საქმე №ას-1052-2022 27 დეკემბერი, 2022 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვით
საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ჩ. (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.მ–ნი (მოპასუხე)
მესამე პირები - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მცხეთა-თიანეთის რეგიონული ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნების დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს.ჩ.ის (შემდეგში: „მოსარჩელე“, „მამა“ „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარყოფილ იქნა წარდგენილი სარჩელი ო.მ–ნის (შემდგომში „მოპასუხე“ ან „დედა“) მიმართ არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნების დაბრუნების შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს და ბავშვის უფლებების კოდექსს. სასამართლომ საფუძვლიანად არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, უპირატესობა მიანიჭა მოპასუხის უფლებებს და გადაწყვეტილება მიიღო არასრულწლოვნების ინტერესების საზიანოდ. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად არ იკვეთება ისრაელის სახელმწიფოში ბავშვების დაბრუნების კანონით დადგენილი დამაბრკოლებელი წინაპირობები. ამასთან, სასამართლოს ბავშვების აზრის მოსმენისას უნდა შეეფასებინა მათი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, შეეძლოთ თუ არა მათ რეალური სურვილის დაფიქსირება დედისა და მამინაცვლის გავლენის გარეშე. ამასთან, ბავშვებთან გასაუბრებას არ ესწრებოდა ექსპერტი ან/და სოციალური მუშაკი, რაც დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2004 წლის 16 ოქტომბრიდან 2016 წლის 12 აპრილამდე იყვნენ ქორწინებაში და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - ი.ჩ–ვი (დაბადებული 2006 წლის 10 იანვარს) და ა.ჩ–ი (დაბადებული 2012 წლის 17 სექტემბერს);
7.2. რ.ლ–ის საოჯახო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განჩინებით, მხარეთა თანხმობის საფუძველზე, ქორწინება გამოცხადდა ბათილად;
7.3. 2018 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით რ.ლ–ის საოჯახო სასამართლომ მხარეთა თანხმობის საფუძველზე დაადგინა მოსარჩელის საალიმენტო ვალდებულებები, რაც საცხოვრებლისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე განისაზღვრა 1600 NIS-ით. ასევე, დადგინდა მამის მიერ არასრულწლოვანთა ნახვის დღეები.
7.4. რ.ლ–ის საოჯახო სასამართლოს 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა შეთანხმება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნებზე მეურვეობის უფლება გადაეცა დედას. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ერთ-ერთი მშობელი დააპირებდა ქვეყნის დატოვებას არასრულწლოვნებთან ერთად, იგი ვალდებული იყო მეორე მხარისთვის წინასწარ ორი კვირით ადრე ეცნობებინა ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. ამავე შეთანხმების მიხედვით, საზღვარგარეთ გატარებული პერიოდი არ უნდა ყოფილიყო 21 დღეზე მეტი. ამასთან, მოპასუხემ გამოთქვა თანხმობა მოსარჩელეს ეპატიოს ვალი - ბავშვთა დახმარების გადასახადი 18 000 NIS და შეამციროს დავალიანების თანხა. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დედა უარს იტყოდა შვილების დახმარების გადასახადზე და არ მიიღებდა ზომებს გადასახადის ამოღებისთვის.
7.5. 2019 წლის 14 აგვისტოს, არასრულწლოვნები დედამ წაიყვანა რუმინეთში, დეიდასთან სტუმრად, ხოლო შემდეგ, 2019 წლის 29 აგვისტოს, ჩამოიყვანა საქართველოში. მოპასუხე ოჯახთან ერთად თავდაპირველად ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ხოლო ამჟამად, არასრულწლოვნები დედასთან ერთად ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ ..........
7.6. 2019 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა ისრაელის პოლიციაში, რომელმაც ვერ დაადგინა დედისა და ბავშვების ადგილსამყოფელი.
7.7. ბავშვების დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ განცხადება წარადგინა 2019 წლის 26 დეკემბერს, ანუ კომპეტენტური ორგანოს მიერ ბავშვის დაბრუნების მიზნით საქმისწარმოების დაწყების მომენტში ბავშვების არამართლზომიერი დაკავებიდან გასული იყო ერთ წელზე ნაკლები ვადა.
7.8. ისრაელის სახელმწიფოში მოპასუხეს არა აქვს საცხოვრებელი, იგი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს უძრავ ქონებას, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ........., 1500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. ასევე, მის საკუთრებაშია ქ. ბათუმში, ......... ქუჩა N49-ში მდებარე მშენებარე საცხოვრებელი ბინა.
7.9. მოსარჩელე ცხოვრობს ისრაელში, მშობლების სახლში. იგი პირად საკუთრებაში უძრავ ქონებას არ ფლობს.
7.10. არასრულწლოვნები ამჟამად დედასთან, დედის მეუღლესთან - უ.მ–თან და უმცროს ძმასთან - ჯ.მ–თან ერთად ცხოვრობენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... აქვთ კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები. აქვთ საოჯახო მეურნეობა, ჰყავთ შინაური ცხოველები (მსხვილფეხა პირუტყვი, ფრინველები). ა.ჩ–ი სწავლობს ამავე სოფლის საჯარო სკოლაში, ხოლო ი.ჩ–ვი - ქ. თბილისში, საჯარო სკოლაში.
7.11. არასრულწლოვან ი.ჩ–ვს 2022 წლის 10 იანვარს შეუსრულდა 16 წელი.
7.12. ააიპ „საქართველოს ბავშვების“ 2021 წლის 28 ივნისის ფსიქოლოგიური დასკვნის თანახმად, არასრულწლოვნებს მჭიდრო ემოციური კავშირი აქვთ დედასთან და გამოხატავენ სურვილს იცხოვრონ მასთან. ბავშვებს მკვეთრად ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვთ საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით - სურთ საქართველოში ცხოვრება და არ გამოხატავენ ისრაელში დაბრუნების სურვილს. ი.ჩ–ვი დადებითად ვერ იხსენებს ისრაელში მამასთან თანაცხოვრების პერიოდს. ვერც ბავშვები და ვერც თავად მამა ინტერვიუს დროს ვერ კონცენტრირდებიან ერთად ყოფნის პერიოდიდან პოზიტიურ შთაბეჭდილებებზე. მამა ინტერვიუს დროს ბავშვებთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს ზოგადად, რომ ხვდებოდა პერიოდულად, სეირნობდა, ყიდულობდა საჭირო ნივთებს, თუმცა ვერ ასახელებს დეტალებს შვილებთან გატარებული პერიოდიდან. დასკვნაში რეკომენდაციის სახით აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მამას და მის ოჯახის წევრს (ბავშვების ბებიას) უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვების ცხოვრებაში ორივე მშობლის ჩართულობა. აუცილებელია, ისრაელის სოციალურ გარემოსთან (ნათესავებთან, მეგობრებთან, თანაკლასელებთან) ბავშვების კონტაქტის ხელშეწყობა.
7.13. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სპეციალურ სივრცეში შედგა არასრულწლოვან ბავშვებთან მოსამართლეთა გასაუბრება თავისუფალ გარემოში. გასაუბრებას ესწრებოდნენ არასრულწლოვათა ადვოკატი, სოციალური მუშაკი და თარჯიმანი. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ი.ჩ–ვმა კატეგორიული უარი განაცხადა ისრაელში დაბრუნებაზე და გამოთქვა სურვილი იცხოვროს საქართველოში დედასთან, მისი მეუღლის, უმცროსი დისა და ძმის გარემოცვაში. არასრულწლოვანი ა.ჩ–ის განმარტებით კი, მას მამა არ ახსენდება, პერიოდულად ნახულობდა ბებიის სახლში, მამას იშვიათად დაჰყავდა სკოლაში, ხოლო ამჟამად სკოლაში მამას (მამინაცვალს) დაჰყავს. ა. ამბობს, რომ ურჩევნია საქართველოში ცხოვრება.
7.14. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - მცხეთა-მთიანენის რეგიონული ცენტრის 2022 წლის 7 აპრილის დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვნების განვითარება ასაკის შესაბამისია, ისინი ფლობენ თვითმოვლისა და თვითმომსახურების უნარებს, მიუხედავად იმისა, რომ არიან რუსულენოვანნი, ადვილად ამყარებენ კონტაქტს ადამიანებთან, იციან ქართული წერ-კითხვა, ხალისით ყვებიან ოჯახსა თუ სკოლაში მომხდარი ამბების შესახებ, სკოლიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ასრულებენ სასკოლო დავალებებს, მეგობრული და თბილი დამოკიდებულება აქვთ დედასთან და მამინაცვალთან. ი.ჩ–ვი აქტიურადაა ჩაბმული სასკოლო ცხოვრებაში, იგი კარგად დაეუფლა ყველა საგანს. დედას მუდმივი კონტაქტი აქვს კლასის დამრიგებელთან და ჩართულია შვილის აღზრდაში. ა.ჩ–ი განათლებას იღებს ქართულ ენაზე. ენის ბარიერის გამო ოჯახს ჰყავს დამხმარე მასწავლებელი, რომელიც ეხმარება ბავშვს სასწავლო პროგრამის ათვისებაში. ა. კარგად განვითარებული ბავშვია, ოჯახი ზრუნავს მასზე და ყველა პირობას უქმნის, რომ შესაბამისი განათლება მიიღოს. ბავშვების საცხოვრებელი მოწესრიგებულია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბავშვებს გამოყოფილი აქვთ სათამაშო და სამეცადინო სივრცე, ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი, ბათუმში მდებარე ორი საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან შემოსული თანხა და უ.მ–ის პენსია, რაც მას ერიცხება ისრაელის სახელმწიფოსაგან.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ბავშვების ისრაელის სახელმწიფოში დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. კასატორი დავობს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას საფუძვლიანად არ შეაფასეს საქმეში არსებული მტკიცებულებები, უპირატესობა მიანიჭეს მოპასუხის უფლებებს და გადაწყვეტილება მიიღეს არასრულწლოვნების ინტერესების საზიანოდ. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად კი არ იკვეთება ისრაელის სახელმწიფოში ბავშვების დაბრუნების კანონით დადგენილი დამაბრკოლებელი წინაპირობები.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები ჰააგის კონვენციით არის რეგლამენტირებული. ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo“-ს აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).
10. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ჰააგის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს. ამდენად, ,,ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენცია გამოიყენება მხოლოდ ბავშვებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მანამ სანამ მოხდებოდა მათ მიმართ მეურვეობის ან ხელმისაწვდომობის უფლებების დარღვევა. ამასთანავე, კონვენცია გამოიყენება მხოლოდ ბავშვების მიმართ, რომლებიც არიან 16 წელს ქვემოთ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა.ჩ–ი არის 9 წლის, ხოლო ი.ჩ–ვს 2022 წლის 10 იანვარს შეუსრულდა 16 წელი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას კონვენციით დადგენილი რეგულაცია გაავრცელოს ი.ჩ–ვის მიმართ და ამავდროულად, ს.ჩ–ის საჩივრის ფარგლებში სააპელაციო პალატამ სწორად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის მართებულად გამოყენების საკითხზე.
12. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ არასრულწლოვნები საქართველოში შემოიყვანა მამის თანხმობის გარეშე, ამასთან, მან არ დაიცვა საზღვარგარეთ ბავშვების ყოფნის დრო, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 21 დღეზე მეტი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დედის მხრიდან ადგილი აქვს როგორც არასრულწლოვნების არამართლზომიერ გადაადგილებას, ისე მიმღებ სახელმწიფოში მათ არამართლზომიერ დაკავებას.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
14. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
15. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 13.07.2000, პარ. 52 და TP და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TP and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) (სუსგ №ას-967-916-2015, 2016 წლის 25 თებერვალი).
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, no. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39221/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. and S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 117, ECHR 2002-VI).
17. ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება ჰააგის კონვენციის მე-12-მე-13 მუხლები, რომელთა მიხედვითაც, სასამართლოს აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უარი განაცხადოს არასრულწლოვნის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე. კერძოდ, ჰააგის კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების თარიღიდან საქმის გარჩევის დაწყებამდე ერთ წელზე მეტია გასული და იგი ინტეგრირებულია ახალ გარემოში.
18. ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. საამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება. კონვენციის მე-20 მუხლის თანახმად კი, მე–12 მუხლის დებულებათა მიხედვით ბავშვის დაბრუნებაზე უარი შეიძლება იქნეს ნათქვამი, თუკი ეს აკრძალულია მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების თანახმად, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას შეეხება.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ეხმიანება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს.
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, არსებობს ფართო კონსენსუსი საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იგივე ფილოსოფიაა დამახასიათებელი ჰააგის კონვენციისთვისაც, რომელიც ასოცირდება ბალანსის აღდგენის ინტერესთან, რაც ნიშნავს უკანონო გატაცების შემთხვევაში გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას საკუთარ ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამავდროულად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ბავშვის დაუბრუნებლობა საკუთარ ქვეყანაში იყოს გამართლებული ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ხსნის გამონაკლისების არსებობას, განსაკუთრებით როცა ბავშვის დაბრუნებას ახლავს ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის დიდი რისკი, ან როდესაც ბავშვი იქნება გაუსაძლის პირობებში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, 21.07.2015წ., პარ. 44).
21. ხელშემკვრელ სახელმწიფოებს არ აქვთ კონვენციით განსაზღვრული გამონაკლისების ფართო ინტერპრეტაციის საშუალება, რაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევდა კონვენციის მიზნების განხორციელების ხელშეშლას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ეს გამონაკლისები „შეზღუდულად უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გვინდა, რომ კონვენცია ქაღალდის ნაგლეჯად იქცეს“. ამასთან, ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გამონაკლისების სისტემატური მოხმობა და ამით ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სასამართლოს ჩანაცვლება გამტაცებლის მიერ არჩეული სასამართლოთი, დაარღვევს კონვენციის მთელ სტრუქტურას და გამოაცლის მას ორმხრივი ნდობის სულს, რასაც იგი ეფუძნებოდა (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 47-48; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 34).
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონვენციისა და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისი შემთხვევების მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას, ანუ პირს, ვინც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესი, რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, იგი განისაზღვრება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლით (lex fori) (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 49; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 109).
23. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელს წარმოადგენდა ისრაელის სახელმწიფო და დედამ ბავშვები არამართლზომიერად გადააადგილა საქართველოს ტერიტორიაზე, პალატამ უნდა შეაფასოს არსებობს თუ არა ბავშვების ისრაელში დაბრუნების გამომრიცხავი (დამაბრკოლებელი) გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა თუ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ახალ გარემოში არასრულწლოვნების სრულყოფილი ადაპტაციის შესახებ.
24. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის მიზნებისათვის ადაპტაცია განიხილება არა გარემოსადმი შეგუებად, არამედ არასრულწლოვნის მხრიდან გარემო-პირობების, ცხოვრების წესის იმგვარ ადაპტაციად, როდესაც ის თავს მშობლიურ ვითარებაში გრძნობს, ობიექტურად განიცდის კეთილგანწყობას იმ ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი, სადაც მას მოუხდა ცხოვრება და ფაქტობრივად ჩამოუყალიბდა ოჯახური ცხოვრების განცდა, რომლის დარღვევაც მეტი ზიანის მომტანი იქნება მისთვის (იხ. სუსგ საქმე Nას-1040-2020, 19 აპრილი, 2021 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარდგენილი სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგების მიერ გაცემული დასკვნების შინაარსს, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არასრულწლოვნებთან მოსამართლეთა გასაუბრების შედეგებს, რომლებიც ფაქტობრივად კატეგორიულ შეფასებას შეიცავს არასრულწლოვანთა ახალ გარემოში ინტეგრაციასთან მიმართებით. დასკვნებში ხაზგასმულია, რომ არასრულწლოვნებს დედასთან, მამინაცვალთან (რომელსაც მოიხსენიებენ მამად) და მათ უმცროს ძმასთან აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა, ბავშვებს საქართველოში ჰყავთ მეგობრები, რომლებიც უყვართ, აქვთ კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები (მოპასუხეს და მის მეუღლეს აქვთ უძრავი ქონება, რომლის გაქირავებითაც ოჯახი იღებს შემოსავალს), შესაძლებლობების ფარგლებში არასრულწლოვნები ჩართული არიან საოჯახო მეურნეობაში (ოჯახი ცხოვრობს მცხეთის რ-ნის სოფ. ........., ჰყავს შიანაური პირუტყვი და ფრინველები, რომლებსაც უვლიან ბავშვებიც), ოჯახის წევრების მიმართ გამოხატავენ დადებით ემოციებს, იზრდებიან სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში, ადვილად ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან, აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაშიც (არიან წარმატებული მოსწავლეები). ისინი არ გამოხატავენ ისრაელში დაბრუნების სურვილს და მკვეთრად ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვთ საქართველოში დარჩენასთან დაკავშირებით. მეტიც, ბავშვები ბიოლოგიური მამის მიმართ არ გამოხატავენ მონატრებას და მასზე არ საუბრობენ პოზიტიურად (უფროსი ვაჟი მამის მიმართ წყენისა და ბრაზის ემოციას გამოხატავს). არასრულწლოვნების უმთავრესი ფსიქოლოგიური საყრდენია დედა, რომელიც აქტიურად იყო და არის ჩართული ბავშვების აღზრდაში და მათთვის უსაფრთხოების გარანტიებს ქმნის. შესაბამისად, არასრულწლოვნების მიერ გამოხატული ნება და ინტერესი სწორედ დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრებისკენაა მიმართული (იხ. ტ. 1. ს.ფ 191-197; ტ. 2, ს.ფ 46-51, 354-356).
26. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სარჩელის უარყოფით უგულებელყვეს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესები.
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს სასამართლოთვის არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ზემოაღნიშნული დასკვნებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააბათილებდა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებთან არასრულწლოვნების გასაუბრებისას სასამართლომ დაარღვია საპროცესოსამართლებრივი ნორმები, ვინაიდან გასაუბრებას არ ესწრებოდა სოციალური მუშაკი ან/და ექსპერტი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არასრულწლოვნების ინტერესებს იცავდა მათი ადვოკატი, ნ.ბ–ი, ასევე, შეხვედრას ესწრებოდა სოციალური მუშაკი ნ.ჯ–ძე და თარჯიმანი ტ.ა–ნი (იხ. ტ. 2 ს.ფ 354-356). ამრიგად, უსაფუძვლოა კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია.
28. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ ბავშვების აზრების მოსმენისას არ შეაფასა და არ იმსჯელა მათი სურვილისა და აზრის დამოუკიდებლობაზე (რამდენად შეეძლოთ ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით სადავო საკითხთან მიმართებით თავიანთი რეალური სურვილის დაფიქსირება), საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და მიუთითებს შემდეგს: ჰააგის კონვენციაში არსებული ჩანაწერი დაბრუნების თაობაზე არასრულწლოვნის აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით, ეხმიანება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით გარანტირებულ აზრის გამოხატვის უფლებას. აღნიშნული კონვენციის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილ იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
29. გაეროს კონვენციის ზოგადი კომენტარების მიხედვით, ფრაზა – „ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები” არ უნდა იყოს გაგებული ვიწროდ. სახელმწიფოებს ეკისრებათ სპეციალური ვალდებულება, შეაფასონ ეს უნარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა კონკრეტულად არ განმარტა, თუ რა ასაკიდან შეიძლება ჰქონდეს ბავშვს აღნიშნული უნარი, ისევე, როგორც ამას არ განმარტავს კონვენცია. კომიტეტი არ მოუწოდებს სახელმწიფოებს, დააწესონ კონკრეტული ასაკობრივი ზღვარი, ვინაიდან ყოველი კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს. ამასთან, ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლი უთითებს, რომ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ბავშვის ასაკი და მოწიფულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ასაკი არ არის გადამწყვეტი, რათა შეფასდეს ბავშვის მოსაზრების მნიშვნელობა. ბავშვების განვითარების დონეები ცალსახად არ შეესაბამება მათ ბიოლოგიურ ასაკს. ინფორმაცია, გამოცდილება, გარემო, სოციალური და კულტურული მოლოდინები და მხარდაჭერის დონე განაპირობებს არასრულწლოვნის უნარს, ჩამოაყალიბოს საკუთარი მოსაზრება. ამიტომაც ხდება მისი შეფასება ინდივიდუალურად. იგივე აზრია განვითარებული კონვენციის განმარტებით ანგარიშშიც, რომლის მიხედვით, კონვენციის ტექსტის შემუშავების პროცესში წარუმატებლად დასრულდა მცდელობები, განსაზღვრულიყო მინიმალური ასაკი, საიდანაც შესაძლებელია ბავშვის აზრის გათვალისწინება, ვინაიდან „ყველა ციფრს ჰქონდა ხელოვნური, შეიძლება ითქვას, თვითნებური, ხასიათი. უმჯობესად ჩაითვალა ამ დებულების ცხოვრებაში გამოყენება შესაბამისი ორგანოების კომპეტენციას მინდობოდა“. შესაბამისად, ეს საკითხი სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობით ან/და სასამართლო პრაქტიკით რეგულირდება (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 77-79; ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 30).
30. განსახლველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებთან თავისუფალ გარემოში ჩატარებული შეხვედრისას (2022 წლის 14 აპრილს) ი.ჩ–ვი უკვე იყო 16 წლის (მას 2022 წლის 10 იანვარს შეუსრულდა 16 წელი), ხოლო ა.ჩ–ი - 9 წლის. ისინი თავისუფლად საუბრობდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ აზრს დასმულ შეკითხვებთან მიმართებით (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 აპრილის გასაუბრების ოქმი, ტ. 2. ს.ფ 354-356). ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც საქმეში წარდგენილი არაერთი დასკვნით დგინდება, ბავშვები ასაკის შესაბამისად კარგად განვითარებული სხვადასხვა უნარებით გამოირჩევიან, არ უჭირთ საკუთარი აზრის გადმოცემა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებებთან, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგების დასკვნებთან ერთად, მართებულად მიანიჭა მნიშვნელობა არასრულწლოვნების პოზიციას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. საკასაციო სასამართლო სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგების დასკვნებისა და თავად არასრულწლოვნის მოსაზრების, ასევე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არასრულწლოვნები სრულად ინტეგრირებული არიან ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში, ისრაელში დაბრუნება არ შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს და უარყოფით გავლენას მოახდენს მათ შემდგომ განვითარებაზე. კასატორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც ზემოაღნიშნული დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. კასატორი ვერც ისეთ საპროცესო დარღვევაზე მიუთითებს, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-787-2021,7 დეკემბერი, 2021 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს.ჩ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე