკლის უშუალო ფუნქციას და მის გაცემას შედეგად არ გამოუწვევია მოსარჩელის ზეგანაკვეთური შრომა. პოზიცია, რომ ჭანჭიკების ამოხრახვნა უნდა განეხროციელებინა მას, ვისაც უწყვეტ რეჟიმში შეეძლო შეცვლილი ღერძის ტიპის დადგენა და დამღების შემოწმება, არ იმსახურებს მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ საქმის მასალებით დადასტურებული არ არის აღნიშნულ მოქმედებათა ხუფის გახსნისთანავე, მყისიერად წარმართვის ტექნოლოგიური აუცილებლობა და ამავდროულად, იმიტომ, რომ თუნდაც ტექნოლოგიური უწყვეტობის აუცილებლობის პირობებში, შრომის დანაწილების გაუმართლებლობის დასასაბუთებლად წონადი არგუმენტი კასატორს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მოუხმია.

20.1. ამრიგად, საკასაციო პრეტენზია ვერ გადასწონის გასაჩივრებული განჩინების დასკვნას მასზედ, რომ სარემონტო წყვილთვალის (გოგორწყვილის) ბუქსის სათვალთვალო ხუფის ჭანჭიკების მოხსნაზე ა.უ–ის უარი, ორივე შემთხვევაში, წარმოადგენდა დასაქმებულის მიერ შრომითი ვალდებულების დარღვევას, რაც აფუძნებს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების უფლებას.

20.2. 2019 წლის 08 მარტს ჩადენილი დარღვევისათვის კასატორს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა თანამდებობრივი სარგოს 20%-ის დაქვითვა (2019 წლის 18 აპრილის №01619 ბრძანებაში მოხსენიებულია პირგასამტეხლოდ). თავის მხრივ, ამ შინაარსის სანქციის დაკისრების საფუძველს ქმნიდა საქმეში წარმოდგენილი შრომის შინაგანაწესის 18.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისთვის დამსაქმებელი უფლებამოსილია დასაქმებულს დააკისროს პირგასამტეხლო ერთ თვემდე თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც გამოიქვითება დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან შრომის შინაგანაწესის 19.2. პუნქტის გათვალისწინებით.

20.3. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის (იხ. სუსგ. №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.).

20.4. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ბრძანება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, აკმაყოფილებდა დარღვევის პროპორციული დასჯის ღონისძიების გამოყენების კრიტერიუმებს, რამეთუ ფინანსური პასუხისმგებლობა დამრღვევისათვის განსაკუთრებით მძიმე არ ყოფილა, მაგრამ, ამავდროულად, მიზნად ისახავდა როგორც მოსარჩელის, ისე სხვა თანამშრომლებისთვის შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების იძულებას. აქვე საგულისხმოა სადავო ბრძანებაში აღნიშნული და მოსარჩელის მხრიდან შეუდავებელი გარემოება, რომ 2019 წლის 15 და 19 მარტს საამქროში იმყოფებოდნენ დეპოს უფროსის მოადგილე და მთავარი ინჟინერი წყვილთვალებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და ზეინკლის სამუშაო აღწერილობის დამატებითი ახსნის მიზნით, მაგრამ ამის მიუხედავად, ა.უ–მა მაინც ჩათვალა, რომ ხუფის ჭანჭიკების მოხსნის უფლებამოსილება არ ჰქონდა (ტ.2, ს.ფ. 43). აღნიშნული კი ნათელჰყოფს, რომ დამსაქმებლის მხრიდან დარღვევის შემდგომი პრევენციისთვის ჯარიმაზე ნაკლები სიმძიმის პასუხისმგებლობის სახე შედეგიანი ვერ იქნებოდა. ამრიგად, 2019 წლის 21 მარტის №18 თათბირის ოქმისა და 2019 წლის 18 აპრილის №01619 ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე დაქვითული პირგასამტეხლოს დასაქმებულისთვის დაბრუნების შესახებ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა.

21.1. საქართველოს შრომის კოდექსის სადავო ბრძანებათა გამოცემის ეტაპზე მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

21.2. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს აუცილებელი არ არის, რომ დარღვევა იყოს უხეში, თუმცა პასუხისმგებლობის აღნიშნული სახე, სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერების პრინციპისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის გათვალისწინებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ დარღვევას აქვს არსებითი ხასიათი. დაუშვებელია ერთი და იმავე არაარსებითი დარღვევისას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. გარდა ამისა, გათავისუფლების მიზნებისათვის საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს, რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია აღნიშნულ დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში პრინციპი - „Ultima Ratio“, ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზშედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერებისა და თანაზომიერების საკითხი (იხ. სუსგ. №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).

21.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა, სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის (მოქმედი ორგანული კანონის 47.1-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი) საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის, განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა, რადგან მოცემული მუხლის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს, მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებით არსებითია ქმედების ერთგვაროვნება (იხ. სუსგ-ები: №ას-1072-2020, 25.02.2022; №ას-1350-2019, 29.11.2019 წ; №ას-368-2019, 31.07.2019 წ; №ას-416-399-2016, 29.06.2016 წ.)

21.4. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს სადავოდ არ უქცევია ის გარემოება, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დაეფუძნა არსებითად იდენტური ვალდებულების დარღვევის ორ ეპიზოდს. სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიღო მხედველობაში როგორც დარღვევის სისტემატურობა, აგრეთვე მოსარჩელის ხისტი დამოკიდებულება ამ გადაცდომათა მიმართ და ის ეფექტი, რომელსაც შრომით ვალდებულებაზე მოსარჩელის მიერ უარის თქმა იწვევდა სამუშაო გარემოში კონფლიქტური სიტუაციის შექმნის თვალსაზრისით, აღნიშნულის გამო დარღვევა 2019 წლის 22 მაისის ეპიზოდში შეფასებული იქნა არსებითი ხასიათის მქონედ, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც. ამრიგად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია დასკვნა 2019 წლის 23 მაისის №38 თათბირის ოქმისა და 2019 წლის 8 ივლისის №2998 ბრძანების კანონიერების შესახებ.

22. დისკრიმინაციაზე კასატორის მითითების საპასუხოდ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვისას დასაქმებული მის მიმართ არც დისკრიმინაციულ მოპყრობაზე უთითებდა და არც ამგვარი მოპყრობის დადგენას მოითხოვდა სასამართლოსგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია, შესაბამისად, დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ საკასაციო პრეტენზია დაუშვებელია და მასზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს.

23. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა იმ ფუნქციათა შესრულებისა თუ შეუსრულებლობის ფაქტები, რომლებიც სადავო ბრძანებათა გამოცემას დაედო საფუძვლად. სასამართლო შებოჭილია რა დავის საგნის ფარგლებით, ბუნებრივია, სხვა ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე, რომლებიც არ უკავშირდება გასაჩივრებულ ბრძანებებს, სასამართლო ვერ იმსჯელებდა, ამრიგად, უსაფუძვლოა ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიაც.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, ა.უ–ს უნდა დაუბრუნდეს 2022 წლის 11 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.უ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.უ–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _300 ლარის (გადახდის თარიღი: 11/04/2022, საგადახდო დავალება: 13038587745, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი