Facebook Twitter

საქმე №ას-1107-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ჩ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ჩ–ვა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნლსის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – მინდობილობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ.ჩ–ვას (შემდეგში: „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ხოლო ხ.ჩ–ვას (შემდგომში „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების ფაქტს. მინდობილობაში ასახული პირობების შეთანხმება მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების შედეგი იყო. მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ თუ არ გაფორმდებოდა მსგავსი შინაარსის მინდობილობა, მოპასუხე ვერ შეძლებდა დახმარებოდა უძრავი ქონების პირად საკუთრებაში დარეგისტრირებაში, ვერც ამ ქონებიდან სარგებლის მიღებაში და მეტიც, მსგავსი შინარსის მინდობილობის გაცემა აუცილებელი იყო, რათა აღებული ვალდებულებების გამო მოსარჩელეს არ დაეკარგა ქონება. ამდენად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 82-ე მუხლებით და ბათილად ეცნო სადავო გარიგებები.

3. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი და ნაცვლად კოლეგიური შემადგენლობისა, საქმე განიხილა ერთპიროვნულად.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

4.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2015 წლის 31 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის, მათ შორის მოპასუხის სახელზე გადაფორმების, უფლებამოსილება. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით.

7.2. მინდობილობის გაფორმებისას მოსარჩელე იყო პატიმარი და მას N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის მიერ, განემარტა დოკუმენტის შინაარსი.

7.3. მინდობილობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს მიანიჭა უფლებამოსილება, შეიტანოს განაცხადი ქ. ფოთში, .......... (ყოფილი ........) ქ. #12/36-ში მდებარე უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე, ასევე მითითებული უძრავი ქონება გადაიფორმოს თავის სახელზე, განკარგოს, გააქირავოს ან/და გაასხვისოს იგი. მოპასუხე არის მოსარჩელის რწმუნებული ადმინისტრაციულ ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და საჯარო, ასევე საბანკო დაწესებულებებში.

7.4. 2016 წლის 6 დეკემბერს მოპასუხემ, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელმა საკუთარ თავთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს 7000 აშშ დოლარად მიჰყიდა ქ. ფოთში, ......... (ყოფილი ......) ქ. #12/36-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: №........). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.

7.5. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ქონების ღირებულება - 7000 აშშ დოლარი მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია.

8. მხარეთა შორის სადავოა უძრავი ქონების მესაკუთრის, მოსარჩელის ნების არსებობა (გამოხატვა) სადავო უძრავი ქონების გასხვისებასთან მიმართებით. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ მინდობილობაში ასახული პირობების შეთანხმება მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების შედეგი იყო. მოპასუხემ მოსარჩელე დაარწმუნა, რომ თუ არ გაფორმდებოდა მსგავსი შინაარსის მინდობილობა, მოპასუხე ვერ შეძლებდა დახმარებოდა უძრავი ქონების პირად საკუთრებაში დარეგისტრირებაში, ვერც ამ ქონებიდან სარგებლის მიღებაში და მეტიც, მსგავსი შინარსის მინდობილობის გაცემა აუცილებელი იყო, რათა აღებული ვალდებულებების გამო მოსარჩელეს არ დაეკარგა ქონება.

9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

10. კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; საქმე №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი).

11. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1301-1221-2015, 11 მარტი, 2016 წელი).

12. მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან მისი მოტყუების ფაქტზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორის იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მინდობილობის გაცემის რეალურ საფუძვლებზე, თუ რა სამართლებრივი შედეგის დადგომას ემსახურებოდა მისი გაცემა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს თავად სადავო მინდობილობის შინაარსზე (რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სხვადასხვა სახის უფლებამოსილებები, მათ შორის უძრავი ქონების გასხვისების უფლება), ასევე იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის მინდობილობაზე მისი ხელმოწერის ფაქტს, რაც, თავისთავად, გულისხმობს ხელმომწერი მხარის მიერ გარიგების შინაარსის, მასში ასახული პირობების გაცნობისა და მასზე თანხმობის გამოხატვას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არიან ძმები და როგორც თავად მოსარჩელე არაერთხელ აღნიშნავს, იგი ენდობოდა საკუთარ ძმას, სწორედ ამიტომ დათანხმდა მის შეთავაზებას მსგავსი შინაარსის მინდობილობის გაფორმების შესახებ (იხ. სარჩელი, ტ. 1. ს.ფ 2-17).

14. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგების გაფორმებისას მოსარჩელეს ჰქონდა შეუზღუდავი შესაძლებლობა გაცნობოდა მასში მითითებულ პირობებს (მათ შორის, იყო თუ არა ხელშეკრულებაში ასახული პირობა უძრავი ქონების მოპასუხის მიერ გასხვისების შესაძლებლობის შესახებ) და შესაბამისად გამოეხატა მასზე თანხმობის ნება, უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია ხელშეკრულებაზე მოტყუებით ხელის მოწერისა და ამ საფუძვლით სადავო გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად შეაფასა გარიგებების ბათილობის საკითხი, მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესოსამართლებრივი ნორმები და ნაცვლად კოლეგიური შემადგენლობისა საქმე განიხილა ერთპიროვნულად. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (რომლის თანახმად, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ) და აღნიშნავს, რომ ვინაიდან წინამდებარე დავის საგანი განისაზღვრა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში, რაც, არ აღემატება სსსკ 25-ე მუხლით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (20 000 ლარს), სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად განეხილა მოცემული საქმე. აღსანიშნავია, რომ ნორმის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის) მსგავსი განმარტება ასახულია უზენაესი სასამართლოს განჩინებებშიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1548-1468-2017, 7 მარტი, 2018 წელი; საქმე №ას-1085-1005-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ჩ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე